საქმე #ბს-239(კ-22) 9 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 30 ნოემბერს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - დავების განხილვის საბჭოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 21 მაისს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა #... ელექტრონული ტენდერი „...ის“ სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. კომპანია „...მა“ წარადგინა სატენდერო წინადადება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. კომპანიის სატენდერო წინადადების განხილვა განაპირობა ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტების დისკვალიფიკაციამ.
მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის 5 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ...ის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის სხდომის #11 ოქმით კომპანიას დაევალა დაზუსტებული ინფორმაციისა და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დადგენილი ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის (განფასება) წარდგენა. სატენდერო კომისიის #11 ოქმი დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა ერთ-ერთმა დისკვალიფიცირებულმა პრეტენდენტმა - შპს „ი...მ“. დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სატენდერო კომისიას დაევალა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების განხორციელება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით. სატენდერო კომისიის 2018 წლის 12 ოქტომბრის #13 სხდომის ოქმით ძალაში დარჩა #11 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, მისი თანმდევი #14 ოქმით კი „...ს“ მიემართა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. შპს „ი...მ“ #13 და #14 ოქმებიც გაასაჩივრა დავების განხილვის საბჭოში და მოითხოვა მათი გაუქმება. დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ი...ს“ საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, სატენდერო კომისიას დაევალა #13 და #14 ოქმების გაუქმება და „...ის“ მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების განხორციელება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც აშკარად დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო დასკვნა ჩამოაყალიბა, რითაც მოპასუხემ შელახა კომპანიის კანონმდებლობით დაცული უფლებები და კანონიერი ინტერესი.
ამდენად, მოსარჩელემ შპს „ი...ს“ მიერ წარმოდგენილ ... (SPA) საჩივართან დაკავშირებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და შპს „ი...“; მოსარჩელის შუამდგომლობა შპს „ი...ს“ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბერს გამართულ მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა (დააკონკრეტა) მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიუთითა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შპს „ი...ს“ მიერ წარმოდგენილ ...(SPA) საჩივართან დაკავშირებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მხოლოდ ჩანაწერი - „ნაწილობრივ შეესაბამება“ ვერ განსაზღვრავდა სატენდერო პირობებთან სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისობის საკითხს. იმ პირობებში კი, თუ პრეტენდენტის პოზიცია მის მიერ გაკეთებული კომენტარებით ნათლად იკვეთებოდა და იგი წინააღმდეგობაში არ მოდიოდა შესაბამისობის ჩანაწერთან, როგორც სატენდერო კომისიამ, ასევე დავების განხილვის საბჭომ უნდა იხელმძღვანელოს პრეტენდენტის მიერ გაკეთებული იმ ჩანაწერით, რომელიც მის ნებას უფრო ვრცლად და ცხადად ასახავს. კომენტარში კონკრეტული ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებით განვითარებულ დეტალურ მსჯელობას უნდა მიენიჭოს უპირატესობა ჩანაწერებთან - „ნაწილობრივ შეესაბამება“ ან/და „შეესაბამება“ მიმართებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო აქტით დავების განხილვის საბჭომ ისე გადაწყვიტა საკითხი, რომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არ იმსჯელა მათზე. კერძოდ, საბჭომ დეტალურად არ შეისწავლა ტექნიკური დავალების პუნქტები და მათთან მიმართებით პრეტენდენტის მიერ გაკეთებული კომენტარები; ამასთან, არ იმსჯელა, პრეტენდენტის მიერ გამოთქმული დასაბუთებული პოზიცია სატენდერო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით (რაც სადავო პუნქტებთან მიმართებით დაფიქსირებულია ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისობის მატრიცაში) წარმოადგენდა თუ არა სრულ ან/და ნაწილობრივ შესრულებას; პრეტენდენტის პოზიციის გათვალისწინებით, საბჭოს მიერ მოთხოვნილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება არსებითად ცვლიდა თუ არა სატენდერო წინადადებას და რაში გამოიხატებოდა აღნიშნული ცვლილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ მხოლოდ აღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევისა და დასაბუთების შემდეგ არის შესაძლებელი სადავო საკითხზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, სატენდერო კომისია არ ახდენს პრედენტენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა. კასატორის შეფასებით, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დისპოზიცია სახეზეა, რამდენადაც პრეტენდენტმა შესთავაზა დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნებისაგან განსხვავებული ცხრილი, რომელიც ალტერნატივას უშვებდა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს მსჯელობაზე და არ იზიარებს მას, რამდენადაც გადაწყვეტილებაში სასამართლოს შეფასების საწინააღმდეგოდ დეტალურად არის მსჯელობა, კერძოდ, „საბჭო ყურადღებას ამახვილებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში წარმოდგენილ ქართულ და ინგლისურენოვან მოთხოვნებზე შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებასთან მიმართებით. საბჭო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით „...ის“ მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაზე, სადაც რიგ მოთხოვნებთან მიმართებით, კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტის 9.3.1 თავის 7.1 პუნქტი; 9.3.2 თავის 6.2 პუნქტი; 9.3.3 თავის 3.2.3 და 3.3.1 პუნქტები, 9.3.4 თავის 2.3 პუნქტი, 9.3.6 თავის 4.2 პუნქტი, 9.4.2 პუნქტის 2.5 პუნქტი, პრეტენდენტს მითითებული აქვს - „PC/ნაწილობრივ შეესაბამება“, რომლის დაზუსტება სატენდერო კომისიამ პრეტენდენტს მოსთხოვა სხდომის #11 ოქმით. საბჭო მიიჩნევს, რომ „...ის“ მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში ზემოაღნიშნულ პუნქტებთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი - „PC/ნაწილობრივ შეესაბამება“, გამორიცხავს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების აღნიშნულ პუნქტებთან სრულ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ შესაბამისობას. ამასთან, აღნიშნულ ოქმში წარმოდგენილია ცხრილი, სადაც მათ შორის გარკვეულ ტექნიკურ მოთხოვნებთან მიმართებით მოთხოვნილია პრეტენდენტის მხრიდან აღნიშვნის შესაბამისობის/შეუსაბამობის მითითება. სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბჭო აღნიშნავს, რომ სატენდერო კომისიის მსჯელობა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებასა და არსებითი ცვლილების არარსებობასთან მიმართებით მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს და არ იქნა გაზიარებული, შესაბამისად საბჭომ მიიჩნია, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი თავდაპირველი ტექნიკური დოკუმენტაცია ცალსახად გამორიცხავს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ფაქტს, ამდენად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის #13 ოქმით და მისი თანმდევი ოქმით მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან“.
კასატორისათვის გაურკვეველია, რაზე უნდა იმსჯელოს ხელახლა დავების განხილვის საბჭომ, მაშინ, როდესაც მიღებულ გადაწყვეტილებაში აღწერილი და მითითებული იქნა თითოეული პოზიციის შესახებ, თუ რომელი პუნქტები მიაჩნდა ადმინისტრაციულ ორგანოს შეუსაბამოდ. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მითითება არის ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი, მით უფრო მაშინ, როდესაც კანონმდებლობით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ პრეტენდენტის შეთავაზება უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისი და უნდა პასუხობდეს დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულ შემთხვევაში, პრეტენდენტმა თავდაპირველად ატვირთა ცხრილი, რომელშიც იყო მითითებული, რომ იგი მოთხოვნებს ნაწილობრივ შეესაბამებოდა, ხოლო დაზუსტების შემდეგ მითითებულ იქნა, რომ იგი სრულ შესაბამისობაში იყო დადგენილ მოთხოვნებთან. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ის საკითხები, რომელიც მიითებულ იქნა სააპელაციო საჩივარში, კერძოდ, ის ფაქტი, რომ პრეტენდენტის მიერ დაზუსტების შემდგომ განხორციელდა ახალი სატენდერო წინადადების წარდგენა, რომლითაც შეიცვალა თავდაპირველი სატენდერო წინადადება და წარდგენილ იქნა ალტერნატიული წინადადება, რასაც კანონმდებლობა არ უშვებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია შპს „ი...ს“ მიერ წარმოდგენილ ... (SPA) საჩივართან დაკავშირებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს „...ის“ მიერ სატენდერო წინადადებით წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისობის საკითხი სატენდერო პირობებთან, რომლის ფარგლებშიც არსებითია განისაზღვროს სატენდერო წინადადების დაზუსტების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობა და უზუსტობის აღმოფხვრის შედეგები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა ... ელექტრონული ტენდერი „...ის“ სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ხუთმა პრეტენდენტმა, მათ შორის, „...მა“ და შპს „ი...მ“.
შპს „ი...“ დისკვალიფიცირებულ იქნა ტენდერიდან, ხოლო „...ის“ მიერ წარდგენილ იქნა სატენდერო დოკუმენტაცია, მათ შორის, ტექნიკური დავალების შესაბამისობის მატრიცა, სადაც რიგ შემთხვევებში დაფიქსირებული იყო ტექნიკურ პირობებთან ნაწილობრივი შესაბამისობა.
სახელმწიფო შესყიდვების განვითარების სააგენტოს მიერ შექმნილმა სატენდერო კომისიამ განიხილა პრეტენდენტ „...ის“ მიერ წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია და 2018 წლის 5 სექტემბრის სხდომის #11 ოქმით პრეტენდენტს განესაზღვრა ვადა დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენის მიზნით. პრეტენდენტს დაევალა შემდეგი ინფორმაციის დაზუსტება: 1) ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დადგენილი ფასის შესაბამისი ფასების ცხრილი (განფასება). კერძოდ, წარდგენილი ფასების ცხრილის მეორე პოზიციის ნამრავლი არ იყო სწორი და შეადგენდა 220 206 ლარს, ნაცვლად მითითებული 220 208.34 ლარისა; 2) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 1.2 ქვეპუნქტის შესაბამისი სარეკომენდაციო წერილების წარდგენა; 3) „ტექნიკური დავალების შესაბამისობის მატრიცაში“ მითითებული „ნაწილობრივ შეესაბამებას“ დაზუსტება, კერძოდ, ვინაიდან ტენდერით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა პრეტენდენტის მიერ განუხრელად შესასრულებელი ვალდებულებაა, პრეტენდენტს უნდა დაეზუსტებინა, რა ნაწილი შეიძლება შესრულდეს და რა არა. აღნიშნული მიზნით სატენდერო კომისიამ პრეტენდენტს მიუთითა შემდეგი პუნქტების დაზუსტებისკენ: ტექნიკური დავალების 9.3.1 თავის 7.1 პუნქტი; 9.3.3 თავის 3.2 პუნქტი; 9.3.3 თავის 3.2.1 პუნქტი; 9.3.3 თავის 3.2.2 პუნქტი; 9.3.3 თავის 3.2.3 პუნქტი; 9.3.3 თავის 3.3 პუნქტი; 9.3.3 თავის 3.3.1 პუნქტი; 9.3.3 თავის 3.3.2 პუნქტი; 9.4.2 თავის 2.5 პუნქტი; 9.6 თავის მე-6 პუნქტი. სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული დაზუსტება არსებითად არ შეცვლიდა პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სატენდერო წინადადებას და არც გაზრდიდა მის ფასს.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სატენდერო კომისიის 2018 წლის 5 სექტემბრის სხდომის #11 ოქმი ტენდერიდან დისკვალიფიცირებულმა პრეტენდენტმა - შპს „ი...მ“ სადავოდ გახადა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში იმ მოტივით, რომ სახეზე იყო დისკვალიფიკაციის საფუძველი, ამასთან, დაზუსტებაც არ იყო ამომწურავად მოთხოვნილი. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ი...ს“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა 2018 წლის 5 სექტემბრის სხდომის #11 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა და ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შესაბამისად „...ის“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების განხორციელება. მითითებულ გადაწყვეტილებაში საბჭომ ყურადღება გაამახვილა „...ის“ მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაზე, სადაც რიგ მოთხოვნებთან მიმართებით, კერძოდ, წარდგენილი დოკუმენტის 9.3.1 თავის 7.1 პუნქტთან; 9.3.2 თავის 6.2 პუნქტთან; 9.3.3 თავის 3.2.3 და 3.3.1 პუნქტებთან, 9.3.4 თავის 2.3 პუნქტთან; 9.3.6 თავის 4.2 პუნქტთან; 9.4.2 თავის 2.5 პუნქტთან, პრეტენდენტს მითითებული ქონდა - „PC/ნაწილობრივ შეესაბამება“, რომლის დაზუსტება სატენდერო კომისიამ პრეტენდენტს მოსთხოვა სხდომის #11 ოქმით. საბჭომ მიიჩნია, რომ „...ის“ მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში ზემოაღნიშნულ პუნქტებთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი - „PC/ნაწილობრივ შეესაბამება“, გამორიცხავდა პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების აღნიშნულ პუნქტებთან სრულ შესაბამისობას. საბჭომ მიიჩნია, რომ სხდომის #11 ოქმში სატენდერო კომისიამ მხოლოდ ზოგადად მიუთითა, რომ აღნიშნულის დაზუსტება არსებითად არ შეცვლიდა პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სატენდერო წინადადებას და არ გაზრდიდა მის ფასს, თუმცა კონკრეტულად დასაბუთებულ მსჯელობას, თუ რის საფუძველზე მიიჩნევდა აღნიშნულს, სადავო ოქმი არ შეიცავდა. ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასევე აღნიშნული იყო, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში წარდგენილი ტექნიკური დავალების 8.6 თავში (ინგლისური ვერსიის შემთხვევაში - 9.6 თავი) მოცემული იყო ტექნიკური დავალება, რაზეც პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას სთავაზობდა ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების პერიოდში ზემოაღნიშნული მოთხოვნისაგან (ინგლისური ვერსიის 9.6 თავის მე-2 პუნქტი/ცხრილი #ა) განსხვავებულ ვადებს SLA შემოთავაზების ცხრილის სახით. სატენდერო კომისია #11 ოქმში, რომლითაც მათ შორის მოთხოვნილ იქნა 9.6 თავის მეორე პუნქტით განსაზღვრული #1 ცხრილის დაზუსტება, დეტალურად არ მსჯელობდა, რამდენად გამოიწვევდა/არ გამოიწვევდა პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების არსებით ცვლილებას ან/და გაზრდიდა/არ გაზრდიდა სატენდერო წინადადების ფასს, შესაბამისად, საბჭოსთვის ბუნდოვანი იყო, თუ რის საფუძველზე მოახდინა სატენდერო კომისიამ პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება აღნიშნულ ნაწილში.
სატენდერო კომისიის 2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის #13 ოქმით ძალაში დარჩა სატენდერო კომისიის სხდომის #11 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტისთვის - „...ისთვის“ სატენდერო წინადადების დაზუსტების მიზნით მიმართვის თაობაზე. ამავე ოქმში მიეთითა კომისიის თავმჯდომარის - ნ.ი-ის მოსაზრება პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეკომენდაციო წერილებთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ...-ის და ...-ის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილები აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვინაიდან დასტურდება სულ მცირე ოთხი ანალოგიური პროექტის შესრულების დამადასტურებელი რეკომენდაციის არსებობა. ამავე კომისიის წევრმა - მ.კ-ემ დეტალურად განიხილა (9.3.1 თავის 7.1 პუნქტი; 9.3.2 თავის 6.2 პუნქტი, 9.3.3 თავის 3.2.3 და 3.3.1 პუნქტი, 9.3.4 თავის 2.3 პუნქტი, 9.3.6 თავის 4.2 პუნქტი, 9.4.2 პუნქტის 2.5 პუნქტი) პრეტენდენტისთვის - „...ისთვის“, სატენდერო წინადადების დაზუსტების მიზნით მიმართვა არსებითად შეცვლიდა თუ არა პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სატენდერო წინადადებას და გაზრდიდა თუ არა მის ფასს. დეტალური განხილვის შედეგად, კომისიის წევრი აღნიშნავს, რომ მიწოდებული ინფორმაციიდან არ დგინდება შემოთავაზების რომელიმე კომპონენტის შეუსაბამობა სატენდერო მოთხოვნებთან. იმის გამო, რომ სიტყვათა ერთობლიობა „ნაწილობრივ შეესაბამება“ კომისიამ ვერ ჩათვალა მკაფიოდ ვერც დადებითად და ვერც უარყოფით პასუხად, მოითხოვა დაზუსტება, რომ ნათელი და გასაგები ყოფილიყო, აკმაყოფილებდა თუ არა სატენდერო მოთხოვნებს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული წინადადება. სატენდერო დოკუმენტის 9.6 თავში გათვალისწინებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარემ - ნ.ი-მა კომისიის წევრებს მოახსენა, რომ 9.6 პუნქტის მე-6 ქვეპუნქტი საერთოდ არ განსაზღვრავს რეაგირების კონკრეტულ დროებს. რეაგირების კონკრეტულ დროებს განსაზღვრავს სატენდერო დოკუმენტის ტექნიკური დავალების 9.6 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტი და მასში მითითებული #1 ცხრილი, რომლის შესახებაც პრეტენდენტს შემოთავაზებაში მითითებული აქვს სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობის აღმნიშვნელი აბრევიატურა „c/შ“ და კომენტარის სახით მის გასწვრივ რაიმე მინიშნება არ არსებობს. ამრიგად, აღნიშნული პუნქტის მოთხოვნა უპირობოდ დაკმაყოფილებულია. შესაბამისობის მინიშნების (c/შ) არსებობის გამო შეუძლებელია, სატენდერო კომისიას ჩაეთვალა სატენდერო წინადადება სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამოდ და ამიტომ დისკვალიფიკაციის საფუძველი არ არსებობდა. 9.6 პუნქტის მე-6 ქვეპუნქტი არც კრძალავს და არც ითხოვს რაიმე დამატებითი ინფორმაციის ან ცხრილის მიწოდებას, ამიტომ პრეტენდენტის მიერ ამავე პუნქტის გასწვრივ მითითებული რაიმე ინფორმაცია (მოცემულ შემთხვევაში - ცხრილი) ვერ ჩაითვლებოდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძვლად, იგი არ არის სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამო. პრეტენდენტის - „...ის“ მიერ წარდგენილ იქნა დაზუსტებული სატენდერო დოკუმენტაცია, რაც სატენდერო კომისიამ განიხილა 2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე და #14 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ წარდგენილი წინადადება შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შპს „ი...მ“ კვლავ საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა სატენდერო კომისიის სხდომის #13 და #14 ოქმებით მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება და „...ის“ ტენდერიდან დისკვალიფიკაცია. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილმა დავების განხილვის საბჭომ განიხილა შპს „ი...ს“ საჩივარი და 2018 წლის 30 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის სრულად დაკმაყოფილების შესახებ; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა 2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის #13 და #14 ოქმებით მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება და „...ის“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასევე აღინიშნა, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 9.6 თავის მე-2 პუნქტის მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული, ვინაიდან პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში #1 ცხრილი წარდგენილია სატენდერო მოთხოვნებისგან განსხვავებული მონაცემებით, რასთან დაკავშირებითაც მითითებულია: Please see below Sla proposition/იხილეთ ქვემოთ SLA შემოთავაზება. სატენდერო კომისია დაზუსტების ოქმში მიუთითებს 9.6 თვის მე-6 პუნქტზე, სადაც, მათ შორის, მითითებულია „ინციდენტის აღმოფხვრისათვის საჭირო მოქმედებები და ვადები განსაზღვრული იქნება ურთიერთშეთანხმებით“, თუმცა საბჭომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ჩანაწერი არ არის კავშირში ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების პერიოდში გასაწევი მომსახურების ვადებთან. პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას სთავაზობს ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების პერიოდში ზემოაღნიშნული მოთხოვნისაგან (ინგლისური ვერსიის 9.6 თავის მე-2 პუნქტი/ცხრილი #1) განსხვავებულ ვადებს. ამდენად, საბჭომ პრეტენდენტის მიერ SLA შემოთავაზების სახით წარდგენილი ცხრილი მიაკუთვნა ტექნიკური დოკუმენტაციის (ინგლისურენოვანი ვერსიის) 9.6 თავის მე-2 პუნქტს, კერძოდ კი #1 ცხრილს და მიიჩნია, რომ პრეტენდენტმა წარადგინდა მოთხონილისგან განსხვავებული ვადები, თუმცა ამავე გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ მიაკუთვნა დავების განხილვის საბჭომ „...ის“ მიერ წარდგენილი, ტექნიკური დოკუმენტაციის 9.6 თავის მე-2 პუნქტით მოთხოვნილი #1 და #2 ცხრილების ანალოგიური ცხრილები ამავე პუნქტს და მიაკუთვნა მე-6 პუნქტის ფარგლებში SLA შემოთავაზების სახით წარდგენილი ცხრილი მე-2 პუნქტს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები ერთმანეთს არ შეესაბამება. საჩივრის ავტორის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია გამოცდილების დაუდასტურებლობის გამო. დავების განხილვის საბჭომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა პირის დისკვალიფიკაციის სამართლებრივ საფუძვლებზე და შპს „ი...ს“ პოზიციის საწინააღმდეგოდ აღნიშნა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია არ მოიცავდა დათქმას, თუ რა სახით იქნებოდა გამოკვეთილი სარეკომენდაციო წერილით მიმღების შესახებ ინფორმაცია. სარეკომენდაციო წერილის ინგლისურენოვან ვერსიაში ცალსახად არის მითითებული, რომ შესაბამისი საქონლის მიწოდება განხორციელდა კონკრეტულად ...-ისთვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 1.1 ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სულ მცირე 3 მსგავსი პროექტის შესრულების გამოცდილება, რის დამადასტურებლადაც წარდგენილი უნდა იყოს პროექტის მიმღები დაწესებულების მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია, სადაც ასახული იქნება აღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. სარეკომენდაციო წერილებთან მიმართებით პრეტენდენტის მიერ წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაცია არ მოიცავდა კოკრეტულ დათქმას, რა სახით იქნებოდა გამოკვეთილი მიმღების შესახებ ინფორმაცია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ სადავო გადაწყვეტილებაზე, რომელშიც მითითებულია, რომ პრეტენდენტის მიერ თავდაპირველად წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულში საბჭო მოიაზრებს თუ არა გამოცდილების შესახებ დამადასტურებელი ინფორმაციის შეუსაბამობას სატენდერო პირობებთან, რაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 1.1 ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული და რისი შეუსრულებლობაც უკვე წარმოადგენს დიკვალიფიკაციის საფუძველს, ბუნდოვანია და ცალსახად არ იკითხება. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ გამოცდილების დადასტურებასთან დაკავშირებით პრობლემები იყო, თუმცა უფრო კონკრეტულად ამ საკითხზე არგუმენტები არ დაფიქსირებულა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო აქტში ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, რომ სატენდერო კომისიას უნდა ემსჯელა სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში წარმოდგენილი ტექნიკური დავალების 8.6 თავში (ინგლისური ვერსია 9.6 თავი) მოცემული ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების წესთან მიმართებით და, რომ პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას სთავაზობს ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების პერიოდში ზემოაღნიშნული მოთხოვნისაგან (ინგლისური ვერსიის 9.6 თავის მე-2 პუნქტი/ცხრილი #1) განსხვავებულ ვადებს და პირობებს, რომელიც ადგენდა ალტერნატიულ პირობას, რის გამოც ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ თუკი არსებობს სატენდერო დავალებისა და პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შეუსაბამობა, როდესაც ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, რაც „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად უკვე წარმოადგენს დისკვალიფიკაციის საფუძველს, გაუგებარია საბჭოს სადავო გადაწყვეტილებაში დისკვალიფიკაციაზე მსჯელობა ამავე წესის 27.5 მუხლის საფუძველზე ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების პირობებში შეუსაბამობის (ალტერნატიული პირობების წარდგენის) საფუძვლით და მაშინ, როდესაც არაფერია აღნიშნული სარეზოლუციო ნაწილში „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დისკვალიფიკაციის მოთხოვნაზე, მით უფრო საჩივრის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების პირობებში.
ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ტექნიკური დავალების 9.6 თავის მე-2 პუნქტის ფარგლებში „...ის“ მიერ წარდგენილ იქნა #1 და #2 ცხრილები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ამავე პუნქტით დადგენილ ტექნიკურ დავალებასთან. რაც შეეხება დამატებით წარდგენილ ცხრილს ამავე თავის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით SLA შემოთავაზების სახით იქნა წარდგენილი, რომელიც მიზნად ისახავდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის შემდგომ კონკრეტულ გარემოებებზე ურთიერთშეთანხმების საკითხს, რომლის წარდგენაც არ იყო სავალდებულო. შესაბამისად, არასავალდებულო პირობის დაზუსტება/გაუქმება/ცხრილის წაშლა ვერ ჩაითვლება არსებით დაზუსტებად. „...ის“ მიერ 9.6 თავის მე-6 პუნქტის ფარგლებში SLA შეთავაზების სახით წარდგენილი, ხოლო შემდეგ გაუქმებული ცხრილი არსებითად არ ცვლიდა პრეტენდენტის პოზიციას ამავე პუნქტში სავალდებულო პირობასთან გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისათვის „...“ წარმოადგენდა პრეტენდენტს და არა მიმწოდებელს. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ წარდგენილი SLA შემოთავაზებაში მითითებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის შემდგომ განსახილველ საკითხს, მას, როგორც პრეტენდენტს, აღნიშნულის წარდგენის ვალდებულება არ ჰქონდა. შესაბამისად, შეთავაზების წაშლაც ვერ განიხილება პირობების არსებით დაზუსტებად. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ უსაფუძვლო იყო სადავო აქტში განვითარებული მსჯელობა ტექნიკური დოკუმენტაციის 9.6 თავთან მიმართებით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას სადავო აქტის შინაარსზე, რომელშიც მითითებულია, რომ „...ის“ მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 9.3.1 თავის 7.1 პუნქტში; 9.3.2 თავის 6.2 პუნქტში; 9.3.3 თავის 3.2.3 და 3.3.1 პუნქტებში; 9.3.4 თავის 2.3 პუნქტში; 9.3.6 თავის 4.2 პუნქტში; 9.4.2 პუნქტის 2.5 პუნქტში, პრეტენდენტს მითითებული აქვს - „PC/ნაწილობრივ შეესაბამება“, რომლის დაზუსტება სატენდერო კომისიამ პრეტენდენტს მოსთხოვა სხდომის #11 ოქმით. საბჭომ მიიჩნია, რომ „...ის“ მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში ზემოაღნიშნულ პუნქტებთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი -„PC/ნაწილობრივ შეესაბამება“, გამორიცხავს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების აღნიშნულ პუნქტებთან სრულ შესაბამისობას. აღნიშნულის გამო, საბჭომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის #13 და #14 ოქმებით მიღებული გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაში იყო სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან.
საკასაციო პალატა მიუთითებს სატენდერო კომისიის 2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის #13 ოქმზე, სადაც აღნიშნულია, რომ დეტალურად იქნა განხილული (9.3.1 თავის 7.1 პუნქტი; 9.3.2 თავის 6.2 პუნქტი, 9.3.3 თავის3.2.3 და 3.3.1 პუნქტი, 9.3.4 თავის 2.3 პუნქტი, 9.3.6 თავის 4.2 პუნქტი, 9.4.2 პუნქტის 2.5 პუნქტი), პრეტენდენტისთვის - „...ისთვის“ სატენდერო წინადადების დაზუსტების მიზნით მიმართვა არსებითად შეცვლიდა თუ არა პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სატენდერო წინადადებას და გაზრდიდა თუ არა მის ფასს. დეტალური განხილვის შედეგად, მიწოდებული ინფორმაციიდან არ დგინდება შემოთავაზების რომელიმე კომპონენტის შეუსაბამობა სატენდერო მოთხოვნებთან. იმის გამო, რომ სიტყვათა ერთობლიობა „ნაწილობრივ შეესაბამება“ კომისიამ ვერ ჩათვალა მკაფიოდ ვერც დადებითად და ვერც უარყოფით პასუხად, მოითხოვა დაზუსტება, რომ ნათელი და გასაგები ყოფილიყო, აკმაყოფილებდა თუ არა სატენდერო მოთხოვნებს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული წინადადება. „...ის“ მიერ წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტებით არსებული ბუნდოვანება აღმოიფხვრა, მან ჩანაწერის „ნაწილობრივ შეესაბამებას“ ნაცვლად მიუთითა „შეესაბამება“, პრეტენდენტს სხვა სახის დაზუსტება არ განუხორციელებია. სადავო პუნქტებთან მიმართებით გაკეთებული კომენტარები/განმარტებები დარჩა უცვლელი, შესაბამისად, პრეტენდენტის, სატენდერო პირობებთან მიმართებით, პოზიცია უცვლელი დარჩა. ამდენად, ირკვევა, რომ #13 ოქმით კომისიის მიერ დეტალურად იქნა თითოეული პუნქტი შესწავლილი და განხილული. დავების განხილვის საბჭომ სადავო გადაწყვეტილებით კი, ისე იქნა გაუქმებული აღნიშნული ოქმი, რომ დეტალური მსჯელობა თითოეულ პუნქტთან მიმართებით, კონკრეტული დარღვევის იდენტიფიცირების მიზნით, არ განუხორციელებია. საბჭო ძირითადად დაეყრდნო და დარღვევად მიიჩნია ჩანაწერი „ნაწილობრივ შეესაბამება“, რაც გამორიცხავდა სრულ შესაბამისობას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მხოლოდ ჩანაწერი - „ნაწილობრივ შეესაბამება“ ვერ განსაზღვრავს სატენდერო პირობებთან სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისობის საკითხს. არსებითად მნიშვნელოვანია შინაარსობრივად პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული წინადადებების სატენდერო მოთხოვნებთან რეალური შესაბამისობის შემოწმება და შეფასება. იმ პირობებში, როდესაც პრეტენდენტის პოზიცია მის მიერ გაკეთებული კომენტარებით ნათლად იკვეთება და იგი წინააღმდეგობაში არ მოდის შესაბამისობის ჩანაწერთან, როგორც სატენდერო კომისიამ, ასევე დავების განხილვის საბჭომ უნდა იხელმძღვანელოს პრეტენდენტის მიერ გაკეთებული იმ ჩანაწერით, რომელიც მის ნებას უფრო ვრცლად, ცხადად ასახავს და გამოხატავს. კომენტარში კონკრეტული ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებით განვითარებულ დეტალურ მსჯელობას უნდა მიენიჭოს უპირატესობა ჩანაწერებთან - „ნაწილობრივ შეესაბამება“ ან/და „შეესაბამება“ მიმართებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სადავო აქტით დავების განხილვის საბჭომ ისე გადაწყვიტა საკითხი, რომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არ იმსჯელა მათზე. კერძოდ, დეტალურად არ შეისწავლა ტექნიკური დავალების ზემოაღნიშნული პუნქტები და მათთან მიმართებით პრეტენდენტის მიერ გაკეთებული კომენტარები; არ იმსჯელა, პრეტენდენტის მიერ გამოთქმული დასაბუთებული პოზიცია სატენდერო პირობების შესრულებასთან მიმართებით (რაც სადავო პუნქტებთან მიმართებით დაფიქსირებულია ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისობის მატრიცაში) წარმოადგენდა თუ არა სრულ ან/და ნაწილობრივ შესრულებას; პრეტენდენტის პოზიციის გათვალისწინებით, საბჭოს მიერ მოთხოვნილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება არსებითად ცვლიდა თუ არა სატენდერო წინადადებას და რაში გამოიხატებოდა აღნიშნული ცვლილება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მხოლოდ აღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევისა და დასაბუთების შემდეგ არის შესაძლებელი სადავო საკითხზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა