Facebook Twitter

¹497აპ.-11 ქ. თბილისი

12 მარტი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

გ. შავლიაშვილი, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. წ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განაჩენით რ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24-ე,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” და „ბ” ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

შპს “კ-ში” ცვლის უფროსად მომუშავე რ. წ-მა განიზრახა შპს “კ-იდან” სხვა თანამზრახველებთან ერთად ოქროს შემცველი მასის ფარულად დაუფლება, რაც სისრულეში მოიყვანა და თვითონვე ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას. კერძოდ, 2009 წლის სექტემბერში რ. წ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა შპს “კ-ის” ცვლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ს. ს-ს. ისინი შეთანხმდნენ, რომ სხვა თანამშრომლებთან ერთად ფარულად დაეუფლებოდნენ ოქროს შემცველ მასას, რომლის გადამუშავების შემდეგ მოახდენდნენ მის რეალიზაციას. ს. ს-ი დაუკავშირდა თავის ცვლაში მექანიკოსად მომუშავე მ. Yყ-ს, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა დანადგარის ფილტრთან, საიდანაც ფარულად ეუფლებოდნენ ოქროს შემცველ მასას. ს. ს-ი ასევე დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის დაქვემდებარებაში მყოფ ოპერატორებს _ რ. მ-ს, ი. ს-ს, ა. გ-ს, რომლებთან ერთადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ოქროს შემცველი მასა სრულად გამოჰქონდა შპს “კ-ის” ტერიტორიიდან.

ს. ს-ი ასევე დანაშაულებრივად დაუკავშირდა კ. ბ-ეს, რომელმაც თავის მხრივ მოძებნა ოქრომჭედელი თ. Mმ-ი. იგი ფარულად დაუფლებულ ოქროს შემცველ მასას ამუშავებდა, მისგან ოქროს იღებდა და შემდგომ რეალიზაციას უკეთებდა.

რ. წ-ის, მ. ყ-ის, ს. ს-ის, რ. მ-ის, ი. ს-ის, ა. გ-ის, კ. ბ-ისა და თ. მ-ის ორგანიზებული ჯგუფი შპს “კ-ის” ტერიტორიიდან ყოველთვიურად გამოტანილი ოქროს შემცველი მასის დამუშავებისა და რეალიზაციის შედეგად იღებდა დაახლოებით 10000 აშშ დოლარს, რასაც ერთმანეთში იყოფდნენ.

2010 წლის მაისში რ. წ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა შპს “კ-ის” ცვლის უფროს გ. კ-ს. ისინი შეთანხმდნენ, რომ სხვა თანამშრომლებთან ერთად ფარულად დაეუფლებოდნენ ოქროს შემცველ მასას, რომლის გადამუშავების შემდეგ მოახდენდნენ მის რეალიზაციას. გ. Kგ-ი თავის მხრივ დაუკავშირდა თავის ცვლაში მექანიკოსად მომუშავე ზ. Bბ-ს, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა დანადგარის ფილტრთან, საიდანაც ფარულად ეუფლებოდნენ ოქროს შემცველ მასას, იგი ასევე დაუკავშირდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელ ა. გ-ს, რომელსაც სხვა ფუნქციებთან ერთად ევალებოდა დანადგარის ფილტრზე თვალყურის დევნება, რათა არ მომხდარიყო ოქროს შემცველი მასის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება.

რ. წ-ის, გ. Kკ-ის, ა. გ-ისა და ზ. ბ-ის ორგანიზებულ ჯგუფს შპს “კ-ის” ტერიტორიიდან ყოველთვიურად, დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში, ფარულად გამოჰქონდა დაახლოებით ერთი კილოგრამი ოქროს შემცველი მასა, რომლის გადამუშავებისა და რეალიზაციის შედეგად მათ მიიღეს დაახლოებით 10000 აშშ დოლარი, რაც ერთმანეთში გაინაწილეს.

ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს “კ-ს” მიადგა დაახლოებით 170000 აშშ დოლარის დიდი ოდენობით ზიანი.

აღნიშნული ქმედებისათვის რ. წ-ს მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 სექტემბრიდან.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე რ. წ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა “აუდი-ა6”, სახ. ¹---, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთი.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, რ. წ-ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფული _ 6800 აშშ დოლარი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო საქმეზე ასევე ნივთმტკიცებად ცნობილი ოქროს შემცველი მასა უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს _ შპს “კ-ს”.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. წ-მა და ითხოვა გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი რ. წ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული რ. წ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ამიტომ ის უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლო გამოძიება ჩატარდა ზერელედ, არ დაკითხეს სხვა განსასჯელები და ისე გააფორმეს ყველასთან საპროცესო გარიგება; თვით რ. წ-საც ჰპირდებოდნენ საპროცესო გარიგების გაფორმებას, რის გამოც იძულებული გახდა, ეღიარებინა დანაშაული, თუმცა იგი მოატყუეს და არ მისცეს დეტალური და ზუსტი ჩვენების მიცემის შესაძლებლობა; სასამართლომ არ შეისწავლა საქმის მასალები და ისე ჩამოართვა მისი სიდედრის _ დ. Qქ-ის კუთვნილი თანხა, რომ არც კი დაინტერესდა ამ თანხის წარმომავლობით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი _ მსჯავრდებული რ. წ-ი ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას, ასევე _ ავტომანქანა “აუდისა” და 6800 აშშ დოლარის დაბრუნებას მესაკუთრეებისათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულის მტკიცების საპირისპიროდ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ განსასჯელები _ მ. ყ-ი და გ. Kკ-ი, რომლებმაც სრულად აღიარეს მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. გ. კ-მა განმარტა, რომ რ. წ-ისათვის ცნობილი იყო ოქროს შემცველი ნივთიერების ქურდობის შესახებ და მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხას ურთიერთშორის ინაწილებდნენ.

კასატორი აღნიშნავს, რომ მას ჰპირდებოდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და ამის გამო აღიარა დანაშაულის ჩადენა, თუმცა საგულისხმოა, რომ რ. წ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიარებითი ჩვენება მისცა მას შემდეგ, რაც სხვა განსასჯელებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მათ მიმართ საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად.

უსაფუძვლოა რ. წ-ის მითითება, თითქოს სასამართლო გამოძიება ჩატარდა ზერელედ და არ მიეცა დეტალური ჩვენების მიცემის შესაძლებლობა, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში რ. წ-ი დაიკითხა, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მან გამოიყენა დუმილის უფლება. ამასთან, სასამართლო გამოძიება შეიკვეცა კანონით დადგენილი წესით.

პალატა მიიჩნევს, რომ რ. წ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უდავოდ დადასტურებულია საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, რაც საკმარისია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.

ამასთან, სსსკ-ის 475-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო იკვლევს იმ მტკიცებულებებსაც, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას, შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს.

მსჯავრდებულის დამცველი ითხოვდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში მიეღო მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ ის, რომ რ. წ-ს ჰყავდა მცირეწლოვანი შვილები.

ამასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის _ ოჯახური მდგომარეობა, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლომ რ. წ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია მხოლოდ ის, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.

საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, სრული და ობიექტური, რაც ასევე გულისხმობს, რომ ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს პირის პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი, ისე შემამსუბუქებელი გარემოებები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ზემოაღნიშნული არსებითი დარღვევის გამო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობას, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული მითითებები, რის შემდეგ გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის განაჩენი რ. წ-ის მიმართ, ხოლო საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.