Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-253(კ-22) 31 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ჭ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 11 დეკემბერს ნ.ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის N03-2229/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ნ.ჭ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ნ.ჭ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩართულ იქნენ მ.კ-ე, გ.კ-ე და მა.კ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 09 ნოემბრის N03-2229/ო ბრძანება; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ.ჭ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, მე-6, მე-12, მე-13 მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლზე, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნ.ჭ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი საფუძველი გახდა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის N52 საოქმო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საკითხის განხილვის ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროება არ არსებობდა, ნათესავის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების გამო.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის ოჯახის განსახლების უფლებას, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მოსარჩელე თავის შვილებთან ერთად, ქირის გარეშე ცხოვრობდა მაზლის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მაგრამ საქმეზე მოწმეთა სახით დაკითხული პირების განმარტებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მაზლი ითხოვს ბინის გამოთავისუფლებას, ხოლო ნ.ჭ-ეს, არასრულწლოვან შვილებთან ერთად არ გააჩნია არანაირი უძრავი ქონება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაძლია მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი, მოსარჩელის განსახლების გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, არასწორად განმარტა კანონი, რომელიც გამოიყენა. მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეყრდნობა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კასატორი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ.ჭ-ეს, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, არ გააჩნია არანაირი უძრავი ქონება. აღნიშნული არ დასტურდება არც მოწმეთა განმარტებებით და არც საქმეში არსებული მტკიცებულებებით. სასამართლო პროცესზე მოწმეთა სახით დაკითხულმა პირებმა მხოლოდ მიუთითეს, რომ ბინა, სადაც ნ.ჭ-ე ფაქტობრივად ცხოვრობს, არის მისი მაზლის საკუთრება და ის ითხოვს მოსარჩელის მიერ აღნიშნული ბინის დაცლას. მოწმეებს იმის შესახებაც არ ჰქონდათ ინფორმაცია, ნ.ჭ-ე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა თუ არა. ამდენად, გაურკვეველია, რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ, რომ არსებობს ნ.ჭ-ის ოჯახის განსახლების გადაუდებელი საჭიროება.

კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ წარმოების ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, ნ.ჭ-ე შეუზღუდავად სარგებლობს ქ. გორში, ...ის გზატკეცილ .../...-ში მდებარე ბინით. უფრო მეტიც, აღნიშნული ბინა თავად ნ.ჭ-ის საკუთრება იყო, რომელიც 2013 წელს გაასხვისა მაზლზე-გ.კ-ეზე. დადგენილია, რომ ნ.ჭ-ე თავის ფაქტობრივ მისამართზე ცხოვრობს 2015 წლიდან დღემდე, შეუზღუდავად სარგებლობს საცხოვრებელი სახლით და ქირის თანხასაც არ იხდის. არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ამ სახლში მის ცხოვრებას რაიმე ართულებს ან შეუძლებელს ხდის. ის ფაქტი, რომ გ.კ-ემ შესაძლოა გამოასახლოს მოსარჩელის ოჯახი და თავშესაფრის გარეშე დატოვოს, დადასტურებული არ არის. სააგენტო სადავოდ არ ხდის, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობს, მის სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხება, თუმცა, აღნიშნული უპირობოდ არ ადასტურებს მხარის განსახლების გადაუდებელ საჭიროებას. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მხოლოდ მე-6 მუხლის საფუძველზე, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. სასამართლოს სწორად უნდა განემარტა პრიორიტეტულობის პრინციპი, რისი გათვალისწინების ვალდებულებაც აქვს სააგენტოს გადაწყვეტილების მიღების დროს. ამრიგად, სააგენტოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაში იგულისხმება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). დანართებში მოცემული იყო ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მითითებული კოდექსის 96-ე მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხე, როგორც დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელი უწყება, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ამდენად, მოცემული სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა მდგომარეობა და განსაზღვროს საჭირო ქულათა რაოდენობა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობის განსაზღვრისას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ.ჭ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია შესაბამისი მოწმობა.

2020 წლის 6 აგვისტოს ნ.ჭ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა შვილები - მ..., გ... და მ.კ-ეები. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად მიუთითა: გორი, ...ის ქუჩა N1, ბინა 33/გორი, ...ის გამზირი N.../.... ნ.ჭ-ემ შეავსო შესაბამისი კითხვარი. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 3,5 ქულა (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1,5 ქულა; მისამართზე ცხოვრობს 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად - 2 ქულა).

2020 წლის 14 აგვისტოს შედგენილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლები გამოცხადდნენ მისამართზე: გორი, ...ის გზატკეცილი N.../.... მისამართზე მყოფმა ნ.ჭ-ემ განმარტა, რომ 5 წლის მანძილზე ცხოვრობს ქირის გარეშე. მანამდე ცხოვრობდა ქირით - გორში, ...ის ქუჩა N1-ში, 4 წლის მანძილზე, ხოლო უფრო ადრე - გორში, ...ო „...ში“. ნ.ჭ-ემ განაცხადა, რომ აღნიშნული ბინა შეიძინა მისმა მაზლმა - გ.კ-ემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2020 წლის 28 სექტემბრის საოქმო გადაწყვეტილებით იმსჯელა ნ.ჭ-ის განცხადებაზე და მიზანშეუწონლად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა, რომ ნათესავის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების გამო, საკითხის განხილვის ეტაპზე ნ.ჭ-ის ოჯახის განსახლება არ წარმოადგენდა გადაუდებელ საჭიროებას. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის N03-2229/ო ბრძანებით ნ.ჭ-ეს უარი ეთქვა გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის განსახლების უფლებას, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი და დროებით ცხოვრობს მაზლის ბინაში, რომელიც ითხოვს ფართის გამოთავისუფლებას. აღნიშნული გარემოების არსებობა დადასტურებულია საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის და 2021 წლის 8 ივნისის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების განმარტებებითაც.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არამხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებაში ალტერნატიული ფართის არსებობა, რაც გამორიცხავდა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამდენად, არ არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ 2020 წლის 9 ნოემბრის N03-2229/ო ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მოთხოვნები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე