Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-242(კ-20) 3 მაისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...“

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „...“მა 2017 წლის 5 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...“ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის გადწყვეტილებით შპს „...“ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...“ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს შპს „...“ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სახით 3000 ლარის ანაზღაურება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

კასატორის მითითებით, აღმასრულებელი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის ფარგლებში იგი გამოცხადდა ავტოსადგომზე (მდებარე თბილისი, ...ის მე... მ/რ, მე... კორპუსის მიმდებარედ) და შეადგინა ოქმი ნივთების აღწერისა და დაყადაღების შესახებ. ამასთან, აღიწერა და დაყადაღდა ავტომანქანები. კასატორი აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოების აღნიშნულ ქმედებას ესწრებოდნენ კრედიტორი ზ.შ-ი და ქონების შემნახველი პირი - მ.ბ-ი. აღმასრულებელმა ხსენებულ პირებს განუმარტა აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი, ხოლო ქონების შემნახველს, დამატებით, მისი მოვალეობა შენახვისათვის და გადაცემული ქონების გაფლანგვისათვის, გასხვისებისა თუ გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი.

კასატორის განმარტებით, აღნიშნული სააღრულებო წარმოება, დღეის მდგომარეობით, არის დასრულებული, კერძოდ, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, სააღსრულებო ფურცელი მასვე დაუბრუნდა შეუსრულებელი სახით. შესაბამისად, ვინაიდან სახეზე არ არის აღმასრულებლის უკანონო, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის ფაქტი, კასატორის მითითებით, დაუშვებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის მოპასუხისათვის დაკისრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, რომლის ძირითად საფუძვლად, მოსარჩელე, მოპასუხის მიერ დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად განუხორციელებლობას ასახელებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი, ხოლო ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისათვის, კერძოდ, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს ზიანის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენება, ხოლო მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვოდეს. ამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს სხვა პირისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად.

საქმეზე დადგენილია, რომ ზ.შ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „...“ის მიმართ, ზიანის სახით 424 350 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №2/14313-11) დაკმაყოფილდა ზ.შ-ის სარჩელი და მოპასუხე შპს „...“ს ზ.შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 424 350 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, მოსარჩელის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის - 3 000 ლარის გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი რომლის საფუძველზეც დაიწყო №A13030374 სააღსრულებო საქმის წარმოება.

ასევე დადგენილია, რომ შპს „...“ს გაეგზავნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 28 მაისისა და 2014 წლის 2 ოქტომბრის წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ხოლო თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 21 ოქტომბრის №A13030374-018/002 განკარგულებით №A13030374 სააღსრულებო წარმოების მიმართ შეტყობინება „წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ“ გავრცელდა საჯაროდ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამასთან, აღმასრულებლის უფლება-მოვალეობები მოცემულია ამავე კანონის მე-17 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით. მე-7 პუნქტის თანახმად კი, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

2014 წლის 21 ოქტომბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ შედგენილ იქნა ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ №... აქტი, რომლის თანახმადაც დაყადაღებულ იქნა „...-ის“ მარკის ექვსი სატვირთო ფურგონი. აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ავტომობილები განთავსებულ იქნა თბილისში, ...ის მე... მ/რ, კორპ. ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით მოწესრიგებულია ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის შედგენის წესი, კონკრეტულად კი, ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში უნდა აღინიშნოს სააღსრულებო ბიუროს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, აგრეთვე აღმასრულებლის სახელი და გვარი, ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში - კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილის მისამართი და ის პირები, რომლებიც აქტის შედგენას დაესწრნენ; იმ პირის დასახელება, რომელსაც ქონება გადაეცა შესანახავად, და მისი მისამართი, თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა; რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი; მოვალეს ან ქონების შემნახველს განემარტა მისი მოვალეობა ქონების შენახვისათვის და გადაცემული ქონების გაფლანგვისათვის, გასხვისებისათვის ან გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნივთის აღწერისა და დაყადაღების პროცესს არ ესწრებოდნენ კრედიტორი და მოვალე, მათ არ ჩაბარებიათ აღმასრულებლის მიერ შედგენილი აქტი და შესაბამისად, უფლება-მოვალეობებიც არ განმარტებიათ. აქტში ქონების შემნახველად აღმასრულებლის მიერ მითითებულია მ.ბ-ი, რომლის მისამართადაც აღნიშნულია - თბილისი, მისამართის გარეშე.

სასამართლო მიუთითებს, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ხდება მოვალის ქონების დაყადაღება. აღნიშნული გულისხმობს მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის გამოცხადებას. სააღსრულებო ბიურომ, ამავდროულად, უნდა უზრუნველყოს მოვალის ქონების როგორც აღწერა, ისე ქონების შესანახად გადაცემა, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას. ქონების შენახვა შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნას არა მხოლოდ მოვალის მიერ, არამედ მესამე პირის - შემნახველისათვის ქონების გადაცემით. ამასთან, ქონების შემნახველის შერჩევისას სააღსრულებო ბიურომ უნდა იმოქმედოს შესაბამისი გულისხმიერებითა და გულმოდგინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა როგორც მოვალის, ისე კრედიტორის უფლებები, რამეთუ ნივთის არასათანადო შენახვის განხორციელებას მოჰყვება ნივთის ღირებულების შემცირება, გაუფასურება ან განადგურება.

საყურადღებოა, რომ აღმასრულებლის მიერ 2015 წლის 16 ივნისს აღმასრულებლის მიერ შედგენილი, სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ №65462 ოქმის

თანახმად, აღმასრულებელი გამოცხადდა ...ის მე... მ/რ, მე... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე, №... აქტით დაყადაღებული 6 ...ის სატვირთო ფურგონის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაყვანის მიზნით, თუმცა ადგილზე მისვლისას დაყადაღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ადგილზე არ დახვდა. 2015 წლის 10 ივლისს აღმასრულებლის მიერ შედგენილ იქნა №68626 ოქმი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ, რომლის თანახმადაც, აღმასრულებელი გამოცხადდა ...ოს ქ. ...ში, სადაც განთავსებული იყო დაყადაღებული 6 ...ის მარკის სატვირთო ფურგონი სახელმწიფო ნომრებით ..., ..., ... , ..., ..., ..., რომლებიც კრედიტორის მიერ გადაყვანილი იქნა აღნიშნულ მისამართზე. აქტის თანხმად, ავტომანქანები ვიზუალური დათვალიერებით არის სრულ კომპლექტში, მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს (სახელმწიფო ნომრით ... ) არ აქვს ძრავი და სიჩქარეების გადაცემათა კოლოფი. აღნიშნული ავტომანქანები აღმასრულებელს უნდა გადაეყვანა აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რაზედაც კრედიტორის წარმომადგენელმა უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მიმდინარე თვის პირველივე ორშაბათს დაწერდა განცხადებას ავტომანქანების ნაწილში სააღსრულებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 სექტემბრის №005729216 დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ, 1994 წელს დამზადებულ ავტომობილზე (... ..., სახელმწიფო ნომრით ..., საიდენტიფიკაციო კოდი -..., ), არ არის დამონტაჟებული გადაცემათა კოლოფი და ძრავი, მისი გარე სამაგრი აგრეგატებითა და მაკომპლექტებელი დეტალებით - სრული კომპლექტი, ძრავის გაგრილების სისტემის მაკომპლექტებელი დეტალები, გადაჭრილია ძრავის მართვის ელ. სადენების შეკვრა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სახით, ტექნიკური თვალსაზრისით, ავტომობილი გაუმართავია. ხოლო ამავე ბიუროს 2016 წლის 21 ოქტომბრის №5005765216 წერილის მიხედვით, ავტომობილზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოებისა და შესაცვლელი დეტალების რაოდენობისა და მათი საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით, მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისათვის, მატერიალური თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ მ.ბ-თან 2015 წლის 17 ივნისის გასაუბრების ოქმის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელის არმქონე მ.ბ-მა გასაუბრებისას აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ბინის არქონის გამო, 2011 წელს, იგი ღამით, ხანდახან რჩებოდა თბილისში, ...ის მე... მ/რ, მე... კორპუსის მიმდებარე ავტომანქანების სადგომზე, სადაც იდგა ერთი პატარა ოთახი; 2011 წელს მ.ბ-ი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს, სასჯელს იხდიდა 8 თვე, გათავისუფლდა 2012 წლის თებერვალში. ამავე წლის აპრილის თვის შემდეგ იგი კვლავ მივიდა ავტოსადგომზე, სადაც მას დახვდა 5 თეთრი და 1 ყვითელი ფერის ...ის მარკის სატვირთო ფურგონი. მ.ბ-ის აღნიშვნით, ეს სადგომი თითქმის აღარ ფუნქციონირებდა. მ.ბ-მა განაგრძო ოთახში ცხოვრება სადგომის დარაჯის თანხმობით ისე, რომ სადგომის მეპატრონისთვის ნებართვა არ უთხოვია. 2014 წლის აგვისტოში მ.ბ-მა გაიკეთა გულის ოპერაცია, რის შემდეგაც იგი ძირითადად ძმასთან იყო ბინაში. 2014 წლის შემოდგომაზე, ავტოსადგომზე, რომელიც აღარ ფუნქციონირებდა, დარჩენილი იყო მხოლოდ 6 ავტომანქანა. აღნიშნულ პერიოდში მ.ბ-ს დაურეკეს აღსრულების ეროვნული ბიუროდან და სთხოვეს ავტოსადგომზე მისვლა, სადაც დახვდა სამი მამაკაცი. მათ განუმარტეს, რომ იყვნენ აღსრულების ეროვნული ბიუროდან, აღწერეს სატვირთო ფურგონები, ხოლო მ.ბ-ს უთხრეს, რომ ხელი მოეწერა როგორც აღწერისას დამსწრე პირს და ელექტრონულად მოაწერინეს ხელი. მისთვის არ უთქვამთ, რომ ხელს აწერინებდნენ როგორც მანქანების შემნახველ პირს და არც დოკუმენტაციის ასლი გადაუციათ. მისი განმარტებით, რომ სცოდნოდა, რომ იგი დაფიქსირდებოდა დოკუმენტაციაში ავტომანქანების შემნახველ პირად, ყურადღებას მიაქცევდა მათ ან საერთოდ არ მოაწერდა ხელს დოკუმენტზე, ვინაიდან არ იცოდა მანქანების მესაკუთრის ვინაობა და არ აიღებდა პასუხისმგებლობას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ... ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიერ 2018 წლის 18 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად, ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №... საქმეზე, შპს „...“ის კუთვნილი სატვირთო მიკროავტობუსის (..., სახელმწიფო ნომრით ...) გაქურდვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წელს გაქურდეს ქ. თბილისი, ...ის მე... მ/რ, კორპ. … ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე გაჩერებული, შპს „...“ის კუთვნილი სატვირთო მიკროავტობუსი ..., სახ. ნომრით ..., საიდანაც მოიპარეს ძრავი, გადაცემათა კოლოფი და გაგრილების სისტემა.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების თაობაზე და განმარტებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ზიანი გამოწვეული იქნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებით, მოვალის ქონების არასათანადო შენახვით. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ქ. თბილისი, ...ის მე-... მ/რ, კორპ. ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი, სადაც აღმასრულებლის მიერ მოსარჩელის დაყადაღებული სატრანსპორტო საშუალებები იქნა გადაყვანილი შესანახად, ოფიციალურად ფუნქციონირებდა. ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, ქონებაზე შემნახველ პირად განისაზღვრა ამაზე არაუფლებამოსილი პირი, უფრო მეტიც, მ.ბ-ის მიერ ისე იქნა ხელი მოწერილი ოქმზე, რომ მას არ განემარტა ქონების შენახვისათვის მოვალეობისა და მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის (ქონების გაფლანგვისათვის, გასხვისებისა თუ გადამალვისათვის) შესახებ. ამ გარემოებების დადასტურებას არსებითი მნიშვნელობა აქვს დამდგარი ზიანისათვის თბილისის სააღსრულებო ბიუროს ბრალის გამოსარიცხად, ხოლო ვინაიდან მოპასუხემ ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს, ვერ წარმოადგინა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებებზე შესაბამისი მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რაც ... ... ის მარკის სატვირთო ფურგონის (საიდენტიფიკაციო კოდი - ...) საექსპერტო შემოწმების №00025032 აქტის მიხედვით წარმოადგენს 3 000 ლარს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 14.08.2019წ. №13717 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.08.2019წ. №13717 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე