Facebook Twitter

ბს-1185 (2კ-20) 08 ივნისი, 2022 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს „ ე...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.07.2020წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „მ...მ“ 19.02.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 25.10.2017წ. N04/66840 გადაწყვეტილების ნაწილობრივ (გარდა პაციენტების - შ.ჩ-ის, ს.ს-ას და ი.გ-ის შემთხვევების ნაწილისა (შეჩერებულია წარმოება), მ.ი-ის აღიარებული მომსახურების დაფინანსების ნაწილის და პაციენტების - ა.ა-ას, ლ.ზ-ის და ა.ბ-ის შემთხვევების ნაწილის) ბათილად ცნობის და პაციენტების - გ.ო-ის, გ.ჩ-ის, მ.ი-ის (სხვაობის თანხა მოთხოვნილ და ანაზღ. დაქვ. თანხებს შორის - 1568.16-1425.60=142.56 ლარი), მ.ჭ-ის შემთხვევების ანაზღაურების, ასევე N2 დანართით განსაზღვრული პაციენტების შემთხვევების (პაციენტები: გ.ბ-ი, დ.ნ-ი, ნ.გ-ე, ნ.ნ-ი, მ.ი-ი, ი.ს-ი, ნ.კ-ი, ნა.კ-ი, უ.ა-ი, მ.ა-ნ, ი.ს-ვ, მ.ლ-ი, ე.ა-ი, ბ.გ-ი, გ.ქ-ი, ნ.პ-ი, ა.ი-ი, თ.ბ-ა, ა.გ-ა, ნ.მ-ი) სხვაობის თანხების (12603.16 ლარი) - ჯამში 14418.40 ლარის ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.02.2018წ. N04/5798 გადაწყვეტილების ნაწილობრივ (გარდა პაციენტების - შ.ჩ-ის, ს.ს-ს და ი.გ-ის შემთხვევების ნაწილისა (შეჩერებულია წარმოება), მ.ი-ის აღიარებული მომსახურების დაფინანსების (ნაწილისა) და გარდა პაციენტების - ა.ა-ას, ლ.ზ-ის და ა.ბ-ის შემთხვევების ნაწილის) ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.12.2018წ. განჩინებით მოსარჩელე შპს „ მ...-ოს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ ე...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.05.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 01.02.2018წ. N04/5798 გადაწყვეტილება შპს „ მ...ოს“ 16.11.2017წ. N1816/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“, კერძოდ პაციენტების გ.ო-ის, გ.ჩ-ის და მ.ჭ-ის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 25.10.2017წ. N04/66840 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ პაციენტების გ.ი-ის, გ.ჩ-ის და მ.ჭ-ის (სამედიცინო შემთხვევის N..., ..., ...) ნაწილში და მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სს „ე...ის“ (პაციენტების გ.ო-ის, გ.ჩ-ის და მ.ჭ-ის ნაწილში) მიმართ; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სს „ე...მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.07.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 25.10.2017წ. N04/66840 გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტი მ.ი-ი 2017 წლის მაისის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა შპს „მ...ში" გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით სხვა ცალკე აღებული თითის ტრავმული ამპუტაცია (მთლიანი) (ნაწილობრივი). შემთხვევა დაექვემდებარა ანაზღაურებას კლინიკის მიერ განფასებული ტარიფის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 22.4 პუნქტის თანახმად, რასაც მიმწოდებელი არ დაეთანხმა. აქედან გამომდინარე, ინსპექტირების ეტაპზე N1143422826 სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების, N1 დანართის, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის თანახმად. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება და აღნიშნა, რომ მოპასუხემ 25.10.2017წ. №04/66840 გადაწყვეტილებით მართლზომიერად მიიჩნია, რომ მ.ი-ის შემთხვევა ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ნაწილობრივ და ამგვარი დასკვნის დასაბუთებულობის საწინააღმდეგო ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები მოსარჩელის მხრიდან მითითებული არ ყოფილა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 25.10.2017წ. N04/66840 გადაწყვეტილების N2 დანართით განსაზღვრული პაციენტების (გ.ბ-ი, დ.ნ-ი, ნ.გ-ე, ნ.ნ-ი, მ.ი-ი, ი.ს-ი, ნ.კ-ი, ნა.კ-ი, უ.ა-ი, მ.ა-ნ, ი.ს-ვ, მ.ლ-ი, ე.ა-ი, ბ.გ-ი, გ.ქ-ი, ნ.პ-ი, ა.ი-ი, თ.ბ-ა ა.გ-ა, ნ.მ-ი) სხვაობის თანხების (12603.16ლარი) - ჯამში 14418.40 ლარის ოდენობით მოპასუხისათვის ანაზღაურების დავალება. სააპელაციო პალატამ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 25.10.2017წ. N04/66840 გადაწყვეტილებაზე მითითებით აღნიშნა, რომ კლინიკას გაეგზავნა იმ შემთხვევათა ჩამონათვალი (დანართი 2), სადაც ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ხარჯები ანაზღაურდა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 25.04.2017წ. N208 დადგენილების შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 31.03.2015წ. N04-92/ო ბრძანებაში შეტანილი ცვილილებების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 25.04.2017წ. N208 დადგენილებით ცვლილება განხორციელდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებაში, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების N1 დანართის 22-ე მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) განსაზღვრული მომსახურების (მ.შ. კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის საწოლებზე უწყვეტად 14, 21 და 45 დღის შემდეგ დაყოვნება, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმა) და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების (გადაუდებელი თერაპია), №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.ა.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობების (გარდა ინფექციური დაავადებებისა) ანაზღაურება ხდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ტარიფისა. განმახორციელებლის მიერ ტარიფის გამოთვლა ხდება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ, ბოლო 1 წლის განმავლობაში წარდგენილი ტარიფების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გასაშუალოებული სიდიდის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 25.04.2017წ. N208 დადგენილების მე-2 მუხლით განისაზღვრა დადგენილების ამოქმედების თარიღი, კერძოდ მიეთითა, რომ დადგენილება უნდა ამოქმედებულიყო 2017 წლის 1 მაისიდან.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის 2017 წლის 1 მაისიდან მოქმედი ფასების გავრცელებას იმ პაციენტებზე, რომლებიც 2017 წლის 1 მაისამდე მოთავსდნენ სამედიცინო დაწესებულებაში. კლინიკა ითხოვს 2017 წლის 1 მაისამდე დამდგარი შემთხვევების ანაზღაურებას შემთხვევის დადგომის მომენტში მოქმედი დადგენილების მიხედვით. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას და მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ხსენებული ნორმა გულისხმობს კანონისთვის ნამდვილი (რეტროაქტიული) უკუძალის მინიჭებას, წარსულში მომხდარ და წარსულშივე დასრულებულ ურთიერთობებზე ზემოქმედებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ახალი კანონი ზემოქმედებს დენადი სამართალურთიერთობის მონაწილეთა უფლებამოვალეობებზე კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან, რასაც არ გამორიცხავს „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლი. ახალი კანონი ვრცელდება არა მხოლოდ მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, არამედ აგრეთვე მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართალურთიერთობაზე, თუ ეს ურთიერობა გძელდება მისი ძალაში შესვლის შემდეგაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელის პოზიციის გაზიარების და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 25.10.2017წ. N04/66840 გადაწყვეტილებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ პაციენტები: გ.ო-ი და გ.ჩ-ი 2017 წლის მაისის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ შპს

„მ...ში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით დიაგნოზით „არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი, დაუზუსტებელი“. სადავი აქტის მიხედვით, აღნიშნული დიაგნოზი WHO-ს რეკომენდაციით უნდა მართოს პირველადი ჯანდაცვის რგოლმა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო შემთხვევებს: N..., ..., განესაზღვრათ სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, N1 დანართის, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, “ე“ ქვეპუნქტის თანახმად.

პაციენტი მ.ჭ-ი 2017 წლის მაისის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა შპს „მ...ში" გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით ნეკროზული ვასკულოპათია, დაუზუსტებელი. ინსპექტირების ეტაპზე N... სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის N36-ე დადგენილების დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის,“ე“ქვეპუნქტის თანახმად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული მედიცინის დოქტორის, ... კავშირის ,,...“ თავმჯდომარის ნ.ყ-ის 10.04.2018წ. N04/15 (...ის დეპარტამენტი) წერილის მიხედვით პაციენტები: გ.ჩ-ი და გ.ო-ი ნამდვილად საჭიროებდნენ გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას. რაც შეეხება მ.ჭ-ს, საქმეში წარმოდგენილია ა(ა)იპ ....ის წევრის, ....ის ასოცირებული პროფესორის, თ.კ-ის 01.03.2018წ. რეცენზია, რომლის თანახმად ყველა პაციენტი დიაგნოზით ვასკულოპათია, ნეკროზული, დაუზუსტებელი, საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას და მეთვალყურეობას. აღნიშნული განპირობებულია დაავადების თავისებურებით, გართულებების მაღალი სიხშირით და მძიმე მიმდინარეობით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ისე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება. სადავო აქტი დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება თუ გარემოება წარმოშობდა სს „ე...ის“ მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გადმოცემული არ არის, არ იკვეთება საქმეში დაცული მონაცემების საფუძველზე, თუ რატომ მიიჩნია სააგენტომ პაციენტების გ.ო-ის, გ.ჩ-ის და მ.ჭ-ის სამედიცინო შემთხვევებში, რომ არ დასტურდებოდა სტაციონარული კომპონენტის ფარგლებში მომსახურების აუცილებლობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.07.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სს „ე...ის“ მიერ.

კასატორმა - სს „ე...მა" აღნიშნა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 25.04.2017წ. N208 დადგენილების თანახმად, განხორციელდა რიგი ცვლილებები საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. 36-ე დადგენილებაში. აღნიშნულმა ცვლილებებმა მოიცვა კრიტიკული მდგომარებების/ინტენსიური თერაპიის ფასებიც. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 31.03.2015წ. N04-92/ო ბრძანებით კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის ტარიფები განისაზღვრებოდა შესაბამისი თანხებით, დაყოვნებით 21 ს/დ-ის ჩათვლით და 21 ს/დ-ის შემდეგ, ხოლო ამავე ბრძანებაში 28.04.2017წ. N04-263/ო ბრძანებით შესული ცვლილებების შემდეგ, აღნიშნული ტარიფები დაყოფილია პერიოდებზე დაყოვნებით 14 ს/დ-მდე, 14 ს/დ-დან 21 ს/დ-მდე, 21 ს/დ-დან 45 სდ-მდე და 45 ს/დ-ს შემდეგ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 25.10.2017წ. №04/66840 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ყველა პაციენტის შემთხვევაში, ცვლილებით გათვალისწინებული ტარიფებით გაანგარიშებული თანხები ბევრად ნაკლებია, ვიდრე 2017 წლის 01 მაისამდე პერიოდში. აპელანტის განმარტებით, სასამართლო არასწორად განმარტავს ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 24-ე მუხლს.

კასატორი მიუთითებს, რომ უკუძალა შესაძლოა იყოს ორი ტიპის: ნადვილი (რეტროაქტიული) და არანამდვილი (რეტროსპექტრული). ნამდვილი უკუძალა სახეზეა, როდესაც კანონი მოგვიანებით, ანუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ახორციელებს წარსულში მოწესრიგებული, ამოწურული და რეალიზებული ფაქტობრივი ელემენტების ცვლილებას და ამით იჭრება მის სფეროში. ნამდვილი უკუძალა, რომელიც ერევა წარსულში დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობაში, განსხვავდება აწმყო დროის, აქტუალური და ჯერ ამოუწურავი ფაქტობრივი ელემენტების სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში ჩარევისა და მათზე ზეგავლენისგან (ე.წ. არანამდვილი (რეტროსპექტრული) უკუძალა). ამ დროს სახეზეა წარსულში დაწყებულ და აწმყოში მიმდინარე სამართალურთიერთობაში ჩარევა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არანამდვილი უკუძალა დასაშვებია, ის დაუშვებელია გამონაკლის შემთხვევებში, თუ: ა) კანონი ახდენს ისეთ ჩარევას, რომელსაც სამართალსუბიექტი ვერ გაითვალისწინებდა და შესაბამისად, თავის მოქმედებასაც ვერ შეუსაბამებდა დაგეგმილ ცვლილებას; ბ) მოქალაქის ნდობა უფრო მეტ დაცვას იმსახურებს, ვიდრე კანონით დაგეგმილი ცვლილება. ამ დროს შეიძლება ჩაითვალოს, რომ კანონი თანაზომიერების პრინციპის შეუსაბამო და არაკონსტიტუციურია. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სწორედ საგამონაკლისო შემთხვევა, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებას შეიძლება უარი ეთქვა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში 14 დღეზე მეტი ვადით გაჩერებული პაციენტის მომსახურებაზე/მიღებაზე (კანონის ფარგლებში), იმ შემთხვევაში, თუ მას წინასწარ, გონივრული დროით ადრე მაინც ეცოდინებოდა ცვლილებების (ასანაზღაურებელი თანხის შემცირების) შესახებ, რისი საშუალებაც მას არ მისცემია, რადგან აღნიშნული ცვლილებები მისთვის ცნობილი გახდა ამ ცვლილებების დადგომამდე 3 კალენდარული დღით ადრე. ამრიგად, მსგავსი ჩარევის გათვალისწინება მას არ შეეძლო და ვერც მოქმედებას შეუსაბამებდა განხორციელებულ ცვლილებას.

კასატორი აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ სააგენტოს დირექტორის 18.08.2015წ. N04- 241/ო ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის თანახმად, შემთხვევას წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებული მკურნალობის ეპიზოდი სამედიცინო მომსახურების დაწყების მომენტიდან მის დასრულებამდე, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე პროგრამულ შემთხვევას. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მხარეები პროგრამის განხორციელებისას იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული პაციენტის მომსახურება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის წარმოშობს ანაზღაურების ვალდებულებას, ხოლო მომსახურებისა და ანაზღაურების წესი და პირობები თანხმდება თითოეული პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში შემოსვლის მომენტში, შესაბამისი შეტყობინების დაფიქსირებით, განმახორციელებული ვალდებულია იხელმძღვანელოს კონკრეტულ პაციენტთან მიმართებით შეთანხმებული პირობებით და ანაზღაურება გასცეს პაციენტის შემოსვლისას შეთანხმებული ტარიფით, სრულად და დროულად. კასატორის მითითებით, სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობებში, მიმწოდებელი არაა უფლებამოსილი ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობა, განმახორციელებლის დასტურის გარეშე. ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები თავად იღებენ ვალდებულებებს და თავად განსაზღვრავენ მსგავსი ვალდებულებების ფარგლებს, დაუშვებელია მხარის მიერ ცალმხრივად, მეორე მხარის ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდეს ნაკისრი ვალდებულების ფარგლების შეცვლა. სახელშეკრულებო ურთიერთობაში უკვე დამდგარ შემთხვევაზე ანაზღაურების ტარიფის ცვლილება დაუშვებელია როგორც სამართლის ძირითადი ნორმების გათვალისწინებით, ასევე, იმის გამოც, რომ აღნიშნული ზიანის მომტანია მიმწოდებლისთვის. ეს ყოველივე ცალსახად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სამედიცინო დაწესებულებას, როგორც მიმწოდებელს, ხელშეკრულების ორივე მხარე უნდა იყოს თანაბარ პირობებში, მაშინაც კი, თუ ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა. აღნიშნულის გათვალისწინებით 2017 წლის 01 მაისამდე დამდგარი შემთხვევები ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს შემთხვევის დადგომის მომენტში მოქმედი დადგენილების მიხედვით.

რაც შეეხება პაციენტ მ.ი-ის შემთხვევას, პაციენტის მდგომარეობის სიმწვავისა და მკურნალობის სირთულის გამო, სამედიცინო მომსახურების ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 1965,46 ლარი. კლინიკას ერთსა და იმავე კოდზე შეიძლება ჰქონდეს ერთზე მეტი თანხობრივი განფასება, რაც განპირობებულია კონკრეტული შემთხვევის ფარგლებში მდგომარეობის სიმძიმით, მკურნალობის სირთულით, პავიენტის დაყოვნებითა და სხვა ფაქტორებით. შემთხვევის შესახებ ანაზღაურება კლინიკის მიერ მოთხოვნილია მაღალთანხიანი ტარიფით - 1568,16 ლარით, რაც შესაბამისი წესით ფიქსირდება პორტალზე. კასატორი მიუთითებს N36 დადგენილების მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, 22.4 მუხლზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს და შეიცავს სამართლებრივ უსწორობებს, შესაბამისად არსებობს მათი გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2021წ. განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ხოლო სს „ ე...ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ 10.02.2021წ. განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და დასაშვებობის შემოწმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2021წ. განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს განცხადება არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2021წ. განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ე...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი (იხ. 17.12.2021წ. Nბს-894(კ-20) სუსგ). სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, სადავოდაა გამხდარი საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, 2017 წლის 1 მაისიდან მოქმედი ფასების გავრცელების კანონიერება იმ პაციენტებზე, რომლებიც 2017 წლის 1 მაისამდე მოთავსდნენ სამედიცინო დაწესებულებაში. კლინიკა ითხოვს 2017 წლის 1 მაისამდე დამდგარი შემთხვევები ანაზღაურებას დაექვემდებაროს შემთხვევის დადგომის მომენტში მოქმედი დადგენილების მიხედვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 25.04.2017წ. N208 დადგენილებით ცვლილება იქნა შეტანილი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებაში, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების N1 დანართის 22-ე მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) განსაზღვრული მომსახურების (მ.შ. კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის საწოლებზე უწყვეტად 14, 21 და 45 დღის შემდეგ დაყოვნება, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმა) და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების (გადაუდებელი თერაპია), №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.ა.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობების (გარდა ინფექციური დაავადებებისა) ანაზღაურება ხდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ტარიფისა. განმახორციელებლის მიერ ტარიფის გამოთვლა ხდება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ, ბოლო 1 წლის განმავლობაში წარდგენილი ტარიფების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გასაშუალოებული სიდიდის შესაბამისად.“ აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 25.04.2017წ. N208 დადგენილება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 26.04.2017წ. გამოქვეყნდა, ხოლო ზემოაღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლით განისაზღვრა მისი ამოქმედების თარიღი, კერძოდ მიეთითა, რომ დადგენილება უნდა ამოქმედებულიყო 2017 წლის 1 მაისიდან. ამასთანავე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 31.03.2015წ. N04-92/ო ბრძანებით კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის ტარიფები განისაზღვრებოდა შესაბამისი თანხებით, დაყოვნებით 21 ს/დ-ის ჩათვლით და 21 ს/დ-ის შემდეგ, ხოლო ამავე ბრძანებაში 28.04.2017წ. N04-263/ო ბრძანებით შესული ცვლილებების შემდეგ, აღნიშნული ტარიფები დაყოფილია შემდეგ პერიოდებზე დაყოვნებით 14 ს/დ-მდე, 14 ს/დ-დან 21 ს/დ-მდე, 21 ს/დ-დან 45 სდ-მდე და 45 ს/დ-ს შემდეგ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარის მიერ საქართველოს მთავრობის 25.04.2017წ. N208 დადგენილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 28.04.2017წ. N04-263/ო ბრძანების ამოქმედებამდე შემთხვევების ანაზღაურება განხორციელდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათ შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების პირობების შესაბამისად არსებული რედაქციით და მხოლოდ პირველი მაისიდან მოხდა მოპასუხე მხარის მიერ ახალი რედაქციის გავრცელება (სააპელაციო სასამართლოს 28.07.2020წ. სხდომის ოქმი, 12:28:20 სთ.)

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 24-ე მუხლი გულისხმობს ნორმის ნამდვილი რეტროაქტიული ძალის აკრძალვას. რაც შეეხება არანამდვილ (რეტროსპექტიულ) უკუძალას, - განგრძობადი ურთიერთობების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალში ის სავსებით დასაშვებია (იხ. მაგ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ხონიაკინა საქართველოს წინააღმდეგ“). არანამდვილი უკუძალა არ ხელყოფს პირის სამართლებრივ უსაფრთხოებას, ნდობის დაცვის პრინციპს, არ არის უფლების შემლახავი. ნორმის ძალაში შესვლის მომენტიდან უფლება-მოვალეობებზე ზემოქმედება მისი საყოველთაობის გამოვლენაა და არ არის დამოკიდებული საკანონმდებლო აქტში მისი მოქმედების წესის აღნიშვნაზე. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სადავო ურთიერთობის მიმართ ნორმის უკუძალის, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების რეტროაქტიულობის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ აქვს არა პირდაპირი, ანუ ნამდვილი რეტროაქტიული ძალა, არამედ არაპირდაპირი, არანამდვილი უკუძალა (როდესაც ნორმა ეხება ამჟამინდელ, მიმდინარე და ჯერ კიდევ დაუსრულებელ სამართლებრივ ურთიერთობებს). კანონის ცვლილებები ზემოქმედებს კანონის მიღებამდე წარმოშობილი სამართალურთიერთობების მომავალში განვითარებაზე, კანონი ცვლის სამართალურთიერთობის მონაწილეთა უფლებამოვალეობებს კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან, რასაც არ გამორიცხავს „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 24-ე მუხლი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების საaგენტოს 18.08.2015წ. N04-241/ო ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად შემთხვევას წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებული მკურნალობის ეპიზოდი სამედიცინო მომსახურების დაწყების მომენტიდან მის დასრულებამდე, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე პროგრამულ შემთხვევას. განსახილველ სადავო შემთხვევებში, ცვლილების ამოქმედების დროს, პაციენტები მკურნალობას გადიოდნენ სამედიცინო დაწესებულებაში და მათი მკურნალობის ეპიზოდი არ იყო დასრულებული. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების რეტროაქტიულობის გამოყენება სადავო ურთიერთობების გადაწყვეტისას, ამასთან, სახეზე არ არის კასატორის მიერ მითითებული რეტროაქტიულობის დაუშვებლობის საგამონაკლისო შემთხვევები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის მიერ კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 25.04.2017წ. N208 დადგენილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 28.04.2017წ. N04-263/ო ბრძანება, მათი კანონიერების შეფასება სცილდება განსახილველი დავის საგანს. ამასთანავე, არ არსებობს სასამართლოს მიერ ინციდენტური კონტროლის განხორციელების საფუძველი, ვინაიდან ხსენებული კანონქვემდებარე აქტების გარდა საკითხი იერარქიულად უფრო მაღალი დონის ნორმატიული აქტებით მოწესრიგებული არაა.

კასატორი სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებზე მითითებით აღნიშნავს, რომ დაწესებული ცვლილებებით კლინიკა არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება ადმინისტრაციულ ორგანოსთან შედარებით. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება სამედიცინო დაწესებულებებისათვის ნებაყოფლობითია და დამოკიდებულია მათ მიერ პროგრამაში მონაწილეობის სურვილის გაცხადებაზე. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 4.2 მუხლის თანახმად პროგრამა და თანდართული დანართები, ამ პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი - სს „ე...ი“ წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებულ მიმწოდებელს, რომელმაც ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი და განაცხადა თანხმობა პროგრამაში მონაწილეობაზე, შესაბამისად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მითითება პროგრამით გათვალისწინებული ურთიერთობის ფარგლებში მიმწოდებლისათვის არათანაბარი პირობების შექმნის თაობაზე.

რაც შეეხება პაციენტ მ.ი-ის შემთხვევას, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ აღნიშნული შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას კლინიკის მიერ განფასებული ტარიფის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 22.4 მუხლის შესაბამისად. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მხოლოდ სიტყვიერად მიუთითებს, რომ მოცემული შემთხვევის ანაზღაურება უნდა მოხდეს კლინიკის მიერ მოთხოვნილი მაღალთანხიანი ტარიფით, თუმცა აღნიშნული მოსაზრების არგუმენტირებული დასაბუთება საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არ არის.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს „ე...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ ე...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.07.2020წ. განჩინება;

3. სს „ე...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.01.2021წ. N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი