საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-88(კ-22) 11 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი; მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 24 იანვარს შპს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისისა და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ დაზუსტებული სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 ოქტომბრის N..., 2019 წლის 25 ნოემბრის N..., 2019 წლის 2 დეკემბრის N..., 2019 წლის 6 დეკემბრის N..., 2019 წლის 23 დეკემბრის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით, ქუთაისში, ...ის ქ. N226ა-ში მდებარე უძრავი ქონების შპს „...ის“ საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე. ამავე სასამართლოს 2021 წლის პირველი ივნისის განჩინებით, ასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოში 1997 წლის 30 მაისამდე მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 1991 წლის 9 აგვისტოს კანონი ადგენდა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესაძლებლობას აქციების (პაის) გაყიდვის გზით. აღნიშნული კანონიდან გამომდინარე, სახელმწიფო საწარმო წინასწარ უნდა გარდაქმნილიყო სახელმწიფო სააქციო საზოგადოებად და ამხანაგობად, ხოლო მათი რეგისტრაციის შემდეგ, საწარმოთა აქციების პაკეტი გადაეცემოდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების ფონდს, საკონკურსო საწყისებზე გაყიდვის მიზნით. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N288 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულებაზე“, რომლითაც სავალდებულოდ ჩაითვალა სააქციო საზოგადოების წესდების, ქონების შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება, პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით (დებულების მე-6 პუნქტი). ამასთან, დებულების მე-10 პუნქტით დადგინდა, რომ სააქციო საზოგადოების ქონების შემადგენლობა მისი დაარსების მომენტში აისახებოდა შეფასების აქტში. მე-13 პუნქტის თანახმად, დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა მისი აქციების ემისიის პროსპექტს (წერილობით შეტყობინებას, ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზების მიზნით), ხოლო მე-14 პუნქტის შესაბამისად, აქციათა გაყიდვა ხორციელდებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ, საწარმოს პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სადავო პერიოდში სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და შემდგომ აქციების გამოსყიდვა წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას და მიზანმიმართულ მოქმედებას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო საწარმოს მუშაკები უნდა გამხდარიყვნენ საწარმოს მყიდველები და ესარგებლათ კანონით დაშვებული შეღავათებით. ამასთანავე, საწარმოს პრივატიზებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით, სააქციო საზოგადოების დაარსების მომენტში მისი კონკრეტული ქონების შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით, სავალდებულოდ ჩაითვალა ქონების შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის მე-5 პუნქტზე, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-12 მუხლზე და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება შპს „...ის“ სარგებლობაში არსებული, ქუთაისში, ...ის ქ. N226ა-ში მდებარე ქონების პრივატიზების ფაქტი. სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული შპს „...ის“ დირექტორის განცხადებით მიმართვა ქალაქ ქუთაისის მთავარი რეგისტრატორისადმი, შპს „...ის“ სარგებლობაში არსებულ მიწაზე კერძო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შესახებ, ვინაიდან არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. ამასთანავე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული საქმეში წარმოდგენილი მიწის ერთჯერადი საზღაურის გადახდის ქვითრები, რადგანაც, გადახდა განხორცილებულია მიზნობრივად - გადახდილია საამქრომდე მისასვლელი გზის მიწის ერთჯერადი გადასახადები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-9 მუხლებზე, 21-ე მუხლის მეორე პუნქტზე, 22-ე მუხლის ბ“ ქვეპუნქტზე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა დაა საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „მ“ ქვეპუნქტებზე, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „დ" ქვეპუნქტზე, მე-74 მუხლზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული და უფლებამოსილი ორგანოებიდან მოძიებული ინფორმაციით, ასევე მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადგინა შპს „...ის“ საკუთრების უფლება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანოს სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული და უფლებამოსილი ორგანოებიდან მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე არ დგინდება დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“.
კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქუთაისში, ...ის ქუჩა N226ა-ში მდებარე 717,83 კვ.მ ფართის (...) მესაკუთრედ აღრიცხულია სახელმწიფო. ამასთან, გაკეთებულია ჩანაწერი მოსარგებლის შესახებ: ერთი პირის საწარმო ფირმა „...“. აღმასკომის 1990 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მცირე საწარმო „...ის“ ადმინისტრაციის თხოვნა და საწარმოო კოოპერატივის მშენებლობისათვის ...ის ქარხნის ტერიტორიიდან გამოეყო 1,2 ჰა მიწის ნაკვეთი. 1998 წლის 24 დეკემბერს შპს „...ის“ დირექტორმა ბ.ბ-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ ქუთაისი მთავარ რეგისტრატორს და შპს „...ის“ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე კერძო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა მოითხოვა. სასამართლომ არ მიიჩნია საკმარისად ის ფაქტი, რომ შპს „...ის“ დირექტორი 1998 წლიდან ცდილობდა დაერეგისტრირებინა უძრავი ქონება, თუმცა უშედეგოდ. სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-74 მუხლზე, რაც არასწორია.
კასატორის მოსაზრებით, განსახილველ დავას აქვს დიდი მნიშვნელობა, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს მიღებული აქვს პრეცედენტული გადაწყვეტილება მსგავსი სახის დავაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მცირე საწარმო „...ის“ ადმინისტრაციის თხოვნა და საწარმოო კოოპერატივის მშენებლობისათვის ...ის ქარხნის ტერიტორიიდან გამოეყო 1,2 ჰა მიწის ნაკვეთი.
საქმეში არსებული, საწარმოს დამფუძნებლის მიერ 1995 წლის 25 დეკემბერს დამტკიცებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „...ის“ წესდების მიხედვით, საწარმო შექმნილია ერთი პირის საწარმოო ფირმა „...ის“ ბაზაზე. ფირმა განთავსებულია ქუთაისში, ...ის ქ. N226“ა“-ში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა შპს „...ის“ რეგისტრაცია (საქმიანობის საგანი - ...ის გამოშვება და სხვა კანონით ნებადართული საქმიანობა; დირექტორი - ბ.ბ-ე).
1998 წლის 24 დეკემბერს შპს „...ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა ქალაქ ქუთაისის მთავარ რეგისტრატორს და შპს „...ის“ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე კერძო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა მოითხოვა.
სსიპ საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 14 ივლისს მომზადებული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქუთაისში, ...ის ქ. N226ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და არასაცხოვრებელი ფართის (..., საერთო ფართით 717,83 კვ.მ) მესაკუთრეა სახელმწიფო. ამავე დოკუმენტში უძრავი ქონების მოსარგებლედ მითითებულია ერთი პირის საწარმო ფირმა ,,...“.
სსიპ საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 3 ოქტომბერს მომზადებული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქუთაისში, ...ის ქ. N226ა-ში მდებარე 14847 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და არასაცხოვრებელი ფართის (..., საერთო ფართით 717,83 კვ.მ) მესაკუთრეა სახელმწიფო. ამავე დოკუმენტში უძრავი ქონების მოსარგებლედ მითითებულია ერთი პირის საწარმო ფირმა ,,...“.
2019 წლის 30 სექტემბერს შპს „...მა“ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და ცნობა-დახასიათების საფუძველზე, განმცხადებელმა მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ქუთაისში, ...ის ქუჩა N226“ა“-ში მდებარე უძრავ ქონებაზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ვერ იქნა მოძიებული დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. დაინტერესებულ პირს დაევალა უფლების დამადასტურებელი სხვა რაიმე დოკუმენტის წარდგენა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2019 წლის 30 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებაზე.
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება შპს „...ის“ სარეგისტრაციო განცხადებაზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 6 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 2 დეკემბრის N... გადაწყვეტილებაზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 ოქტომბრის N... და 2019 წლის 2 დეკემბრის N... გადაწყვეტილებები.
სააგენტომ მიუთითა სსიპ საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 ივლისის ცნობა-დახასიათებაზე, ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის N6/36514 წერილზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის პრივატიზების შესახებ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სააგენტოს არქივში ვერ იქნა მოძიებული. სააგენტოს განმარტებით, საჯარო რეესტრში დაცული და უფლებამოსილი ორგანოებიდან მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით არ დადგინდა დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარუდგენია დაინტერესებულ პირსაც.
ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე შპს „...ის“ საკუთრების უფლება. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერც უფლებამოსილ ორგანოებში იქნა მოძიებული. ამასთანავე, სააგენტოს განმარტებით, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, 2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება. მითითებული თარიღის შემდეგ, საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, უნდა დადგინდეს, გადაეცა თუ არა შპს „...ს“ შესაბამისი უძრავი ქონება პრივატიზების შედეგად და შესაბამისად, ქმნიდა თუ არა შპს „...ის“ მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საკმარის საფუძველს, უძრავ ნივთზე საწარმოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველია სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნეოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები ასევე წესრიგდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით. მითითებული კანონის მეორე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტად მიიჩნევა სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ყველა ზემოაღნიშნული ნორმა შეიცავს მითითებას, რეგისტრაციის მიზნებისათვის უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებაზე. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემასთან დაკავშირებული წარმოებისას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული და უფლებამოსილი ორგანოებიდან მოძიებული ინფორმაციით, ასევე მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადგინა შპს „...ის“ საკუთრების უფლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოში 1997 წლის 30 მაისამდე მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით „პრივატიზება“ განმარტებული იყო, როგორც მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შედეგადაც, ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. ამავე კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების (ობიექტების) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას. კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პრივატიზების ობიექტს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ხოლო მე-16 მუხლი ადგენდა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესაძლებლობას აქციების (პაის) გაყიდვის გზით. ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმო წინასწარ უნდა გარდაქმნილიყო სახელმწიფო სააქციო საზოგადოებად და ამხანაგობად, ხოლო მათი რეგისტრაციის შემდეგ, საწარმოთა აქციების პაკეტი გადაეცემოდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების ფონდს, საკონკურსო საწყისებზე გაყიდვის მიზნით.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N288 დადგენილების N1 დანართით დამტკიცებული „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულებით“ სავალდებულოდ ჩაითვალა პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით სააქციო საზოგადოების წესდების, ქონების შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება (დებულების მე-6 პუნქტი). ამასთან, დებულების მე-10 პუნქტით დადგინდა, რომ სააქციო საზოგადოების ქონების შემადგენლობა მისი დაარსების მომენტში აისახებოდა შეფასების აქტში. მე-13 პუნქტის თანახმად, დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა მისი აქციების ემისიის პროსპექტს (წერილობით შეტყობინებას, ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზების მიზნით), ხოლო მე-14 პუნქტის შესაბამისად, აქციათა გაყიდვა ხორციელდებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ, საწარმოს პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სადავო პერიოდში სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და შემდგომ აქციების გამოსყიდვა წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას და მიზანმიმართულ მოქმედებას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო საწარმოს მუშაკები უნდა გამხდარიყვნენ საწარმოს მყიდველები და ესარგებლათ კანონით დაშვებული შეღავათებით. ამასთანავე, საწარმოს პრივატიზებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით, სააქციო საზოგადოების დაარსების მომენტში მისი კონკრეტული ქონების შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით, სავალდებულოდ ჩაითვალა ქონების შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სადავო პერიოდში მოქმედი, საწარმოთა პრივატიზებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მიზნად ისახავდა აქციების პრივატიზებით სააქციო საზოგადოებაზე ყოფილი სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი ქონების გადაცემას, თუმცა ფაქტობრივად მიღწეულ იქნა თუ არა კანონმდებლობით განსაზღვრული მიზანი, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს საპრივატიზაციო დოკუმენტაციის შესწავლით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება შესაბამისი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის) პრივატიზების გზით გასხვისების ფაქტი. წარმოდგენილი არ არის საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის პროცესში ქონების შეფასების აქტი, რომლითაც უნდა დადასტურდეს სახელმწიფო საწარმოს ძირითად საშუალებათა (შენობა-ნაგებობები და სხვ.) ღირებულება და აღნიშნული ქონების შეტანა საწესდებო კაპიტალში, ასევე არ დგინდება სხვა რაიმე აქტის არსებობა, რომელიც შესაბამისი ქონების შპს „...ისათვის“ საკუთრებაში გადაცემას დაადასტურებდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველს ასევე წარმოადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 74 მუხლის ჩანაწერი, რომლითაც, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ნ.მ-ას (პირადი N...) უნდა დაუბრუნდეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 28 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი (ტერმინალის ნომერი - 733; ოპერაციის კოდი - 30170306), შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინება;
3. ნ.მ-ას (პირადი N...) დაუბრუნდეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 28 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი (ტერმინალის ნომერი - 733; ოპერაციის კოდი - 30170306), შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე