საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-98(კ-22) 6 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ.ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირი - ლ.მ-ე).
აღწერილობითი ნაწილი:
2020 წლის 13 აპრილს გ.ბ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 31 იანვრის N03-02/3 დადგენილებისა და 2020 წლის18 მარტის N01-06 219 ბრძანების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ივნისის განჩინებით გ.ბ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის საოქმო განჩინებით, ასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ლ.მ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ბ-ემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის N57 დადგენილების 33-ე მუხლზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-19, 25-ე მუხლებზე, 43-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, უდავოა და აპელანტიც არ უარყოფს, რომ მისი მხრიდან შენობის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა შესაბამისი ნებართვის და პროექტის გარეშე. უფრო მეტიც, აპელანტმა დაადასტურა, რომ არ დაელოდა ნებართვის მიღებას, რადგან შესაბამისი პროცედურა დიდ დროს მოითხოვს. სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ გ.ბ-ეს 2019 წლიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური აძლევდა გაფრთხილებას, როგორც მშენებლობის შეჩერების, ისე რეკონსტრუქციის დემონტაჟის თაობაზე. ამასთან, გასაჩივრებული აქტების გამოცემამდე, იგი ორჯერ არის დაჯარიმებული უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოებისათვის და ზედამხედველობის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისათვის. ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული გ.ბ-ის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მას გასაჩივრებული აქტით არაგონივრული ვადა (2 დღე) განუსაზღვრეს რეკონსტრუქციის დემონტაჟისათვის.
საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის უდავო გარემოება, რომ დამრღვევის მიმართ დემონტაჟის მითითება დაფიქსირდა 2020 წლის 30 იანვრის N3 შემოწმების აქტში. დაჯარიმებამდე, მოცემული საქმე განხილულ იქნა 2020 წლის 31 იანვარს ქობულეთის მერიაში, რომელმაც მიიღო დადგენილება N03-02/3, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის გ.ბ-ის დაჯარიმებისა და მშენებარე შენობა-ნაგებობის ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების შესახებ გ.ბ-ე გაფრთხილებული იყო სათანადო წესით, თუმცა იგი არ გამოცხადდა სხდომაზე, შესაბამისად, თუ დადგენილ დემონტაჟის ვადას აპელანტი მცირე ვადად მიიჩნევდა, სრული შესაძლებლობა გააჩნდა, გამოცხადებულიყო სხდომაზე და დემონტაჟის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რომელიც ვალდებული იქნებოდა, განეხილა მისი მოთხოვნა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოყვანილი არგუმენტი, რომ მას თითქოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვადის სიმცირის გამო შეეზღუდა უფლება, მოეხდინა უნებართვო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატამ ასევე საფუძველს მოკლებულად მიიჩნია აპელანტის განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ მისთვის უცნობი იყო, შენობის რა ნაწილის დემონტაჟი უნდა განეხორციელებინა. მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა, ეს საკითხი დაეყენებინა ზემოაღნიშნულ სხდომაზე. ამასთანავე, მერიის კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით, მოსარჩელისათვის ჯერ კიდევ 2019 წლის 18 დეკემბერს იყო ცნობილი, რეკონსტრუქციის რა ნაწილში შეუჩერდა მშენებლობა და დაევალა დამონტაჟი.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ორი დღის ვადაში მისი მხრიდან შენობის დემონტაჟი ვერ განხორციელდებოდა ფორს-მაჟორული გარემოების - რთული კლიმატური პირობების გამო, ვინაიდან აღნიშნულის დასადასტურებლად შესაბამისი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. საქმეში არ მოიპოვება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, თუ რა კლიმატური პირობები იყო ქობულეთში 2020 წლის 27 იანვრიდან 2020 წლის 29 იანვრის ჩათვლით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის N57 დადგენილებიდან გამომდინარე, რეკონსტრუქციად მიიჩნეოდა უძრავი ქონების იმგვარი სახეცვლილება, რომლის შედეგადაც, არსებითად იცვლებოდა ქონების ფართობი და საბაზრო ღირებულება. შესაბამისად, კანონმდებლობა რეკონსტრუქციას ახალ მშენებლობას უთანაბრებდა და ადგენდა მისი განხორციელებისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსაგან ნებართვის გაცემის აუცილებლობას. ნებართვის გარეშე ჩატარებული რეკონსტრუქცია განიხილებოდა სამშენებლო სამართალდარღვევად. საქმეზე წარმოდგენილი ფოტოსურათებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო მისამართზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ნაწარმოებია და დასრულებული არ არის.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად არის გადაწყვეტილი სადავო საკითხი გ.ბ-ესთან მიმართებაში. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საწინააღმდეგო გარემოებების არსებობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ბ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა მოცემული დავისათვის მნიშვნელობის მქონე ნორმები, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ განსაზღვრა ორდღიანი ვადა, საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე წარმოებული მშნებლობის დემონტაჟისათვის და ორი დღის შემდეგ, დაჩქარებული წესით გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დაჯარიმებისა და დემონტაჟის თაობაზე. მოპასუხეს არ უცდია, გარკვეულიყო სიტუაციაში და შეესწავლა არსებული მდგომარეობა. კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინსიტარციული კოდექსის 96-ე მუხლზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტზე, 25-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდარღვევის გამოსწორებისთვის არ განსაზღვრა გონივრული ვადა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემობა, რომ ნებისმიერი შენობა-ნაგებობის ნაწილობრივი დემონტაჟის განხორციელება ან/და სამართალდარღვევის აღმოფხვრა ორი დღის ვადაში ფიზიკურად შეუძლებებლია. სასამართლოში საქმის განხილვისას ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ დგინდებოდა, რომელიც ნაწილი ექვემდებარებოდა დემონტაჟს. შენობა-ნაგებობა არის ოთხი სართული და დაუდგენელია, რომელი სართული, რა კვადრატულობით ექვემდებარებოდა დემონტაჟს. ადმინისტრაციულ ორგანოს ზუსტად უნდა ეცნობებინა მხარისათვის, რა სახის დარღვევის აღმოფხვრა ევალებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო დადგენილება. სადავო შემთხვევასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობდა რისკი, რომ დემონტაჟის განხორციელების შემთხვევაში, შენობა მთლიანად ჩამოიშლებოდა და იგი ოჯახთან ერთად დარჩებოდა საცხოვრებლის გარეშე.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე მუხლებზე და საკასაციო სასამართლოს Nბს-319(41-19) განჩინებაზე, რომლის თანახმად, „თუ შესაძლებელია სამართალდარღვევა გამოსწორებული იქნეს დემონტაჟის განხორციელების გარეშე, უსაფუძვლოა მშენებლობის დემონტაჟის დავალება. კანონის მიზანი არ არის სამართალდამრღვევისთვის მაქიმალური ზარალის მიყენება და ნეგატიური შედეგის დადგომა“. კასატორის განმარტებით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, დაიწყო დაშენება საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე, ვინაიდან პროექტის დამტკიცება დიდ პერიოდს მოითხოვდა. ამასთანავე, არ არის გამორიცხული, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, მასზე გაიცეს ამ ეტაპისთვის უკვე განხორციელებულ მშენებლობასთან შესაბამისობაში არსებული პროექტი. სახეზე იქნება შემთხვევა, როდესაც პირს ავალებენ შენობის დემონტაჟს და ისევ ისეთივე პროექტით გასცემენ მასზე მშენებლობის ნებართვას. ამდენად, თუ არის შესაძლებელი დემონტაჟის გარეშე სამართალდარღვევის გამოსწორება, უსაფუძვლოა მშნებლობის დემონტაჟის დავალება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ.ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სადავო 2020 წლის 31 იანვრის N03-02/3 დადგენილების გამოცემის დროს მოქმედებდა "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება, რომლითაც უნებართვო მშენებლობად მიიჩნეოდა მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ (დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტი). აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ერთ-ერთ სახედ მიჩნეული იყო არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, რაც ამავე დადგენილების 36-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვის გაცემას.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე, რომელიც ადგენს სამშენებლო სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოების სპეციალურ წესს. აღნიშნული კოდექსის 25-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს, რომელშიც აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ზემოაღნიშნული კოდექსის 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მუნიციპალიტეტის დასახლებაში - ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 27 იანვარს გ.ბ-ის მიმართ შედგენილ იქნა N03-07/4 მითითება, რომლის თანახმად, ქობულეთში, ...ის გამზირ N...-ში გამოვლინდა საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიმდინარეობის ფაქტი, შესაბამისი ნებართვის გარეშე. გ.ბ-ეს დაევალა უნებართვოდ რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობის ნაწილობრივი დემონტაჟი, უმოკლეს ვადაში - 2020 წლის 29 იანვრამდე. 2020 წლის 30 იანვარს შედგენილი N3 შემოწმების აქტით დგინდება, რომ გ.ბ-ემ დადგენილ ვადაში არ შეასრულა მითითება - არ მოახდინა უნებართვოდ რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობის ნაწილობრივი დემონტაჟი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 31 იანვრის N03-02/3 დადგენილებით, ქობულეთში, ...ის გამზირ N...-ში მცხოვრები გ.ბ-ე დაჯარიმდა 2000 (ორი ათასი) ლარით, რეკონსტრუქციის უნებართვოდ წარმოებისათვის. ამავე დადგენილების მიხედვით, მითითებულ მისამართზე კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივი დემონტაჟი უნდა განხორციელებულიყო იძულების წესით.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 18 მარტის N01-06 219 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა გ.ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 31 იანვრის N03-02/3 დადგენილება.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სადავო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებამდე და მოსარჩელის დაჯარიმების შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2019 წლის 29 ნოემბერს შედგენილი N03-07/101 მითითებითაც განუმარტა გ.ბ-ეს ქობულეთში, ...ის N...-ში მდებარე სახლის რეკონსტრუქციის შესაბამისი ნებართვის გარეშე მიმდინარეობის თაობაზე, მიუთითა მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებისა და უმოკლეს ვადაში, მშენებლობის ნებართვის ამსახველი დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 18 დეკემბრის N03-02/138 დადგენილებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გ.ბ-ე დაჯარიმდა 2000 (ორი ათასი) ლარით, რეკონსტრუქციის უნებართვოდ წარმოებისათვის. ამავე დადგენილებით, ქობულეთში, ...ის გამზ. N...-ში კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია შეჩერდა მშენებლობის ნებართვის წარდგენამდე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 15 აპრილის N03-02/12 დადგენილების მიხედვით, გ.ბ-ე დაჯარიმდა 500 ლარით, ქობულეთში, ...ის გამზირ N...-ში, მშენებლობის შეჩერების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 18 დეკემბრის N03-02/138 დადგენილების შეუსრულებლობისათვის.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ქობულეთში, ...ის N...-ში მდებარე სახლის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა შესაბამისი ნებართვისა და პროექტის გარეშე. მოსარჩელე თავადვე ადასტურებს, რომ შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, არ დაელოდა ნებართვის მიღებას. უდავოა, რომ გ.ბ-ეს 2019 წლიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან ეძლეოდა გაფრთხილება, როგორც მშენებლობის შეჩერების, ისე რეკონსტრუქციის დემონტაჟის შესახებ. ამასთანავე, გასაჩივრებული აქტების გამოცემამდე, იგი დაჯარიმდა უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოებისა და ზედამხდეველობის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისათვის.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია გ.ბ-ის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მას დადგენილი ვადის სიმცირის გამო შეეზღუდა უფლება, დროულად მოეხდინა უნებართვო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით, მოსარჩელისათვის ჯერ კიდევ 2019 წლის 18 დეკემბერს იყო ცნობილი, რეკონსტრუქციის რა ნაწილში შეუჩერდა მშენებლობა და დაევალა მისი დამონტაჟი. ამასთანავე, გ.ბ-ეს ჰქონდა შესაძლებლობა, კანონით დადგენილი წესით მოეთხოვა ვადის გაგრძელება უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟისათვის, თუმცა აღნიშნულის ნაცვლად, მან გააგრძელა შესაბამისი სამუშაოები, ნებართვის არარსებობის პირობებში. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სადავო დადგენილების გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე გ.ბ-ე გაფრთხილებული იყო სათანადო წესით, თუმცა იგი სხდომაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად, მისი პოზიცია, დემონტაჟისათვის განსაზღვრული ვადის გონივრულობასა და დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობის ნაწილის დაკონკრეტებასთან მიმართებაში, ადმინისტრაციული წარმოების სხდომაზე არ დაფიქსირებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულყოფილად გამოიკვლიეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სწორად განსაზღვრეს გ.ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია და გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა. მოსარჩელე საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე ვერ მიუთითებს. მისი პოზიცია, გასაჩივრებული აქტების უკანონობის თაობაზე, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველი საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებული პროცესუალური დარღვევა არ ქმნის ქვედა ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რამდენადაც პროცესუალურ დარღვევას შედეგად არ მოჰყოლია გადაწყვეტილების უსწორობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, გ.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინება;
3. გ.ბ-ეს (პირადი N...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 10 თებერვალს N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე