Facebook Twitter

№ბს-809(კ-20) 2 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 11 ივლისს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე შპს „...ის“ მიმართ. მოსარჩელემ შპს „...სათვის“ 214,83 ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „...ს“ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისრა 214,83 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ 2019 წლის 01 მაისის №277 ურთიერთშეთანხმების აქტი წარმოადგენდა ვალის აღიარების დოკუმენტს და აღნიშნა, რომ შპს „მ...მა“ (ს/კ ...) 2019 წლის 12 აპრილს დაცვის პოლიციის სამმართველოს ანგარიშზე შეიტანა თანხა 215.00 ლარი. 2019 წლის 30 აპრილის მდგომარეობით თანხის ბრუნვის ელ. პროგრამის ამონაწერის მიხედვით, მოპასუხე კომპანიას უფიქსირდებოდა ვალი - 214. 83 ლარი. 2019 წლის 01 მაისის №277 ურთიერთშეთანხმების აქტით მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების შესახებ 03.01.2014 წ. №4 ხელშეკრულების შეწყვეტაზე 2019 წლის 01 მაისიდან. ამავე დოკუმენტში მითითებულია ვალის ოდენობა - 214. 83 ლარი (იმავე ოდენობით რაც ფიქსირებული იყო თანხის ბრუნვის დოკუმეტში 30.04.2019 წ. მდგომარეობით). როგორც აღინიშნა, 2019 წლის 01 მაისს მოპასუხე კომპანიას აპრილის თვის მომსახურების თანხაში ჩაეთვალა 2019 წლის 12 აპრილს „მ...ის“ მიერ გადახდილი 215.00 ლარი, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაზიარებელს ხდიდა შპს „...ის“ პოზიციას, რომ მან 01.05.2019 წ. №277 ურთიერთშეთანხმების დოკუმენტით აღიარებული ვალი (214. 83 ლარი) გადაიხადა - 01.05.2019 წ. გადახდილად ჩათვლილი 215 ლარით.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ - ხაზინაში ბანკით შემოსულობის აღრიცხვის დოკუმენტზე (ელექტრონული ბაზიდან ამონაბეჭდი), რომელშიც დეტალურად არის მითითებული ტრანზაქციის მხარეები (განმახორციელებელი/მიმღები), თანხის ოდენობა, მისი გადახდის თარიღი, დანიშნულება და ა.შ. თითოეული გადახდის გასწვრივ მითითებულია თუ რომელი თვის მომსახურების საფასურია გადახდილი (მაგალითად: 2015 წლის 26 იანვარს გადახდილი იანვრის თვის გადასახადი 210.00 ლარი, 2015 წლის 12 თებერვალს _ თებერვლის თვის გადასახადი 210.00 ლრი და ა.შ.), ანალოგიურად გრძელდება 2016-2018 წლებში და 2019 წლის ოთხ თვეში. მათ შორის, 2019 წლის 12 აპრილს სხვა კომპანიის (შპს „მ...ის“) მიერ დაცვის პოლიციის ანგარიშზე შეტანილი თანხა, ამავე დოკუმენტიდან გამომდინარე, ჩათვლილია შპს „...“ის მიერ 2019 წლის აპრილის თვის ვალდებულების შესრულებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პერიოდულად შესასრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდებოდა 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველომ 2014 წლის თებერვლის თვის (ერთი თვის) დავალიანების 214. 83 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი აღძრა 2019 წლის 11 ივლისს, 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეებს შორის 2019 წლის 01 მაისს გაფორმებული №277 ურთიერთშეთანხმება, როდესაც აღნიშნული არ მიიჩნია ვალის აღიარების დოკუმენტად და არასწორად გამოიყენა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 129-ე მუხლები.

კასატორის მითითებით, ის ფაქტი, რომ 2019 წლის 12 აპრილს შპს „მ...ის“ მიერ გადახდილი - 215 ლარით დაიფარა მოწინააღმდეგე მხარის მიერ ურთიერთშეთანხმებაში აღიარებული ვალი - 214,83 ლარი სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ურთიერთშეთანხმების შედგენის მომენტისათვის შპს „...ის“ დავალიანება დაცვის პოლიციის მიმართ - 429,83 ლარს შეადგენდა. მას შემდეგ რაც მოწინააღმდეგე მხარემ 2019 წლის 01 მაისს განცხადებით მიმართა და ითხოვა 2019 წლის 12 აპრილს გადახდილი თანხა ჩაეთვალა შპს „...სათვის“ დაცვის მომსახურეობის თანხად (საქმეში დევს აღნიშნული განცხადება, რომელსაც თან ერთვის საგადასახადო დავალება) მოხდა აღნიშნული თანხის გადატანა შპს „...ს“ ბარათზე და შპს...ს დავალიანება 2019 წლის 01 მაისისათვის დაცვის პოლიციის მიმართ დარჩა - 214,83. სწორედ აღნიშნულ ნარჩენ დავალიანებაზე 2019 წლის 01 მაისს შედგა №277 ურთიერთშეთანხმება, რითაც მოვალემ გამოხატა მზაობა სადავო თანხის გადახდის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლოში დავის საგანს მოპასუხისათვის 214,83 ლარის დაკისრება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2014 წლის 03 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს „...ს“ შორის გაფორმდა №4 ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო უზრუნველყოფდა შპს „...ის“ ...ის ობიექტის დაცვას, რომელიც მდებარეობს - ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩის №11/13-ში.

2014 წლის 3 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს „...ს“ შორის გაფორმდა №4 ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო უზრუნველყოფდა ...ს სამმართველოს დაცვის ქვეშ მყოფ შპს „...ის“ ...ის ობიექტში, რომელიც მდებარეობს - ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩის №11/13-ში.

მოპასუხე კომპანიის ...ის ობიექტის დაცვის შესახებ 2014 წლის 3 იანვრის №4 ხელშეკრულების მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ ანგარიშსწორების პირობებზე. კერძოდ, 2.1. პუნქტით „შემსრულებლის“ მომსახურების ღირებულება ერთ თვეში განისაზღვრა - 215 ლარით. 2.2. პუნქტით ასევე შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორება მხარეთა შორის მოხდებოდა ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს; 2.3. პუნქტით „შემსრულებლის“ მომსახურების საგადასახადო დოკუმენტაციის შედგენას უზრუნველყოფდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო.

2017 წლის 25 დეკემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა №643 ხელშეკრულება, რომლითაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო უზრუნველყოფდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას სამმართველოს დაცვის ქვეშ მყოფ შპს „...-ის“ ...ის ოფისში, რომელიც მდებარეობს - ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №11/13. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება ასახულია სამონტაჟო მასალების ხარჯთაღრიცხვაში და შეადგენს - 64. 74 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

შპს „...ზე“ 2014 წლის 13 იანვრიდან - 2019 წლის 30 აპრილის მდგომარეობით განხორციელდა როგორც მონტაჟის (2 შემთხვევაში) მომსახურების ღირებულების, ისე თვეების მიხედვით მომსახურების დარიცხვები, რამაც ჯამში შეადგინა - 13 872.57 ლარი.

მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გრძელდებოდა 2014 წლის იანვრიდან - 2019 წლის 1 მაისამდე. ე.ი. - 64 თვის განმავლობაში (1 არასრული თვე). სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოდგენდა მომსახურების საფასურის გადახდა ყოველთვიურად თვეში - 215 ლარის ოდენობით (63 თვე - 215 ლარი (13 545 ლარი), 1 არასრული თვე - 131, 77 ლარი), ასევე მონტაჟის ღირებულება - 131.06 ლარი და 64.74 ლარი. შესაბამისად, ჯამში „...ის“ სახელშეკრულებო ვალდებულებას შეადგენდა - 13 872. 57 ლარის გადახდა.

დარიცხვის ბარათის მიხედვით (01.01.2014 - 07.25.2019წ. მდგომარეობით) შპს „...ის“ მიერ სულ გადასახდელია 66 გადახდა, ჯამში - 13 872.57 ლარის ოდენობით, საიდანაც 2014 წლის იანვრის თვის არასრული თვის გადასახადად მითითებულია - 131.77 ლარი, ორი მონტაჟის გადასახადად - 13.01.2014 წ. - 131.06 ლარი და 26.12.2017 წ. - 64.74 ლარი, ხოლო 63 გადახდისთვის - 215 -215 ლარი.

თანხის ბრუნვის ამონაწერის მიხედვით, შპს „...ის“ 2014 წელში გადახდილი აქვს ინსტალაციის ღირებულება 131.00 ლარი, 1 არასრული თვის - მომსახურების ღირებულება - 131.00 ლარი და 10 თვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება (თვეში 215 ლარი), სულ 2014 წელს გადახდილია - 2 412.00 ლარი. შესაბამისად, კომპანიას 2014 წელს არ გადაუხდია 1 თვის მომსახურების საფასური.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 1 თვის მომსახურების ღირებულება, რომელიც შპს „...ის“ არ გადაუხდია წარმოადგენს 2014 წელს (თებერვალში) გადასახდელ თანხას, რაც მოსარჩელეს 2019 წლის 11 ივლისამდე (წინამდებარე სარჩელის შეტანამდე) არ მოუთხოვია.

მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი თანხის ბრუნვის ელექტრონული პროგრამის ამონაწერის ბოლოს დაჯამების შედეგად მითითებულია, რომ კლიენტის (მოპასუხე კომპანიის) მიმართ რეალიზაცია შეადგენდა - 13 676.77 ლარს, გადახდა - 13 461.94 ლარს, ხოლო ვალად დაფიქსირებულია - 214.83 ლარი. დოკუმენტზე არ არის მითითებული მისი მომზადების თარიღი, თუმცა თანხის ბრუნვის ბოლო თარიღად ფიქსირდება - 30.04.2019 წ.

2019 წლის 01 მაისის ურთიერთშეთანხმების №277 აქტის მიხედვით, 2014 წლის 03 იანვარს გაფორმებულ №4 ხელშეკრულებას შპს „...ის“ ...ის ობიექტის, დაცვის შესახებ მოქმედების ვადა შეუწყდა 2019 წლის 1 მაისიდან, „დამკვეთს“ 2019 წლის 1 მაისის მდგომარეობით დებიტორული დავალიანება ერიცხება - 214. 83 ლარის ოდენობით.

2019 წლის 1 მაისს მოპასუხე კომპანიის დირექტორმა დ.მ-ამ მოსარჩელე სამმართველოს აცნობა, რომ შპს „მ...ის“ მიერ სამმართველოს ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 215 ლარი, შესაბამისად, აღნიშნული თანხის დაცვის მომსახურების თანხად ჩათვლა ითხოვა (ს.ფ 172-173), რაც დაკმაყოფილდა იმავე დღეს.

შპს „მ...ის“ მიერ 2019 წლის 12 აპრილს დაცვის პოლიციის სამმართველოს ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 215.00 ლარი, რაც 2019 წლის 01 მაისის განცხადების საფუძველზე შპს „...ს“ ჩაეთვალა გადახდილად, როგორც 2019 წლის აპრილის თვის დაცვის მომსახურების საფასური.

მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა 2019 წლის 1 მაისიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისთვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესიდან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ 2019 წლის 01 მაისის №277 ურთიერთშეთანხმების აქტი არ წარმოადგენს ვალის აღიარების დოკუმენტს, ვინაიდან შპს „მ...მა“ (ს/კ ...) 2019 წლის 12 აპრილს დაცვის პოლიციის სამმართველოს ანგარიშზე შეიტანა თანხა 215.00 ლარი. 2019 წლის 30 აპრილის მდგომარეობით თანხის ბრუნვის ელ. პროგრამის ამონაწერის მიხედვით, მოპასუხე კომპანიას უფიქსირდებოდა ვალი - 214. 83 ლარი. 2019 წლის 01 მაისის №277 ურთიერთშეთანხმების აქტით მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების შესახებ 03.01.2014 წ. №4 ხელშეკრულების შეწყვეტაზე 2019 წლის 01 მაისიდან. ამავე დოკუმენტში მითითებულია ვალის ოდენობა - 214. 83 ლარი (იმავე ოდენობით რაც ფიქსირებული იყო თანხის ბრუნვის დოკუმეტში 30.04.2019 წ. მდგომარეობით). ასევე, 2019 წლის 01 მაისს მოპასუხე კომპანიას აპრილის თვის მომსახურების თანხაში ჩაეთვალა 2019 წლის 12 აპრილს „მ...ის“ მიერ გადახდილი 215.00 ლარი, შესაბამისად, შპს „...მ“ 01.05.2019 წ. №277 ურთიერთშეთანხმების დოკუმენტით აღიარებული ვალი (214. 83 ლარი) გადაიხადა - 01.05.2019 წ. გადახდილად ჩათვლილი 215 ლარით.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქმეში დაცულ მტკიცებულებაზე, კერძოდ, ხაზინაში ბანკით შემოსულობის აღრიცხვის დოკუმენტზე (ელექტრონული ბაზიდან ამონაბეჭდი), რომელშიც დეტალურადაა აღრიცხული ტრანზაქციის მხარეები (განმახორციელებელი/მიმღები), თანხის ოდენობა, მისი გადახდის თარიღი, დანიშნულება და ა.შ. თითოეული გადახდის გასწვრივ მითითებულია თუ რომელი თვის მომსახურების საფასურია გადახდილი (მაგალითად: 2015 წლის 26 იანვარს გადახდილი იანვრის თვის გადასახადი 210.00 ლარი, 2015 წლის 12 თებერვალს _ თებერვლის თვის გადასახადი 210.00 ლრი და ა.შ.), ანალოგიურად გრძელდება 2016-2018 წლებში და 2019 წლის ოთხ თვეში. მათ შორის, 2019 წლის 12 აპრილს სხვა კომპანიის (შპს „მ...ის“) მიერ დაცვის პოლიციის ანგარიშზე შეტანილი თანხა, ამავე დოკუმენტის მიხედვით, ჩათვლილია შპს „...ის“ მიერ 2019 წლის აპრილის თვის ვალდებულების შესრულებად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველომ 2014 წლის თებერვლის თვის (ერთი თვის) დავალიანების 214. 83 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი აღძრა 2019 წლის 11 ივლისს, 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 5 აგვისტოს №326329 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება;

3. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (ს/კ 211350928) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 5 აგვისტოს №326329 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი