Facebook Twitter

ბს-567 (კ-21) 08 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს...მა“ 15.03.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 20.09.2018წ. N04/50257 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 22.02.2019წ. N04/9236 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და პაციენტებისათვის - გ.მ-სათვის და მ.ო-სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2019წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმით სს „ს...ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ე...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.08.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს „ე...ს“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.2019წ. განჩინებით სს „ს...ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ე...“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.02.2021წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. გადაწყვეტილებით სს „ე...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.08.2019წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „ე...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 20.09.2018წ. N04/50257 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 22.02.2019წ. N04/9236 გადაწყვეტილება, სს „ე...ს“ სარჩელის მოთხოვნა პაციენტებისათვის - გ.მ-სათვის და მ.ო-სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებით მიხედვით, პაციენტები გ.მ-ი და მ.ო-ე მკურნალობდნენ სს ,,ს...ის" ... ჰოსპიტალში დიაგნოზით I63.9 თავის ტვინის ინფარქტი, დაუზუსტებელი. სამედიცინო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ პაციენტი გ.მ-, 08.04.2018წ. სს „ს...ის" ... ჰოსპიტალში შპს „ემ...ის“ მიერ გადაყვანილი იქნა ...ის სამედიცინო ცენტრ „უ...დან“ დაუზუსტებელი ინსულტის დიაგნოზით სომნოლენტურ მდგომარეობაში. დინამიკაში ჩატარებული თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევების საფუძველზე მარჯვენა ჰემისფეროში გამოვლინდა იშემიური ინსულტის კერა, რის საფუძველზეც დაესვა მითითებული დიაგნოზი და ჩაუტარდა I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. რაც შეეხება პაციენტ მ.ო-ეს, იგი 20.03.2018წ. შეიყვანეს სს „ს...ის" ... ჰოსპიტალში. მის დიაგნოზს თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე ასევე წარმოადგენდა I63.9 თავის ტვინის ინფარქტი, დაუზუსტებელი, რისთვისაც მასაც ესაჭიროებოდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება. მისი შემთხვევა ასანაზღაურებლად ასევე გადაცემული იქნა, როგორც I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებამ ვერ შეძლო თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის დისკების წარდგენა, რის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანო შეძლებდა დასმული დიაგნოზების და ჩატარებული ინტენსიური მკურნალობის აუცილებლობის დადასტურებას, მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა გ.მ-სთვისა და მ.ო-სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით და მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის საჭიროება წარდგენილი დიაგნოზით და ხანგრძლივობით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის დისკები მხოლოდ ერთ-ერთი მტკიცებულებაა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ერთობლივ შეფასებას, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მით უფრო, რომ აღნიშნული დისკების საფუძველზე გამოტანილი სამედიცინო დასკვნები წარმოდგენილია საქმეში. თავის მხრივ, აღნიშნული დასკვნებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის არსებითი ხასიათის შესაბამისობის შემთხვევაში, არამიზანშეწონილი იქნება უშუალოდ თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის დისკების წარუდგენლობის საფუძვლით გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმა, მით უფრო, რომ მოსარჩელე მხარე მიუთითებს დისკების წარუდგენლობის ობიექტურ მიზეზებზე, ხოლო კანონმდებლობა ამგვარი მტკიცებულების წარდგენას სავალდებულოდ არ ითვალისწინებს. პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო ვარაუდს იმის შესახებ, რომ სახეზე არ იყო წარდგენილი დიაგნოზის (თავის ტვინის ინფარქტის) არსებობა და I დონის ინტენსიური მოვლა/მკურნალობისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის საჭიროება მითითებული ხანგრძლივობით, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პაციენტებს არ სჭირდებოდათ ის სამედიცინო მომსახურებები, რომელიც ჩაუტარდათ, ანდა დასმული დიაგნოზის (I63.9 თავის ტვინის ინფარქტი) გამაქარწყლებელი დოკუმენტაცია, მით უფრო, როდესაც ექიმი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონის მე-6 მუხლის თანახმად, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ექიმს აქვს პაციენტის მდგომარეობის შეფასების, ასევე დიაგნოზისა და მკურნალობის ღონისძიებების განსაზღვრის შესაძლებლობა და უფლებამოსილება. ამასთან, დადგენილია, რომ პაციენტთა მდგომარეობა ჩატარებული მკურნალობის ფონზე გაუმჯობესდა და ისინი გაეწერნენ ბინაზე შემდგომი რეკომენდაციებით.

სააპელაციო პალატის მითითებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდული არ იყო სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მტკიცებულებებით, მას თავად შეეძლო, ამგვარი საკითხის გადასაწყვეტად, რაც სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა სხვა ნებისმიერი კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას. პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებულ სხვა სამედიცინო დოკუმენტაციასთან ერთად საქმეში დაცულ თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნებზე დაყრდნობით უნდა იქნეს დადგენილი პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე, რაც განაპირობებდა მათთვის გადაუდებელი დახმარების გაწევის ვალდებულებასა და I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის აუცილებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორმა აღნიშნა, რომ პაციენტები: გ.მ-ი და მ.ო-ე არიან საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების N1.3 დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები, რომლებიც 2018 წლის აპრილის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ სს „ს...ის“ ... ჰოსპიტალში. მიმწოდებლის მიერ პროგრამის ფარგლებში სამედიცინო შემთხვევები წარმოდგენილია გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით I63.9 თავის ტვინის ინფარქტი დაუზუსტებელი, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო დოკუმენტაციით გამოიკვეთა ეჭვი და სააგენტოს მხრიდან სამედიცინო დაწესებულებას მოეთხოვა დამატებით აღნიშნული პაციენტების თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის დისკების წარმოდგენა, რაც უტყუარი მტკიცებულება იქნებოდა დიაგნოზის დასადასტურებლად, თუმცა სამედიცინო დაწესებულებამ აღნიშნული დისკები არ წარმოადგინა, იმ მიზეზით, რომ მარტი-აპრილის თვეების ბაზები დაზიანდა და არ ექვემდებარებოდა აღდგენას. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევებს პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განესაზღვრათ სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. კასატორის მითითებით კომპიუტერული ტომოგრაფიის გარეშე შეუძლებელია ჩატარდეს ექსპერტიზა მოცემულ დიაგნოზზე. აღნიშნული მტკიცებულება არ წარმოდგენილა არც ადმინისტრაციულ საჩივარზე მიმდინარე წარმოებისას. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მითითება იმის თაობაზე, რომ უნდა შესწავლილიყო არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია, ვერ შეცვლიდა შედეგს, რადგან დოკუმენტაციის არასრულყოფილებაზე ისედაც არ მიუთითებდა ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, პაციენტები: გ.მ- და მ.ო-ე 2018 წლის აპრილის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ სს „ს...ის“ ... ჰოსპიტალში გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით I63.9 თავის ტვინის ინფარქტი დაუზუსტებელი, რომელთა მიმართ კლინიკამ განახორციელა I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. ინსპექტირების ეტაპზე აღნიშნულ შემთხვევებს განესაზღვრათ სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარმოდგენილი დიაგნოზითა და ხანგრძლივობით არ დადასტურდა. მოცემულ შემთხვევაში ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა პაციენტებისათვის ჩატარებული თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის დისკების წარუდგენლობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტები არ არის საკმარისად დასაბუთებული, გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან ვერ დგინდება თუ რომელ მტკიცებულებას დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია ის გარემოება, რომ პაციენტების დიაგნოზს არ წარმოადგენდა თავის ტვინის ინფარქტი (I63.9), ასევე რის საფუძველზე იქნა მიჩნეული, რომ პაციენტებს არ ესაჭიროებოდათ გადაუდებელი დახმარების გაწევა და I დონის ინტენსიური მოვლა/მკურნალობა მითითებული ხანგრძლივობით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის დისკები ერთ-ერთი მტკიცებულებაა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ერთობლივ შეფასებას, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ საქმეში დაცულია აღნიშნული დისკების საფუძველზე გამოტანილი ტომოგრაფიის დასკვნები, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ შეფასებულა, ანაზღურებაზე უარი დეტერმინირებული იყო მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ კომპიუტერული ტომოგრაფიის დისკები არ წარდგენილა, მაშინ როდესაც კანონმდებლობა ამგვარი მტკიცებულების წარდგენას სავალდებულოდ არ ითვალისწინებს. ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებების გამოკვლევის და მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების გარეშე მიიღო სადავო გადაწყვეტილება, რაც ქმნის დავის გადასაწყვეტად სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მხოლოდ სიტყვიერად მიუთითებს, რომ I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარმოდგენილი დიაგნოზითა და ხანგრძლივობით არ დასტურდება, ხოლო აღნიშნული მოსაზრების არგუმენტირებული დასაბუთება საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.07.2021წ. N19629 საგადახდო მოთხოვნით და 24.09.2021წ. N25134 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 539.66 ლარის 70% - 377.76 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი