Facebook Twitter

№ბს-612(2კ-20) 11 მაისი , 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 13 აგვისტოს ნ.გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის №3556028 და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 6 ივლისის №298 ბრძანებების ბათილად ცნობა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ქ. თბილისში, ...ის ქ. №6/4...ის ქ. №6-ში მდებარე №07/4 შენობა-ნაგებობის მე-4 სართულზე პროექტის დარღვევით განხორციელებული დაშენების ლეგალიზების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ნ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 6 ივლისის №298 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის №3556028 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაება ზ.გ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 1992 წლიდან ნ.გ-ის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №6/4-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საცხოვრებელი და დამხმარე ფართები, რომლის ნაწილიც დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ხოლო ნაწილზე, როგორც უნებართვოდ აშენებულზე, ვერ ხორციელდება რეგისტრაცია.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №6-ში მდებარე შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2017 წლის 15 სექტემბერს ნ.გ-ის წარმომადგენელმა დ.ჩ-ემ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს №... განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №6/4...ის ქუჩა №6-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში განთავსებულ ნ.გ-ის საკუთრებაში არსებულ №... უძრავ ქონებაზე უნებართვოდ დაშენებული 178,23 კვ.მ ფართობის ლეგალიზება მოითხოვა.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის №3556028 ბრძანებით დ.ჩ-ის №... განცხადება არ დაკმაყოფილდა და ნ.გ-ეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე დაშენებული ფართის ლეგალიზებაზე უარი ეთქვა იმაზე მითითებით, რომ ლეგალიზება შეუსაბამო იყო „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, კერძოდ, კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ნორმებთან.

ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 ივლისის №298 ბრძანებით ნ.გ-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის №... ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის №3556028 ბრძანება. ბრძანების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული რეკონსტრუქციის შედეგად მოწყობილი ფართის ლეგალიზება ეწინააღმდეგებოდა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს. სადავო ბრძანებაში, ასევე, მიეთითა, რომ უძრავი ქონება, რომელზეც საჩივრის ავტორის მიერ უნებართვოდ განხორციელდა სალეგალიზაციო ფართის დაშენება, წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს და მასზე ვრცელდებოდა არა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების, არამედ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და აღნიშნულზე გავლენას ვერ მოახდენდა იმ გარემოების დადგენა, სალეგალიზაციო ფართი მოწყობილ იქნა ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე თუ მინიჭების შემდეგ.

ამასთან, მერიის 2018 წლის 6 ივლისის №298 ბრძანების მიხედვით, არქიტექტურის სამსახურს ჰქონდა ნ.გ-ის განცხადებაზე უარის თქმის საფუძველი მის განუხილველად, რამეთუ ნ.გ-ის იგივე შინაარსის განცხადება არ დაკმაყოფილდა არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მაისის №2566216 ბრძანებით, განცხადების ხელახლა წარდგენისას კი ახალ გარემოებებზე მითითებული არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების(შემდეგში – ობიექტები ან მათი ნაწილები) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილება არ წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრულ ნებართვის გაცემის სტადიას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებულ „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესზე“, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ კანონმდებლობის იმპერატიული დათქმა ძეგლზე თვითნებური სამუშაოების აკრძალვასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა მნიშვნელოვანი სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის, თუ ნაგებობაზე უნებართვო სამუშაოების წარმოება მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ განხორციელდა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნ.გ-ის განცხადების განხილვისას არქიტექტორის სამსახურს ჰქონდა საჭიროება, დაედგინა უნებართვო სამუშაოების წარმოების დრო და კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოსა თუ შესაბამისი საექსპერტო კვლევების საფუძველზე ემსჯელა, სალეგალიზებო ფართის არსებობა ამცირებდა თუ არა ძეგლის მხატვრულ-ესთეტიკურ, ისტორიულ თუ სხვა მნიშვნელობას, იყო თუ არა მიზანშეწონილი მისი დემონტაჟი, რაც, ზემოაღნიშნული განმარტებების გათვალისწინებით, მისცემდა შესაძლებლობას, მიეღო კანონმდებლობის შესაბამისად დასაბუთებული გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აღნიშნავს, რომ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, რომელზეც დაშენებულია სალეგალიზებოდ წარმოდგენილი ფართობი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №1/181 ბრძანებით მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი და შესაბამისად, მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომელთა მიზანიცაა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ძეგლზე აკრძალულია ყოველგვარი სამშენებლო საქმიანობის განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე, აღნიშნული გარემოება კი უკვე გამორიცხავს ობიექტის ლეგალიზებას, თუმცა დასაშვებად ცნობს შესაბამისი გაფრთხილების, საბჭოს დასკვნისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემაზე მსჯელობას.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით მშენებლობა უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს დაუბრუნდეს თავდაპირველი, უნებართვო მშენებლობის განხორციელებამდე არსებული იერსახე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი ვერ ექნება, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტების გარეშე განხორციელებული რეკონსტრუქციის შედეგად მოწყობილი ფართის ლეგალიზება. შესაბამისად, ლეგალიზების შემთხვევაში, მოხდება იმ დარღვევის დაკანონება, რაც გამოიხატება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო სამუშაოს განხორციელების შედეგად წარმოქმნილი ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაში. აღნიშნულით კი, უგულვებელყოფილი იქნება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი მიზანი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №6-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული რეკონსტრუქციის შედეგად მოწყობილი ფართის ლეგალიზებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 1992 წლიდან ნ.გ-ის საკუთრებაში არის ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №6/4-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საცხოვრებელი და დამხმარე ფართები, რომლის ნაწილიც დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ხოლო ნაწილზე, როგორც უნებართვოდ აშენებულზე, ვერ ხორციელდება რეგისტრაცია.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №6-ში მდებარე შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2017 წლის 15 სექტემბერს ნ.გ-ის წარმომადგენელმა დ.ჩ-ემ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს №... განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №6/4...ის ქუჩა №6-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში განთავსებულ ნ.გ-ის საკუთრებაში არსებულ №... უძრავ ქონებაზე უნებართვოდ დაშენებული 178,23 კვ.მ ფართობის ლეგალიზება მოითხოვა.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის №3556028 ბრძანებით დ.ჩ-ის №... განცხადება არ დაკმაყოფილდა და ნ.გ-ეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე დაშენებული ფართის ლეგალიზებაზე უარი ეთქვა იმაზე მითითებით, რომ ლეგალიზება შეუსაბამო იყო „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, კერძოდ, კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ნორმებთან.

2017 წლის 20 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს ნ.გ-ის №... ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის №3556028 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 ივლისის №298 ბრძანებით ნ.გ-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის №... ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის №3556028 ბრძანება. ბრძანების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული რეკონსტრუქციის შედეგად მოწყობილი ფართის ლეგალიზება ეწინააღმდეგებოდა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს. სადავო ბრძანებაში, ასევე, მიეთითა, რომ უძრავი ქონება, რომელზეც საჩივრის ავტორის მიერ უნებართვოდ განხორციელდა სალეგალიზაციო ფართის დაშენება, წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს და მასზე ვრცელდებოდა არა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების, არამედ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და აღნიშნულზე გავლენას ვერ მოახდენდა იმ გარემოების დადგენა, სალეგალიზაციო ფართი მოწყობილ იქნა ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე თუ მინიჭების შემდეგ.

ამასთან, მერიის 2018 წლის 6 ივლისის №298 ბრძანების მიხედვით, არქიტექტურის სამსახურს ჰქონდა ნ.გ-ის განცხადებაზე უარის თქმის საფუძველი მის განუხილველად, რამეთუ ნ.გ-ის იგივე შინაარსის განცხადება არ დაკმაყოფილდა არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მაისის №2566216 ბრძანებით, განცხადების ხელახლა წარდგენისას კი ახალ გარემოებებზე მითითებული არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის საგანს ნ.გ-ის განცხადების, ქ. თბილისში, ...ის ქ. №6/4...ის ქ. №6-ში მდებარე №07/4 შენობა-ნაგებობის მე-4 სართულზე პროექტის დარღვევით განხორციელებული დაშენების ლეგალიზების თაობაზე, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცდა „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი“, რომლის პირველი მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების (შემდეგში – ობიექტები ან მათი ნაწილები) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილება არ წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრულ ნებართვის გაცემის სტადიას.

მითითებული წესის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნებისა). ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნებისა); ბ) განმცხადებელმა დადგენილ ვადაში არ შეასრულა შესაბამისი ორგანოს მიერ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიცემული დავალება ან/და არ წარმოადგინა ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდება (დებულება), რომლის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო - სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №6/4...ის ქ. №6-ში მდებარე №07/4 შენობა-ნაგებობას, რომლის მე-4 სართულზე მოსარჩელე ზ.გ-ემ განახორციელა პროექტის დარღვევით დაშენება და რომლის ლეგალიზებასაც იგი ითხოვს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის №3/181 ბრძანებით მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, რათა არქიტექტურის სამსახურმა ხელახლა გამოიკვლიოს და შეაფასოს სამშენებლო სამუშაოების წარმოების პერიოდი და მშენებლობის 2007 წლამდე განხორციელების შემთხვევაში, იმსჯელოს უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე განხორციელებული დაშენების ლეგალიზების საფუძვლიანობის საკითხზე, ვინაიდან, მშენებლობის 2007 წლამდე განხორციელების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობას სწორედ, იმ ფორმითა და იერსახით მიენიჭა 2007 წლის 1 ოქტომბერს უძრავი ძეგლის სტატუსი, როგორი მდგომარეობით ლეგალიზებასაც ითხოვს მოსარჩელე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 9 მარტს №00335 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინება;

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 9 მარტს №00335 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი