Facebook Twitter

ბს-1302(კ-20) 01 ივნისი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2020წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ.ა-მა 30.09.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 24.05.2019წ. №1209 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.03.2020წ. გადაწყვეტილებით ზ.ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 24.03.2019წ. №1209 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2020წ. განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.07.2016წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. კომისიის 02.05.2019წ. №23 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებითა და ამ გადაწყვეტილების შესაბამისად გამოტანილი 24.05.2019წ. №1209 განკარგულებით, ზ.ა-ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ში, ...ის ზონაში, №11 კორპუსის მიმდებარე 344 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. უარის თქმის საფუძვლად მიეთითა, რომ არ დასტურდებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონის ამოქმედებამდე არსებული კონფიგურაციით (საერთო ფართობი - 344 კვ.მ.) მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, ვინაიდან იგი მოიცავდა ე.წ „...ში“ განაწილებულ მიწის ნაკვეთს. კომისიამ მიუთითა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 05.04.2019წ. №17/20562 წერილში ასახულ ინფორმაციასა და მასზე დართულ ...ში მდებარე, ე.წ. „...ის ზონის“ მიწათსარგებლობისა და არსებული განაშენიანების არქიტექტურული მოწესრიგების სქემაზე, ასევე კომისიამ მიუთითა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანებით შექმნილი კომისია განიხილავდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით გადაგზავნილ მ.ბ-ის განცხადებას, კერძოდ, ზედდების გაუქმების საკითხს, რომელიც დადგინდა ქ. თბილისში, ...ში, ...ის ზონაში მდებარე 890 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მ.ბ-ის უფლების რეგისტრაციის მიზნით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონების (საკადასტრო კოდი ...) საკადასტრო მონაცემებს შორის. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კომისიას საქმეში არ ჩაურთავს დაიტერესებული პირები და არ გამოუკვლევია გარემოება მოცემული დავის სხვა პირთა, მათ შორის მ.ბ-ის ინტერესებთან შემხებლობის შესახებ. სადავო განკარგულების მიხედვით, კომისიამ დაადგინა, რომ განსახილველ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე, თუმცა არ დგინდებოდა იგივე პერიოდში მიწის ნაკვეთის შენობით დაუკავებელი ნაწილის მფლობელობა. მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტზე კომისიამ იმსჯელა არა ამ ფაქტის შესახებ მტკიცებულებების შეფასებით, არამედ სხვა გარემოების - მიწის მფლობელობის უფლების შესახებ მტკიცებულებების შეფასებით. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ მტკიცებულებები არ ყოფილა შეფასებული და გამოყენებული მათი შინაარსისა და დანიშნულების მიხედვით. კონკრეტულ დროს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის არსებობა უნდა დადგინდეს ობიექტურად შესაბამის დროს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით და მას ვერ გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის უფლების არსებობა, თუმცა ეს უკანასკნელი შეიძლება გახდეს საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხველი გარემოება, შესაბამისად, ზ.ა-ის განცხადების განხილვის პროცესში საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ზ.ა-ის მიერ განსახილველი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტზე უნდა ემსჯელა მის შესახებ არსებული მტკიცებულებების განხილვითა და შეფასებით, მხედველობაში მიეღო აეროფოტოგადაღების 2005 და 2010 წლების მონაცემები, რომელიც მკაფიოდ ასახავდა შესაბამის წლებში მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფარგლებს, რომელიც ცალსახად სცდებოდა შენობის კონტურებს, მოეპოვებინა დამატებითი მტკიცებულებები უშუალოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება მიწის ნაკვეთზე სხვა პირთა უფლებას, იგი უნდა ყოფილიყო გამოკვლეული, როგორც ცალკე გარემოება, მის დასადგენად უნდა ყოფილიყო საქმეში ჩართული სავარაუდო დაინტერესებული პირები და მათგან ზ.ა-ის მოთხოვნის მიმართ პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტა უნდა ყოფილიყო გადადებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მართლზომიერ მფლობელობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე. აღიარების კომისიის მიერ გასაჩივრებული აქტი არ არის საფუძვლიანად დასაბუთებული. კომისიას არც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.07.2016წ. გადაწყვეტილებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.07.2017წ. განჩინებით დავალებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე უმსჯელია და არ მიუცია შეფასება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ კომისიამ დაადგინა ზ.ა-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთის ნაწილზე ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. აეროფოტოებისა და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონის ამოქმედებამდე მოცემულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა. ამდენად, კომისიის 01.11.2018წ. გადაწყვეტილებით ზ.ა-ს დაევალა მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო/აზომვითი ნახაზის წარდგენა შენობის კონტურზე. განმცხადებელი არ დაეთანხმა კომისიის გადაწყვეტილებას და საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა თავდაპირველი მოთხოვნის ფარგლებში 344 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. კომისიამ წერილობით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთთან დაკავშირებით სააგენტოში დაცული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 05.04.2019წ. წერილით კომისიას ეცნობა, რომ სააგენტოს ბრძანებით შექმნილი კომისია განიხილავდა მ.ბ-ის წარმომადგენლის განცხადებაში დასმულ საკითხს, რომელიც სააგენტოს გადაეგზავნა საჯარო რეესტრიდან, კერძოდ, გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ...ში, ...ის ზონაში მდებარე 890 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მ.ბ-ის უფლების რეგისტრაციისას სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან დაფიქსირებული ზედდების გაუქმება. კომისიას ასევე გადაეგზავნა საჯარო რეესტრში დაცული ...ის, ე.წ. „...ის ზონის“ მიწათსარგებლობისა და არსებული განაშენიანების არქიტექტურული მოწესრიგების სქემა. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული დოკუმენტებით დგინდება, რომ ზ.ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოიცავს ე.წ. „...ის ...ში“ განაწილებულ მიწის ნაკვეთს. ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით არ დასტურდება ზ.ა-ის მიერ მოთხოვნილი კონფიგურაციით მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონის ამოქმედებამდე. კასატორმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს 14.07.2015წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე ͏№ბს-311-307(2კ-14)) და აღნიშნა, რომ სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამასთანავე, ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის. სასამართლომ ისე ცნო აქტი ბათილად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, რომ არ მიუთითებია კონკრეტულად რომელიც გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სასკ-ის 32.4 მუხლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ზ.ა-მა განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ში, ...ის ზონაში, კორპუსი №11, ფართი 2-ის მიმდებარედ 344 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. კომისიის 24.05.2019წ. №1209 განკარგულებით ზ.ა-ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კონფიგურაციით (344 კვ.მ.) მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, ასევე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. კომისიამ ასევე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 05.04.2019წ. წერილზე და ...ში, ე.წ. „...ის ზონაში“ მიწათსარგებლობისა და არსებული განაშნიანების არქიტექტურული მოწესრიგების სქემაზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ ზ.ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოიცავს ე.წ. „...ში“ განაწილებულ მიწის ნაკვეთს. საქმეში დაცული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 11.11.1998წ. დადგენილებით მ.ბ-ეს დაუმაგრდა დაახლოებით 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის ე.წ. „...ის ზონაში“. საჯარო რეესტრმა 18.04.2018წ. წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 11.11.1998წ. დადგენილებით გამოყოფილი 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მ.ბ-ის სახელზე 11.11.1998წ. მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 05.04.2019წ. წერილში აღნიშნულია, რომ „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების“ განმხილველი კომისია იხილავდა საჯარო რეესტრიდან გადაგზავნილ მ.ბ-ის წარმომადგენლის განცხადებას, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ში, ...ის ზონაში მდებარე 890 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან (საკადასტრო კოდი ...) დაფიქსირებული ზედდების გაუქმების თაობაზე. ამდენად, კომისიამ ისე დაადგინა ფაქტი იმის შესახებ, რომ ზ.ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოიცავს ე.წ. „ ...ში“ განაწილებულ მიწის ნაკვეთს, რომ არ შეუფასებია მ.ბ-ის განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მათ შორის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისადმი გაგზავნილი წერილი მიწის ნაკვეთის მდებარეობის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით და ამ წერილზე მიღებული პასუხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, კომისია სადავო აქტში არ მიუთითებს ...ში მდებარე ე.წ. ...ის ზონის მიწათსარგებლობისა და არსებული განაშენიანების არქიტექტურული მოწესრიგების სქემით განაწილებული მიწის ნაკვეთების რა ნაწილს მოიცავს ზ.ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი (წარმოდგენილი არ არის აღნიშნული ინფორმაციის ამსახველი შესაბამისი სიტუაციური გეგმა ან სხვა სახის დოკუმენტი), ასევე კომისია მართალია მიუთითებს მ.ბ-ის განცხადებასთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 05.04.2019წ. წერილში ასახულ ინფორმაციაზე, თუმცა არ უთითებს ვისზე განაწილდა ზ.ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი (ან მისი ნაწილი), რის საფუძველზე, ასევე საერთოდ არ მსჯელობს განსახილველ საკითხთან ამ პირ(ებ)ის ინტერესთა შემხებლობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებულ მხარეს მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა (სზაკ-ის მე-13 მუხ.). ხსენებულ მუხლში დეკლარირებული წესი ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნელოვანეს პრინციპთაგანია, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირების მაქსიმალურ დაცვას, რომლის უფლებებსაც შესაძლოა შეეხოს გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული პირები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და თავისი გავლენა მოახდინონ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად სწორი, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. სზაკ-ის 95.2 მუხლის დათქმიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოის მიერ არ იქნა განხორციელებული. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ სადავო აქტში მიუთითა მ.ბ-ის მიერ წარდგენილი განცხადების თაობაზე, არ უმსჯელია განსახილველი საკითხის მიმართ სხვა პირთა, მათ შორის მ.ბ-ის ინტერესების შემხებლობის თაობაზე. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2020წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი