საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1044(კ-20) 3 მაისი , 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ...“
სარჩელზე მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2017 წლის 27 ნოემბერს შპს „..."-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 აგვისტოს N10/43876 გადაწყვეტილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარის (რომლითაც უარი ეთქვა შპს „ ...“-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე) ბათილად ცნობა. მოსარჩელემ, ასევე მოითხოვა დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების მოთხოვნით მიმართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტი მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინებით „..."-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „..."-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,..."-მა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „..."-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „..."-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,ვირტუალური უარი“ შპს „..."-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში შპს „..."-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
კასატორის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან, შპს „..."-მა სარჩელით მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 აგვისტოს N10/43876 გადაწყვეტილების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარის ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზნით აქტის გამოცემის დავალება. მოსარჩელე მხარის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება ერთ სასარჩელო მოთხოვნაშია გაერთიანებული და თუნდაც ახალი აქტის გამოცემის დავალება სამინისტროს მიმართ მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის შესაბამისობაში მოსარჩელის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნასა და მოსარჩელის მიზნებთან, რადგან მოსარჩელის სურვილს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის პრივატიზება და არა საკითხის გადაუწყვეტლობა და დამატებითი დავის წარმოება. შესაბამისად, სასამართლომ არ შეაფასა მოსარჩელე მხარის მოთხოვნები და სააპელაციო საჩივრის/სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მხარეს არ მოუთხოვია.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ასევე არ შეუფასებია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარის დასაშვებობის პირობები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციული საჩივრის გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ იყო მოსარჩელის მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში. ამავე კოდექსის მე-100 მუხლით გადაწყვეტილება მიიღება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კალენდარული თვე შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა კალენდარულ დღეს, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 126-ე მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვითაც თვე გამოითვლება 30 დღით. მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 27 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შპს „...“-მა, შესაბამისად აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა შეადგენდა 1 თვეს, რომელიც ამოიწურა 2018 წლის 27 ოქტომბერს, თუმცა კასატორის მოსაზრებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 79-ე და მე-100 მუხლების თანახმად, საჩივრის განხილვის ვადა დაიწყო 2018 წლის 27 სექტემბერს და არა 28 სექტემბრიდან, რის გამოც 2018 წლის 26 ოქტომბერს ამოიწურა საქმის განხილვის ვადა. ამდენად, კასატორის განმარტებით, სასამართლოში სარჩელის წარდგენის ვადა ამოიწურა 2018 წლის 26 ოქტომბერს, რაც წარმოადგენდა სამუშაო დღეს, თუმცა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა 2018 წლის 27 ნოემბერს, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 16 მაისის N1-1/193 ბრძანების მე-2 მუხლის დანაწესებიდან გამომდინარე, ელექტრონული კომუნიკაციების ქსელის ნაგებობის განთავსების მიზნით პრივატიზებას არ ექვემდებარება საძოვარი. ასევე არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მიწის დანიშნულების ცვლილების სავალდებულოობაზე, ვინაიდან ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება კანონის მიზნებს. ამასთან, კასატორის განმარტებით, მიწის დანიშნულების ცვლილების და პრივატიზების სავალდებულოობა არ არის დადასტურებული საქმის მასალებით, რადგან მაუწყებლობის ლიცენზიისათვის კონკრეტულ კოორდინატებში მდებარე ქონებაზე საკუთრების უფლება მოთხოვნილი არ არის, ამასთან ლიცენზიით განსაზღვრული კონკრეტული გეოგრაფიული კოორდინატების გათვალისწინებით გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია კოორდინატებიდან 100 მეტრის რადიუსში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქონების მმართველის მიერ წარდგენილ იქნა შეთავაზება ალტერნატიული ქონებასთან დაკავშირებული წინადადების განხილვის მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 აგვისტოს N10/43876 გადაწყვეტილების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარის ბათილად ცნობა. ასევე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსათვის დავალება, მიმართოს მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების მოთხოვნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტი მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. მოსარჩელე შპს ,,..."-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, გადაწყვეტილება მის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მხოლოდ წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონება ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე კანონით რეგლამენტირებულია სახელმწიფო ქონების განკარგვა მისი პრივატიზებისა და სხვა სამართლებრივი მოწესრიგების გზით, ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრივატიზება ეს არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილია ის სახელმწიფო ქონება, რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას, ერთ-ერთი მათგანია საძოვარი, გარდა გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე (4.1 მუხლი ,,ძ.ა“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტის, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია, არეგულირებს შემთხვევას, რომლის დროსაც შესაძლებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების − მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების − განთავსების მიზნით განკარგვას. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ამ მიზნით განკარგვის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების − მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების − განთავსების მიზნით განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 16 მაისის N1-1/193 ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ წესის თანახმად, განკარგვას ექვემდებარება უძრავი ნივთი, რომლის საერთო ფართობი არ აღემატება 500 კვ.მ-ს. ამავე მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების შესაბამისად, უძრავი ნივთის განკარგვა ხორციელდება პრივატიზების ან სარგებლობის უფლებით გადაცემის გზით. უძრავი ნივთის პრივატიზება ხორციელდება ელექტრონული ან საჯარო აუქციონის, ასევე პირდაპირი მიყიდვის ფორმით, უძრავი ნივთის განკარგვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების − მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების − განთავსების პირობით. აღნიშნული პირობის შესრულების ვადები განისაზღვრება უძრავი ნივთის განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამავე მუხლის მე-8 პუნქტით, ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სამინისტროში ან საქართველოს საერთო სასამართლოში.
საქმის მასალებით დადგენილა, რომ შპს „..."-მა 2017 წლის 19 ივნისს, N08/06-2017 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ...ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში (...ში) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის გზით პრივატიზაცია. დადგენილია, რომ აღნიშნული წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 25 აგვისტოს N10/43876 გადაწყვეტილებით შპს „..."-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) პრივატიზებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, იგი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთს და სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილება, მისი შემდგომი განკარგვის მიზნით. ასევე, ქონების ეროვნული სააგენტოს მითითებით, გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის უარყოფით პასუხზე.
2017 წლის 5 სექტემბრის N02/09-17 განცხადებით შპს „..."-ის მიერ მოთხოვნილ იქნა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეცვლა, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად და შემდგომ უძრავი ქონების პრივატიზების საკითხის განმეორებით შესწავლა.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დადგენილია, რომ შპს „..."-ს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია. შესაბამისად, იგი წარმოადგენს კერძო მულტიპლექს ოპერატორს, რომელიც ეროვნულ დონეზე უფასოდ ავრცელებს მაუწყებლობას. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „..."-ს მიენიჭა არაკომერციული დანიშნულების რადიო სარელეო სიხშირეები, რომელთაგან ერთერთი პუნქტი მდებარეობს სწორედ ...ის რაიონის სოფელ ...ში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოდ დადასტურებულია ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზება შპს „..."-ის მხრიდან ძირითადი საქმიანობის (ტელე-რადიო მაუწყებლობის ორგანიზება და წარმოება, სამაუწყებლო და საკომუნიკაციო ქსელების შექმნა და ექსპლუატაცია, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგება და ციფრული მაუწყებლობის უზრუნველყოფა) უკეთ განხორციელების მიზანს ემსახურება.
2017 წლის 27 სექტემბერს შპს „..."-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 აგვისტოს N10/43876 გადაწყვეტილების გაუქმება, სადავო მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად შეცვლა და შემდგომ უძრავი ქონების პრივატიზება მოითხოვა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის №ბს-122-115(2კ-13) განჩინებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობებსა და დასკვნებზე, კერძოდ: „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების ზოგად წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. დასახელებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მუხლი - 12, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, და 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ფაქტობრივად უარს აცხადებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტაზე. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი საჩივარი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტის განუსაზღვრელი ვადით გადავადება ფაქტობრივად იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის გადაწყვეტაზე უარის თქმას, რაც საფრთხეს უქმნის პირის მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების ჩაუტარებლობა არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ მოთხოვნას პროცედურული დემოკრატიის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის ხარისხი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მოქალაქეთა კანონიერ მოლოდინს - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მმართველობის განხორციელება კანონიერების პრინციპის საფუძველზე. პროცედურული მოქმედებების ჩატარების ვალდებულება ემსახურება კერძო ინტერესის - ადამიანის უფლების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფას.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს, რომლის მმართველობითი საქმიანობა უკავშირდება ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოების (ამ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რევიზიას შპს ,,..."-ის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე უნდა შეემოწმებინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ძირითადი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კი, საკუთარი უმოქმედობით რეაგირება არ მოუხდენია წარდგენილ საჩივარზე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია და არ გადაუწყვეტია არსებითად სადავო საკითხი, ადმინისტრაციული აქტის გამოუცემლობა ასეთ შემთხვევაში უტოლდება ე.წ. „ვირტუალურ“ უარს, მისი ბათილად ცნობა იმთავითვე გულისხმობს წარდგენილი საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტას. თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი საჩივრის უპირობოდ დაკმაყოფილებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო, ქონების განკარგვის უფლებას არ უნდა იყენებდეს ბოროტად, სახელმწიფოს მხრიდან ქონების განკარგვაზე უარის გაცხადება არ უნდა იყოს თვითნებური და არ უნდა ეფუძნებოდეს ყოველმხრივ უსაფუძვლო მიზეზებს. უძრავი ქონების განკარგვის დაუშვებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საჩივრის განხილვისას ყურადღება უნდა მიაქციოს იმ საკითხებს თუ რა უპირატესი საჯარო ინტერესი არსებობდა ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 450 კვ.მ სახელმწიფო მიწის ნაკვეთის პრივატიზებაზე უარის თქმისათვის მაშინ როდესაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთის პრივატიზება შპს ,,..."-ის მიერ მოთხოვნილ იქნა სატელეკომუნიკაციო ანძის მოსაწყობად, რაც შპს ,,..."-ს ესაჭიროება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, მინიჭებული ლიცენზიის ფარგლებში, სატელეკომუნიკაციო ანძის მოსაწყობად, რომელიც გარდაბანში უფასო და მრავალფეროვან ქართულენოვან სატელევიზიო და რადიო სამაუწყებლო ციფრულ სიგნალს მიაწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა გამოიკვლიოს შპს ,,..."-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ამჟამადაც გამოიყენება თუ არა საძოვრად და რამდენად შედის სახელმწიფოს ინტერესში მიწის ნაკვეთის კვლავაც ამ ფუნქციით გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება შპს ,,..."-ის საკუთრებაში არსებული 1600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც 2015 წლიდან გამოიყენება სამაუწყებლო ციფრული სიგნალის მისაწოდებლად.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა აქტის გამოცემა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებაზე (საქმე ბს-1031-1002(კ-10)), რომლის შესაბამისად, მოსარჩელისათვის აქტის გამოცემაზე უარის შემთხვევაში სარჩელის მიზანი არის არა აქტის გამოცემაზე უარის გაუქმება, არამედ აქტის გამოცემა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის კანონიერების დასადგენად მოწმდება არა უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები, არამედ აქტის გამოცემაზე მოსარჩელის უფლების სამართლებრივი საფუძველი. აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლოა დაევალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სასამართლო უფლებამოსილია აგრეთვე თავად მოაწესრიგოს სადავო საკითხი, უკეთუ სადავო საკითხის მოსაწესრიგებლად არ არის საჭირო საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა და საკითხი დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს არ განეკუთვნება.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებაში და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 მუხლზე, რომლითაც საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. საკასაციო სასამართლომ დეტალურად მიუთითა განჩინების აღწერილობით ნაწილში კასატორის პოზიცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, როგორც ეს მოცემულია საკასაციო საჩივარში. საკასაციო პალატისათვის გაუგებარია კასატორის მსჯელობა, ვადების გამოთვლასთან დაკავშირებით, რომელიც ეფუძნება 2018 წლის კალენდარს, მაშინ როდესაც სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2017 წელს. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 25-26 ნოემბერი არის შაბათ-კვირა, ხოლო სასამართლოში სარჩელის შეტანის დღე 2017 წლის 27 ნოემბერი - ორშაბათი, სამუშაო დღე, რაც საფუძველს აცლის კასატორის ზოგად პოზიციას, რომ სარჩელის სასამართლოში წარდგენის წინა დღე იყო სამუშაო დღე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე