№ბს-1182(კ-21) 11 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ.ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2018 წლის 2 აპრილს ნ.ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ ...ის (მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, ..., ...ას ქუჩა №...) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების ნაწილში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 იანვრის №02/2 ბრძანება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 1 მარტის №03/60 ბრძანება.
სარჩელის თანახმად, სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ 2018 წლის 3 იანვარს გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ (ბრძანება №02/2). აღნიშნული ბრძანებით განისაზღვრა უძრავ ქონებათა ნუსხა, რომელსაც მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სტატუსი. ჩამოთვლილ უძრავ ქონებათა შორის მითითებულია ... (მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, ..., ...ას ქ. №..., ს/კ ...). აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირიცხება მოსარჩელის - ნ.ბ-ის საკუთრებაში.
მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს აქტი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და მიღებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გასაზღვრული დანაწესის საწინააღმდეგოდ, კერძოდ, აღნიშნული ნორმის 1-ლი პუნქტის თანახმად, ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან. მოცემულ შემთხვევაში კი, ... ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე, დარღვეულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების წესები, სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რომელთა გამოკვლევაც აუცილებელი იყო აქტის გამოცემისთვის. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში, თუმცა 2018 წლის 1 მარტის №03/60 ბრძანებით ნ.ბ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინებით ნ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის 2017 წლის 13 დეკემბრის №17 სხდომის ოქმის თანახმად, საბჭოს განხილვის საგანს წარმოადგენდა ...ის (მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, ...) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი. საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით, ისტორიული და არქიტექტურული ღირებულებიდან გამომდინარე, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხს მიეცა დადებითი შეფასება. „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2018 წლის 3 იანვრის №02/2 ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს, მათ შორის, რიგით მე-6 ნომრად მითითებულ ...ას (მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, ..., ...ას ქუჩა №.... სახეობა - არქიტექტურის/ქალაქთმშენებლობის (ურბანული); თარიღი - 1840 წელი).
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 27 სექტემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ...ის რაიონი, ...ში; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №...; დაზუსტებული ფართით: 2100.00 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი: ...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5, 2013 წლის 08 აპრილიდან აღრიცხულია ნ.ბ-ის (პ/ნ ...) საკუთრების უფლებით (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 02/04/2013, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 01 მარტის №03/60 ბრძანებით ნ.ბ-ის (პირადი ნომერი - ...) 2018 წლის 05 თებერვლის №2588 ადმინისტრაციული საჩივარი „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2018 წლის
03 იანვრის №02/2 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებში წარმოდგენილი ობიექტის (მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, ..., ...ას ქუჩა №...) 2017 წლის 28 ნოემბრის სააღრიცხვო ბარათზე, რომლის მიხედვითაც, ...ის შენობა ორი ნაწილისაგან შედგება: ჩრდილოეთის ნაწილი ორსართულიანია, სამხრეთის ერთ სართულიანი. ჩრდილოეთის ნაწილი დასავლეთიდან აღმოსავლეთით წაგრძელებულია, სწორკუთხედია. მასში შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. პირველი სართულის სარკმელი ღიობები სწორკუთხაა და თავისი მოჩარჩოება აქვს. მეორე სართულის ფანჯრის ჭრილი კი, თაღოვანია. ნაგებობას აღმოსავლეთიდან მიდგმული აქვს ხუთწახნაგა რიზალიტი, რომლის შუა სამ წახნაგში სწორკუთხა სარკმელებია გაკეთებული. ორსართულიანი შენობის სამხრეთით მთელ სიგრძეზე გრძელდება ერთსართულიანი ნაწილი. აივანი სამხრეთ-აღმოსავლეთით ოთხი კვადრატული ბოძითაა გახსნილი. ...ის დასავლეთით კედლის პირველი სართული პილასტრებითა და საფეხუროვანი კაპიტალებითაა გაფორმებული, რომლებიც იმეორებენ აივნის ბოძებისა და კაპიტალების ფორმას. შენობა გადახურულია თუნუქით. შენობის აგების აუცილებლობა მოიტანა ...ს ...ო ...ის გაყვანამ. როგორც წესი, ამ პერიოდის ...ო ადგილები ითავსებდნენ, როგორც ინფორმაციის გადამტან, ისე - სატრანსპორტო საშუალებების გამოცვლის ფუნქციას. ...ს შენობა კი, ერთ-ერთი ასეთი ...ო ადგილი იყო ...ის გზაზე. შენობისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება მართებულია როგორც მისი არქიტექტურული მხატვრული სახის გათვალისწინებით, ასევე, მისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. ის საქართველოს ...ო კავშირის განვითარების ისტორიის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი იშვიათი ნიმუშია საქართველოს სამხედრო გზაზე ამ დროს აშენებულ ამ სტილის შენობებს შორის, რადგან ამ ტიპის შენობების ნაწილი უკვე აღარ არსებობს. შენობა ფიზიკურად შეფასდა ცუდად, შენობის ფასადები შელესილია, ჩრდილეთის კარი ამოქოლილია, კედლები ადგილ-ადგილ მოჭიმულია. ინტერიერი გადაკეთებული და გაპარტახებულია.
სააღრიცხვო ბარათის დამატებითი ინფორმაციის ველში მითითებულია, რომ ...ის (არა როგორც კონკრეტულად შენობის, არამედ, როგორც დაწესებულების) ისტორია რუსეთ-საქართველოს სამხედრო გზის გაყვანიდან იწყება. როგორც ცნობილია, გზის გარკვეულ მონაკვეთებში, ყოველთვის იყო ტრაქტირები, სადაც ცხენები იცვლებოდა. მოყოლებული მონღოლთა პერიოდიდან, ასეთი ცხენის შესაცვლელი ადგილები ერთგვარად ...ის როლსაც ასრულებდნენ, რადგან მონღოლურ სახელმწიფოში შიკრიკს ინფორმაცია მხოლოდ ასეთი სადგურიდან სადგურამდე გადაქონდა. მონღოლთა მიერ დადგენილი ეს სისტემა ჯერ რუსეთში, შემდეგ კი, რუსეთის იმპერიაში არ შეცვლილა. ასევე იყო საქართველოშიც. შესაბამისად, მე-13 საუკუნიდან მოყოლებული ...ო შენობა იგივე გზებზე მდგარი სადგურები იყო. გამონაკლისი არ არის რუსეთ-საქართველოს სამხედრო გზაზე აშენებული ასეთი სადგურები. ისტორიული მონაცემებით, ამ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო ...ს სადგური, სადაც ცხენების გამოცვლასთან ერთად, ღამის გასათევის ფუნქციის სადგურიც ყოფილა. ...ის ვებგვერდზე წარმოდგენილ ...ის ისტორიაში ნათქვამია, რომ 1862 წ. თბილისსა და ვლადიკავკაზს შორის 11 ახალი სადგური აშენდა. მათგან საქართველოში იყო: თბილისი, მცხეთის, ...ის, ანანურის, ფასანაურის, მლეთის გუდაურის, ყაზბეგის და ლარსის სადგურები. საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის საცავში დაცულია დ. ე-ის ფოტო-კოლექცია, რომელშიც შესულია სამხედრო გზაზე გადაღებული სურათებიც. მათ შორისაა: მცხეთის, ...ის, ფასანაურის, გუდაურის და კონის სადგურები, რომლებიც ერთნაირი შენობებია. თითოეულ ფოტოს დ. ე-ის მიერ გაკეთებული ნომერი და დამატებითი წარწერა აქვს. სამხედრო გზის ...ის შენობათა ამსახველი ფოტოები 2245, 2261,2276 და 4644 ნომრითაა. აღნიშნული ფოტოები ე-ის 1896 წ. გამოცემულ პირველ ფოტოალბომშია შესული. ამავე ფოტოალბომში შედის ფოტოები 8743 ნომრამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასანაურის ...ის 1896 წლამდე კარგა ხნით ადრე გადაღებული. დიდი ალბათობით ის მაშინ უნდა იყოს გადაღებული, როცა დ. ე-მა მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ანანურში სამხედრო-ტოპოგრაფიული სკოლის კურსი გაიარა. მცხეთის, ...ის, ფასანაურის, გუდაურის და კობის ადგილებიდან, სადაც 1860 წლებში სადგური აშენდა, აღარ არსებობს მცხეთის ... და კობის ..., ხოლო ...ის ...ს გადაკეთების გამო სრულად აქვს დაკარგული ავთენტური სახე (ახლა იქ სხვა დაწესებულებაა). გამოდის, რომ 1860 წლებში აშენებული იმ ...ო შენობის არქიტექტორული ტიპებიდან, ანანურის, და გუდაურისაა შემორჩენილი, თუმცა თავდაპირველი სახით გუდაურიც აღარაა შემორჩენილი (გალერეის ნაცვლად მას გვერდით სარკმლებით დანაწევრებული კედელი აქვს).
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილია დაზუსტებულ სააღრიცხვო ბარათში. ამასთან, სააპლაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული არ შეიძლება გახდეს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რამდენადაც სააღრიცხვო ბარათში წარმოდგენილი ინფორმაცია, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან ამოღებულ ფოტომასალა და ობიექტის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველ ფოტომასალა ადასტურებს, რომ ობიექტს მისი ისტორიული დანიშნულებიდან გამომდინარე, მართებულად მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, სააღრიცხვო ბარათის დაზუსტების მიზნით გამართულ სხდომაზე აქტის უკანონობის დადასტურების თაობაზე, პალატამ განმარტა, რომ გაეცნო საქმის მასალებში წარმოდგენილ ოქმს და აღნიშნული ოქმით არ დასტურდება სადავო აქტის უკანონობა. სააღრიცხვო ბარათის დაზუსტების მიზნით გამართულ სხდომას ესწრებოდა საბჭოს წევრი - არქიტექტურის ისტორიკოსი, რომელმაც დეტალურად ახსნა და განმარტა ძეგლის ისტორიული ღირებულება. ამასთან, აღნიშნულმა პიროვნებამ დაადასტურა ისიც, რომ პუშკინისა და დიუმას შენობაში შესაძლო გაჩერების ფაქტი არ წარმოადგენდა იმ გარემოებას, რის გამოც ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, არამედ აღნიშნული წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის 1-ლ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ... ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
კასატორი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სასამართლომ ყურადღება გაამახვილოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის პირვანდელ სააღრიცხვო ბარათზე, სადაც არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა აღნიშნული (მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საბჭომ და შემდგომ სააგენტომ იხელმძღვანელა უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების დროს სწორედ ამ სააღრიცხვო ბარათით). საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებით მიხედვით სააგენტომ 1840 წელი მიიჩნია შენობის აშენების თარიღად, რაც არ არის სწორი. ...ის საიტზე მითითებულია, რომ ... აშენებულია 1862 წლის შემდეგ პერიოდში. შესაბამისად, მცდარია მოსაზრებაც იმის თაობაზე, რომ ამ შენობაში ჩერდებოდნენ პუშკინი და დიუმა, როგორც ეს დაფიქსირებულია ძეგლის სააღრიცხვო ბარათში, პუშკინი გარდაიცვალა 1837 წელს, ხოლო დიუმამ კავკასიაში იმოგზაურა 1858 წელს, შესაბამისად, ვერც გარდაცვლილი პუშკინი და ვერც დიუმა ამ შენობაში ვერ მოხვდებოდნენ.
ასევე, არასწორია ძეგლის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებული ინფორმაცია (რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ძირითად მოტივად უნდა მივიჩნიოთ), რომ დღეს უკვე ნ.ბ-ის საკუთრებაში არსებული შენობა ერთადერთი ...ო ადგილი იყო ...ის გზაზე. როგორც შპს „...ის“ საიტიდან და არაერთი სამეცნიერო წყაროდან ჩანს, ასეთი 11 პუნქტი აშენდა, რომელთა უმეტესობა დღესაც ხელუხლებელ მდგომარეობაშია (მაგალითად ანანური, გუდაური). ასევე, ბუნდოვანია, თუ რატომ დაადგინა სააგენტომ, რომ აღნიშნული შენობა ...ში დაარსების დროიდან შემორჩენილ ერთადერთ შენობას წარმოადგენს, როდესაც ...ში ბევრად უფრო ძველი არაერთი შენობაა განთავსებული.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სააღრიცხვო ბარათის დაზუსტების მიზნით გაიმართა კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის სხდომა, სადაც კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ საბჭოს და შემდეგ სააგენტოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს უსაფუძვლოდ, საკითხის სიღრმისეულად და არსებითად შესწავლის გარეშე. სასამართლო სხდომაზე აპელანტის მიერ წარდგენილ იქნა სექციის სხდომის ოქმი, სადაც საბჭოს წევრები ცალსახად ადასტურებენ ძეგლის სტატუსის შეცდომით მინიჭების ფაქტს.
კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ მისცეს შეფასება მოსარჩელის მიერ წარდგენილ აქიტექტორ ჯ.ბ-ის მიერ 2018 წლის ივნისში ...ში, ...ას ქუჩაზე, ყოფილი ...ის შენობის არქიტექტურის ძეგლზე განხორციელებული შესაბამისობის კვლევა-შეფასებაში გამოთქმულ მოსაზრებას. გარდა იმისა, რომ დასკვნაში სრულყოფილად არის გამოკვლეული ...ის შენობის ისტორიული და არქიტექტორული მნიშვნელობა, ამასთან, საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი საპასუხო მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა დასახელებულ დასკვნას და დაადასტურებდა მის სიმცდარეს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ძეგლის სტატუსი მიანიჭა იმ მოტივით, რომ ამ შენობაში ჩერდებოდნენ დიუმა და პუშკინი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის მიერ 2017 წლის 13 დეკემბერს გაიმართა სხდომა, სადაც საბჭოს წევრებმა გამოიკვლიეს ობიექტის (მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, ...) ისტორიული და არქიტექტურული ღირებულება და გასცეს დადებითი დასკვნა (რეკომენდაცია) ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე; საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2018 წლის 3 იანვრის №02/2 ბრძანებით კი ...ას (მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, ..., ...ას ქუჩა №...) მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ ...ის (მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, ..., ...ას ქუჩა №...) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების ნაწილში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 იანვრის №02/2 ბრძანება. ასევე, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 1 მარტის №03/60 ბრძანება.
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ობიექტისათვის კულტურული ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან. ამავე კანონის 15.3 მუხლის თანახმად, ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭება საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე − საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში იქმნება მინისტრის სათათბირო ორგანო – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტებითა და საზოგადო მოღვაწეებით. საბჭოს საქმიანობის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
დასახელებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააღრიცხვო ბარათში წარმოდგენილი ინფორმაცია, იმის მიუხედავად, ის პირვენდელია თუ დაზუსტებული, წარმოადგენს დარგის ექსპერტთა დასკვნას, რომელიც მიიღება საკითხის შესწავლისა და იმ ისტორიულ-კულტურული ღირებულებების განსაზღვრის საფუძველზე, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს ობიექტისათვის სტატუსის მინიჭებას. მართალია, საბჭოს დასკვნა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა („კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი), თუმცა იგი მნიშვნელოვანია, რამდენადაც მიღებულია დარგის ექსპერტებისა და საზოგადო მოღვაწეთა მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე.
გათვალისწინებით იმ გარემოებისა, რომ სააღრიცხვო ბარათში დეტალურადაა მიმოხილული, თუ რა დაედო საფუძვლად ...ის (მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, ..., ...ას ქუჩა №...) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა (ჯ.ბ-ის მიერ 2018 წლის ივნისში ...ში, ...ას ქუჩაზე, ყოფილი ...ის შენობის არქიტექტურის ძეგლზე განხორციელებული შესაბამისობის კვლევა-შეფასება) ვერ აბათილებს სააღრიცხვო ბარათში მითითებულ გარემოებებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა არ უნდა იყოს გაზიარებული, ვინაიდან მასში არ არის მითითებული კონკრეტული გარემოებები, რომლებზე დაყრდნობითაც მიღებულ იქნა აღნიშნული შეფასება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2018 წლის 3 იანვრის №02/2 ბრძანებისა და შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 1 მარტის №03/60 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარზე 22.02.2022წ. №0 საგადასახადო დავალებითთ ნ.ნ-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ.ბ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინება;
3. ნ.ბ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.02.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით თ-ნ.ნ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე