საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-750(კ-20) 7 ივნისი , 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ა.ძ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბერი განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 18 იანვარს ა.ძ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და ,,2017 წლის 22-24 დეკემბერს სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის MIA 3 17 00000604 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 1 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, ა.ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩნებით, ა.ძ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ძ-ემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ მსჯელობას იმის თაობაზე, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 36 საათის განმავლობაში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიება პროპოციულობისა და დისკრეციული უფლებამოსილების პრინციპის შესაბამისად. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ ვერ დაასაბუთა, თუ რა ლეგიტიმური მიზნის საპირწონედ მიიჩნია გამართლებულად 36 საათის განმავლობაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო ვითარების დადგენა იმ დათქმით, რომ ნებისმიერი პირი შეიძლება გამხდარიყო სამართალდამცავთა მიერ შეჩერების და ზედაპირული დათვალიერების ადრესატი. კასატორმა მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-12, მე-13 და 24-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სასამართლომ, აღნიშნული მუხლები განმარტა ცალმხრივად, დაუკავშირა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებას და ერთი პირის (მინისტრს) ვარაუდს. სასამართლოს პოზიცია, რომ საპოლიციო კონტროლის გამოცხადებისას მნიშვნელობა არ ჰქონდა რეალურად არსებობდა თუ არა დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი (რაც გულისხმობს სათანადო ოპერატიულ ინფორმაციას, რაც მტკიცებულებებით არის გამყარებულ) თუ აღნიშნული რისკები მინისტრის მხოლოდ მოჩვენებას/ახირებას წარმოადგენდა, მაინც კანონიერად უნდა ჩაითვალოს (რადგანაც კანონში წერია, რომ მისი შეხედულებით წყვეტს), რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გამყარებულ ფუნდამენტალურ უფლებებს. კასატორის მითითებით, პირს აქვს უფლება იყოს დაცული მის მიმართ როგორც სხვა პირებისგან ჩადენილ დანაშაულისაგან, აგრეთვე სახელმწიფოსა და მისი მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულისგანაც. ამ შემთხვევაში, ბრძანებაში არ იკვეთებოდა, რა კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი ჰქონდა სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებას. ბრძანებაში მხოლოდ ზოგადად მიეთითა კანონის 24-ე მუხლზე. კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ბუნებრივად ეჭვქვეშ დგება ამ ღონისძიების თანაზომიერება და საჭიროება. კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლზე და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუ არსებობს საამისოდ უკიდურესი აუცილებლობა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს არ გამოუკვლევია არც საიდუმლო და არც საჯარო ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა რეალური საფრთხის არსებობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ა.ძ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ძ-ის საკასაციო საჩივარი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 2017 წლის 21 დეკემბერს MIA 3 17 00000604 ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილება. მითითებული ბრძანების პირველი პუნქტის მიხედვით, 2017 წლის 22 დეკემბრის 18:00 საათიდან 24 დეკემბრის 06:00 საათამდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიება. ამავე ბრძანების მე-3 პუნქტით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს დაევალათ სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან კოორდინაციით შეიმუშაონ და დაამტკიცონ სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების საიდუმლო გეგმა.
აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, 2017 წლის 22 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, მეტროსადგურ ,,...ის“ საინფორმაციო დაფასთან ა.ძ-ე შეაჩერა ორმა პოლიციელმა, რის შემდგომაც მეტროს სადგურში არსებულ პოლიციის ოთახში დაადგინეს მისი პირადი მონაცემები და შეამოწმეს ზედაპირულად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის თანახმად, პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. სპეციალური საპოლიციო კონტროლი არის პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე და განსაზღვრული დროით, აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად განხორციელებული შემოწმება. სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესახებ წერილობით განკარგულებას გამოსცემს მინისტრი, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ზეპირ განკარგულებას გამოსცემს მინისტრი ან მისი ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირი. ასეთი ზეპირი განკარგულება 24 საათის განმავლობაში წერილობით უნდა გაფორმდეს. სპეციალური საპოლიციო კონტროლისას ხორციელდება ხსენებული კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება და დათვალიერება. სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პოლიციელი აღჭურვილი უნდა იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 2017 წლის 21 დეკემბერს MIA 3 17 00000604 ბრძანების კანონიერება და მოსარჩელისთვის მორალური ზიანის - 1 ლარის ანაზღაურება წარმოადგენს. კასატორი სადავო ბრძანების უკანონობას მისი გამოცემისათვის აუცილებელი ლეგიტიმური მიზნის არარსებობას უკავშირებას. საგულისხმოა, რომ კასატორი არ მიუთითებს რაიმე პროცედურულ დარღვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა სპეციალური საპოლიციო კონტროლის გახორციელებისას. პირიქით, საქმეში წამოდგენილ ახსნა-განმარტებაში ა.ძ-ე აღნიშნავს, რომ შემოწმებისას პოლიცია იქცეოდა თავაზიანად და მის მიმართ ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სადავო საკითხთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ პოლიციის საქმიანობა უპირველესად საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზანს ემსახურება. პოლიციის ერთ-ერთ უმთავრეს დანიშნულებას როგორც დანაშაულზე რეაგირება და მისი დროული აღკვეთა, ისე დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს. ამდენად, საპოლიციო ღონისძიების სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ისეთი ქმედება, რომელიც არამხოლოდ აღკვეთს დანაშაულის ფაქტს, არამედ ამცირებს დანაშაულის ჩადენის ალბათობას. ერთ-ერთი ამგვარი ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობას ითვალისწინებს სწორედ „პოლიციის შესახებ“ კანონის 24-ე მუხლი, რომლის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს ვარაუდი იმისა, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის MIA 3 17 00000604 ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ მისი გამოცემის საფუძველს წარმოადგენს სწორედ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მითითებული ბრძანებით პოლიციელს მიენიჭა იმ უფლებამოსილების განხორციელება (შემოწმება და დათვალიერება), რასაც ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ისედაც ანიჭებს.
ამდენად, მოსარჩელის პოზიცია სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისათვის შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის არარსებობის თაობაზე მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. ამასთანავე, გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ შეუძლებელია ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის განმახორციელებელმა ორგანომ, რომელსაც აქვს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა, სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესახებ ბრძანებაში მიუთითოს, თუ კონკრეტულად რომელი დანაშაულის და კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზე ჩადენის ვარაუდისთვის აქვს საკმარისი საფუძველი შინაგან საქმეთა სამინისტროს (ბრძანება გამოქვეყნებულია შს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე-იხილეთ ბრძანების მე-8 პუნქტი). ასეთ შემთხვევაში, აზრი დაეკარგება სპეციალური საპოლიციო კონტროლის დაწესების მიზანს, მოხდება სავარაუდო დამნაშავე პირებისთვის პოლიციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წინასწარ მიწოდება, რაც საბოლოო ჯამში საპოლიციო საქმიანობის განხორციელების არაეფექტურობას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაში მითითებულია გასაჩივრებული ბრძანების საფუძველზე სპეციალური საპოლიციო კონტროლის გახორციელების ეფექტურობის ამსახველი მონაცემი (იხ.https://police.ge/ge/mimdinare-sapolitsio-kontrolis-da-spetsialuri-operatiul-sagamodziebo-ghonisdziebebis-shedegebi/11331).
რაც შეეხება მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხის საფუძვლიანობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, არ დასტურდება ა.ძ-ისათვის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ფაქტი. ადგილი არ ჰქონია მისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, არ დასტურდება პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ან რაიმე არაპროპორციული ღონისძიების გამოყენების ფაქტები, რაც მოსარჩელის უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას გამოიწვევდა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, დ.ბ-ის კანონიერი წარმომადგენლის - ზ.ბ-ის საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ვ.ქ-ის (პ/ნ ...) მიერ ა.ძ-ის საკასაციო საჩივარზე 23.03.2020წ. №0 საგადასახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ძ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;
3. ვ.ქ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ა.ძ-ის საკასაციო საჩივარზე 23.03.2020წ. №0 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა