საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1168(კს-21) 7 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - კ.ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები - გ.ხ-ი, მ.ა-ე, ე.კ-ი, ა.კ-ი
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - კასპის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2020 წლის 12 ოქტომბერს გ.ხ-მა, მ.ა-ემ, ე.კ-მა და ა.კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს, კასპში, სოფელ ...ში მდებარე ს/კ ..., ს/კ ..., ს/კ ..., ს/კ ...და ს/კ ... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი გზის ნაწილში.
გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით გ.ხ-ის, მ.ა-ის, ე.კ-ისა და ა.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N... გადაწყვეტილება, კასპში, სოფელ ...ში მდებარე ს/კ ...მიწის ნაკვეთის, ს/კ ..., ს/კ ..., ს/კ ..., ს/კ ..., ს/კ ... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი გზის ნაწილში. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, საკითხის ხელახლა განხილვისას მითითებულ მიწის ნაკვეთზე სისტემური რეგისტრაციით და ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, კ.ხ-ის საკუთრების უფლების შესწავლა, სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, საკუთრების უფლების რეგისტრაციისა თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ.ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით კ.ხ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის კანონმდებლობით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ.ხ-მა, კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება ჩაიბარა კ.ხ-ის ახლო ნათესავმა 2021 წლის 17 ივნისს, თუმცა სამუშაო ადგილიდან გამომდინარე კ.ხ-ი იმყოფებოდა ბორჯომში, შესაბამისად გადაწყვეტილება მას ფიზიკურად ჩაბარდა 2021 წლის 20 ივნისს, რის გამოც გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით კ.ხ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, კ.ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამასთან, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. ამრიგად, სასამართლოს დოკუმენტი აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უშუალოდ პროცესის მხარეს ან მის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ გზავნილები მხარის წარმომადგენელს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაუგზავნოს, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით შედგენილი დოკუმენტი წარდგენილია სასამართლოში.
საქმეში დაცული მინდობილობის (ტ.1, გვ. 299) თანახმად, მ.ა-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს 2021 წლის 15 იანვრიდან 3 წლის ვადით, 2024 წლის 15 იანვრამდე. მინდობილობა ითვალისწინებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებას, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების ჩათვლით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება აპელანტ კ.ხ-ის წარმომადგენელს მ.ა-ს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე 2021 წლის 14 ივნისს (ტ.2, გვ. 114) და ჩაბარდა ოჯახის წევრს, მამას, მ.ა-ს, პ/ნ ..., 2021 წლის 17 ივნისს (ტ. 2, გვ. 115), რაც დასტურდება უკუგზავნილზე პირადი ნომრის მითითებითა და ხელმოწერით. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 17 ივნისს და ამოიწურა 2021 წლის 1 ივლისს, ხუთშაბათს, 24 საათზე. ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2021 წლის 5 ივლისს, ანუ სააპელაციო საჩივრის გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას. საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კ.ხ-ის წარმომადგენლის მიერ საპროცესო უფლება კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა რეალიზებული, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კ.ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1168(კს-21) 20 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებით კ.ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად თავისი ინიციატივით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ივნისის განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, გადაწყვეტილების მიღების თარიღად ნაცვლად - „7 ივნისი, 2022 წელი“, მითითებულია - „7 ივნისი, 2021 წელი“.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი. „..გასწორებას ექვემდებარება იმ სახის უზუსტობანი, რომლებიც აშკარად არ შეესაბამება საქმის მასალებს. დაუშვებელია იმ სახის შესწორებების შეტანა, რაც გამოიწვევს გამოტანილი გადაწყვეტილების არსებითად შეცვლას..“(სუს 2018 წლის პირველი ნოემბრის Nბს-359-359(კს-18) განჩინება).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული უსწორობა სასამართლოს ინიციატივით ექვემდებარება გასწორებას, შესაბამისად, უნდა შესწორდეს საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ივნისის განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა და განჩინების თარიღად ნაცვლად „7 ივნისი, 2021 წელი“-სა მიეთითოს - „7 ივნისი, 2022 წელი“.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის №ბს-1168(კს-21) განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა და განჩინების თარიღად ნაცვლად - „7 ივნისი, 2021 წელი“-სა მიეთითოს - „7 ივნისი, 2022 წელი“.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე