№ბს-660(კ-20) 11 მაისი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე (თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი; მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ...“; მესამე პირი (სასკ 16.2) - შპს „ფ...“; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 10 აპრილს შპს „ტ...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ, მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 21 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების (უძრავ ნივთზე იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 23 თებერვლის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილებისა (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის № ... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) ბათილად ცნობა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და შპს „ტ...“.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ტ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ნივთზე იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 21 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 23 თებერვლის №... გადაწყვეტილება; შპს ,,ტ...ს" სარჩელი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №... გადაწყვეტილება.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის პოზიციის თანახმად, სასამართლოები მიუთითებენ, რომ „შპს „ტ...სა“ და შპს „ფ...ს“ შორის 2016 წლის 29 იანვარს დაიდო საწვავის მიწოდების ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად, იმავე დღეს, ამავე მხარეებს შორის სანოტარო წესით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება მითითებულ უძრავ ქონებაზე. შპს „ტ...სა“ და შპს „ფ...ს“ შორის 2016 წლის 29 იანვარს დადებული საწვავის მიწოდების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ე.გ-თან 2016 წლის 5 თებერვალს სანოტარო წესით გაფორმდა ახალი იპოთეკის ხელშეკრულება მის კუთვნილ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთით №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის ჩანაცვლებას, რაზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერც სასამართლოში მიმდინარე განხილვისას იქნა წარდგენილი.
მხარეთა მონაწილეობით გაფორმებულ იქნა სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება, მოსარჩელემ კი თავადვე დაარღვია კეთილსინდისიერების პრინციპი. ხელშეკრულება გაფორმებული იყო სანოტარო წესით. შესაბამისად, უნდა გამოკვლეულიყო მხარეთა უფლებამოსილება. ამასთან, სწორედ მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობის არარსებობის შესახებ. კასატორის მოსაზრებით, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სასამართლომ გაარკვიოს, აქვს თუ არა შპს „ტ...ს“ დავისათვის ღირსი საკმარისი სამართლებრივი ინტერესი და რამდენად ადგება მას ზიანი, ვინაიდან, დღევანდელი მონაცემებით შესაბამისი უძრავი ქონება სახელმწიფოს სახელზე არის რეგისტირებული. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით მოცემულ საქმეზე არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა (გამყიდველი) და შპს ,,ტ...ს” (მყიდველი) შორის 2014 წლის 10 დეკემბერს დაიდო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 4.7. პუნქტის მიხედვით, შპს „ტ...“ უფლებამოსილი იყო საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდგომ, „სააგენტოს“ წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში იპოთეკით დაეტვირთა ეს ქონება.
2014 წლის 10 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, კასპის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება (ს.კ. №... ) 2014 წლის 15 დეკემბრიდან საკუთრების უფლების აღირიცხა შპს „ტ...ს“ სახელზე. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის ვალდებულების გრაფაში მიეთითა: „ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 10/12/2014, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“.
2016 წლის 29 იანვარს შპს „ტ...სა“ (მიმღები) და შპს „ფ...ს“ (მიმწოდებელი) შორის დაიდო საწვავის მიწოდების ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იმავე დღეს, მათ შორის სანოტარო წესით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე.
ამასთან, შპს „ტ...სა“ და შპს „ფ...ს“ შორის 2016 წლის 29 იანვარს დადებული საწვავის მიწოდების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 5 თებერვალს შპს „ფ...სა“ და ე.გ-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება ე.გ-ის კუთვნილ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე. შედეგად, 2016 წლის 8 თებერვლიდან უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 21 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ფ...ს“ განცხადება და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე, 2016 წლის 29 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება.
შპს „ტ...მ“ 2018 წლის 19 თებერვალს განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა 2016 წლის 21 ოქტომბრის რეგისტრაციის ბათილად ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 23 თებერვლის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს მოეთხოვა რეგისტრაციის საფუძვლად არსებული იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტის წარუდგენლობის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
2018 წლის 26 თებერვალს შპს „ტ...მ“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სადავო იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილებით შპს „ტ...ს“ იპოთეკის რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 23 თებერვლის №... გადაწყვეტილება. კერძოდ, მიჩნეულ იქნა, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება იპოთეკის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლის ნაწილში ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნის ნაწილში სადავო აქტი კანონიერი იყო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3111 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება. გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება იპოთეკა. მე-2 მუხლის „ლ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციისათვის, აუცილებელი პირობაა, რომ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ქმნიდეს უფლების რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა (გამყიდველი) და შპს ,,ტ...ს” (მყიდველი) შორის 2014 წლის 10 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების 4.7. პუნქტის მიხედვით, შპს ,,ტ...“ უფლებამოსილი იყო, საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდგომ, ,,სააგენტოს" წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში იპოთეკით დაეტვირთა ეს ქონება.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 31 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საინვესტიციო პირობების არსებობისას ქონების მმართველის (ქონების მმართველი − სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი; მუხლი 2.ჰ1) თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დგინდება, რომ უძრავ ქონებაზე იპოთეკის წარმოშობისათვის აუცილებელი პირობა იყო ქონების განმკარგავის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თანხმობა. აღნიშნულს ითვალისწინებდა, როგორც უძრავ ნივთზე შპს „ტ...ს“ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი - ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე მოქმედი კანონმდებლობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს რეესტრში რეგისტრირებული და მასთან დაცული მონაცემები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ტ...ს“ საკუთრების უფლებასთან ერთად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ვალდებულება სახელმწიფოს მიმართ - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ.1. ს.ფ. 62-63). ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, ვალდებულების გრაფაში რეგისტრირებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ცნობილი იყო, რომ შპს „ტ...“ სახელმწიფოს (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს) თანხმობის გარეშე არ წარმოადგენდა ნივთის იპოთეკით დატვირთვაზე უფლებამოსილ პირს და შესაბამისად, წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ ქმნიდა იპოთეკის რეგისტრაციის საფუძვლებს. აღნიშნული გარემოება კი იპოთეკის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლებს ქმნის. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების არსებობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ სადავო ქონების ამჟამად სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის პირობებშიც, ცალსახად იკვეთება სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 11.08.2020წ. საგადახდო მოთხოვნა №...ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.08.2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №...ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი