Facebook Twitter

საქმე #ბს-295(კს-22) 9 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) _ ნ.თ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ე.კ-ი

მოპასუხე _ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 27 მაისს ე.კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2651 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 245 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე ნ.თ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 31 ოქტომბრის #248 განკარგულებისა და მის საფუძველზე 2018 წლის 31 ოქტომბერს გაცემული საკუთრების უფლების #... მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ.თ-ე.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ე.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 31 ოქტომბრის #248 განკარგულება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 2651 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი ...) ნ.თ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და მის საფუძველზე 2018 წლის 31 ოქტომბერს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა #....

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.თ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინებით ნ.თ-ის სააპელაციო საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი. ამასთან, საქმეში არსებული ხელწერილით დგინდება, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მესამე პირის წარმომადგენელს - ნ.მ-ს ჩაბარდა 2022 წლის 13 იანვარს. ასევე დადგენილია, რომ ხაშურის რაიონულ სასამართლოში 2022 წლის 31 იანვარს წარდგენილ იქნა მესამე პირის სააპელაციო საჩივარი, რომელიც მესამე პირის - ნ.თ-ის მიერ ხელმოწერილია 2022 წლის 27 იანვარს, თუმცა ფოსტის მეშვეობით ხაშურის რაიონულ სასამართლოში გაგზავნილია 2022 წლის 28 იანვარს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად - 2022 წლის 13 იანვარს, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 14 იანვარს, რომელიც დასრულდა 2022 წლის 27 იანვარს 24 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ იქნა 2022 წლის 28 იანვარს, 1 დღის დაგვიანებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა, რაც მიჩნეულ იქნა ნ.თ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.თ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საპროცესო ვადის აღდგენა და დასაშვებობის ეტაპიდან საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივრის შეტანის პერიოდისათვის მთელს მსოფლიოში მძვინვარებდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია, სასამართლოს შეეძლო და ვალდებულიც იყო საქმის სამართლიან სასამართლოზე განხილვის პრინციპიდან გამომდინარე, გაერკვია, თუ რა მიზეზით მოხდა ვადის დარღვევა და ხომ არ იყო აპელანტი კორონავირუსით ინფიცირებული, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სისტემაში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების გამო ხდებოდა სასამართლო სხდომების სხვა დროს გადადება. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მის წარმომადგენელს - ნ.მ-ს 2022 წლის 16 იანვარს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულთან და თავად 2022 წლის 21 იანვარს დაუდასტურდა კორონავირუსი, რაც გულისხმობს, რომ იგი 14 დღის მანძილზე უნდა ყოფილიყო იზოლაციაში, რაც პრაქტიკულად მოიცავდა გასაჩივრების სრულ პერიოდს. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნულ პერიოდში იგი ვერ შეხვდებოდა ასაკში მყოფ თავის მარწმუნებელს და საფრთხეს ვერ შეუქმნიდა მის ჯანმრთელობას. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლსა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ აღდგენილ უნდა იქნეს მის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანისთვის გაშვებული 14-დღიანი ვადა.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაში, მართალია, განმარტებული იყო გასაჩივრების შესაძლებლობა, ადგილი, გასაჩივრების ვადა და წესი, თუმცა არ იყო აღნიშნული, რომ გასაჩივრების 14-დღიანი ვადა იყო საბოლოო და აღდგენას არ ექვემდებარებოდა, რაც, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველ ნაწილს. შესაბამისად, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი მას უფლებას აძლევდა, რომ გადაწყვეტილება 1 წლის ვადაში გაესაჩივრებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით ნ.თ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 259​1 მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

ამდენად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თავდაპირველად 2021 წლის 10 დეკემბერს საქმეში არსებულ მისამართზე გაეგზავნა ნ.თ-ეს, თუმცა საქმეში არსებული „ ...ის“ უკუგზავნილი (გზავნილის შტრიხკოდი ...) ადასტურებს, რომ ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა. 2021 წლის 27 დეკემბერს მას განმეორებით გაეგზავნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი, თუმცა იგი ადრესატს კვლავ ვერ ჩაბარდა (გზავნილის შტრიხკოდი ...). ამის შემდგომ, ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა მესამე პირის - ნ.თ-ის წარმომადგენელს - ნ.მ-ს, რომელსაც გზავნილი 2022 წლის 13 იანვარს ჩაბარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.თ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ხაშურის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2022 წლის 31 იანვარს, რომელიც მესამე პირის - ნ.თ-ის მიერ ხელმოწერილია 2022 წლის 27 იანვარს, თუმცა ფოსტის მეშვეობით ხაშურის რაიონულ სასამართლოში გაგზავნილია 2022 წლის 28 იანვარს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მას გაშვებული ვადა საპატიოდ უნდა ჩაეთვალოს იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის დროულად წარუდგენლობა გამოწვეული იყო მისი წარმომადგენლის ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო, აღნიშნულ შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე, წარმომადგენლის დახმარების გარეშე, თავად წარედგინა სააპელაციო საჩივარი ან თუნდაც წარედგინა ხარვეზიანი სააპელაციო საჩივარი,რომელიც ხარვეზის დადგენას დაექვემდებარებოდა, ხარვეზის შევსების პერიოდში კი შესაძლებელი იქნებოდა მისი წარმომადგენლის მხრიდან სათანადო, კანონმდებლობის შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც თავად კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი მიუთითებს, მას კონტაქტი ჰქონდა ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებულ პირთან, რომელსაც 2022 წლის 16 იანვარს გამოუვლინდა სიმპტომები, ხოლო 2022 წლის 18 იანვარს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი (COVID-19), თავად ნ.მ-ს კი ახალი კორონავირუსი 2022 წლის 21 იანვარს დაუდასტურდა. ამდენად, ნ.მ-ს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ კორონავირუსის დადასტურებამდე ან სიმპტომების გამოვლენამდე უზრუნველეყო მისი მარწმუნებლის ინფორმირება გასაჩივრების ვადების თაობაზე და მიეწოდებინა მისთვის საჭირო დოკუმენტები.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ვინაიდან ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იყო მითითებული, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა საბოლოოა აღდგენას არ ექვემდებარება, იგი უნდა ჩაითვალოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით ჩაბარებულად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ იქნა შემდეგი: „გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. #7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას 15) მეშვეობით.“. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული იყო ყველა ის მონაცემი თუ რეკვიზიტი, რომლის მითითების ვალდებულებაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად - 2022 წლის 13 იანვარს, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 14 იანვარს, რომელიც დასრულდა 2022 წლის 27 იანვარს 24 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ იქნა 2022 წლის 28 იანვარს, 1 დღის დაგვიანებით. ამდენად, ნ.თ-ის მიერ გაშვებულ იქნა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა, რომლის გაგრძელება/აღდგენა დაუშვებელია, რის გამოც არსებობდა ნ.თ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა