გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 24-შ 4 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
გ. ბორჩხაძე,
მ. ისაევი
განიხილა საქართველოს სსსკ-ის 680-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად მსჯავრდებულ ზ. ჩ-ანის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1995 წლის 21 მარტის განაჩენზე, რომლითაც ზ. ჩ-ანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 1960 წლის, სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2381-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით, 105-ე მუხლით და 17,104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელთა შთანთქმის პრინციპით მიესაჯა თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 3 ნოემბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ზ. ჩ-ანის საჩივარი ახლად გამოვლენილი გარემოების მოტივით ზემოაღნიშნული განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარდა არაობიექტურად და სასამართლოს განაჩენი არის არასამართლიანი, რომელმაც სასჯელის განსაზღვრის დროს არ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის არცერთი საშეღავათო გარემოება.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ზ. ჩ-ანს მსჯავრი დაედო შემდეგი ბრალდებებით: 1992 წლის დასაწყისში იგი ჩაირიცხა საქართველოს ექსპრეზიდენტის და მისი მომხრეების ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციასა და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში, რომელთა მიზანი იყო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობილების დამხობა და საქართველოს სუვერენული უფლებების შეზღუდვა. ამავე პერიოდში მან გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებით, ფეთქებადი საგანი ხელყუმბარა _ “ფ-1” და მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, რომლებსაც სათანადო ნებართვის გარეშე ინახავდა და ატარებდა. მანვე, 1992 წლის 19 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფ. ... შურისძიების ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით განზრახ მოკლა მ. ნ-ია და შეეცადა მოეკლა გ. ნ-ია, კ. ნ-ია, დ. ბ-ია და უ. ბ-ია, მაგრამ ამ უკანასკნელთა მოკვლის განზრახვა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოიყვანა სისრულეში.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ს. უ-ძემ და მსჯავრდებულმა ზ. ჩ-ანმა ითხოვეს განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა, პროკურორმა ა. სიკიაშვილმა იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი, აგრეთვე საზედამხედველო პალატის დადგენილება უნდა შესწორდეს იმ მიმართებით, რომ განაჩენიდან ამოირიცხოს ზ. ჩ-ანის მსჯავრდება სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2381-ე მუხლით და 17,104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით, ხოლო სსკ-ის 105-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი შემცირდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნა ან მის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა როგორც დასჯადი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (მუხლი 73) შეტანილი იყო 1991 წლის 2 აგვისტოს კანონით და მოქმედებდა 1999 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ამოქმედებამდე. ახალ კოდექსში ასეთი ნორმა ან მისი ანალოგი შეტანილი არ არის. ამდენად, ბრალდების ამ ეპიზოდში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს იმის გამო, რომ ეს ქმედება გათვალისწინებული არ არის მოქმედი სისხლის სამართლის კანონით.
2381-ე მუხლით გათვალისწინებული უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზაცია ან მასში მონაწილეობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი იქნა საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 17 მარტის კანონით. განაჩენის მიხედვით ზ. ჩ-ანს მსჯავრი დაედო 1992 წლის 20 ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ არავინ არ შეიძლება დაისაჯოს ქმედების ჩადენის დროისათვის არ არსებული კანონით და კანონს, რომელიც ამა-თუ იმ ქმედებას დასჯადად აცხადებს, უკუქცევითი ძალა არ აქვს. საბრალდებო დასკვნასა და განაჩენში კი არაფერია მითითებული იმის თაობაზე, რომ ზ. ჩ-ანი ამ სახის დანაშაულს მითითებული ნორმის ამოქმედების შემდეგაც აგრძელებდა. პალატას მიაჩნია, რომ პრაქტიკულად ზ. ჩ-ანს 1992 წლის 19 ოქტომბრის შემდეგ არც შეეძლო შერაცხული ამ დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელება იმის გამო, რომ 19 ოქტომბრის ინციდენტის დროს თვითონაც მიიღო სიცოცხლისათვის საშიში მძიმე დაზიანება, რის გამოც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდა, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ მან ხელისუფლების ორგანოებს ნებაყოფლობით ჩააბარა საბრძოლო ტექნიკა და მასალები. ამის გამო გამომძიებლის მიერ მის მიმართ 1994 წლის 22 ნოემბერს გამოტანილი იქნა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება.
პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილი არ არის ზ. ჩ-ანის განზრახვა 1992 წლის 19 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფ. ... ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოეკლა რამდენიმე ადამიანი. მას რომ ასეთი განზრახვა ჰქონოდა, შექმნილ სიტუაციაში პრაქტიკულად არაფერი უშლიდა ხელს განზრახვა მოეყვანა სისრულეში. ამჟამად კი ამ საკითხის ზუსტად დადგენა შეუძლებელია. კანონის შესაბამისად ყველა საეჭვო გარემოება, რომლის დაზუსტება შეუძლებელია, მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
რაც შეეხება ზ. ჩ-ანის მიმართ შერაცხულ ბრალდებებს გათვალისწინებულს საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე, მეოთხე ნაწილებით და 105-ე მუხლით, პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია. მართალია, ახალი სისხლის სამართლის კოდექსი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენას, შენახვასა და ტარებას ცალკე ნორმად არ გამოყოფს და გაერთიანებულია სხვა ცეცხლსასროლ იარაღებთან და საბრძოლო მასალებთან ერთად 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში, რომლებითაც შედარებით ნაკლები სასჯელია გათვალისწინებული ვიდრე ძველი კოდექსის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილი ითვალისწინებდა და ამ კვალიფიკაციით ზ. ჩ-ანს განსაზღვრული ჰქონდა სასჯელის ღონისძიება, მაგრამ, ვინაიდან მან ამ ნაწილში შეფარდებული სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე მოიხადა, პალატა მიზანშეწონილად არ თვლის ბრალდების ამ ეპიზოდის ახალ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ზ. ჩ-ანისა და მისი ადვოკატის იმ მოსაზრებას, რომ საქმის მასალებით დადგენილი არ არის ზ. ჩ-ანის მიერ მ. ნ-იას განზრახ მოკვლის ფაქტი. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ ავტომანქანის კაბინის მიმართულებით ავტომატიდან რამდენიმე გასროლა ნამდვილად ზ. ჩ-ანმა მოახდინა. დადგენილია ისიც, რომ მან იცოდა ავტომანქანის კაბინაში ადამიანი იმყოფებოდა. გამომდინარე აქედან, ავტომატიდან არაერთი გასროლის დროს, თუ ის ადამიანის მოკვლის პირდაპირი განზრახვით არ მოქმედებდა, ევენტუალურად მაინც უშვებდა ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობას და ეს შედეგი მართლაც დადგა.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ჩადენის დროს თვითონაც მიიღო სიცოცხლისათვის საშიში მძიმე დაზიანება, კონფლიქტის წამომწყები თვითონ არ იყო, მოქმედებდა წართმეული იარაღის უკან დაბრუნების მოტივით, პალატას შესაძლებლად მიაჩნია ზ. ჩ-ანს შეუმცირდეს მ. ნ-იას განზრახ მოკვლისათვის დანიშნული სასჯელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე, 564-ე და 568-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1995 წლის 21 მარტის განაჩენიდან (შესაბამისად უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 3 ნოემბრის დადგენილებიდან) ამოირიცხოს ზ. ჩ-ანის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით, 17,104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით და 2381-ე მუხლით. ბრალდების ყველა ამ ეპიზოდში სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს;
საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა ზ. ჩ-ანს შეუმცირდეს სამი წლით და მოსახდელად დაურჩეს რვა (8) წლით თავისუფლების აღკვეთა;
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.