Facebook Twitter

#ბს-198 (კს-21) 08 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „..."

დავის საგანი - უფლებამონაცვლის დადგენა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2021წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „...ამ" 27.11.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.06.2015წ. №25 შერჩევითი შემოწმების აქტის - 5.1; 5.1.1 - 5.1.7; 5.1.12; 5.1.13; 5.2; 5.2.1; 5.2.5 - 5.2.7; 5.3; 5.3.1 - 5.3.5; 5.3.7; 5.3.8; 5.3.10; 5.3.12; 5.3.13; 5.3.17; 5.3.18; 5.3.20; 5.4.8; 5.5; 5.5.2 - 5.5.8; 5.6; 5.6.1 - 5.6.5; 5.7; 5.9; 5.9.1 - 5.9.25; 5.11.1 - 5.11.70 პუნქტების ნაწილში ბათილად ცნობა, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 27.10.2015წ. №04/82419 გადაწყვეტილების (სარეზოლუციო ნაწილის) მე-2; მე - 3 (3.1; 3.2); მე-4 (4.1; 4.2) პუნქტების ნაწილში ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.2018წ. გადაწყვეტილებით შპს „...ს" სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ს" მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2021წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 17.08.2020წ. N509 დადგენილებაზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის რეალიზების მიზნით, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადდა რეორგანიზაცია და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს. სააგენტო განისაზღვრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით. ამასთან, სააგენტოს დაევალა „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.04.2015წ. №169 და „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების (დასრულებული, პირობითი, მიმდინარე) ნაწილში − 2020 წლის 1 სექტემბრიდან (თუ იმავე პროგრამებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), ხოლო „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 31.12.2019წ. №674 დადგენილების ფარგლებში შესაბამისი კომპეტენციების ნაწილობრივ განხორციელება, იმავე დადგენილებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2021წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში, სადავოდ ქცეულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის შემოწმების აქტი (დაკისრებული საჯარიმო სანქციები).

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. #487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით). ანალოგიური პირობა იქნა გათვალისწინებული „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 05.11.2019წ. #517 დადგენილების მე-2 მუხლით.

აღნიშნული ცვლილებები და კონტროლის ღონისძიებების დასრულების პირობა მიზნად ისახავდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაწყებული კონტროლის ღონისძიებების დასრულებას, თუმცა დათქმით, რომ გამოყენებულიყო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსათვის 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაცემული შესაბამისი, მათ შორის, საკადრო რესურსი. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან მიმდინარე ეტაპამდე, სამედიცინო დაწესებულებების კონტროლისა და რევიზიის ფუნქცია გააჩნია მხოლოდ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 17.08.2020წ. #509 დადგენილებით, განსხვავებით #517 და #487 დადგენილებებისგან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმდინარე საქმიანობის მიმართულებით, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ვერ იქნება უფლებამონაცვლე, ვინაიდან მისი დაფუძნების დროისთვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მუდმივი საქმიანობის სფეროს აღარ წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. #36 დადგენილებით განსაზღვრული კონტროლის ღონისძიებების განხორციელება. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო წარმოებაში მოპასუხე მხარეს არ უნდა წარმოადგენდეს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ვინაიდან მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების, მათ შორის სასამართლო წარმოების დასრულება ევალება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი სააპელაციო პალატის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დადგენის კანონიერება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვ.) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. N487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო; 2020 წლის 1 სექტემბრიდან: სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა; ბ.ბ) 1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ევალება.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 17.08.2020წ. #509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ გამოცხადდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. აღსანიშნავია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 18.08.2020წ. N01-92/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე სააგენტოს მიზნიდან ამოღებულ იქნა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო ფუნქციებიდან ამოღებულ იქნა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით არსებული ფუნქციები და უფლება-მოვალეობები სრულად გადაეცა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს.

მოხმობილი ნორმების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილებები სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს გადაეცათ, რაც საქმეში სათანადო უფლებამონაცვლეების დადგენის წინაპირობებს ქმნის. ნორმატიული აქტებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლის უფლებამონაცვლედაც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განისაზღვრა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმართულებით მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით დაევალა.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შერჩევითი შემოწმების აქტისა და მასთან დაკავშირებით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. შესაბამისად, მოცემული დავა შეეხება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კონტროლის/რევიზიის შედეგების კანონიერებას. ამ მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებებს, რომ განსახილველი დავის დასრულება ევალება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (იხ. 04.02.2021წ. Nბს-1122(კ-20); 26.01.21წ. Nბს-648(კ-19); 13.05.2021წ. Nბს-247(კს-21); 17.06.2021წ. Nბს-271(კს-21); 06.07.2021წ. Nბს-478(კს-21); 25.11.2021წ. Nბს-593(კს-21); 14.04.2022წ. Nბს-1059(კს-21) სუსგ).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2021წ. განჩინება და მოცემულ საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად ჩაბმულ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2021წ. განჩინება და მოცემულ საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად ჩაბმულ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი