Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1102(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- ა.ხ-ი (...)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ა.ხ-მა 2018 წლის 12 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და „სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2018 წლის 5 ნოემბრის №1000632795 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 5 ნოემბრის №1000632795 გადაწყვეტილება და მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ა.ხ-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

კასატორმა მიუთითა, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლზე და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ გაითვალისწინა, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, ა.ხ-ის დაევალა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2018 წლის 31 ოქტომბრამდე, ერაყის რესპუბლიკიდან, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობის შესახებ ცნობის წარდგენა, რაც მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა განმცხადებლისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადასაწყვეტად.

კასატორის განმარტებით, ვინაიდან განმცხადებელმა დადგენილ ვადაში არ წარადგინა სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტომ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება ა.ხ-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევსს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, განმცხადებლის მიერ, ხარვეზით დადაგენილ ვადაში სათანადო ორგანოდან ნასამართლეობის შესახებ ცნობის წარუდგენლობის საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.

ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლი ადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესსა და ვადებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასევე შეუძლია სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები, მე-2 პუნქტი კი ადგენს, განცხადების განხილვის პროცესში სააგენტოს უფლებამოსილებას, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. ზემოაღნიშნული „წესის“ მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა.

საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით, განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ან უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ვალდებულია გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა კანონქვემდებარე აქტით დადგენილ მოთხოვნებთან, საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარსადგენად განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, საპატიო მიზეზის არსებობისას - სათანადო შეფასება მისცეს ასეთი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას, ხოლო თუ განმცხადებლი ვერ უზრუნველყოფს მისი საპროცესო უფლების რეალიზებას და დამატებითი მტკიცებულებისა თუ ინფორმაციის წარდგენას, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 5 ნოემბრის №1000632795 გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილ ვადაში დამატებითი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო ა.ხ-ის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. მოსარჩელეს აღნიშნული დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა წარედგინა 2018 წლის 31 ოქტომბრამდე, თუმცა ხსენებული არ განუხორციელებია.

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, ა.ხ-მა 2018 წლის 10 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და აცნობა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენას ვერ შეძლებდა სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ვინაიდან საკონსულოში ვიზიტი დაუნიშნეს 2018 წლის 9 ნოემბერს. ამის გათვალისწინებით, მან ითხოვა დოკუმენტის წარდგენისთვის განსაზღვრულ ვადის გაგრძელება. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროში წარდგენილი ელექტრონული განაცხადი. ა.ხ-მა 2018 წლის 2 ნოემბერს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარუდგინა ერაყის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ელი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინსტროს მიერ გაცემული ცნობა ნასამართლობის არარსებობის შესახებ. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა 2018 წლის 9 ნოემბერს დაადასტურა ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო საკითხთა სამდივნოს მიერ გაცმული საერთაშორისო მოწმობა ა.ხ-ის ნასამართლობის არარსებობის შესახებ.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ა.ხ-ისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დგიდნება, რომ მოსარჩელე არ არის ნასამართლევი. რეალურად პრობლემა წარმოშვა იმ გარემოებამ, რომ მოსარჩელემ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტი, რაც გამოწვეული იყო მოსარჩელისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ დოკუმენტის დამოწმების მოთხოვნით ჯერ კიდევ 2018 წლის 10 ოქტომბერს მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა საკონსულოში ვიზიტი დაუნიშნეს 2018 წლის 9 ნოემბერს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელემ განცხადების განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს განცახდების განხილვის პროცესშივე აცნობა, რომ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ ესწრებოდა დოკუმეტის სათანადო წესით წარდგენა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და ითხოვა განხილვის ვადის გაგრძელება, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილებით და დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა დადგენილი ხარვეზის კანონით განსაზღვრულ ვადამდე გაგრძელების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სადავო აქტის გაუქმებისა და სააგენტოსათვის წარდგენილი განცხადების არსებითად განხილვის დავალების სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა.

საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 27 ოქტომბერს №16829 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე