ბს-1019 (კ-20) 08 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ 16.04.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 31.08.2018წ. №04/47524 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შპს „...ის" 12.09.2018წ. N59/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 01.04.2019წ. N04/17274 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტებისათვის (რ.ს-სათვის (პ/ნ ...) – 1830,56 ლარის; 2. თ.ბ-სათვის (პ/ნ ...) - 2386,76 ლარის; 3. გ.შ-სათვის (პ/ნ ...) – 13832,76 ლარის; 4. ხ.ვ-სათვის (პ/ნ ...) -1177,33 ლარის; 5. ჟ.პ-სათვის (პ/ნ ...) – 1137,76 ლარის; 6. ა.დ-სათვის (პ/ნ ...) – 1137,76 ლარის) გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის, ჯამში 9037.78 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.05.2019წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი შპს „...ის" 12.09.2018წ. N59/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 01.04.2019წ. N04/17274 გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 31.08.2018წ. №04/47524 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „...ის“ მიმართ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.05.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში დაცულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 31.08.2018წ. №04/47524 გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ პაციენტები: რ.ს-ე (პ/ნ ...), თ.ბ-ი (პ/ნ ...), გ.შ-ე (პ/ნ ...), ხ.ვ-ი (პ/ნ ...), ჟ.პ-ი (პ/ნ ...), ა.დ-ი (პ/ნ ...) წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეებს, რომლებიც მკურნალობდნენ შპს „...ში“ 2018 წლის მარტის საანგრიშგებო თვეში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდებით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა; დიაგნოზი: I50.1- მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა; 150.0-/-გულის ქრონიკული უკმარისობა III ან IV კლასი NIHA კლასიფიკაციით/გადაუდებელი თერაპია. სადავო აქტის მიხედვით, წარმოდგენილი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციით, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ დადასტურდა. ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურებულიყო საყოველთაო ჯანმრთლობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე, რასაც მიმწოდებელი არ დაეთანხმა, შესაბამისად სადაოვო შემთხვევებს განესაზღვრათ სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად (წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს).
სააპელაციო პალატამ სზაკ-ის 53.5 და 96-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV–100/ა და პაციენტის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაცია), სადავო აქტი დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება, თუ გარემოება წარმოშობდა შპს „...ის“ სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. გასაჩივრებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 31.08.2018წ. N04/47524 გადაწყვეტილებაში ზოგადად არის აღნიშნული, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, თუმცა რა გახდა აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების საფუძველი სასამართლოსთვის უცნობია, რამეთუ გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დასახელებული გარემოების შესწავლა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა, კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას. სააპელაციო პალატის მითითებით სადავო აქტის მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ პაციენტები: რ.ს-ე (პ/ნ ...), თ.ბ-ი (პ/ნ ...), გ.შ-ე (პ/ნ ...), ხ.ვ-ი (პ/ნ ...), ჟ.პ-ი (პ/ნ ...) და ა.დ-ი (პ/ნ ...) წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეებს, რომლებიც მკურნალობდნენ შპს „...ში“ 2018 წლის მარტის საანგრიშგებო თვეში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდებით: I დონის ინტენსიური მკურნალობა მოვლა; დიაგნოზი: I50.1- მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა; 150.0-/-გულის ქრონიკული უკმარისობა III ან IV კლასი კლასიფიკაციით გადაუდებელი თერაპია. წარმოდგენილი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციით, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ დადასტურდა, შესაბამისად, ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურებულიყო საყოველთაო ჯანმრთლობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე, რასაც მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით, მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - ,,არ ანაზღაურდება.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, პაციენტები: რ.ს-ე (პ/ნ ...), თ.ბ-ი (პ/ნ ...), გ.შ-ე (პ/ნ ...), ხ.ვ-ი (პ/ნ ...), ჟ.პ-ი (პ/ნ ...) და ა.დ-ი (პ/ნ ...) მკურნალობდნენ შპს ...ში“ 2018 წლის მარტის საანგრიშგებო თვეში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტთ, პროგრამული კოდებით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა; დიაგნოზი: I50.1- მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა; 150.0-/-გულის ქრონიკული უკმარისობა III ან IV კლასი NIHA კლასიფიკაციით/გადაუდებელი თერაპია. სადავო აქტის მიხედვით, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ დადასტურდა. ამასთანავე, ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურებულიყო საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო ვინაიდან აღნიშნულს მიმწოდებელი არ დაეთანხმა, სადავო შემთხვევებს განესაზღვრათ სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტები არ არის საკმარისად დასაბუთებული და მათში არ არის ნათლად განმარტებული უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. ამასთანავე, სადავო აქტებში მითითებულია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურდეს საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუმცა გაურკვეველია კლინიკის მიერ გაწეული მომსახურებიდან რა ნაწილის ანაზღაურებაზე აცხადებდა თანხმობას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო. გაუგებარია ასევე რა წარმოდგანეს მოცემულ შემთხვევაში ძირითად ნოზოლოგიურ კოდს. სადავო გადაწყვეტილებებში ზოგადად არის აღნიშნული, რომ I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ დადასტურდა, თუმცა გაურკვეველია რომელ მტკიცებულებას დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია ზემოაღნიშნული გარემოება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილება გულის უკმარისობის დიაგნოზის შემთხვევაში ითვალისწინებს გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების ჩატარებას, კლინიკის მიერ ანაზღაურება მოთხოვნილია სწორედ გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების ფარგლებში, ხოლო სააგენტოს მხრიდან ანაზღაურებაზე უარის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ შესაბამისი მკურნალობის ჩატარება არ დადასტურდა, თუმცა გაურკვეველია რა გახდა აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების საფუძველი. დასაბუთებული არგუმენტაცია არ არის წარმოდგენილი არც საკასაციო საჩივარში, რომელიც შეიცავს მხოლოდ ფაქტებზე და სადავო აქტებზე მითითებას და არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული განჩინების მოტივების უარმყოფელი სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტაცია.
ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს „...ის" 12.09.2018წ. N59/02 ადმინისტრაციული საჩივარში მითითებულია კლინიკის თანხმობაზე, პაციენტ თ.ბ-ს მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების უარზე, შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 01.04.2019წ. N04/17274 გადაწყვეტილება ეხება დანარჩენ 5 პაციენტს და მასში თ.ბ-ს შემთხვევაზე აღარ არის მსჯელობა, რაც ადმინისტრაციულმა ორგანოს მიერ საკითხის ხელახალი განხილვისას გასათვალისწინებელი გარემოებაა.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2020წ. განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.10.2020წ. N04547 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 451.90 ლარის 70% - 316.33 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. აბუსერიძე