საქმე №ბს-740(კ-20) 2 ივნისი 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ბ-ე; მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (სასკ 16.2), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (სასკ 16.1)).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 3 მაისს ვ.ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ქალაქ თბილისის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 10 სექტემბრის №06-8/9837 მიმართვის (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლის საფუძველზეც თბილისში, სოფ. ...ში, ...ის ქუჩა, შესახვევი №2, მე-3 სართული, ფართი №14 (ს.კ. ...) დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ვ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 10 სექტემბრის №06-8/9837 მიმართვა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განჩინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიუთითა, რომ სადავო აქტი გამოცემული იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების გარეშე, რაც ქმნიდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძვლებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 10 სექტემბრის №06-8/9837 მიმართვის მიღებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით.
სასამართლოები გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნავენ, რომ სსიპ - ქონების მართვის სააგენტო გასაჩივრებული აქტის მიღებამდე სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოკვლევის საფუძველზე ვალდებული იყო დაედგინა სადავო უძრავი ქონება ხომ არ წარმოადგენდა გ.ბ-ის სახელზე გარდაბნის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1989 წლის 23 თებერვალს №843 ორდერით გათვალისწინებულ ქონებას. სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოკვლეული იქნა სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებული გარემოებები და უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 10 სექტემბრის მიმართვაზე ასევე თანდართული იქნა უძრავი ქონების აზომვითი ნახაზი მასში მცხოვრები ფიზიკური პირების და მათ მიერ დაკავებული უძრავი ქონების ფართობის მითითებით.
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ვ.ბ-ეს შორის 2012 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა ვ.ბ-ეს. მხარისთვის სარჩელი აღძვრის მიზანს წარმოადგენს დარღვეული უფლების აღდგენა ან/და იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე დგინდება, რომ დღეის მდგომარეობით ძალაშია სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ.ბ-ეს შორის 2012 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და შესაბამისად, მხარეს მისი სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა საკუთრებაში მიიღოს დაინტერესებაში არსებული ის უძრავი ქონება, რომელიც დარეგისტრირდა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 10 სექტემბრის №06-8/9837 მიმართვის საფუძველზე. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება არ შეფასებულა სასამართლოების მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
გარდაბნის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1989 წლის 23 თებერვალს გაცემულ იქნა №843 ორდერი, რომლის თანახმად, გ.ბ-ეს, რომლის ოჯახი შედგებოდა 4 სულისაგან, უფლება ჰქონდა დაეკავებინა 3 ოთახი, ფართობი 55,88 კვ.მ, სახლი №7, ქუჩაზე - .... ოჯახის შემადგენლობაში იყვნენ: ბ-ე.გ, ბ-ე.ლ, ბ-ე.ვ, ბ-ე.ვა. ორდერის გაცემის საფუძვლად მითითებული იყო საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება.
გარდაბნის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 23 თებერვლის №48 გადაწყვეტილება, ოქმი №3, პარაგრაფი 5-ის თანახმად, მოხდა ...ის ასაღებ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებზე ორი 16-ბინიანი საცხოვრებელი სახლის განაწილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, გ.ბ-ეს გამოეყო 3-ოთახიანი ბინა. ოჯახის შემადგენლობა - 4 ადამიანი (თვითონ, მეუღლე, ვაჟიშვილი). ცხოვრობდნენ - სახლი №4, ბინა №7. ჩაწერილია 1970 წლიდან.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 10 სექტემბრის №06-8/9837 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა სოფ. ...ში, ...ის დასახლებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში განთავსებული დანართით წარდგენილი ბინების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება. დანართში მითითებულია გ.ბ-ე, სართული 3, ფართობი 87 კვ.მ. ს.კ. ....
2012 წლის 27 სექტემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა (გამყიდველი) და გ.ბ-ეს (მყიდველი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, გამყიდველი გადასცემს, ხოლო მყიდველი საკუთრებაში იღებს ს.კ. ...-ით რეგისტრირებულ 87 კვ.მ ფართს. 2.1. პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური, რომელიც ხელშეკრულების მიზნებისთვის შეადგენს მხოლოდ ერთ ლარს.
გ.ბ-ემ 2012 წლის 12 ოქტომბრის განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს სთხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა №... განცხადებაზე, უძრავ ქონებაზე მდებარე: ...ო, სოფ. ..., ...ის ბინა, მე-3 სართული.
ვ.ბ-ე (პ/ნ ...) არის გ.ბ-ეს (...) შვილი. გ.ბ-ე (...) გარდაიცვალა 2016 წლის 20 იანვარს. 2016 წლის 13 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ვ.ბ-ემ, როგორც კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილი) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სრულად მიიღო 2016 წლის 20 იანვარს გარდაცვლილი გ.ბ-ის სამკვიდრო ქონება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 27 ოქტომბერს მომზადებული №... საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ვ.ბ-ის რეგისტრაციის ადგილია თბილისი, სოფ. ..., ...ის ქ. №16, ბ. 21.
საჯარო რეესტრიდან 2016 წლის 18 ნოემბრის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, სოფ. ..., ...ის ქუჩა, შესახვევი I, №2, ს.კ. ..., საკუთრების უფლებით 2012 წლის 19 სექტემბრიდან აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 10 სექტემბრის №06-8/9837 მიმართვა წარმოადგენს იმ სამართლებრივ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც თბილისში, სოფ. ...ში, ...ის ქუჩა, შესახვევი №2, მე-3 სართული, ფართი №14 (ს.კ. ...) დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ხოლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოს სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე, საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. ადმინისტრაციულ ორგანოს, სახელმწიფოს საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვის გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გამოეკვლია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და უფლებრივი მდგომარეობა სრულად, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია უძრავი ქონებით ფაქტობრივად მოსარგებლეთა და მათი მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ (აღნიშნულს ადასტურებს მიმართვა დანართით).
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან 2012 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ვ.ბ-ემ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება ვერ მოიპოვა. ამასთან, საქმის მასალებში დაცულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 ოქტომბრის №5/54537 წერილი, რომლითაც ვ.ბ-ის წარმომადგენელს 2017 წლის 10 ოქტომბრის №91428/ფ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნდა, განეხორციელებინა სახელმწიფო საკუთრებაში ს.კ....-ით რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვა ელექტრონული აუქციონის ფორმით. ამდენად, სრულად დაუსაბუთებელია კასატორის მითითება - სადავო ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შედეგად, ვ.ბ-ის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობის შესახებ (გარდა ელექტრონული აუქციონისა).
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვ.ბ-ის საკასაციო საჩივრის (სააპელაციო საჩივრის) არ არსებობის პირობებში მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 17.06.2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №01642-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განჩინება;
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.06.2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №01642-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა