გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 20-შ 25 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ნ. გვენეტაძე,
თ. კობახიძე
განიხილა მსჯავრდებულ დ. ს-ძისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ნ-ძის საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 31 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 31 იანვრის განაჩენით დ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქციით) 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1999 წლის კოდექსი) 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე (1960 წლის რედაქციით), საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით დ. ს-ძეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რასაც თან ახლდა იარაღის გამოყენება და რამაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლში (1960 წლის კოდექსი) მითითებული დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, რაც გამოიხატა შემდეგში: დ. ს-ძე 1991 წლიდან მუშაობდა ქ. ფოთის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილედ. 1992 წლის 2 აგვისტოს განყოფილების ოპერატიული ჯგუფი, მისი ხელმძღვანელობით, ქ. ფოთში, დ. აღმაშენებლისა და ნ. ნიკოლაძის ქუჩების გადაკვეთასთან, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, ატარებდა რეიდს. დ. ს-ძე შეიარაღებული იყო “აკ-74” სისტემის ¹1323146 ტაბელური ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. რეიდის მიმდინარეობისას, დაახლოებით 23 საათზე, ოპერატიულმა ჯგუფმა გააჩერა “ვაზ-2106” მარკის ავტომანქანა “ჟიგული”, რომელსაც მინდობილობისა და სათანადო საბუთების გარეშე მართავდა გ. ყ-შვილი. იმის გამო, რომ რეიდის ხელმძღვანელმა დ. ს-ძემ კატეგორიულად მოითხოვა ხსენებული უსაბუთო ავტომანქანის მიყვანა შს საქალაქო განყოფილებაში, მასსა და ყ-შვილს შორის წარმოიშვა დავა, რაც შემდგომ კონფლიქტში გადაიზარდა. დ. ს-ძემ გადაამეტა რა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ისე, რომ არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა, ტაბელური ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერ ჰაერში მოახდინა ერთი გასროლა, ხოლო შემდეგ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ახლო მანძილიდან ასევე ერთჯერადი გასროლით, გულ-მკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა გ. ყ-შვილი, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. დ. ს-ძემ ჯერ მძიმედ დაჭრილ გ. ყ-შვილს აღმოუჩინა დახმარება, ხოლო შემდეგ გაიქცა და მიიმალა.
მსჯავრდებული დ. ს-ძე და ადვოკატი გ. ნ-ძე საჩივრებით ითხოვენ განაჩენის შეცვლას იმ მიმართებით, რომ დ. ს-ძეს მოეხსნას სსკ-ის 105-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის კოდექსი), დ. ს-ძეს სასჯელის ზომა განესაზღვროს მისი პიროვნების გათვალისწინებით. კერძოდ, საჩივრებში მითითებულია, რომ დ. ს-ძე ქ. ფოთის შს განყოფილების უფროსის მოადგილედ დანიშნული იყო კანონიერი პრეზიდენტის _ ზ. გამსახურდიას მთავრობის მიერ 1991 წელს. სახელმწიფო-სამხედრო გადატრიალების შემდეგ მას ძალიან გაუჭირდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და იძულებული გახდა დაეწერა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. 1992 წლის 2 აგვისტოს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოუხდა უბედური შემთხვევა. დ. ს-ძეს დაზარალებულ გ. ყ-შვილის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, მას რომ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ესროლა გ. ყ-შვილისათვის, მაშინ იგი ჯერ გამაფრთხილებელ გასროლას კი არ მოახდენდა ჰაერში, არამედ პირდაპირ ესროდა დაზარალებულს და არც დახმარებას აღმოუჩენდა მას. დ. ს-ძის ახსნა-განმარტება, რომ მასსა და გ. ყ-შვილს შორის არსებობდა მტრული დამოკიდებულება, არ შეეფერება სინამდვილეს და იგი დააწერინეს მოტყუებითა და ზემოქმედებით. კანონის თანახმად, განზრახ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, აუცილებელია, დადგინდეს სიკვდილის მიზეზი. ეს კი შეუძლებელია გვამის გაკვეთის გარეშე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა. არც წინასწარმა და არც სასამართლო გამოძიებამ ყურადღება არ მიაქციეს იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის დავისა და კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი იყო გ. ყ-შვილის მიერ სათანადო საბუთისა და მინდობილობის გარეშე ავტომანქანის მართვა, იგი არ დაემორჩილა ოპერატიული ჯგუფის წევრების მოთხოვნას, მანქანა გაეჩერებინა შს განყოფილების ეზოში და უცენზურო სიტყებით მიმართა დ. ს-ძეს. გარდა ამისა, საჩივრებში მითითებულია, რომ დ. ს-ძის წარსული არაფრით არის შებღალული, იგი პირველადაა სამართალში, არის აფხაზეთის ომის მონაწილე, ხასიათდება დადებითად, მისი ცოლი და მცირეწლოვანი შვილი დევნილი არიან აფხაზეთიდან.
საკასაციო სხდომაში მონაწილე ადვოკატები ს. უ-ძე და გ. ნ-ძე ითხოვენ დ. ს-ძის ქმედების გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 105-ე მუხლიდან სსკ-ის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (1960 წლის კოდექსი) და მისთვის სასჯელის შემსუბუქებას.
დაზარალებული ნ. ს-ია-ყ-შვილი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ა-ძე არ ეთანხმებიან საჩივრის მოთხოვნას და ითხოვენ დ. ს-ძის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
პროკურორი მ. ჯ-ძე ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის მოტივები, თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ დ. ს-ძეს დაზარალებულ გ. ყ-შვილის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, რადგანაც საქმის მასალებით, როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიებით უდავოდაა დადგენილი, რომ დ. ს-ძე და გ. ყ-შვილი ადრეც იცნობდნენ ერთმანეთს და მათ შორის კონფლიქტური დამოკიდებულება იყო. თითქმის ყველა მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ, მართალია, გ. ყ-შვილი არამართლზომიერად იქცეოდა და ეუხეშებოდა დ. ს-ძეს, მაგრამ კონკრეტული გარემოება მას არავითარ საფუძველს არ უქმნიდა არა თუ გ. ყ-შვილის მოკვლისათვის, არამედ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისთვისაც კი.
მოწმის სახით დაკითხული, ქ. ფოთის შინაგან საქმეთა განყოფილების თანამშრომლების: ნ. მ-ავას, თ. ლ-ავას, ლ. ნ-იას, დ. ს-შვილის, ბ. ბ-იას, მ. ჭ-იას, ს. ჯ-იანის, ბ. ღ-იას და გ. ბ-იას ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 1992 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 23 საათზე, ქ. ფოთში, დ.აღმაშენებლისა და ნ.ნიკოლაძის ქუჩების გადაკვეთასთან მოწყობილი პიკეტის მონაწილეებმა, კერძოდ, პოლიციელმა ტ. ბ-იამ გააჩერა “ვაზ-2106” “ჟიგულის” მარკის ავტომანქანა, რომელსაც სათანადო ნებართვის გარეშე მართავდა გ. ყ-შვილი. ავტომანქანა ეკუთვნოდა მის სიმამრს თ. კ-იას. მანქანაში იჯდა ოთხი მგზავრი, მათ შორის ორსული მეუღლე. პიკეტზე მდგომი ერთ-ერთი ოფიცერი ბ. ღ-ია აღმოჩნდა გ. ყ-შვილის ახლობელი. ავტომანქანის საბარგულის დათვალიერების შემდეგ, ვინაიდან საეჭვო არაფერი იყო, გ. ყ-შვილს ნება დართეს, გაეგრძელებინა გზა. ამ დროს პიკეტის მონაწილეებს შემოუერთდა ქ. ფოთის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილე, რეიდის ხელმძღვანელი დ. ს-ძე, რომელმაც მოითხოვა მგზავრების ჩამოსმა და საკითხის გარკვევამდე ავტომანქანის ქ. ფოთის პოლიციასთან გაჩერება. გ. ყ-შვილმა თავიდან სთხოვა დ. ს-ძეს, რომ დაერთო ნება, ორსული მეუღლე და მათთან მყოფი მუშები სახლებში მიეყვანა და შემდეგ ჩამოერთმიათ მისთვის ავტომანქანა. ამაზე დ. ს-ძემ კატეგორიული უარი განუცხადა და თან გ. ყ-შვილს ძველი წყენა გაახსენა. თავის მხრივ, არც ეს უკანასკნელი ჩამორჩა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. გაბრაზებულმა დ. ს-ძემ, ყველასთვის მოულოდნელად, თავისი ავტომანქანის სალონიდან გადმოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც ერთი გასროლა მოახდინა ჰაერში, ხოლო შემდეგ სირბილით მიუახლოვდა მისგან 10 მეტრის მანძილზე გაუნძრევლად მდგომ გ. ყ-შვილს და გულ-მკერდის არეში იარაღის ლულის თითქმის მიბჯენით, ერთჯერადი გასროლით, მძიმედ დაჭრა იგი. გ. ყ-შვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ იგი უკვე გარდაცვლილი იყო.
ამრიგად, საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ. ს-ძე თავიდანვე შურისძიების მოტივით მოქმედებდა. საქმეზე შეკრებილი მასალებით ნათლად ჩანს, რომ არავითარი ობიექტური აუცილებლობა არ არსებობდა, რომ გ. ყ-შვილისათვის, რომელსაც ორსული მეუღლე და სამი მგზავრი გადაჰყავდა და რომელსაც მოპიკეტე პოლიციელები კარგად იცნობდნენ, ჩამოერთმიათ ავტომანქანა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, დ. ს-ძე მაინც დაჟინებით მოითხოვდა ამას, თვითონვე შეგნებულად შექმნა გ. ყ-შვილთან კონფლიქტური სიტუაცია და შემდეგ, შურისძიების მოტივით, მოკლა იგი.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. ს-ძისთვის დანიშნული სასჯელის ზომა სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და 680-ე მუხლის მე-12 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. ს-ძისა და ადვოკატ გ. ნ-ძის საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 31 იანვრის განაჩენი დ. ს-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.