საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-71(კ-21) 3 მაისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა.ზ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 3 აპრილს ა.ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის №04/8414 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრა აქტის გამოცემის დავალება ა.ზ-ისათვის სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე; ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ქმედების განხორციელების დავალება 1995 წლიდან ა.ზ-ის მიმართ არსებული ფულადი დავალიანების ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის №04/8414 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა.ზ-ისათვის დახმარების, კანონით დადგენილი წესით, დანიშვნის თაობაზე; ა.ზ-ის სარჩელი მოპასუხისათვის ფულადი დავალიანების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორის მითითებით, სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და კომისიის ხელთ არსებული მასალები არ აკმაყოფილებდა მოსარჩელისათვის დახმარების დანიშვნის პირობებს. კასატორის მითითებით, დახმარების დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. სოციალური მომსახურების სააგენტომ კი, თავის მხრივ, გამოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან - ... ქარხანა იყო თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო და ჰყავდა თუ არა მას უფლებამონაცვლე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილით სოციალური მომსახურების სააგენტოს ეცნობა, რომ ... ქარხნის შესახებ არც დოკუმენტაცია და არც ინფორმაცია არ იძებნებოდა, რაც, საბოლოოდ, გახდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, სახეზე არ არის გასაჩივრებული აქტის ბათილობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ა.ზ-ისათვის დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის ხელთ არსებული მასალები არ აკმაყოფილებდნენ დახმარების დანიშვნის პირობებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების მიმღებ პირთა წრეს, დახმარების ოდენობებს, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“. მითითებული წესის მე-2 მუხლის თანახმად, დახმარება არის პირის ფულადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა ამ წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-3 მუხლის თანახმად, დახმარების ადმინისტრირების ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), რომლის უფლება-მოვალეობებია: ა) დახმარების გაცემის ორგანიზება; ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზებული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება (ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს); გ) დახმარების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირება.
ხსენებული „წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული აქვს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება; ბ) სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემულია ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულია დავალიანება.
დადგენილია, რომ ... ქარხანაში ... მუშაობისას მიღებული საწარმოო ტრავმის შემდეგ, ა.ზ-ის ჯანმრთელობას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, მან დაკარგა პროფესიული შრომისუნარიანობა 80%-ით. აღნიშნულის გამო, ... ქარხნის დირექტორის 1984 წლის 13 ნოემბრის №334 ბრძანების შესაბამისად, მას დაენიშნა თანხა - 149 მანეთისა და 74 კაპიკის ოდენობით. ამასთან, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1991 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ... ქარხანას ა.ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 1984 წლის 6 ნოემბრიდან 1989 წლის 16 თებერვლამდე ყოველთვიურად 14 მანეთისა და 25 კაპიკის ოდენობით, 1989 წლის 16 თებერვლიდან - 17 მანეთისა და 70 კაპიკის ოდენობით და ყოველთვიურად კომპენსაციის გაცემა - 59 მანეთისა და 70 კაპიკის ოდენობით, ხოლო ... ქარხნის დირექტორის 1992 წლის 13 მარტის №14 ბრძანებით, ა.ზ-ის სასარგებლოდ ფულად კომპენსაციას 1989 წლის 16 თებერვლიდან უვადოდ დაემატა გასაცემი თანხა 217 მანეთისა და 18 კაპიკის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ ა.ზ-ეს კომპენსაციის მიღება შეუწყდა 1995 წლიდან.
2018 წლის 2 ნოემბერს ა.ზ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და მოითხოვა ყოველთვიურად სოციალური დახმარების დანიშვნა 2018 წლის 2 ნოემბრიდან უვადოდ.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, 2018 წლის 27 დეკემბერს №04/70022 წერილით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირს და აცნობა, რომ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების უზრუნველსაყოფად შექმნილ უწყებათაშორის კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად ესაჭიროებოდა დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, ... ქარხანა იყო თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი, იყო თუ არა ლიკვიდირებული და ჰყავდა თუ არა უფლებამონაცვლე (უფლებამონაცვლის არსებობის შემთხვევაში მოითხოვა უფლებამონაცვლე ორგანიზაციის დასახელება). სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 1 თებერვლის №5/6088 წერილით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზემოაღნიშნული წერილის პასუხად ეცნობა, რომ სამსახური არ ფლობდა ინფორმაციას (დოკუმენტაციას) ... ქარხნის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, უწყებათშორისი კომისიის 2019 წლის 6 თებერვლის №35 კომისიის სხდომის ოქმით, ა.ზ-ეს უარი ეთქვა დახმარების დანიშვნაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესაბამისად, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, კომისიის ხელთ არსებული და მოძიებული მასალები არ აკმაყოფილებდა დახმარების დანიშვნის პირობებს (ვერ სრულდებოდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული პირობები).
უწყებათშორისი კომისიის 2019 წლის 6 თებერვლის №35 კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის №04/8414 სადავო გადაწყვეტილებით ა.ზ-ეს უარი ეთქვა დახმარების დანიშვნაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „წესით“, დახმარების დანიშვნის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, ჯანმრთელობის დაზიანება გამოწვეული იყოს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ა.ზ-ისათვის დახმარების დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, არ იქნა დადგენილი ... ქარხანა იყო თუ არა სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო და ჰყავს თუ არა მას უფლებამონაცვლე. ის გარემოება, რომ სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული, განმცხადებლისათვის უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გამხდარიყო.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ ვინაიდან მან ვერ შეძლო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენა, ის უფლებამოსილია განმცხადებელს უარი უთხრას მისთვის მნიშნელოვანი საკითხის გადაწყვეტაზე. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მხარის უფლებების დაცვა, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან და სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე