საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-162(2კ-20) 3 მაისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „…“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „...მა“ 2018 წლის 23 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №QN1540855 გადაწყვეტილებისა და სს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №580 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსათვის სს „...ის“ №1540855 განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „…ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №QN1540855 გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №580 ბრძანება; ამასთან, მოპასუხე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სს „...ის“ მიერ წარდგენილი №QN1540855 განცხადების დაკმაყოფილების შესახებ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №QN1540855 გადაწყვეტილება; ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №580 ბრძანება; სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სს „...ის“ №1540855 განცხადებასთან დაკავშირებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ.
კასატორთა მითითებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ისევე როგორც საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესით“ გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დადასტურების ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სამუშაოების წარმოებაზე არსებობს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე თანხმობის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, აქტის გამოცემისას განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად დაუწესოს შეზღუდვა ან/და სხვა პირობები. მოცემულ შემთხვევაში, საკითხის განხილვაზე უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ - სააგენტომ საჭიროდ მიიჩნია ხაზობრივი ნაგებობის განთავსება იმგვარად განხორციელებულიყო, რომ ტროტუარი აღდგენილიყო არა მხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ სრულად. განმცხადებლის - სს „...ის“ მიერ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად კი, ხაზობრივი ნაგებობის განთავსება იგეგმება იმგვარად, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს მხოლოდ თხრილის ფარგლებში.
კასატორთა განმარტებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით იმსჯელა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟის პროექტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ მითითებული საპროექტო ვარიანტის საფუძველზე ელექტროსამონტაჟო სამუშაოების წარმოება არ იყო მიზანშეწონილი.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სააგენტოს უარი არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს, ვინაიდან სადავო აქტით მოსარჩელეს განესაზღვრა ხარვეზი და განემარტა, რომ საკითხის განხილვა შესაძლებელი იქნებოდა სრულყოფილი პროექტის წარდგენის პირობებში, რა დროსაც გათვალისწინებული იქნებოდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე ტროტუარის მთლიანი ფართის აღდგენის პირობა და მოცულობები. კასატორები მიუთითებენ, რომ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შეზღუდვის გარდა, დამატებით სხვა პირობის დადგენის მიღების მოტივი სანებართვო ობიექტზე ასფალტის საფარის დაუზიანებელმა, კარგმა მდგომარეობამ განაპირობა. ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შემდგომ თხრილის ფარგლებში მისი აღდგენა მიზანშეუწონელია. შესაბამისად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მხრიდან კანონმდებლობის დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა არ დასტურდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლისა და 19 მარტის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებულ „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესზე“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას; ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი; გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზის მოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება ან/და ტერიტორიის სხვა კეთილმოწყობა).
ხსენებული „წესის“ მე-3 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ თანხმობის მიღებისთვის დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მუშაპროექტი, შეთანხმებული მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელებთან; გ) საპროექტო ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით); დ) გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციისა, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარმოდგენა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა და ადგენს ოქმს, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმით განსაზღვრული პირობების მხედველობაში მიღებით სააგენტო გამოსცემს აქტს: ა) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის შესახებ; ბ) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემაზე უარის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კი, თუ სააგენტო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დაადგენს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია ან არ შეესაბამება მოთხოვნილ სამუშაოთა მოცულობას, განმცხადებელს აცნობებს ხარვეზის თაობაზე და ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას არანაკლებ 5 დღის ვადით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის ოქტომბერში სს ,,...მა“
№QN1540855 ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა სანებართვო ტერიტორიაზე (ქ. თბილისი, ...-ის გამზირი №...ს მიმდებარედ), ელექტრონული კაბელის მონტაჟის მიზნით, საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა. ასევე, დადგენილია რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №QN1540855 გადაწყვეტილებით სს „...ს“ დაუდგინდა ხარვეზი და მიეთითა, რომ საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით წარსადგენი იყო დაზუსტებული პროექტი, რომლის განმარტებითი ბარათით და სქემატური ნახაზით განსაზღვრული იქნებოდა ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა. ამავე გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს მიეცა 20 (ოცი) დღის ვადა და განემარტა, რომ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, განცხადება დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას. ამავე პუნქტით ასევე, დადგენილია რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით („წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი). ამავე დროს, კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმცხადებელს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა დაუწესოს, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში და ისიც აუცილებლობიდან გამომდინარე („წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი).
საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზის მოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/და სხვა სახის თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. ამდენად, სწორედ აღნიშნული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შემოწმების შედეგად, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე გასცეს შესაბამისი თანხმობა ან უარი თქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, განსხვავებული პირობის დაწესების მოტივად კასატორები ასახელებენ იმ გარემოებას, რომ სანებართვო ობიექტზე არსებული ასფალტის საფარი არის კარგ მდგომარეობაში და მისი დაზიანების შემდეგ მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენა არ არის მიზანშეწონილი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ელექტროგადამცემი ხაზის გასაყვანად განკუთვნილ მთელ პერიმეტრზე ასფალტის საფარი ერთნაირად ახლად მოწყობილი და კარგ მდგომარეობაში არ არის. საქმეში დაცული ფოტომასალა ადასტურებს, რომ ქუჩის ზოგიერთი მონაკვეთი ასფალტით არ არის მოპირკეთებული და დაზიანებულია.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ისეთ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. სადავო შემთხვევაში, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის გათვალისწინებული სანებართვო ტერიტორიის ფაქტობრივი მდგომარეობა და იგი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, თუ რამ გამოიწვია განმცხადებლისათვის არსებული წესისაგან განსხვავებული პირობის დადგენა იმ პირობებში, როდესაც ქუჩის გარკვეული მონაკვეთები დაზიანებული და მოუწყობელია, სადავო აქტში არ არის მსჯელობა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და დაწესებული შეზღუდვა გამოიწვევდა თუ არა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შელახვას.
კანონმდებლის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების დელეგირება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი მისი შეხედულებისამებრ, თუმცა დისკრეციის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს ამოცანას წარმოადგენს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს შესაბამისი ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამგვარად, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება დამატებითი შეზღუდვის დაწესების თაობაზე, უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. დაუშვებელია აღნიშნული დანაწესის გავრცელება ყველა შემთხვევაზე, ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოების შესწავლის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ უნდა მოახდინოს სს „...მა“ სანებართვო ობიექტზე ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენა იმ პირობებში, როდესაც ასფალტის საფარი ერთნაირად კარგ მდგომარეობაში არ არის, უფრო მეტიც, ტროტუარის გარკვეული მონაკვეთები დაზიანებული და მოუწყობელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14)).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №QN1540855 სადავო გადაწყვეტილება სწორად იქნა ბათილად ცნობილი და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ნოემბრის №572 ბრძანების ბათილად ცნობის საკითხს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ვინაიდან სახეზეა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №QN1540855 გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა, ბუნებრივია, აღნიშნული გარემოება სს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №580 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველსაც ქმნის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 05.03.2020წ. №00776 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.03.2020წ. №00776 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე