საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1194(კ-20) 29 მარტი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ს.მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 აგვისტოს განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ს.მ-ემ 2018 წლის 27 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ს.მ-ის სამხედრო წოდების ოფიცრის ნებისმიერ თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ს.მ-ის სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან (2007 წლის 21 მარტიდან) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ს.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.მ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ს.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.მ-ემ.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
კასატორის მითითებით, კანონმდებლობა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხელის სამსახურიდან განთავისუფლება უკანონოდ არის ცნობილი. ადმინისტრაციულმა ორგანომ, მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით, ფაქტობრივად აღიარა, რომ ს.მ-ე სამსახურიდან უკანონოდ იქნა განთავისუფლებული და თავადვე ცნო ბათილად ს.მ-ის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2008 წლის 9 ივნისის ბრძანება.
კასატორი აღნიშნავს, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა წინააღმდეგობაში მოდის როგორც იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან, ისე კანონმდებლობის მოთხოვნებთან, კერძოდ კი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმჟამინდელი რედაქციის შესაბამისად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ხდება მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში. ადმინისტრაციულმა ორგანომ კი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, იძულებითი განაცდური ისე აანაზღაურა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ შეუსწავლია და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს.მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონსტიტუციით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი (ამჟამად მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლი) იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. ამდენად, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს.მ-ეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ...ო განყოფილების ...ის თანამდებობა. ამდენად, ს.მ-ე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ს.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2007 წლის 21 მარტის №884პ/შ ბრძანება ს.მ-ის ...ო განყოფილების ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაევალა მოსარჩელე - ს.მ-ის შრომითი მოწყობის შესახებ საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე გადაწყვეტილებით ს.მ-ეს უარი ეთქვა საფინანსო განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული №3ბ/1506-07 გადაწყვეტილებით ს.მ-ის სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაევალა ს.მ-ისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სადავო აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობა არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას და არ გულისხმობს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი განაცხადის უპირობოდ დაკმაყოფილებას. ამგვარ ვითარებაში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, არამედ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილობის შემთხვევაში, გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე.
დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2008 წლის 9 ივნისის №583 პ/შ ბრძანებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ...ო განყოფილების ...ი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი - ს.მ-ე კვლავ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. განთავისუფლების თაობაზე ხსენებული ბრძანება ს.მ-ის მიერ გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, რომლის 2008 წლის 3 დეკემბრის №285 ბრძანებით, ს.მ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე და მასვე დაუბრუნდა ადმინისტრაციული საჩივარი თანდართული მასალებით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2008 წლის 3 დეკემბრის ბრძანება მხარის მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 თებერვლის სხდომაზე მიღებული განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის გახმობის თაობაზე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ 2007 წლის 21 მარტის №884 პ/შ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2008 წლის 3 დეკემბრის №285 ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, სახელდობრ, ძალაშია მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე 2008 წლის 9 ივნისს მიღებული №583 პ/შ ბრძანება, შესაბამისად, არ არსებობს ს.მ-ის სამსახურში აღდგენის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, იძულებითი განაცდური ისე აანაზღაურა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ შეუსწავლია და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მიუთითებს, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული აქტი მხარემ, მართალია, გაასაჩივრა, მაგრამ საქმის პირველივე ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, გამოიხმო სარჩელი. შესაბამისად, ძალაში შევიდა ახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ს.მ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ფაქტის, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2008 წლის 9 ივნისის ბრძანების ბათილობის საფუძველთან დაკავშირებით კასატორის პოზიციაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ს.მ-ის სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაევალა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, საკასაციო წესით გასაჩივრდა როგორც ს.მ-ის, ისე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაცემული სააღსრულებო ფურცლის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესრულება, კერძოდ, იძულებითი განაცდური ხელფასის მხარისათვის ანაზღაურება, არ ნიშნავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მხარის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, უკანონოდ გამოცხადებას.
საკასაციო სასამართლო, ს.მ-ის განთავისუფლების დღიდან ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოპასუხისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურების თაობაზე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2017 წლის 2 ივნისს გაიცა №3ბ/1506-07 სააღსრულებო ფურცელი, რომელიც მოსარჩელემ წარადგინა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, ამავე სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 24 აგვისტოს მოხსენებითი ბარათით ეცნობა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად სასჯელაღსრულების დეპარტამენტს უნდა დავალებოდა ს.მ-ისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2007 წლის 21 მარტიდან 2008 წლის 9 ივნისამდე, მაგრამ ვინაიდან ს.მ-ეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში რეორგანიზაციის შედეგად განხორციელებულ საშტატო შემცირებასთან დაკავშირებით მიღებული ჰქონდა კომპენსაცია ორი თვის თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს (1 622,66 ლარი) ოდენობით, ასანაზღაურებელი თანხა მოიცავდა 12 თვესა და 18 დღეს, რაც თანხობრივად შეადგენდა 10 240,20 ლარს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. სასამართლო ასევე მიუთითებს ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ს.მ-ეს, 2017 წლის 26 სექტემბრის №94062 საგადახდო მოთხოვნით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან ჩაერიცხა 8 192.16 ლარი, ხოლო 2017 წლის 26 სექტემბრის №94067 საგადასახადო მოთხოვნით - 2 048.04 ლარი. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო - ხელფასი აუნაზღაურდა მისი სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან (2007 წლის 21 მარტიდან) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ახალი ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე (2008 წლის 9 ივნისი), აღნიშნულ პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციების მიხედვით. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული პერიოდისათვის განაცდურის ანაზღაურების დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილების საკითხი არ იყო დამოკიდებული მოხელის სამსახურში აღდგენასთან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მხარისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება განახორციელა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 2 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად. ამგვარად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სრულად აუნაზღაურდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მისთვის კუთვნილი იძულებითი განაცდური ხელფასი. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შემთხვევაში მოსარჩელე უნდა აღდგენილიყო განთავისუფლებამდე დაკავებულ შესაბამის თანამდებობაზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ ანაზღაურდებოდა განაცდური ხელფასი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ კანონიერ ძალაშია შესული - მოსარჩელემ გაიხმო საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი მისი თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 აგვისტოს განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე