საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ბს-471(კ-21) 28 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,...ა“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 25 ივლისს შპს ,,...ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ოქტომბრის №04/57229 გადაწყვეტილების - ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ივნისის №04/34622 გადაწყვეტილების - შპს ,,...ის“ 2018 წლის 20 ნოემბრის №502/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. მ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ოქტომბრის N04/57229 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ივნისის №04/34622 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს ,,...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 57,06 ლარის ოდენობით; დარჩენილი ბაჟი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, პაციენტი - ი. გ-ე დადგენილების დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, 2018 წლის 28 მაისიდან 2018 წლის 30 მაისამდე მკურნალობდა შპს „...აში“. მიმწოდებლის მიერ, პროგრამის ფარგლებში შემთხვევა წარმოდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: T900013, R10-/- მუცლისა და მენჯის ტკივილი. საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიხედვით, ჩატარებული სამედიცინო მომსახურება არ აკმაყოფილებს პროგრამის პირობებით გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების პირობებს და შეესაბამება გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების შესაბამის მოცულობას. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართ 1-ის, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის (წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს) თანახმად.
პაციენტი - მ. მ-ე 2018 წლის 23 მაისიდან 2018 წლის 28 მაისამდე მკურნალობდა შპს „...აში“. პროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ შემთხვევა წარმოდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით: T900008, J20.9 მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი; 2018 წლის 28 მაისს პაციენტი გადაყვანილ იქნა შპს ,,უ...ში“- ... კლინიკაში, სადაც დაისვა განსხვავებული დიაგნოზი და ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. აღნიშნულ შემთხვევაში მწვავე ბრონქიტისა და პნევმონიის მკურნალობა წარმოადგენს ერთ უწყვეტ სამედიცინო შემთხვევას. ვინაიდან პნევმონია წარმოადგენს ბრონქიტის გართულებას. აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასაც განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ დადგენილების დანართ 1-ის, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის (წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. მ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ოქტომბრის N04/57229 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ივნისის №04/34622 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ მ. მ-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან უარის თქმის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი ერთის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: ბ.ა) 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები. ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.
საქმის მასალებით დადგენილა, რომ მ. მ-ე წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით მოსარგებლე პირს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, შემთხვევათა კლასიფიკაცია შეიძლება ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობის დარღვევა გახდა მოსარჩელისათვის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
მოსარჩელეს, მ. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვისას სამედიცინო მომსახურების ორი ეპიზოდი შეფასდა როგორც უწყვეტი ერთი შემთხვევა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.2-ის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა ეს არის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებიც ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას ან/და თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას. ეს პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ შორის, არიან პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია. ამასთან, ამ სტანდარტის ფარგლებში, განხილულია მხოლოდ „I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დაზუსტება“ − ფორმაში მოცემული ნოზოლოგიების ჩამონათვალი და არ ითვალისწინებს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტი მ. მ-ე 2018 წლის 23 მაისიდან 2018 წლის 28 მაისის ჩაითვლით მკურნალობდა შპს ,,...აში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით:T900008, J20.9 მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი. 2018 წლის 28 მაისს პაციენტი გადაყვანილ იქნა შპს ,,უ...ში“ - ... კლინიკაში. კლინიკის მიერ შემთხვევა (№937421674) მიწოდებულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზი: N00.9 მწვავე ნეფრიტული სინდრომი დაუზუსტებელი ცვლილებებით.
შპს ,,...ის’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №IV-100/ა ცნობით და №5040 სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - მ. მ-ე 2018 წლის 23 მაისს მოათავსეს შპს ,,...აში’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: ძირითადი დაავადება (ICD-10), J20.9 მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი. N00.9 მწვავე ნეფრიტული სინდრომი დაუზუსტებელი ცვლილებებით (გაწერისას).
საქმეში წარმოდგენილი მხარეთა ახსნა-განმარტებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ. მ-ე შპს ,,...აში“ მოთავსებულ იქნა 2018 წლის 23 მაისს, დიაგნოზით - მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი (J20.9 (წინასწარი დიაგნოზი მწვავე ვირუსული ინფექცია, დაუზუსტებელი). მშობლების განმარტებით დასტურდებოდა, რომ ბავშვს სამჯერ ჰქონდა გადატანილი პნევმონია. 23, 25 და 27 მაისის ჩაუტარდა სისხლის საერთო ანალიზი, 27 მაისს ასევე ჩაუტარდა სისხლში კრეატინინის დონის განსაზღვრის კვლევა, რის საფუძველზეც დადასტურებულია კრეატინინის ზღვრულ ოდენობაზე ნაკლები შედეგი. გამოძახებულ იქნა ბავშვთა ნეფროლოგი, რომელმაც, იქიდან გამომდინარე რომ შპს ,,...აში“ შეუძლებელი იყო ნეფროლოგიური პაციენტის მართვა, მიზანშეწონილად მიიჩნია ბავშვის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა. 2018 წლის 28 მაისს პაციენტი გადაყვანილი იქნა ...ის კლინიკაში (შპს ,,უ...ში“ - ... კლინიკაში), სადაც მკურნალობა ჩაუტარდა I დონის ინტენსიური თერაპიის კოდით, ძირითადი დიაგნოზი - ბაქტერიული პნევმონია.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების დასკვნას, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ სწორედ თირკმლის პრობლემიდან გამომდინარე გახდა საჭირო პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანა და არა იმის გამო, რომ შპს ,,...აში“ პაციენტს ვერ ჩაუტარდა დასმული დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობა. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია შპს ,,...აში“ ჩატარებული მკურნალობის სისწორე. საქმეში ასევე წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ბავშვს თავიდანვე სჭირდებოდა სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაყვანა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პაციენტის ინტერესებიდან და მისი ჯამრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით იქნა მიღებული გადაწყვეტილება პაციენტ - მ. მ-ის შპს ,,...იდან“ ...ის კლინიკაში (შპს ,,უ...ში“ - ... კლინიკაში) გადაყვანა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ...ის კლინიკისთვის (შპს ,,უ...ში“ - ... კლინიკა), ანაზღაურებული ხარჯი არ მოიცავს, მოსარჩელე - შპს ,,...აში’’ გატარებული საწოლდღეების ხარჯებს და შპს ,,...ამ’’ უნდა მიიღოს მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სრულად დაუსაბუთებელია ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე მითითება (წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს).
,,საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ევროპის სოციალური ქარტიით უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო დახმარების სარგებლობის საყოველთაო უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით კი სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, რომ მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ასევე „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი, რომლის საფუძველზეც, საქართველომ აღიარა ვალდებულება, რომ უზრუნველეყო თითოეული ადამიანის უფლება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტებზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „პაციენტის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მოქალაქის უფლებების დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, აგრეთვე მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქალაქის უფლებებსა და კეთილდღეობას მედიცინისა და სამედიცინო მეცნიერების ინტერესებთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა აქვს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო იცავს პაციენტის უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება“. (სუსგ ბს-1050(კ-21), 05.05.2022წ.).
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ივნისის №04/57229 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან მიმართებაში.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 21.06.21წ. N15777 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.06.21წ. N15777 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე