№ბს-702(კ-20) 11 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გ. გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „თ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინების განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 2 ივნისს შპს „ყ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №14/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ივნისის განჩინებით შპს „ყ...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით შპს „ყ...ის“ სარჩელი, მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №14/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინებით შპს „ყ...ის“ სარჩელი, მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №14/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობის განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ყ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ყ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით შპს „ყ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ინდ. მეწარმე - ბ-ი არის ბუნებრივი გაზის მომხმარებელი, მისამართზე - ჩუღურეთი, ...ის ქ., შენობა ..., ბინა 0 და შპს „ყ...ის” მონაცემთა ბაზაში არის აბონენტად რეგისტრირებული (აბონენტის №...).
2008 წლის 23 სექტემბერს შპს „ყ...ის“ მიერ შედგენილ იქნა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების შესახებ აქტი №..., მასზედ, რომ მისამართზე - ჩუღურეთი, ...ის ქ., შენობა ..., ბინა 0 აღმოჩენილი იქნა ბუნებრივი გაზის მრიცხველის გვერდის ავლით, უკანონო მოხმარების ფაქტი. აღნიშნულის საფუძველზე 2008 წლის 23 სექტემბერს შპს „ყ...ის” მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის შესაბამისად, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №....
2008 წლის 16 ოქტომბერს შპს „ყ...ის“ მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გ. ბ-ის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ნოემბრის დადგენილების (საქმე №4/9558-08) საფუძველზე, გ. ბ-ი (მცხ: ქ. თბილისი, ...ის ...) ცნობილ იქნა ადმინისტარციულ სამართალდამრღვევად. ამავე დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.
დადგენილია, რომ კ.პ. ბ-ი - საცხობი არის ბუნებრივი გაზის მომხმარებელი, მისამართზე - ჩუღურეთი, ...ის ქ. შენობა ... და შპს „ყ...ის” მონაცემთა ბაზაში არის აბონენტად რეგისტრირებული (აბონენტის №...).
2008 წლის 23 სექტემბერს შპს „ყ...ის“ მიერ შედგენილ იქნა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების შესახებ აქტი №..., მასზედ, რომ მისამართზე - ჩუღურეთი, ...ის ქ. შენობა ... აღმოჩენილი იქნა ბუნებრივი გაზის მრიცხველის გვერდის ავლით, უკანონო მოხმარების ფაქტი. აღნიშნულის საფუძველზე 2008 წლის 23 სექტემბერს შპს „ყ...ის” მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის შესაბამისად, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №....
2009 წლის 9 ივნისის ტექნიკური პირობის გაცემასა და გაზიფიკაციის პროექტის შედგენაზე მხარეთა ხელშეკრულებისა №07/62/518 და შპს „ყ...ის” პროექტებისათვის ტექნიკური პირობის საფუძველზე, კომპანიამ გააფართოვა წარმოება და გაზარდა ბუნებრივი გაზის მოხმარება - 5 მ3 საათზე. ასევე, კ.პ. ბ-თან 2007 წლის 22 ივნისს გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება, ტექნიკური პირობების გაცემის თაობაზე და 2007 წლის 26 ივნისს შედგენილ იქნა აქტი „მშენებლობით დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ” კ.პ. ბ-ის საცხობის გაზმომარაგების თაობაზე. ამავე დღეს შედგა აქტი №... გაზის გამორთვა/ჩართვაზე.
შპს „ყ...ის” დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სადისტრიბუციო ცენტრის მენეჯერის მიერ 2014 წლის 13 იანვრის №07-10-01/64 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ...ის ქ. ...-ში მცირე კ.პ. ბ-ი-საცხობი აბონენტის №..., რომელსაც ბარათის გაცემის მომენტისათვის ერიცხებოდა 8 241,34 ლარი, კომპანიასთან არ ჰქონდა დადებული გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ბარათის საფუძველზე, შპს „ყ...ის” სპეციალურ სამმართველოს ეთხოვა დარიცხული საურავის კორექტირება და მითითებული დავალიანების გადატანა ი/მ ბ-ისათვის (აბონენტის №...), ვინაიდან თონე ეკუთვნოდა ბ-ს.
საჯარიმო თანხის გადატანის რეესტრის შესაბამისად კი ზემოთხსენებული სამსახურებრივი ბარათით მოთხოვნილი ქმედება მოყვანილ იქნა სისრულეში და კ.პ. ბ-ისათვის დარიცხული დავალიანება (საურავის გარეშე თანხა - 5034.24) გადატანილ იქნა ი/მ ბ-ის ბარათზე.
2014 წლის 21 თებერვალს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართა ინდ/მეწარმე ბ-მა (ს/კ ..., აბონენტის №...,= მისამართი - ქ. თბილისი, ...ის ქ, ...). საჩივაში აღინიშნა, რომ შპს „ყ...ის“ მიერ წარდგენილი 2013 წლის დეკემბრის ქვითრის მიხედვით ერიცხებოდა 765,75 ლარი, რომელიც დაფარა სრულად, დადგენილ ვადაში. 2014 წლის იანვრის ქვითარში მიმდინარე გადასახადის გარდა დაეწერა 4 982.89 ლარი, რომლის საფუძვლად მითითებულია „კორექცია/აქტი“. ასევე მიუთითა, რომ როგორც მისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული დავალიანება გადატანილ იქნა №... აბონენტის ბარათიდან, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის კ.პ. ბ-ს. წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა შპს „ყ...ისათვის“ დავის პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტისაგან თავის შეკავების დავალების თაობაზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №14/5 გადაწყვეტილებით ი/მ გ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, ი/მ გ. ბ-ზე შპს „ყ...ის“ მიერ 2013 წლის 31 დეკემბრის დარიცხვის შესწორება (კორექტირება), რითაც მას დაეკისრა 4 982.89 ლარის გადახდა, მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ყ...ს“ დაევალა №... აბონენტის პირად ბარათზე ცვლილებების შეტანა და უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება. განიმარტა გასაჩივრების წესი და ვადა.
2014 წლის 05 აგვისტოს ნ. ბ-მა (პ/ნ ..., აბონენტის №..., მისამართი: თელავის რაიონი, სოფელი ...) საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. წარდგენილ განცხადებაში მიუთითა, რომ წლების განმავლობაში რეგისტრირებული იყო შპს „ყ...ის“ №..., ქ. თბილისი, ...ის ქუჩა ...-ში. აღნიშნულ მისამართზე მრავალი წელია არანაირ საქმიანობას არ ეწევა და მოხსნილია მრიცხველი. მისი განმარტებით, შპს „ყ...ის“ მიერ წარმოდგენილი 2013 წლის ნოემბრის ქვითრის მიხედვით ერიცხება დავალიანება 8 136,70 ლარი, რომელიც წარმოადგენს ხანდაზმულს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა შპს „ყ...ისათვის“ №... აბონენტზე ხანდაზმული დავალიანების სრულად მოხსნა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონით, „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესებით” და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ შპს „ყ...ის“ ბაზაში ი/მ გ. ბ-ისა და კ.პ ბ-ი-საცხობის აბონენტად რეგისტრაციის მომენტიდან მხარეთა შორის არსებობს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა და ყურადღება მიაქცია ნ. ბ-ის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის 2014 წლის 5 აგვისტოს საჩივრის წარდგენის ფაქტზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს დავალიანების არსებობას იმ აბონენტზე, რომლის ნომერია ..., ხოლო განცხადების ავტორი, ნ. ბ-ი თავადვე აღნიშნავს, რომ დავალიანება არსებობს, მაგრამ მოთხოვნა გადახდევინების თაობაზე ხანდაზმულია.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს გ.ბ-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ გ. ბ-მა უარყო სამართალდარღვევის ფაქტი და განმარტა, რომ ეზოში დაყენებულია ორი მრიცხველი, რომელთაგან ერთ-ერთი გაფორმებულია მის სახელზე, ხოლო მეორე ნ. ბ-ის სახელზე.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ ი/მ გ. ბ-ი (აბონენტი №...) და კ.პ ბ-ი - საცხობი (აბონენტი №...) წარმოადგენს ორ სხვადასხვა სუბიექტს და შპს „ყ...ის“ მიერ ადგილი ჰქონდა ერთი აბონენტის ვალის გადაკისრებას მეორე აბონენტზე, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-10 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ი/მ გ. ბ-ის თანხმობა წარმოდგენილი არ ყოფილა.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №14/5 გადაწყვეტილების შეუსაბამობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ყ...ის“ უფლებამონაცვლემ შპს „თ...იმ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საფუძვლიანად არ გამოიკვლია და არ იმსჯელა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №14/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლებთან დაკავშირებით, რის გამოც, კასატორის მითითებით, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით შპს „ყ...ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „თ...ი.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ყ...ის“ უფლებამონაცვლის შპს „თ...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „თ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №14/5 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემობებზე, კერძოდ, მისამართზე ქ. თბილისი, ჩუღურეთი, ...ის ქ., შენობა ..., განლაგებულია ორი მცირე კომერციული ობიექტი, კერძოდ, ი/მ გ. ბ-ი და კ.პ. ბ-ი-საცხობი.
კ.პ. ბ-ი-საცხობის (აბონენტის №...) ბრუნვის ისტორიის (აბონენტის ბარათი) თანახმად, იგი ფუნქციონირებდა 2007 წლის აგვისტოდან და იხდიდა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს. 2008 წლის 23 სექტემბერს კ.პ. ბ-ს შეუდგინეს „ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების შესახებ” №... აქტი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №..., რომელშიც მიეთითა, რომ ოქმის შედგენას ესწრებოდა მოქალაქე გ. ბ-ი პირადი ნომრით №.... მითითებული ოქმი განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, თუმცა სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება საქმეზე არ წარმოდგენილა. აღნიშნულის მოძიება, საქალაქო სასამართლოს მიერ ვერ მოხერხდა ვერც საერთო სასამართლოების დეპარტამენტშის არქივში.
შპს „ყ...ის” დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სადისტრიბუციო ცენტრის მენეჯერის მიერ 2014 წლის 13 იანვრის №07-10-01/64 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ...ის ქ. ...-ში მცირე კ.პ. ბ-ი-საცხობი აბ. №..., რომელსაც ბარათის გაცემის მომენტისათვის ერიცხებოდა 8 241,34 ლარი, კომპანიასთან არ ჰქონდა დადებული გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ბარათის მიხედვით, შპს „ყ...ის” სპეციალურ სამმართველოს ეთხოვა დარიცხული საურავის კორექტირება და მითითებული დავალიანების გადატანა ი/მ ბ-ისათვის (აბ. №...), ვინაიდან, თონე ეკუთვნოდა ბ-ს.
საჯარიმო თანხის გადატანის რეესტრის თანახმად, ზემოთხსენებული სამსახურებრივი ბარათით მოთხოვნილი ქმედება მოყვანილ იქნა სისრულეში და კ.პ. ბ-ისათვის დარიცხული დავალიანება (საურავის გარეშე თანხა - 5 034,24) გადატანილ იქნა ი/მ ბ-ის ბარათზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.
აღნიშნული წესების მე-10 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ ერთი საცალო მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ი/მ გ. ბ-ი (აბონენტი №...) და კ.პ. ბ-ი-საცხობი (აბონენტი №...) წარმოადგენს ორ სხვადასხვა სუბიექტს. შპს „ყ...ის” მხრიდან ადგილი ჰქონდა ერთი აბონენტის - კ.პ. ბ-ის ვალის გადაკისრებას მეორე აბონენტზე - ი/მ გ. ბ-ზე ისე, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-10 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ი/მ გ. ბ-ის თანხმობა, არც ადმინისტრაციული წარმოებისას და არც სასამართლოში ყოფილა წარმოდგენილი, რის გამოც, შპს „ყ...ის” მიერ კ.პ. ბ-ის ვალის გადაკისრება ი/მ გ. ბ-ზე, წარმოადგენდა კომპანიის უკანონო ქმედებას, რომელიც მოკლებული იყო ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლის 05 აგვისტოს ნ. ბ-მა (პ/ნ ..., კ.პ ბ-ი-საცხობი) აბონენტის №..., მისამართი: თელავის რაიონი, სოფელი ...) საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. წარდგენილ განცხადებაში მიუთითა, რომ წლების განმავლობაში რეგისტრირებული იყო შპს „ყ...ის“ №..., ქ. თბილისი, ...ის ქუჩა ...-ში. აღნიშნულ მისამართზე მრავალი წელია არანაირ საქმიანობას არ ეწეოდა და მოხსნილი იყო მრიცხველი. მისი განმარტებით, შპს „ყ...ის“ მიერ წარმოდგენილი 2013 წლის ნოემბრის ქვითრის მიხედვით ერიცხებოდა დავალიანება 8 136,70 ლარი, რომელიც წარმოადგენდა ხანდაზმულს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა შპს „ყ...ისათვის“ №... აბონენტზე ხანდაზმული დავალიანების სრულად მოხსნა.
ამდენად, დადასტურებულია ის გარემოება, რომ ი/მ გ. ბ-ს გადაეკისრა კ.პ.ბ-ის- საცხობის დავალიანება, რომელიც თავის მხრივ კ.პ ბ-ის მიერ სადავოდ არის გამხდარი, როგორც ხანდაზმული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს „თ...ის“ (ს/კ ...) საკასაციო საჩივარზე 09.06.2020წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „თ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინება;
3. შპს „თ...ის“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.06.2020წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი