Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-517(კ-22) 22 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.ა-იმ 2021 წლის 28 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და 2021 წლის 19 აგვისტოს სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 4 ივნისის №1000749180 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თ.ა-ისთვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 4 ივნისის №1000749180 გადაწყვეტილება, მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ.ა-ისთვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.

პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლზე და აღნიშნა, რომ ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე. ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ ან თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. სწორედ ამ ნორმებზე მითითებით სახელმწიფო სერვისების სააგენტოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა, რაც სააგენტოს სადავო აქტის გამოცემის საფუძველი გახდა.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ.ა-ი და ა.ტ-ა არიან დედა-შვილი. ა.ტ-ა … წლის … …ს დაიბადა საქართველოში. თ.ა-ის შვილის - ა.ტ-ას მიმართ გაცემულია საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2021 წლის 4 მაისიდან 2022 წლის 1 აპრილამდე. სწორედ აღნიშნული საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მიღების სამართლებრივ წინაპირობად მხოლოდ უცხოელის ოჯახის წევრის მიმართ გაცემული ბინადრობის ნებართვის არსებობას ითვალისწინებს, თუმცა სასამართლო, თავის მხრივ, აფასებს საქმეში წარმოდგენილ სხვა სახის მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლივად გაანალიზების შემდგომ არის შესაძლებელი განსახილველი საკითხის გადაწყვეტა. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 1 აპრილის შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე დასაქმებულია საქართველოში, შპს „...ში“. ხელშეკრულება მოქმედებდა 2022 წლის 1 აპრილამდე. გარდა ამისა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 2021 წლის 5 მაისის ნასამართლობის ცნობის თანახმად, თ.ა-ი არ იყო ნასამართლევი. ცნობა მოქმედებდა 6 თვის ვადით, მათ შორის, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების პერიოდშიც.

პალატამ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოპასუხე სააგენტოს მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილის უპირობოდ გაზიარება და მიუთითა ადმინისტრაციული ორგანოსადმი მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების მიუხედავად, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონიერების შეფასების შესაძლებლობაზე.

პალატამ აღნიშნა, რომ საკითხის გადაწყვეტის მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის თაობაზე ინფორმაცია და დამატებით მიუთითა, რომ ოჯახის გაერთიანების მიზნით ნებართვის გაცემისთვის საკმარისია არსებობდეს კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა. იმის გათვალისწინებით, რომ უტყუარად დასტურდება თ.ა-ის ირანის ისლამური რესპუბლიკის არასრულწლოვანი მოქალაქის ა.ტ-ას მშობლობის ფაქტი, რომლის მიმართაც გაცემულია საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელეს (დედას) - თ.ა-ს უნდა მიეცეს ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში ბინადრობის ნებართვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია ნორმატიულად დადგენილი პროცედურების სრული დაცვით. ბინადრობის სამართლებრივი ბუნება, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების შერჩევის დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს. სააგენტოს მიერ, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით (2021 წლის 3 ივნისის №SSG 9 21 00070949 წერილი), „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დადგინდა მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა. ამდენად, სააგენტომ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშედარების საფუძველზე მიიღო სადავო გადაწყვეტილება. სააგენტომ უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, რადგან საკითხი ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება სააგენტოს მიერ მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის გაზიარების, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების სხვაგვარად დაუსაბუთებლობის შესახებ. მოქმედი სამართლებრივი რეგულაციებიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებულია ისეთი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, რომლებიც სადავოს გახდის და გააბათილებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე. ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, თუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი (სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 4 ივნისის №1000749180 გადაწყვეტილება) სწორედ სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ გამოთხოვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის 3 ივნისის №SSG 9 21 00070949 წერილის საფუძველზე გამოიცა. ხსენებული წერილის შესაბამისად, მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იმ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო თ.ა-ისთვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის მოსარჩელის მიერ საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლიან ვარაუდს.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მიღების სამართლებრივ წინაპირობად უცხოელის ოჯახის წევრის მიმართ გაცემული ბინადრობის ნებართვის არსებობას ითვალისწინებს. მოცემულ საქმეში კი დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელეს ჰყავს შვილი - ა.ტ-ა, რომელიც 2014 წლის 15 მაისს დაიბადა საქართველოში და რომლის მიმართ გაცემულია საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2021 წლის 4 მაისიდან 2022 წლის 1 აპრილამდე ვადით. ამასთანავე, სადავო პერიოდში მოსარჩელე დასაქმებულ იყო საქართველოში და ამავე პერიოდში გაცემული ცნობის შესაბამისად, არ იყო ნასამართლევი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ ყოველთვის არ ქმნის განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად. ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წარდგენილ განცხადებაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არა მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნაში ასახული შედეგი, არამედ მისი დასაბუთებაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, არ დასტურდება ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლების არსებობა. ამასთანავე, არ დგინდება კერძო და საჯარო ინტერესების სათანადო ურთიერთშედარება. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის 3 ივნისის №SSG 9 21 00070949 წერილი, მისი შინაარსისა და საფუძვლების გათვალისწინებით, არ ქმნის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.

ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 18 აპრილის №27137 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ: 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ: 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 18 აპრილს №27137 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა

გენადი მაკარიძე