Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-252(კ-22) 31 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ.ფ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 2 მარტს დ.ფ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2021 წლის პირველი თებერვლის N03-317/ო ბრძანების ბათილად ცნობა, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, დ.ფ-ას ნაწილში; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2021 წლის 4 თებერვლის N03/1379 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით დ.ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის პირველი თებერვლის N03-317/ო ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, დ.ფ-ას ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2021 წლის 4 თებერვლის N03/1379 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ.ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-3, მე-4 მუხლებზე.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე წარმოდგენილ 2020 წლის 3 დეკემბრის N77 დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმზე, რომლითაც ქ. ზუგდიდში განხორციელდა მონიტორინგს დაქვემდებარებული, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებით ნგრევადად და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველად მიჩნეული ობიექტების აღწერა, დაზუსტდა აღნიშნულ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების რაოდენობა, შედგა შესაბამისი ოქმები და მომზადდა ფოტომასალა. ერთ-ერთ ასეთ ნგრევად და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნებოდა ქ. ზუგდიდში, ...ის ქუჩა N1-ში მდებარე „.... N...“. შესაბამისი სამსახურის მიერ მოპოვებული მონიტორინგის მასალები განსახილველად გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას. კომისიამ 2020 წლის 3 დეკემბერს იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა, რომ მოსარჩელე, ოჯახის წევრთან - ნ.ა-სთან და მისი ოჯახის წევრებთან ერთად, დაეკმაყოფილებინა კრიტერიუმების გარეშე. საქმეში არსებული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილი ოჯახის წერილობითი თანხმობით დასტურდება, რომ დ.ფ-ამ და მისმა შვილმა ნ.ა-მ განაცხადეს თანხმობა, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ოროთახიან ბინაზე, რაც დაადასტურეს ხელმოწერებით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მას არ განუცხადებია თანხმობა ბინის მიღებაზე და იძულებით მოაწერინეს ხელი ზემოაღნიშნულ დოკუმენტზე. შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთს ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს, თუმცა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე, მეორე მხარე არ თავისუფლდება იმ გარემოებების მტკიცების ვალდებულებებისაგან, რომლებზეც იგი ამყარებს საკუთარ მოთხოვნას თუ შესაგებელს. ამდენად, კანონის დანაწესი მოსარჩელეს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, ამტკიცოს მის მიერ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა/კანონშესაბამისობა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იძულებითი ხელმოწერის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლი, დ.ფ-ას ანიჭებდა უფლებას, სადავოდ გაეხადა ბინის მიღების აქტზე იძულებით ხელმოწერის განხორციელების ფაქტი, თუმცა აღნიშნული უფლებით მოსარჩელეს არ უსარგებლია. მოსარჩელე მხარე ასევე არგუმენტირებულად ვერ მიუთითებს, თუ რაში გამოიხატებოდა და ვის მიერ ხორციელდებოდა დ.ფ-ას მიმართ მუქარა ან/და ზეწოლა.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, წარმოდგენილი სარჩელით, ასევე საქმეში არსებული მასალებით, დასტურდება დევნილი ოჯახის მიერ ნებაყოფლობითი/ინფორმირებული თანხმობით საცხოვრებელი ფართის მიღება, სადავო საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, სახელმწიფოს ვერ დაეკისრება იმ დევნილი ოჯახის ხელახლა დაკმაყოფილების ვალდებულება, რომელიც ერთხელ უკვე დააკმაყოფილა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ვერ შექმნის ვერც საქმეში დაცული, სს „ ...ას“ აბონენტთა ბაზიდან მიღებული ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ ნ.ა-ის ოჯახი და დ.ფ-ას ოჯახი რეგისტრირებულნი არიან ცალ-ცალკე აბონენტებად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნ.ა-ე და დ.ფ-ა არ იყვნენ შეზღუდულნი, ნებისმიერ დროს მიემართათ განცხადებით სს „...ასთვის“ და ცალ-ცალკე მოეთხოვათ სააბონენტო ნომრის მინიჭება. ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება (მონაცემთა ბაზაში ცალ-ცალკე სააბონენტო ნომრით დაფიქსირება), საქმეში დაცული სხვა მტკიცებულებების შინაარსის გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება დ.ფ-ას და მისი შვილის სხვადასხვა ოჯახებად ცხოვრების დამადასტურებელ მყარ და საკმარის მტკიცებულებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით, დ.ფ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ფ-ამ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ დ.ფ-ას თანხმობა ოროთახიანი ბინის მისი ოჯახისათვის გადაცემაზე, წარმოადგენდა ინფორმირებულ თანხმობას, მისი და შვილის ოჯახისთვის კონკრეტული სასიკეთო სამართლებრივი შედეგის დადგომაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. მონიტორინგის სამსახურის მიერ მისამართზე გაკეთებული აღწერის ოქმებით დადასტურებულია, რომ დ.ფ-ა და მისი შვილი ნ.ა-ე ცხოვრობენ ცალ-ცალკე ოთახებში, ცალკე ოჯახებად. ოჯახების ცალ-ცალკე ცხოვრების ფაქტი დასტურდება აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი სს „...ას“ მიერ გაცემული აბონენტის შესახებ ინფორმაციით, რომლის თანახმად, დ.ფ-ა და ნ.ა-ე არიან ცალ-ცალკე აბონენტები. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დ.ფ-ას და ნ.ა-ის ოჯახი ერთად ეწეოდა საოჯახო მეურნეობას. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. მიღებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რის გამო, შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. ამდენად, არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ.ფ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ.ფ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. გამონაკლისს ადგენდა ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო, ამ „წესის“ მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, პრიორიტეტი მიენიჭებინა და კრიტერიუმების გარეშე განეხორციელებინა იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობდნენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში).

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დ.ფ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია შესაბამისი მოწმობა.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ შესაბამისი პროცედურის განხორციელების შედეგად, დ.ფ-ას უჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, კერძოდ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის N77 ოქმის მიხედვით, კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, იმსჯელა იმ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხზე, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ ნგრევად და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში (შესაბამისი საფრთხის არსებობა დადასტურებულად იქნა მიჩნეული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნით). კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით, დ.ფ-ას და მისი ოჯახის წევრებს - ნ.ა-ს, ბ.ა-ეს და ც.ბ-ს თანხმობა მიეცათ ქალაქ ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.

2020 წლის 12 დეკემბრის N104 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ნ.ა-ს, ც.ბ-ს, ბ.ბ-ს და დ.ფ-ას საკუთრებაში გადაეცათ ზუგდიდში, ...ას ქუჩა N7-ში, N5 კორპუსის პირველ სადარბაზოში, პირველ სართულზე მდებარე, ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა N....

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის პირველი თებერვლის N03-317/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის N77 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ბრძანების დანართში მითითებული პირები - ნ.ა-ე, ბ.ბ-ი, ც.ბ-ი და დ.ფ-ა დაკმაყოფილდნენ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, ქ. ზუგდიდში, ...ას ქუჩა N7-ში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის ინტერესი უკავშირდება მის ნაწილში დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის დადებითად გადაწყვეტის უკანონოდ ცნობას, იმ მოტივით, რომ შესაბამისი ფართის ოჯახისათვის გადაცემისას, მისი მხრიდან გამოვლენილი ნება ნამდვილი არ ყოფილა. ამ პირობებში, დ.ფ-ას მიაჩნია, რომ მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სხვა ოჯახის წევრებისაგან დამოუკიდებლად.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 4 თებერვლის N03/1379 გადაწყვეტილებით, 2021 წლის 18 იანვრის N509 და N511 განცხადებების პასუხად, დ.ფ-ას ეცნობა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის N77 ოქმის შესაბამისად, მის ოჯახს გადაეცა ოროთახიანი საცხოვრებელი ფართი. ამდენად, სსიპ სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ხელახლა შეეფასებინა მისი ოჯახის საცხოვრებელი პირობები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილთა მიმართ განსაკუთრებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილის პრობლემების გადაჭრისას ოჯახის ერთიანობისა და სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებებისადმი პატივისცემას ხაზს უსვამს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომლითაც აღიარებული იყო ნებაყოფლობითი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების, ოჯახის მთლიანობის, ასევე, სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრინციპები. აღნიშნული „წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არ განიხილებოდა იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას, ოჯახთან ერთად გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე მისი თანხმობის რეალურად არარსებობის თაობაზე. საქმეში არსებული მასალებით, უდავოდ დასტურდება დ.ფ-ას დევნილი ოჯახის მიერ ნებაყოფლობითი/ინფორმირებული თანხმობით საცხოვრებელი ფართის მიღება, შესაბამისი საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის დაცვით. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სახელმწიფოს ვერ დაეკისრება იმ დევნილი ოჯახის ხელახლა დაკმაყოფილების ვალდებულება, რომელიც ერთხელ უკვე დააკმაყოფილა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე არგუმენტირებულად ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატებოდა და ვისი მხრიდან ხორციელდებოდა მის მიმართ მუქარა ან/და ზეწოლა, ხელმოწერის განხორციელების მიზნით. ამასთან, მოსარჩელეს ჰქონდა უფლება, სადავოდ გაეხადა საცხოვრებლის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტზე მისი ხელმოწერის ნამდვილობის ფაქტი, თუმცა საქმის მასალებით და მხარის განმარტებით, აღნიშნული უფლების გამოყენებისა და შესაბამისი შედეგების არსებობა არ დასტურდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ფ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე