Facebook Twitter

საქმე №ბს-426(კ-21) 14 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ.ნ-ე

მესამე პირი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 22 ოქტომბერს დ.ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2008 წლის აგვისტოში იღებდა მონაწილეობას შიდა ქართლში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში (2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში). 2008 წლის 18 მარტის რეზერვისტთა მომზადების ბაზა ...-ის უფროსის №111 ბრძანების საფუძველზე, ეროვნულ გვარდიაში რეორგანიზაციისა და საშტატო სტრუქტურებში ცვლილებებიდან გამომდინარე 2008 წლის 16 მარტიდან დანიშნულ იქნა ...-ე რეზერვისტთა მსუბუქ ქვეით ბატალიონის საშტაბო ასეულის უზრუნველყოფის ოცეულის მეთაურად (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“). 2008 წლის 8 აგვისტოს რეზერვისტთა მომზადების ბაზა ...-ის უფროსის №187 ბრძანების საფუძველზე 2008 წლის 8 აგვისტოდან მივლინებულ იქნა შიდა ქართლში, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით. ზემოაღიშნულ პერიოდში მონაწილეობას იღებდა გორში, გორის რაიონის მიმდებარე ტერიტორიებზე და ასევე ორჭოსანში საომარ მოქმედებებში. 2008 წლის 21 აგვისტოს რეზერვისტთა მომზადების ბაზა ...-ის უფროსის №191 ბრძანების საფუძველზე მოხდა ...-ე რეზერვისტთა მსუბუქი ქვეითი ბატალიონის დემობილიზაცია. მოსარჩელის განმარტებით, მას წარმატებით აქვს გავლილი რეზერვისტთა მომზადების პროგრამა ჯერ კიდევ 29.08.2007 წლიდან 15.09.2007 წლამდე და ჩარიცხული იყო იმ დროისათვის კოჯრის სასწავლო ბაზაზე ...-ე ბატალიონში.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ, როგორც ომის მონაწილემ, 2019 წლის 27 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭება. განცხადებას თან ერთვოდა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის ბრძანებით დადგენილი ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტები, ჩარიცხვა-ამორიცხვის და მივლინების ბრძანებები, ნოტარიული წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევა, კანონით განსაზღვრული პირების დამოწმებით. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ ასევე წარდგენილ იქნა ყველა ის დოკუმენტი, რასაც აღნიშნული ბრძანებით დადგენილი ინსტრუქცია ითვალისწინებდა. მოსარჩელის მოსაზრებით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოება არასრულად ჩატარდა, არ მომხდარა მისი, როგორც დაინტერესებული პირის მიწვევა ადმინისტრაციული წარმოებისას, რათა მომხდარიყო მისი საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტის დადგენა. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხრიდან არ მომხდარა საქმის სრულყოფილად შესწავლა.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მოსარჩელე დ.ნ-ის მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 1 ოქტომბრის №SSVA 00021040 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელე დ.ნ-ის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 ივლისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ოქტომრის გადაწყვეტილებით დ.ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რეზერვისტთა მომზადების ... ბაზის უფროსის 2008 წლის 8 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე დ.ნ-ე, რომელიც ირიცხებოდა რეზერვისტთა მსუბუქი ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობაში, სარეზერვო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით, აყვანილი იქნა სანივთე კმაყოფაზე, გაიცა შესაბამისი რაოდენობის მშრალი ულუფა და ჩაითვალა მივლინებულად შიდა ქართლის მიმართულებით 2008 წლის 8 აგვისტოდან.

საბრძოლო მოკვლევის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს ...-ე ბატალიონის მეთაური ი.ს-ი, ...-ე ბატალიონის მეთაური რ.ნ-ე და ინსტრუქტორი ბ.შ-ი, მოსარჩელე დ.ნ-ე ირიცხებოდა რეზერვისტთა მომზადების ბაზა ...-ის (კოჯორი) ...-ე ბატალიონში მსროლელად და მონაწილეობას იღებდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტმა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს 2017 წლის 22 მაისს წარუდგინა იმ რეზერვისტთა სია, რომლებიც საბრძოლო დავალების შესასრულებლად გაიგზავნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. ამასთან, მოსარჩელე დ.ნ-ე აღნიშნულ სიებში არ არის შეყვანილი.

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა განიხილა მოსარჩელე დ.ნ-ის 2019 წლის 27 სექტემბრის განცხადება მისი 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებისა და მისთვის ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე და 2019 წლის 1 ოქტომბრის №SSVA 00021040 გადაწყვეტილებით მას უარი უთხრა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. სასამართლომ, აღნიშნული ნორმის სიტყვა-სიტყვითი და ლოგიკური განმარტების მეთოდით შეფასების შედეგად აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილე ის პირები, რომლებიც საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები იყვნენ, მათ შორის, აღნიშნული უწყებების თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. სასამართლომ განმარტა, რომ კანონის მითითებული ნორმის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსის მისაღებად პირი კუმულატიურად ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ერთი მხრივ, მას უნდა დაუდასტურდეს საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა და იმავე დროს იგი უნდა ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურე და მუშაკი, მათ შორის, აღნიშნული უწყებების თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირი, მოხალისე. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მითითებით, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა შესაძლებელია არა მხოლოდ საცეცხლე პოზიციებში მოქმედებით, არამედ ბრძოლისათვის სხვა აუცილებელ პროცესებში მონაწილეობითაც გამოიხატოს.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ რეზერვისტთა მომზადების ... ბაზის უფროსის 2008 წლის 8 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე დ.ნ-ე, რომელიც ირიცხებოდა რეზერვისტთა მსუბუქი ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობაში, სარეზერვო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით, აყვანილი იქნა სანივთე კმაყოფაზე, გაიცა შესაბამისი რაოდენობის მშრალი ულუფა და ჩაითვალა მივლინებულად შიდა ქართლის მიმართულებით 2008 წლის 8 აგვისტოდან, ხოლო საბრძოლო მოკვლევის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს ...-ე ბატალიონის მეთაური ი.ს-ი, ...-ე ბატალიონის მეთაური რ.ნ-ე და ინსტრუქტორი ბ.შ-ი, მოსარჩელე დ.ნ-ე ირიცხებოდა რეზერვისტთა მომზადების ბაზა ...-ის (კოჯორი) ...-ე ბატალიონში მსროლელად და მონაწილეობას იღებდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტმა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს 2017 წლის 22 მაისს წარუდგინა იმ რეზერვისტთა სია, რომლებიც საბრძოლო დავალების შესასრულებლად გაიგზავნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. ამასთან, მოსარჩელე დ.ნ-ე აღნიშნულ სიებში არ არის შეყვანილი.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებულმა, ...-ე ბატალიონის მეთაურმა ი.ს-მა, რომელმაც ხელი მოაწერა აღნიშნულ საბრძოლო მოკვლევას, განმარტა, რომ მან ნამდვილად ნახა მოსარჩელე დ.ნ-ე ქ. გორში და მისი ინფორმაციით მას დავალება ჰქონდა მიღებული მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა მან უშუალოდ მიიღო თუ არა ამ დავალების შესრულებაში მონაწილეობა მისთვის უცნობია.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მოსარჩელე დ.ნ-ის, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში, თუნდაც მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით მიღებული დავალების შესრულებაში მონაწილეობა, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში მისი მონაწილეობის გამომრიცხავი მტკიცებულებები წარმოდგენილია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ეს დადასტურებულია მესამე პირის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. ამასთან, უშუალოდ საცეცხლე პოზიციებში რომ მოსარჩელე დ.ნ-ე არ მონაწილეობდა, დადასტურებულია მისივე განმარტებით.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე და მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, მოსარჩელე დ.ნ-ეს არ უდასტურდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის ფაქტი. შესაბამისად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტთან.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ.ნ-ის სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სოციალური უფლების შესაბამისად, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობდა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 1 ოქტომბრის №SSVA 00021040 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.

გამომდინარე იქედან, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე, ხოლო ამ ფაქტის დადასტურება ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელ გარემოებას წარმოადგენდა, არ არსებობდა საფუძველი მოპასუხეს მოსარჩელე დ.ნ-ის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებისა და ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დავალებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ოქტომრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 1 ოქტომბრის №SSVA 00021040 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ.ნ-ისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, როგორც სადავო აქტით დგინდება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის წერილით 2008 წლის აგვისტოს თვეში მიმდინარე საომარი მოქმედებისას საბრძოლოდ დავალების შესასრულებლად განმცხადებლის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედების მონაწილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა საკითხის გარკვევას - მოსარჩელე (აპელანტი) მონაწილეობდა თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. კანონის მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსის მისაღებად პირი კუმულატიურად ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ერთი მხრივ, მას უნდა დაუდასტურდეს საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა და იმავე დროს იგი უნდა ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურე და მუშაკი, მათ შორის, აღნიშნული უწყებების თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირი, მოხალისე. ამასთან, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა შესაძლებელია არა მხოლოდ საცეცხლე პოზიციებში მოქმედებით, არამედ ბრძოლისათვის სხვა აუცილებელ პროცესებში მონაწილეობითაც გამოიხატოს.

სააპელაციო სასამართლომ თავის მხრივ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტისას უფლებამოსილი პირის მიერ ეჭვქვეშაა დაყენებული ვეტერანის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი პირობა - მოსარჩელის საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა, რა პირობებშიც სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით არსებითია განისაზღვროს მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში აღწერილი მოცემულობა წარმოშობდა თუ არა სადავო პირობის და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს და აღნიშნული გამყარებულია თუ არა სათანადო მტკიცებულებებით.

სააპელაციო სასამართლომ აქვე ყურადღება გაამახვილა მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებაზე, კერძოდ, მისი არგუმენტაცია ძირითადად აგებულია იმ გარემოებაზე, რომ ქ. გორის დაბომბვის პირობებში ქ. გორში საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა. სააპელაციო სასამართლომ გადაჭრით უარყო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აღნიშნული მოსაზრება და ქ. გორის დაბომბვისა და დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ფაქტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიჩნია საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად, რომელიც დამტკიცებას არ საჭიროებს, შესაბამისად, მოსარჩელე თავისუფლდებოდა მათი მტკიცებისაგან.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქცია, რომლის მე-6 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებებს მონაწილის და ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: ,,დ.ა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი; ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებები, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.). მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანის სტატუსის მქონე იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი – ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები ძალოვანი უწყების მოსამსახურეებზე დადასტურებულ უნდა იქნეს შესაბამისი უწყების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ნოტარიულად. „დ.ბ“ მოხალისეებზე, რომლებზეც არ მოიპოვება ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხვის თაობაზე დოკუმენტაიცა, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების დედნები და სათანადოდ დამოწმებული ასლები; საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანის სტატუსის მქონე იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი – ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ნოტარიულად; „ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისი“ ოქმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტმა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს 2017 წლის 22 მაისს წარუდგინა იმ რეზერვისტთა სია, რომლებიც საბრძოლო დავალების შესასრულებლად გაიგზავნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. ამასთან, მოსარჩელე დ.ნ-ე აღნიშნულ სიებში არ არის შეყვანილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებულმა, ...-ე ბატალიონის მეთაურმა ი.ს-მა, რომელმაც ხელი მოაწერა აღნიშნულ საბრძოლო მოკვლევას, განმარტა, რომ მან ნამდვილად ნახა მოსარჩელე დ.ნ-ე ქ. გორში და მისი ინფორმაციით მას დავალება ჰქონდა მიღებული მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა მან უშუალოდ მიიღო თუ არა ამ დავალების შესრულებაში მონაწილეობა მისთვის უცნობია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მოსარჩელე დ.ნ-ის 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში, თუნდაც მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით მიღებული დავალების შესრულებაში მონაწილეობა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში (სასკ-ის მუხლი 17.1). მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები). ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად მოპასუხეს არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება მოსარჩელის მიერ მისი მოვალეობის შეუსრულებლობა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამხედრო დავალების შეუსრულებლობა წარმოადგენს გადაცდომას, რომლის მტკიცების და შედავების მექანიზმები რეგულირდება სამართლის სხვა დარგით და აღნიშნული საკითხის განხილვა ვერანაირად ვერ მოექცევა მოცემული დავის ფარგლებში. აღნიშნული კი სააპელაციო სასამართლოსათვის ქმნიდა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულა, კერძოდ, ქ. გორის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების პერიოდში ახორციელებდა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა-დაცვას, რაც წარმოადგენდა მისთვის სტატუსის მინიჭების ფაქტობრივ წინაპირობას.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საბრძლო მოკვლევის მასალებით, დადგენილად მიიჩნია, რომ რეზერვისტთა მომზადების ... ბაზის უფროსის 2008 წლის 8 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე დ.ნ-ე, რომელიც ირიცხებოდა რეზერვისტთა მსუბუქი ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობაში, სარეზერვო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით, აყვანილი იქნა სანივთე კმაყოფაზე, გაიცა შესაბამისი რაოდენობის მშრალი ულუფა და ჩაითვალა მივლინებულად შიდა ქართლის მიმართულებით 2008 წლის 8 აგვისტოდან; ხოლო საბრძოლო მოკვლევის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს ...-ე ბატალიონის მეთაური ი.ს-ი, ...-ე ბატალიონის მეთაური რ.ნ-ე და ინსტრუქტორი ბ.შ-ი, მოსარჩელე დ.ნ-ე ირიცხებოდა რეზერვისტთა მომზადების ბაზა ...-ის (კოჯორი) ...-ე ბატალიონში მსროლელად და მონაწილეობას იღებდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებულმა, ...-ე ბატალიონის მეთაურმა ი.ს-მა, რომელმაც ხელი მოაწერა აღნიშნულ საბრძოლო მოკვლევას, განმარტა, რომ მან ნამდვილად ნახა მოსარჩელე დ.ნ-ე ქ. გორში და მისი ინფორმაციით მას დავალება ჰქონდა მიღებული მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭების საფუძველს. შესაბამისად, დაუშვებელია მოსარჩელისათვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება საქართველოს შეიარაღებული ძალების საარქივო მასალებში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სტატუსის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული ფაქტის დადგენა და არა კონკრეტული პირის საარქივო მასალებში აღრიცხვის ფაქტი. ამდენად, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა საფუძველს მოსარჩელისათვის ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად.

სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის №ბს-838-834(კ-17) გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის (აპელანტი) მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია საკმარისად და ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ დადასტურებულ იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი, რაც ქმნიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და დადგენილ გარემოებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის მოთხოვნები.

კასატორი მიუთითებს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე ეთანხმება სასამართლოს განმარტებას, რომ მითითებული ნორმის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმდებების ვეტერანის სტატუსის მისაღებად პირი კუმულატიურად ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ერთი მხრივ, მას უნდა უდასტურდებოდეს საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით შექმნილ სამხედრო ან გასამხედროებულ დანაყოფში ჩარიცხვა და იმავდროულად, უნდა უდასტურდებოდეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. ამასთან, საბრძოლო მოქმედებები მოიცავს როგორც უშუალოდ საბრძოლო (საომარ) მოქმედებებში მონაწილეობას, ისე საბრძოლო მოქმედებების პერიოდში დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ რეზერვისტთა მომზადების ... ბაზის უფროსის 2008 წლის 8 აგვისტოს №187 ბრძანებით დ.ნ-ე, რომელიც ირიცხებოდა რეზერვისტთა მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში სარეზერვო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით, აყვანილი იყო სანივთე კმაყოფაზე, გაიცა შესაბამისი რაოდენობის მშრალი ულუფა და ჩაითვალა მივლინებულად შიდა ქართლის მიმართულებით 2008 წლის 8 აგვისტოდან, რაც თავისთავად არ ნიშნავს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას. განსხვავებით ასევე საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 22 მაისის წერილზე დართული ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის 2008 წლის 8 აგვისტოს ბრძანება ... (საბრძოლო) სიებისა, სადაც მითითებულია პირადი შემადგენლობის შესახებ, რომელშიც ბატალიონების მიხედვით კონკრეტიზირებულია იმ რეზერვისტთა მონაცემები, რომლებიც გაიგზავნენ საბრძოლო დავალების შესასრულებლად. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დ.ნ-ე აღნიშნულ სიებში შეყვანილი არ არის.

კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მოყვანილ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ასევე პასუხგაუცემელი დარჩა სად და რა სახით იღებდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში დ.ნ-ე.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებული ...-ე ბატალიონის მეთაურის ი.ს-ის განმარტება ეწინააღმდეგება მისსავე საბრძოლო მოკვლევაში მითითებულ გარემოებას. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ორი მტკიცებულება, რომელიც გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ გარემოებას, თუ საბრძოლო მოკლევით დ.ნ-ე მონაწილეობას იღებდა რუსეთ-საქართველოს ომში ...-ე ბატალიონის შემადგენლობიდან, იმავე ...-ე ბატალიონის მეთაურის ი.ს-ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით, მისი ინფორმაციით დ.ნ-ეს დავალება ჰქონდა მიღებული მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა მან უშუალოდ მიიღო თუ არა ამ დავალების შესრულებაში მონაწილეობა, მისთვის უცნობია. შესაბამისად, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას არ დაინტერესებულა და არ გამოუკვლევია 1. ვის დავალებას ასრულებდა დ.ნ-ე მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით თუ ის არ იყო გაცემული უშუალო ...-ე ბატალიონის მეთაურის ი.ს-ის მიერ; 2. ასევე სასამართლოს არ დაუდგენია და არც რაიმე მტკიცებულება არის საქმეში თვით მოსარჩელის არაერთგზის შეცვლილი ჩვენების გარდა, მის მიერ მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიღებული დავალების შესრულების შესახებ. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება დ.ნ-ის 2008 წლის აგვისტოს ომში, თუნდაც მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით მიღებული დავალების შესრულებაში მონაწილეობა. უშუალო საბრძოლო მოქმედებებში მისი მონაწილეობის გამომრიცხავი მტკიცებულებები კი წარდგენილი აქვს სამსახურს და დადასტურებულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განმარტებით სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოში თავად დ.ნ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ უშუალოდ პოზიციურ ბრძოლებში მას მონაწილეობა არ მიუღია, რაც განსხვავდება სარჩელში მითითებული განმარტებისგან.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტი, რამდენადაც აღნიშნული ნორმის მოთხოვნათა დარღვევით საქმეში არსებულ საბრძოლო მოკვლევას ხელს აწერს ...-ე ბატალიონის მეთაური ი.ს-ი, ...-ე ბატალიონის მეთაური რ.ნ-ე და ყოფილი რეზერვისტთა მომზადების ...-ის (კოჯორის) ინსტრუქტორი ბ.შ-ი, ამდენად, საბრძოლო მოკვლევაზე ხელმომწერთა შორის მხოლოდ ი.ს-ია იმავე ქვედანაყოფის მოსამსახურე რომელშიც ჩარიცხული იყო მოსარჩელე.

მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის დანაწესზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ძირითადად ამყარებს საბრძოლო მოკვლევაზე, თუმცა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით თუ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით დ.ნ-ის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი არ დგინდება არც პოზიციურ ბრძოლებში და მას არც მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში აქვს მიღებული მონაწილეობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 1 ოქტომბრის №SSVA 00021040 წერილობით მიმართვას, რომლითაც დ.ნ-ეს უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის წერილით მიწოდებულ დოკუმენტაციაში 2008 წლის აგვისტოს თვეში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას საბრძოლო დავალების შესასრულებლად დ.ნ-ის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ამასთან, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ხაზს უსვამს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, თუ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით, დ.ნ-ის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი არ დგინდება არც პოზიციურ ბრძოლებში და მას არც მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში აქვს მიღებული მონაწილეობა.

ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებით მნიშვნელობას იძენს იმ საკითხის გარკვევა, მოსარჩელე დ.ნ-ე მონაწილეობდა თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად. კერძოდ, მითითებული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად კი, ამ კანონით დადგენილია ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) თავდაცვის ძალების ვეტერანები.

მითითებული კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად კი, ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ამავე კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს კი ადგენს საქართველოს მთავრობა.

ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი უზრუნველყოფს იმ პირთა სოციალურ დაცვას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში მონაწილეობდნენ.

ამასთან, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქცია, რომლის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის და ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: „დ.ა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი; ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებების, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.). მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანის სტატუსის მქონე იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი - ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები ძალოვანი უწყების მოსამსახურეებზე დადასტურებულ უნდა იქნეს შესაბამისი უწყების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ნოტარიულად.

დასახელებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას იმ ნაწილში, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსის მისაღებად პირს უნდა დაუდასტურდეს საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა და იმავე დროს იგი უნდა ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურე და მუშაკი, მათ შორის, აღნიშნული უწყებების თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირი, მოხალისე. ამასთან, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა შესაძლებელია არა მხოლოდ საცეცხლე პოზიციებში მოქმედებით, არამედ ბრძოლისათვის სხვა აუცილებელ პროცესებში მონაწილეობითაც გამოიხატოს. კერძოდ, „ომში მონაწილეობა არ გულისხმობს საბრძოლო მოქმედებებში პირის მხოლოდ ქმედით ჩართულობას. საომარი მოქმედებები კომპლექსურად მიმდინარეობს, სადაც თითოეულ მონაწილეს აღნიშნულ მოქმედებებთან დაკავშირებული გარკვეული ფუნქციის შესრულება ეკისრება. უშუალოდ მებრძოლთა მიერ წარმოებული საბრძოლო აქტივობების გარდა, ომის მიმდინარეობა არსებითად არის დაკავშირებული, მაგალითად, სამედიცინო პერსონალის ეფექტურ მუშაობაზე, ე.წ. მეკავშირეების საქმიანობაზე, რომლებიც ბრძოლის მიმდინარეობისას სამხედრო ქვედანაყოფებს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფენ, ასევე, იმ პირებზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მეომართა შესაბამისი აღჭურვილობით მომარაგებაში, რამდენადაც სწორედ დანაყოფთა შეუფერხებელი და სრულყოფილი მომარაგება განაპირობებს საბრძოლო ვითარებათა ეფექტიანობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის №ბს-1161(კ-18) განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რეზერვისტთა მომზადების ... ბაზის უფროსის 2008 წლის 8 აგვისტოს №187 ბრძანებით, მოსარჩელე დ.ნ-ე, რომელიც ირიცხებოდა რეზერვისტთა მსუბუქი ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობაში, სარეზერვო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით, აყვანილ იქნა სანივთე კმაყოფაზე, გაიცა შესაბამისი რაოდენობის მშრალი ულუფა და ჩაითვალა მივლინებულად შიდა ქართლის მიმართულებით 2008 წლის 8 აგვისტოდან.

საბრძოლო მოკვლევის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს ყოფილი რეზერვისტთა მომზადების ბაზა ...-ის (კოჯორი) ...-ე ბატალიონის მეთაური ი.ს-ი, ყოფილი რეზერვისტთა მომზადების ბაზა ...-ის (კოჯორი) ...-ე ბატალიონის მეთაური რ.ნ-ე და ყოფილი რეზერვისტთა მომზადების ბაზა ...-ის (კოჯორი) ინსტრუქტორი ბ.შ-ი, მოსარჩელე დ.ნ-ე ირიცხებოდა ყოფილი რეზერვისტთა მომზადების ბაზა ...-ის (კოჯორი) ...-ე ბატალიონში მსროლელად და მონაწილეობას იღებდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტმა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს 2017 წლის 22 მაისს წარუდგინა იმ რეზერვისტთა სია, რომლებიც საბრძოლო დავალების შესასრულებლად გაიგზავნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. მოსარჩელე დ.ნ-ე აღნიშნულ სიებში არ არის შეყვანილი.

ამასთან, სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებულმა, ...-ე ბატალიონის მეთაურმა ი.ს-მა, რომელმაც ხელი მოაწერა აღნიშნულ საბრძოლო მოკვლევას, განმარტა, რომ მან ნამდვილად ნახა მოსარჩელე დ.ნ-ე ქ. გორში და მისი ინფორმაციით, მას დავალება ჰქონდა მიღებული მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა მან უშუალოდ მიიღო თუ არა ამ დავალების შესრულებაში მონაწილეობა, მისთვის უცნობია.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, რეზერვისტთა მომზადების ... ბაზის უფროსის 2008 წლის 8 აგვისტოს №187 ბრძანებით, მოსარჩელე დ.ნ-ე, რომელიც ირიცხებოდა რეზერვისტთა მსუბუქი ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობაში, სარეზერვო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით, აყვანილ იქნა სანივთე კმაყოფაზე, გაიცა შესაბამისი რაოდენობის მშრალი ულუფა და ჩაითვალა მივლინებულად შიდა ქართლის მიმართულებით 2008 წლის 8 აგვისტოდან, თუმცა კასატორი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სადავოდ ხდის დ.ნ-ის უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის, მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის ფაქტს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ვეტერანის სტატუსის მაძიებელს ანიჭებს ფართო შესაძლებლობას შესაბამისი სტატუსის მოპოვებისათვის და აძლევს შესაძლებლობას, მათ ხელთ არსებული ნებისმიერი მტკიცებულებით დაადასტურონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. გარდა საბრძოლო მოკვლევისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის და ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი; ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებების, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.) (სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტი).

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დ.ნ-ის მოთხოვნის უარყოფას კასატორის მიერ სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულ მხოლოდ იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის წერილით მიწოდებულ დოკუმენტაციაში 2008 წლის აგვისტოს თვეში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას საბრძოლო დავალების შესასრულებლად დ.ნ-ის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვეტერანის სტატუსის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს არა კონკრეტული პირის საარქივო მასალებში აღრიცხვის ფაქტი, არამედ კანონით გათვალისწინებული ფაქტის დადგენა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და არსებობის შემთხვევაში ახალი მტკიცებულებების ერთობლიობით უნდა დადასტურდეს დ.ნ-ის საომარ მოქმედებებში, მათ შორის, მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის ფაქტი, რაც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭების საფუძველს.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, მარტოოდენ ის ფაქტი, რომ რეზერვისტთა მომზადების ... ბაზის უფროსის 2008 წლის 8 აგვისტოს №187 ბრძანებით, მოსარჩელე დ.ნ-ე, რომელიც ირიცხებოდა რეზერვისტთა მსუბუქი ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობაში, სარეზერვო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით, აყვანილ იქნა სანივთე კმაყოფაზე, გაიცა შესაბამისი რაოდენობის მშრალი ულუფა და ჩაითვალა მივლინებულად შიდა ქართლის მიმართულებით 2008 წლის 8 აგვისტოდან, არ ქმნის „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსის განსაზღვრის შესაძლებლობას. დ.ნ-ის 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის, მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის შესაბამისად უნდა დადასტურდეს.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებული ...-ე ბატალიონის მეთაურის ი.ს-ის განმარტება ეწინააღმდეგება და გამორიცხავს მისსავე საბრძოლო მოკვლევაში მითითებულ გარემოებას. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მოწმის სახით დაკითხული ი.ს-ი პირდაპირ ვერ ადასტურებს დ.ნ-ის მიერ უშუალოდ მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების ფაქტს, თუმცა საყურადღებოა, რომ იგი ადასტურებს დ.ნ-ის ყოფნის ფაქტს საომარი მოქმედების ადგილზე და მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით დ.ნ-ის მიერ მიღებული დავალების არსებობას. შესაბამისად, ...-ე ბატალიონის მეთაურის ი.ს-ის ახსნა-განმარტება არ გამორიცხავს დ.ნ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობას. ასეთ ვითარებაში, დამატებით კვლევასა და შეფასებას საჭიროებს დ.ნ-ის უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის, მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის ფაქტის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება.

რაც შეეხება კასატორის მითითებას წარმოდგენილ საბრძოლო მოკვლევაზე ხელმომწერ პირებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ საბრძოლო მოკვლევა წარმოადგენს კომისიისათვის წარსადგენ ერთ-ერთ და არა ერთადერთ დოკუმენტს, რომლითაც პირს უნდა მიენიჭოს ვეტერანის სტატუსი. შესაბამისად, სადავო საკითხზე სათანადო დასკვნა საქმეზე არსებულ მტიცებულებათა ერთობლიობით უნდა გაკეთდეს. ამასთან, აღნიშნულ გარემოებაზე მითითებას შეიცავდა საქალაქო სასამართლოში სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ წარდგენილი შესაგებელი, რაზეც შესაბამისი შეფასება არ მიუციათ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს. ამდენად, სადავო საკითხის ხელახლა განხილვისას საქმეზე არსებულ მტკიცებულებებთან ერთად სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევის სათანადოობას, ხელმომწერ პირთა გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში იქმნება საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების პროცესუალური საჭიროება, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს დ.ნ-ის უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის, მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის ფაქტი და საქმეზე არსებული გარემოებების ერთობლიობაში დამუშავების შედეგად მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამასთან, ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც მოსარჩელე დ.ნ-ის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გადაწყვიტოს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის დაბრუნების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა