ბს-1110(კ-20) 01 ივნისი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც.კ-მა 01.05.2018წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.06.2012წ. სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, 06.03.2018წ. სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ და 19.04.2018წ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე გორის რაიონში. სოფ. ...ში მდებარე 2648 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯარო რეესტრისათვის გამოცემის დავალდებულება.
08.06.2018წ. განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 10.05.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
08.11.2018წ. განცხადებით მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა 2648 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 12.06.2012წ. მიმართვის ბათილად ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 08.11.2018წ. განჩინებით, განსახილველ საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
გორის რაიონული სასამართლოს 30.05.2019წ. გადაწყვეტილებით, ც.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.06.2012წ. №... გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე 2648 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.03.2018წ. №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.04.2018წ. №... გადაწყვეტილება ადმინისტრაცაიული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.05.2018წ. №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №06/12716 (12.06.2012წ.) მიმართვა ც.კ-ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთთან მიმართებაში (2648 კვ.მ. ფართის ნაწილში), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 2648 კვ.მ. მიწის ფართზე (საკადასტრო კოდი ...) ც.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2020წ. განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში დაცულია მიწის განაწილების სიები, მათ შორის სოფ. ...ში, რომელიც არ არის დადასტურებული ოფიციალური ბეჭდით და ხელმოწერით. მიწის განაწილების სიების მიხედვით ც.კ-ს N... გამოეყო მიწის ნაკვეთი. 19.08.2017წ. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაიცა ცნობა, სადაც მითითებულია, რომ მოქალაქე ც.კ-ის სახელზე ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სისტემურ რუკებზე საკადასტრო კოდით ... ირიცხება 2648 კვ.მ. სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ ტერიტორიაზე განხორციელებულია სისტემური აღრიცხვა (ფიქსირდება ჩანაწერი ...). მიუხედავად იმისა, რომ მიწის განაწილების სიები არ არის დამოწმებული ოფიციალური ბეჭდით და ხელმოწერით, სიები დაცულია ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში - სახელმწიფო ორგანოში და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად უნდა ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განაწილების სია წარმოადგენს უფლებადამდგენ დოკუმენტს, რომლის საფუძველზე შესაძლებელია საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ც.კ-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა, როგორც აღნიშნული სიები, აგრეთვე სისტემური აღწერის საკადასტრო რუკები, რომელიც ინახება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში. ამდენად, სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია ორ ადმინისტრაციულ ორგანოში იყო დაცული. სამინისტრომ ისე მიმართა სააგენტოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის და სააგენტომ ისე დაარეგისტრირა საკუთრების უფლება სახელმწიფოზე, რომ არ შეუმოწმებია სხვა პირის უფლება ამ ნაკვეთზე. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ჩ.კ-მა და ა.კ-მა მიუთითეს, რომ მიწის რეფორმის დროს ც.კ-ს გამოეყო მიწის ნაკვეთი, რომელზეც გააშენა ხეხილის ბაღი და ფლობს დღემდე, მიღება-ჩაბარების აქტები მათ სოფელში არ გაცემულა. მოწმე ი.ე-მა დამატებით განმარტა, რომ ის არის მერიის წარმომადგენლის ასისტენტი, მიწის ნაკვეთების განაწილების პერიოდში მონაწილეობას იღებდა და ესწრებოდა ც.კ-ზე მესამე კატეგორიის მიწის ნაკვეთის გაცემას. სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ მათი საკრებულოს მიერ სარეგისტრაციო მოწმობები ან მიღება-ჩაბარების აქტები არ გაცემულა. სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღება-ჩაბარების აქტების გაუცემლობა და მიწის განაწილების სიების წარუდგენლობა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, არ შეიძლება განიმარტოს მოსარჩელის საზიანოდ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოწმეთა ახსნა-განმარტებები შესაბამისობაშია სასამართლოში გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებთან და ადასტურებენ მოსარჩელისათვის მიწის რეფორმისას მიწის ფონდიდან ნაკვეთის გადაცემის ფაქტს.
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის 19.04.2018წ. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დისკრეცია არ უნდა გახდეს ფორმალური უარის საფუძველი და გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას ყოველი ადმინისტრაციული წარმოებისას ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად. როდესაც ადმინსტრაციულ ორგანოს მასთან არსებული მონაცემების შესწავლის გზით შეუძლია საჩივრის განხილვა, იგი უნდა იქნეს განხილული. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე (იხ. სუს 28.02.2013წ. №ბს-367-363(კ-12) განჩინება). განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრს მსგავსი ვალდებულება არ შეუსრულებია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის, რომელიც უკვე სახელმწიფოს ც.კ-ისთვის ჰქონდა გადაცემული, შესაბამისად, მართებულია პირველი ინსტანციის შეფასება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №06/12716 (12.06.2012წ.) მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფოზე უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია საკუთრების უფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეედარებინა ტექ.ბიუროს არქივსა თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებთან, სააღრიცხვო ბარათებსა და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთების გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, მხოლოდ ამ მიწაზე სხვა პირთა თანასაკუთრებისა თუ სხვა უფლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში შესაძლებელი იყო სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონით მიწის განაწილების სიები, უფლების დამადასტურებელი სხვა დამატებითი დოკუმენტების გარეშე, ითვლება მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად და ამ შემთხვევაში, რაიმე დამატებითი აქტის წარდგენის საჭიროება არ არსებობს. მიწის რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაცია მიღებული იქნა სწორედ იმ მიზნით, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად მომხდარიყო მოქალაქეთა კანონიერ მფლობელობასა და მიწის რეფორმის ფონდში არსებული მიწების მოქალაქეთათვის საკუთრებაში გადაცემა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ც.კ-ს გააჩნია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი - მიწის განაწილების სიაში მის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი, რაც ქრონოლოგიურად შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მონაცემებს და ადასტურებს ფლობას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სადავო გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება კანონს, შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. მოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის მასზე კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა. სამომავლოდ მესამე პირის უფლების შესაძლო წარმოშობა ვერ გახდებოდა სახელმწიფოს მიერ საკუთრების უფლების მოპოვების დამაბრკოლებელი გარემოება. სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება მიწაზე, გარდა კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული საკუთრებისა, ამასთან, თუკი საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, ის წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და რეგისტრაციით მხოლოდ არსებული ფაქტის დაფიქსირება ხორციელდება. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.04.2015წ. განჩინებაზე (საქმე №ბს-585-572(4კ-14) და აღნიშნა, რომ მსგავსი დავის გადასაწყვეტად აუცილებელია სასამართლომ დაადგინოს მოსარჩელის სახელზე განხორციელებული პირველადი დაუზუსტებელი რეგისტრაციისა და ცვლილების რეგისტრაციის მიზნით მოთხოვნილი უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემთა იდენტურობა, რის შედეგადაც უნდა დადგინდეს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების იდენტურობა სახელმწიფოს მიერ დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა ც.კ-ის მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთთან, ასევე დაუსაბუთებელია მოსარჩელისათვის უფლების მიკუთვნება უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე. სასამართლომ არ შეაფასა საქართველოს ეროვნული არქივის 31.08.2017წ. წერილი, რომლის თანახმად ...ის თემის საკრებულოს სოფ. ... საკომლო წიგნებში (1992-2001წ.წ.), მიწის განაწილების სიებსა და მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში ც.კ-ის შესახებ ჩანაწერი არ მოიძებნა, ხოლო სოფ. ... მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები არქივში დაცული არ არის. სასამართლომ ისე გააუქმა სახელმწიფოს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომ სათანადოდ არ შეუფასებია საქმეში არსებული მტკიცებულებები და მოსარჩელის მოთხოვნის უფლების არსებობა სადავო მიწის ნაკვეთზე, ამდენად, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 12.06.2012წ. წერილით სამინიტრომ მოითხოვა დანართში მითითებულ, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის სოფ. ...ში მდებარე 2648 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის 13.06.2012წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით გორის რაიონში, ...ში, სოფ. ...ში მდებარე 2648 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...). ამდენად, გორის რაიონში, ...ში, სოფ. ...ში მდებარე 2648 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების სადავო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 12.06.2012წ. წერილის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 8.1 მუხლის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი. მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს რეგისტრაციის ბათილობასთან ერთად ბუნებრივია შეადგენს იმ საფუძვლის მოსპობა, რომელიც ქმნის ქონების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ პირობას და რომლითაც მოსარჩელის მოსაზრებით შეილახა მისი უფლება. ქონების რეგისტრაციის რეგულირების სფეროში სხვადასხვა დროს მოქმედი კანონმდებლობა რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც სამართლის სუბიექტი, ამ თვალსაზრისით გამონაკლისს არ ქმნის. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე მიმართვის წარდგენა საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას, ვინაიდან მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ პირი ხდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, ადმინისტრაციულ ორგანოს, მის საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვის გადაწყვეტილების მიღებისას, ხელთ უნდა ჰქონოდა საჯარო რეესტრში და ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ინფორმაცია ნაკვეთთან დაკავშირებით. ამდენად, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ უძრავ ნივთზე კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არ იყო ც.ე-ის საკუთრების უფლება, არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას სადავო აქტის გამოცემამდე დაედგინა იმ დაინტერესებულ პირთა ვინაობა, რომელთა სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, ამასთანავე, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებამდე გამოეკვლია სარეგისტრაციო ობიექტთან დაკავშირებული გარემოებები სრულყოფილად, მათ შორის შეეფასებინა აღნიშნულ უძრავ ნივთთან საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში მოეხდინა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიება და შეფასება, რაც არ განუხორციელებია.
კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია უფლების დამდგენი დოკუმენტი სადავო მიწის ნაკვეთზე და აღნიშნულის დასტურად მიუთითებს გორის ადგილობრივი არქივის 31.08.2017წ. წერილზე, რომლის მიხედვით ...ის თემის საკრებულოს სოფ. ... 1986-2007 წლების საკომლო წიგნებში, 1992-2001 წლების მიწის განაწილების სიაში და 1996-2001 წლებში მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში ც.კ-ის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა, ხოლო ... მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები გორის არქივში დაცვაზე არ შემოსულა. კასატორის აღნიშნული პრეტენზია არ არის დასაბუთებული. განსახილველ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში დაცულია მიწის განაწილების სიები, მათ შორის სოფ. ...ში, რომელიც არ არის დადასტურებული ოფიციალური ბეჭდით და ხელმოწერით, მიწის განაწილების სიების მიხედვით ც.კ-ს გამოეყო N... მიწის ნაკვეთი, ასევე ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 19.08.2017წ. ცნობის თანახმად, ც.კ-ის სახელზე ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სისტემურ რუკებზე საკადასტრო კოდით ... ირიცხება 2648 ვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. როგორც ც.ე-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე დღეის მდგომარეობით მოქმედი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის რედაქცია მიწის განაწილების სიას განიხილავს მართზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად. ამდენად, დაუსაბუთებელია მითითება საქართველოს ეროვნული არქივის 31.08.2017წ. წერილის შინაარსზე, ამასთან განსახილველ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება (პრეტენზია) მიწის განაწილების სიის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნევასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრის 27.01.2019წ. წერილზე, რომლის მიხედვით, გორის რაიონში, ...ში, სოფ. ...ში სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ ტერიტორიაზე განხორციელებულია სისტემური აღრიცხვა (ფიქსირდება ჩანაწერი ...), რომელიც წარმოადგენს სისტემური აღრიცხვის შედეგად მიღებულ უფლებადაურეგისტრირებელ დაუზუსტებელ გრაფიკულ საკადასტრო მონაცემს, სარეგისტრაციო წარმოების მასალები/ინფორმაცია საარქივო დოკუმენტაციაში დაცული არ არის, ასევე საქმეში დაცულია აღნიშნული ინფორმაციის ამსახველი სიტუაციური გეგმები. სისტემური აღრიცხვის შედეგად სიტუაციური გეგმაზე მითითებული საკადასტრო კოდი და მიწის განაწილების სიაში ც.კ-ისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი ერთამენთის იდენტურია. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ არ დასტურდება სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა ც.კ-ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. აბუსერიძე