საქმე #ბს-669(კ-21) 23 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – თ. ფ-ა, ს. მ-ა, დ. მ-ა, ს. მ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 27 თებერვალს თ. ფ-ამ, ს. მ-ამ, დ. მ-ამ და ს. მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, თ. ფ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. 2004 წლის 17 აპრილს იგი დაქორწინდა და შეეძინა 3 შვილი: ს. მ-ა (დაბადებული ...წ.), დ. მ-ა (დაბადებული ...წ.) და ს. მ-ა (დაბადებული ...წ). მოსარჩელეთა მითითებით, დაოჯახების შემდგომ, 2004 წლიდან თ. ფ-ა ცალკე ოჯახს წარმოადგენდა, შესაბამისად, იგი არ მიეკუთვნებოდა მამამისის - რ. ფ-ას ოჯახს. 2009 წელს რ. ფ-ა სასტუმრო „...ში“ მოკავებული ფართის სანაცვლოდ დაკმაყოფილდა ფულადი კომპენსაციით, თ. ფ-ა და მისი შვილები კი ვერ ჩაითვლებიან კომპენსირებულად. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ თ. ფ-ა 2009 წელს იყო სრულწლოვანი, რის გამოც აღნიშნულ კომპენსირებასთან დაკავშირებით სავალდებულო იყო მისი თანხმობა, ასევე, ნოტარიული ხელმოწერა, რაც არ განხორციელებულა. მოსარჩელეთა განმარტებით, სამინისტრომ ყოველგვარი შემოწმების გარეშე ჩათვალა მოსარჩელეები სახელმწიფოსაგან უზრუნველყოფილად, რაც მათი მოსაზრებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უხეშად დაირღვა მათი უფლებები.
ამდენად, მოსარჩელეებმა დევნილთა მონაცემთა ბაზაში კომპენსირებულ პირად მონიშვნის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 19 თებერვლის #03/3052 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელეების - თ. ფ-ას, ს. მ-ას, დ. მ-ას, ს. მ-ას კომპენსირებულთა სიიდან ამორიცხვის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ფ-ას, ს. მ-ას, დ. მ-ას და ს. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 19 თებერვლის #03/3052 გადაწყვეტილება დევნილთა მონაცემთა ბაზაში კომპენსირებულ პირად მონიშვნის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეები - თ. ფ-ა, ს. მ-ა, დ. მ-ა, ს. მ-ა ამორიცხული იქნებიან კომპენსირებულთა სიიდან.
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, თ. ფ-ას (პ/ნ ...; დაბ. ...წ.) სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობით დგინდება, რომ იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილია. დევნილის მოწმობაში დროებით საცხოვრებელ სახლად მითითებულია - ქ. თბილისი, ჩუღურეთი, მისამართის გარეშე. სარეგისტრაციო #..., გაცემის თარიღი - 01.02.2014წ.
სასამართლომ საქმეში არსებული ქორწინების მოწმობით დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ფ-ასა და ბ. მ-ას ქორწინების მოწმობის გაცემის თარიღი არის 2010 წლის 9 ივლისი, ხოლო ქორწინების თარიღია 2004 წლის 17 აპრილი.
ს. მ-ას დაბადების მოწმობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. მ-ა არის ბ. მ-ასა და თ. ფ-ას შვილი. იგი დაიბადა ... წლის ... ...ს ქ. თბილისში და არის არასრულწლოვანი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ს. მ-ას (პ/ნ ...; დაბ. ...წ.) სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობით დგინდება, რომ იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილია. დევნილის მოწმობაში დროებით საცხოვრებელ სახლად მითითებულია - ქ. თბილისი, ჩუღურეთი, მისამართის გარეშე. სარეგისტრაციო #..., გაცემის თარიღი - 01.02.2014წ.
დ. მ-ას დაბადების მოწმობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. მ-ა არის ბ. მ-ასა და თ. ფ-ას შვილი. იგი დაიბადა ... წლის ... ...ს ქ. თბილისში და არის არასრულწლოვანი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, დ. მ-ას (პ/ნ ...; დაბ. ...წ.) სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობით დგინდება, რომ იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილია. დევნილის მოწმობაში დროებით საცხოვრებელ სახლად მითითებულია - ქ. თბილისი, ჩუღურეთი, მისამართის გარეშე. სარეგისტრაციო #..., გაცემის თარიღი - 01.02.2014წ.
ს. მ-ას დაბადების მოწმობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. მ-ა არის ბ. მ-ასა და თ. ფ-ას შვილი. იგი დაიბადა 2010 წლის 3 მაისს ქ. თბილისში და არის არასრულწლოვანი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, ს. მ-ას (პ/ნ ...; დაბ. ...წ.) სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობით დგინდება, რომ იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილია. დევნილის მოწმობაში დროებით საცხოვრებელ სახლად მითითებულია - ქ. თბილისი, ჩუღურეთი, მისამართის გარეშე. სარეგისტრაციო #..., გაცემის თარიღი - 01.02.2014წ.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2020 წლის 6 თებერვალს თ. ფ-ამ განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და განმარტა, რომ მამამისის - რ. ფ-ას ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების მომენტისათვის, თ. ფ-ა ცალკე ოჯახს წარმოადგენდა, იყო სრულწლოვანი და მას თანხმობა არ გაუცია კომპენსირებასთან დაკავშირებით. ამდენად, მან თ. ფ-ას, ს. მ-ას, დ. მ-ასა და ს. მ-ას კომპენსირებულთა სიიდან ამოშლა მოითხოვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 19 თებერვლის #03/3052 გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ განცხადების განხილვის მომენტისათვის, დევნილთა ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით, ფ. გ-ა, რ. ფ-ა, რ. ფ-ა და თ. ფ-ა ითვლებოდნენ დევნილთა სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფილად. სააგენტოში დაცული დევნილთა ოჯახის საანკეტო მონაცემების მიხედვით, 1997 წლის მდგომარეობით საცხოვრებელ მისამართზე - სასტუმრო „...ში“ ოჯახი ფიქსირდებოდა შემდეგი შემადგენლობით: ოჯახის უფროსი - ფ. გ-ა, მეუღლე - რ. ფ-ა, შვილი - რ. ფ-ა და შვილი - თ. ფ-ა.
გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ 2009 წელს სასტუმრო „...ში“ მოკავებული საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ აღნიშნული შემადგენლობით მათ გადაეცათ ფულადი კომპენსაცია, რომლის საფუძველზეც, ისინი ითვლებოდნენ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელწიფოსაგან უზრუნველყოფილად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ მოსარჩელეებს უარი უთხრა დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებული პირის მონიშვნის გაუქმებაზე.
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ფ-ა და რ. ფ-ა არ არიან და 2009 წლის მდგომარეობით არ ყოფილან ოჯახის წევრები, არ ცხოვრობდნენ ერთად და არ ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ, მტკიცების ტვირთი, უპირველეს ყოვლისა, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეზე ობიექტურად დადგენილი მონაცემები საკმარისად მაღალი სარწმუნოობით დამაჯერებელი უნდა იყოს, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ თ. ფ-ა და რ. ფ-ა 2009 წელს იყვნენ ერთი ოჯახის წევრები, ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას და ცხოვრობდნენ ერთად. მხარეები სადაოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ რ. ფ-ასა და მის ოჯახის წევრებზე გაცემული იყო კომპენსაცია სასტუმრო „...ში“ 21.29 კვ.მ გამოთავისუფლების სანაცვლოდ და მხარეები არ დავობდნენ, რომ სასტუმრო „...ში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელობითი სია მიწოდებულ იქნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს სპეციალისტების მიერ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ქორწინების მოწმობაზე, რომლითაც დგინდებოდა, რომ თ. ფ-ასა და ბ. მ-ას ქორწინების თარიღი იყო 2004 წლის 17 აპრილი, ამასთანავე, მათი შვილის - ს. მ-ას დაბადების თარიღი იყო ... წლის ... ...ი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 17 აპრილიდან თ. ფ-ა და მისი შვილები არ წარმოადგენდნენ რ. ფ-ას ოჯახის წევრებს, შესაბამისად 2009 წელს თ. ფ-ას, მის არასრულწლოვან შვილს - ... წლის ... ...ს დაბადებულ ს. მ-ასა და ... წლის ... ...ს დაბადებულ დ. მ-ას არ მიუღიათ კომპენსაცია სასტუმრო „...ში“ 21.29 კვ.მ გამოთავისუფლების სანაცვლოდ. სასამართლოს შეფასებით, ასევე, აღსანიშნავი იყო, რომ არც 2007 წლის 19 თებერვლის დახმარების გაწევის შესახებ ხელშეკრულებაში არსებობდა რაიმე სახის ჩანაწერი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეებს მიღებული ჰქონდათ კომპენსაცია ან ის მათ ნაცვლად აიღო ოჯახის სხვა წევრმა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის #2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
მითითებული წესის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა დადგენილიყო, განხორციელდა თუ არა თ. ფ-ას კომპენსაცია ფართის გათავისუფლების სანაცვლოდ. ამდენად, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო, მიუხედავად რეგისტრაციის მისამართისა, ზუსტად დაედგინა „...ში“ რ. ფ-ას ოთახში განსახლებულ პირთა ვინაობა, რაც არსებითი იყო დევნილის მიმართ კანონით გათვალისწინებული გარანტიების განსახორციელებლად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მტკიცების ტვირთი, უპირველეს ყოვლისა, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება. თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ თ. ფ-ა და რ. ფ-ა 2009 წელს იყვნენ ერთი ოჯახის წევრები, ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას და ცხოვრობდნენ ერთად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 17 აპრილიდან თ. ფ-ა და მისი შვილები არ წარმოადგენდნენ რ. ფ-ას ოჯახის წევრებს, შესაბამისად 2009 წელს თ. ფ-ას, მის არასრულწლოვან შვილს - ... წლის ... ...ს დაბადებულ ს. მ-ასა და ... წლის ... ...ს დაბადებულ დ. მ-ას არ მიუღიათ კომპენსაცია სასტუმრო „...ში“ 21.29 კვ.მ გამოთავისუფლების სანაცვლოდ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე თ. ფ-ა, რომელიც დამოუკიდებლად იყო რეგისტრირებული სასტუმრო „...ში“, განცალკევებულად საჭიროებდა შესაბამისი კომპენსაციით უზრუნველყოფას. მოპასუხე მხარის განმარტებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ რ. ფ-ა კომპენსაციის მიღების დროს მოქმედებდა მოსარჩელე თ. ფ-ასა და მისი არასრულწლოვანი შვილების სახელით, როგორც მისი წარმომადგენელი, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც რ. ფ-ას წარმომადგენლობით უფლებამოსილებას დაადასტურებდა. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელე და რ. ფ-ა 2009 წლის მდგომარეობით წარმოადგენდნენ ოჯახის წევრებს ან/და მუდმივად ცხოვრობდნენ 21.29 კვ.მ ოთახში და ეწეოდნენ ერთიან სამეურნეო საქმიანობას.
სასამართლომ მიუთითა „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-3 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-8 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და აღნიშნა, რომ კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 19 თებერვლის #03/3052 გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული თ. ფ-ას არასრულწლოვანი შვილებისათვის კომპენსაციის გაცემის თაობაზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2009 წელს თ. ფ-ას მამის ფართის სანაცვლოდ კომპენსირების მომენტისათვის, თ. ფ-ას ჰყავდა 2 არასრულწლოვანი შვილი: ს. მ-ა და დ. მ-ა, რომელთა ნების გამოვლენაც შესაძლოა დადასტურებულიყო კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, რაც არ განხორციელებულა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხე მხარის პოზიციაზე, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები რეგისტრირებულები იყვნენ სასტუმრო „...ში“. ისინი მითითებულები იყვნენ როგორც იქ მაცხოვრებლები, ხოლო სასტუმრო „...ის“ შენობაში მცხოვრებ დევნილებზე გაცემულ იქნა კომპენსაცია, რაც შემდგომში გამორიცხავდა მათ ხელახლა დაკმაყოფილებას საცხოვრებლით ან რაიმე სხვა ფულადი დახმარებით. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებდა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ვალდებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ.
სასამართლომ უსაფუძლობის გამო არ გაიზიარა მოპასუხის ზემოხსენებული მოსაზრება და აღნიშნა, რომ 2014 წლის 1 მარტამდე მოქმედი 1996 წლის 28 ივნისის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ ( 2011 წლის 23 დეკემბრის #5597 კანონით ცვლილებების შეტანამდე „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“) საქართველოს კანონით (ძალადაკარგულია საქართველოს 02/06/2014 წლის #1982 კანონით) არ იყო დადგენილი დევნილის ვალდებულება, ერთი თვის განმავლობაში ეცნობებინა სამინისტროსათვის დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე. აღნიშნული კანონისმიერი ვალდებულება წარმოიშვა „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2011 წლის 23 დეკემბერის #5597 კანონით, რის შედეგადაც მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: დევნილი ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2004 წელს ქორწინების შედეგად, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო, თ. ფ-ას, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირს, არ გააჩნდა კანონისმიერი ვალდებულება, ეცნობებინა სამინისტროსათვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე.
სასამართლოს მითითებით, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიაჩნდა, რომ რამდენადაც მოსარჩელე თ. ფ-ას სამინისტროსათვის სარეგისტრაციო მისამართის შეცვლის მოთხოვნით არ მიუმართავს, იგი დევნილთა მონაცემთა ბაზაში ირიცხებოდა მშობლებთან ერთად საერთო სარეგისტრაციო ნომრით, რაც ავტომატურად მოსარჩელისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნილთა მონაცემთა ბაზაში მოსარჩელის მამის - რ. ფ-ას ოჯახისათვის მიკუთვნების და კომპენსირებულ პირებად მიჩნევის საფუძველს ქმნიდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე თ. ფ-ასა და მის არასრულწლოვან შვილებს ფაქტობრივად არ გააჩნდათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო მათი დროებითი რეგისტრაციის ადგილი იყო ქ. თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, მისამართის გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ფ-ას განცხადების განხილვისა და სადავო გადაწყვეტილების გამოტანისას, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა და შეეფასებინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა დევნილთა (მოსარჩელეთა და მათი არასრულწლოვანი შვილების) ოჯახი, ოჯახის შინასამეურნეო საქმიანობა (საერთო საოჯახო მეურნეობა), დევნილთა რეგისტრაციის ადგილი და რეგისტრაცია, დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და სათანადო საცხოვრებელი.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის #ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ მოხმობილ გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ ვინაიდან ნება გამოხატულია ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ოჯახის უფროსის მიერ და იგულისხმება, რომ მას ხელშეკრულების გაფორმებისას მიღებული აქვს ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობაც, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება რაიმე უკანონო სახის ზემოქმედება, ხოლო განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ფ-ა და მისი მამა 2009 წლის მდგომარეობით არ წარმოადგენენ ოჯახს, არ ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას, ამასთან, ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისაკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად, რაც სასამართლოს შეფასებით, მოცემულ დავასთან კავშირში ვერ იქნებოდა, ვინაიდან დადგენილი იყო, რომ თ. ფ-ა ხელშეკრულების დადების დროს არ ცხოვრობდა მამის ოჯახთან, შესაბამისად, რ. ფ-ას ნების გამოვლენა ვერ ჩაითვლებოდა მისი და მისი არასრულწლოვანი შვილების საერთო მიზნისკენ მიმართულ ნების გამოვლენად. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, სახეზე იყო იმგვარი გარემოება, რომ მსგავსად საქმეებისა, სადაც ფიგურირებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ამ უკანასკნელის მიერ მოქალაქეებთან ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას აუცილებელი იყო მათი წერილობითი თანხმობა, რის გარეშეც ადმინისტრაციული ხელშეკრულება ძალაში ვერ შევიდოდა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის ნების გამოვლენისათვის აუცილებელი იყო თ. ფ-ას წერილობითი თანხმობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო ხელშეკრულებების საფუძვლად არსებული მოსარჩელის წერილობითი თანხმობა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე მხარე წარმოადგენდა კომპენსირებულ პირს ან მის ნაცვლად სხვა პირის მიერ მიღებულ იქნა კომპენსაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, მან ვერ დაადასტურა სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებული გარემოება, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ მოსარჩელის მიერ კომპენსაციის მიღების ფაქტი, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ არ არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო, კერძოდ, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი დევნილთა მონაცემთა ბაზაში კომპენსირებულ პირად მონიშვნის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 19 თებერვლის #03/3052 გადაწყვეტილება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს უნდა დავალებოდა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეები - თ. ფ-ა, ს. მ-ა, დ. მ-ა, ს. მ-ა ამორიცხული იქნებოდნენ კომპენსირებულთა სიიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა დადგენილიყო, განხორციელდა თუ არა მოსარჩელეთა კომპენსაცია ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, კერძოდ, მოსარჩელეებისათვის ცნობილი იყო თუ არა 2009 წელს თ. ფ-ას მამის - რ. ფ-ას სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად კი, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის არგუმენტი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში მოსარჩელეთა დაკმაყოფილებულად მიჩნევის თაობაზე და ყურადღება მიაქცია მოსარჩელე თ. ფ-ას განმარტებაზე, რომლის თანახმად, იგი დაოჯახდა და ცალკე ოჯახს წარმოადგენდა 2004 წლიდან და არ მიეკუთვნებოდა მამამისის - რ. ფ-ას ოჯახს, რაც ასევე დასტურდებოდა ქორწინების მოწმობით, რომლითაც დგინდებოდა, რომ თ. ფ-ასა და ბ. მ-ას ქორწინების მოწმობის გაცემის თარიღი იყო 2010 წლის 9 ივლისი, ხოლო ქორწინების რეგისტრაციის თარიღი - 2004 წლის 17 აპრილი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მამასთან ერთად ცხოვრობდა ერთ ოჯახად, როგორც დევნილობამდე, ისე დევნილობის შემდეგ. აპელანტის განმარტებით, იგი არასდროს არ ყოფილა ცალკე ოჯახად რეგისტრირებული, მეტიც, დაოჯახების შემდეგაც, მისი შვილებიც მითითებულ მისამართზე ფიქსირდებოდნენ და ერთი საოჯახო ნომერი გააჩნდათ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, კერძოდ, ვერ იქნა დადასტურებული სადავო გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივად ცხოვრობდნენ სასტუმრო „...ში“, საიდანაც ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ მიიღეს კომპენსაცია. ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ თ. ფ-ა და რ. ფ-ა 2009 წელს იყვნენ ერთი ოჯახის წევრები, ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას და ცხოვრობდნენ ერთად. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ რ. ფ-ასა და მის ოჯახის წევრებზე გაცემული იყო კომპენსაცია სასტუმრო „...ში“ 21.29 კვ.მ გამოთავისუფლების სანაცვლოდ და სასტუმრო „...ში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელობითი სია მიწოდებულ იქნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს სპეციალისტების მიერ. თუმცა კომპენსაციის 2009 წელს გაცემის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და დაასკვნა, რომ 2004 წლის 17 აპრილიდან თ. ფ-ა და მისი შვილები არ წარმოადგენდნენ რ. ფ-ას ოჯახის წევრებს. შესაბამისად, 2009 წელს თ. ფ-ას, მის არასრულწლოვან შვილებს - 2004 წლის 18 ოქტომბერს დაბადებულ ს. მ-ასა და 2006 წლის 23 აპრილს დაბადებულ დ. მ-ას, არ ჰქონდათ მიღებული კომპენსაცია სასტუმრო „...ში“ 21.29 კვ.მ გამოთავისუფლების სანაცვლოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხე მხარე ვალდებული იყო, მიუხედავად რეგისტრაციის მისამართისა, ზუსტად დაედგინა „...ში“ რ. ფ-ას ოთახში განსახლებულ პირთა ვინაობა, რაც არსებითი იყო დევნილის მიმართ კანონით გათვალისწინებული გარანტიების განსახორციელებლად. მოსარჩელე თ. ფ-ა, რომელიც დამოუკიდებლად იყო რეგისტრირებული სასტუმრო „...ში“, განცალკევებულად საჭიროებდა შესაბამისი კომპენსაციით უზრუნველყოფას იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც რ. ფ-ას წარმომადგენლობით უფლებამოსილებას დაადასტურებდა, ასევე მტკიცებულება, რომ მოსარჩელე თ. ფ-ა და რ. ფ-ა 2009 წლის მდგომარეობით წარმოადგენდნენ ოჯახის წევრებს ან/და მუდმივად ცხოვრობდნენ 21.29 კვ.მ ოთახში და ეწეოდნენ ერთიან სამეურნეო საქმიანობას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 19 თებერვლის #03/3052 გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული თ. ფ-ას არასრულწლოვანი შვილების კომპენსაციის თაობაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თ. ფ-ას მამის კომპენსირება ფართის სანაცვლოდ განხორციელდა 2009 წელს, რა დროსაც თ. ფ-ას ჰყავდა 2 არასრულწლოვანი შვილი: ს. მ-ა და დ. მ-ა, რომელთა ნების გამოვლენაც შესაძლოა დადასტურებულიყო კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, რაც არ განხორციელებულა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოსარჩელეს არ მიუმართავს სააგენტოსთვის ცალკე ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე და არც მისამართის შეცვლის შესახებ უცნობებია, რის ვალდებულაც მას აქვს კანონმდებლობის შესაბამისად, მას კომპენსაცია გადაეცა ოჯახის წევრებთან ერთად სწორედ იმ მდგომარეობით, რა ფაქტობრივი და იურიდიული მდგომარეობითაც ფიქსირდებოდა საცხოვრებელ ადგილზე. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე თ. ფ-ა 2004 წლიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში და მეუღლესთან ერთად ეწეოდა შინასამეურნეო საქმიანობას. მათ გააჩნდათ ერთი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ერთად ზრდიდნენ საერთო შვილებს. ამასთან, მოსარჩელეების დროებითი რეგისტრაციის ადგილი იყო - ქ. თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, მისამართის გარეშე. აღნიშნულ გარემოებათა საწინააღმდეგო მტკიცებულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ იყო.
ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ რ. ფ-აზე გაცემული იყო კომპენსაცია სასტუმრო „...ში“ 21.29 კვ.მ ერთი ოთახის გათავისუფლების სანაცვლოდ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები და რ. ფ-ას ოჯახი რეალურად ვერ შეძლებდნენ ამ ფართობის მქონე ოთახში თანაცხოვრებას, რაც ასევე ცხადყოფდა მოსარჩელეთა მითითებულ გარემოებას, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ ერთ ოჯახს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელე თ. ფ-ა 2004 წლის 17 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და ცხოვრობდა მეუღლესთან - ბ. მ-ასთან ერთად ერთ ოჯახად, იგი 2004 წლის 17 აპრილიდან უკვე აღარ იყო მამის - რ. ფ-ას ოჯახის წევრი და შესაბამისად, რ. ფ-ას მიერ მიღებული კომპენსაციის საფუძველზე, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით თ. ფ-ას და მისი არასრულწლოვანი შვილების, როგორც რ. ფ-ას ოჯახის წევრების კომპენსირებულ პირებად მიჩნევა კანონშეუსაბამო იყო. ამასთან, მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსარჩელის შვილები კომპენსირებულები იყვნენ.
სააპელაციო პალატამ, ასევე, დამატებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის #ბს-1305(3კ-18) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სზაკ-ის 67.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელეთათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მათგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. არასწორია კასატორთა მოსაზრება ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელეთა წერილობითი თანხმობის საჭიროების გამორიცხვის შესახებ, რადგან სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეებს ერთმევათ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანოსგან სხვა რაიმე კომპენსაციის და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება (2.4 პუნქტი), რაც სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეთა უფლებების შეზღუდვას ადასტურებს და წარმოშობს მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების დადებისას მათი წერილობითი თანხმობის წარდგენის საჭიროებას (სზაკ-ის 67.1 მუხ.). დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან არ დგინდება ხელშეკრულების შინაარსის შესახებ თ. გ-ისა და ნ. გ-ისთვის ინფორმაციის მიწოდება. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 19.09.2013წ. წერილობითი პასუხებით მართალია მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ მათ ოჯახს ფართი დაუკანონდა, თუმცა ფართის საკუთრებაში გადაცემის საფუძვლად არსებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები ან ხელშეკრულება მათ არ გადასცემიათ. ამდენად, მოსარჩელეები მითითებულ დოკუმენტაციას 2013 წელს ოფიაციალურად არ გაცნობიან. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლარად, რომელიც გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ხელშეკრულება არ გადასცემიათ მხარეებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აქტის გამოცემის პროცედურული წესების დაცვა იმთავითვე არ ადასტურებს აქტის მართლზომიერებას, რადგან ადმინისტრაციული აქტი კანონიერი უნდა იყოს როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ოჯახის შემადგენლობის დადგენა არ შედიოდა არც ერთი კასატორის უფლებამოსილებაში, არ ასაბუთებს სადავო აქტების კანონიერებას“.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა მოსარჩელეთა წერილობითი თანხმობა ხელშეკრულების/ან ფულადი კომპესაციის მიღების თაობაზე, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელისათვის მითითებული ხელშეკრულების თაობაზე ცნობილი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ თითქოს მოსარჩელე თ. ფ-ა დამოუკიდებლად იყო რეგისტრირებული სასტუმრო „...ში“ და განცალკევებულად საჭიროებდა შესაბამისი კომპენსაციით უზრუნველყოფას. აღნიშნულის საპირისპიროდ, კასატორი განმარტავს, რომ თ. ფ-ა თავის ოჯახის წევრებთან ერთად 1993 წლიდან არის დევნილად რეგისტრირებული სასტუმრო „...ში“ (სარეგისტრაციო ნომერი: #...). სააგენტოში დაცული დევნილთა ოჯახის საანკეტო მონაცემების მიხედვით, 1997 წლიდან სასტუმრო „...ში“ ოჯახი ფიქსირდება შემდეგი შემადგენლობით: ოჯახის უფროსი - ფ. გ-ა, მეუღლე - რ. ფ-ა, შვილი - რ. ფ-ა და შვილი - თ. ფ-ა. აღნიშნული შემადგენლობით სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ მოხდა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შესაბამისი კომპენსაციის გაცემა. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ. ფ-ა ცალკე ოჯახად არასდროს არ ყოფილა რეგისტრირებული, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საოჯახო ანკეტებით. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც მოსარჩელე დაქორწინდა და შეეძინა შვილები, მან მისი არასრულწლოვანი შვილებიც იმავე მისამართზე დაარეგისტრირა და იგივე საოჯახო ნომერი მიანიჭა. კასატორისათვის გაურკვეველია, თუკი მოსარჩელე ცალკე ოჯახს წარმოადგენდა, მაშინ რატომ დარეგისტრირდნენ მისი შვილებიც იმავე მისამართზე (ქ. თბილისი, ჩუღურეთი, მისამართის გარეშე), იმავე საოჯახო ნორმით.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოადგინა ყველა მის ხელთარსებული მტკიცებულება, რომლითაც უპირობოდ დგინდება, რომ მოსარჩელე თავის შვილებთან და მშობლებთან ერთად წარმოადგენდა ერთ ოჯახს, რაც დასტურდება საოჯახო ანკეტებითა და დევნილის მოწმობებით. რაც შეეხება ქორწინების მოწმობას, კასატორი აღნიშნავს, რომ იგი მხოლოდ იმის დამადასტურებელია, რომ მოსარჩელე იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და არა იმისა, რომ იგი ცალკე ოჯახად დარეგისტრირდა დევნილთა მონაცემთა ბაზაში, მიენიჭა ცალკე საოჯახო ნომერი, წარმოადგენდა ცალკე ოჯახს და არ შედიოდა რ. ფ-ასა და ფ. გ-ას ოჯახის შემადგენლობაში.
კასატორის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ არის უტყუარად დადასტურებული ის გარემოება, რომ იგი წარმოადგენდა ცალკე ოჯახს და გააჩნდა რ. ფ-ას ოჯახისაგან განცალკევებული საოჯახო მეურნეობა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ. ფ-ა სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით ფიქსირდება კომპენსირებულად ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მდებარე სასტუმრო ...ში მდებარე ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ. შესაბამისად, კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელე უკვე დაკმაყოფილებულად ითვლება და იგი ხელახლა სააგენტოსათვის მიმართვით, მისი დაკმაყოფილებულთა სიიდან ამორიცხვის შემთხვევაშიც კი, ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს და ვერ იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით თუ ფულადი კომპენსაციით, რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობა გამორიცხავს ერთხელ უზრუნველყოფილი დევნილი ოჯახის ხელმეორედ დახმარებას და უზრუნველყოფას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ფ-ას, ს. მ-ას, დ. მ-ას და ს. მ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო უპირველესად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა უბინაოდ დარჩენილი დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს შესაბამისი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას, უბინაობის პრობლემების თავიდან აცილებასა და შერბილებას მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე უფლებას განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფონი, რომლებიც აღიარებენ, რომ ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალ თანხმობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო თანამშრომლობას, მიიღებენ სათანადო ზომებს ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფისათვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი კი ასევე ითვალისწინებს დევნილი ოჯახის ცნებას, რომლის მიხედვითაც, დევნილის ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 19 თებერვლის #03/3052 გადაწყვეტილებით სააგენტომ უარი უთხრა მოსარჩელეებს დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებული პირის მონიშვნის გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან დევნილთა ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით, ფ. გ-ა, რ. ფ-ა, რ. ფ-ა და თ. ფ-ა ითვლებოდნენ, დევნილთა სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფილად, რამდენადაც 2009 წელს სასტუმრო „...ში“ მოკავებული საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ოჯახს სწორედ მითითებული შემადგენლობით გადაეცა ფულადი კომპენსაცია. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე თ. ფ-ა განმარტავს, რომ 2004 წელს დაოჯახების შემდგომ, იგი წარმოადგენდა ცალკე ოჯახს და არ მიეკუთვნებოდა მამამისის - რ. ფ-ას ოჯახს, რომელიც 2009 წელს სასტუმრო „...ში“ მოკავებული ფართის სანაცვლოდ დაკმაყოფილდა ფულადი კომპენსაციით. მოსარჩელე თ. ფ-ა მიიჩნევს, რომ იგი და მისი შვილები ვერ ჩაითვლებიან კომპენსირებულად, რამდენადაც 2009 წელს თ. ფ-ა იყო სრულწლოვანი, შესაბამისად, კომპენსირების პროცესში სავალდებულო იყო მისი თანხმობა, ასევე, ნოტარიული ხელმოწერა, რაც არ განხორციელებულა. ამდენად, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სამინისტრომ ყოველგვარი შემოწმების გარეშე ჩათვალა მოსარჩელეები სახელმწიფოსაგან უზრუნველყოფილად.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის მართებული გადაწყვეტისათვის არსებითია დადგინდეს, უნდა ჩაითვალონ თუ არა მოსარჩელეები კომპენსირებულად 2009 წელს სასტუმრო „...ში“ მოკავებული ფართის გათავისუფლების სანაცვლოდ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში.
ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობაზე, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებების უარყოფისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მითითებულ იქნა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, უფრო კონკრეტულად, ვერ იქნა დადასტურებული ის სადავო გარემოება, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივად ცხოვრობდნენ სასტუმრო „...ში“, საიდანაც ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ მიიღეს კომპენსაცია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ თ. ფ-ა და რ. ფ-ა 2009 წელს იყვნენ ერთი ოჯახის წევრები, ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას და ცხოვრობდნენ ერთად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ან/და სამართალწარმოების ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების დაუდასტურებლობა არ ქმნის სასამართლოს მხრიდან ამ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს. ადმინისტრაციული სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე და ინკვიზიციურობის პრინციპის თანაარსებობის მიუხედავად, მტკიცების ტვირთის უმეტესი ნაწილი სწორედ პროცესის მონაწილე მხარეებს აწვება. შესაბამისად, თავიანთი პოზიციების დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებების მითითება და მათი სათანადო მტკიცებულებებით გამყარება მხარეთა პროცესუალური მოვალეობაა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი უზრუნველყოფს როგორც მოსარჩელის, ასევე, მოპასუხის აქტიურ ჩართულობას და მონაწილეობას სამართალწარმოებაში, შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მტკიცების ტვირთის სრულად გადაკისრებას და აღნიშნულის ხარჯზე მოწინააღმდეგე მხარის პასიურ მდგომარეობაში ყოფნას.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვერ ამტკიცებდა 2009 წლის მდგომარეობით (კომპენსაციის რ. ფ-აზე გაცემის მომენტისათვის) მოსარჩელის სასტუმრო „...ში“ ცხოვრების ფაქტს და ამ მოტივით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2004 წლიდან თ. ფ-ა აღარ წარმოადგენდა მამამისის - რ. ფ-ას ოჯახის წევრს და საკუთარ მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცალკე ოჯახად ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო სამეურნეო საქმიანობას.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ დასკვნას და მის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ ის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო კონკრეტული ფაქტის დადასტურება ან/და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარკვეული ფაქტობრივი გარემოება, არ გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ნამდვილად არსებობს და სასამართლოს აქვს შესაძლებლობა დადასტურებულად ჩათვალოს იგი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ადმინისტრაციული ორგანო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას სწორედ მოსარჩელის სასტუმრო „...ში“ ცხოვრების ფაქტის დადასტურების გზით ცდილობდა, თუმცა, თავის მხრივ, წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოების მტკიცებას, რომ მიუხედავად მოსარჩელეთა სასტუმრო „...ში“ რეგისტრაციისა, ისინი ფაქტობრივად სხვა მისამართზე ცხოვრობდნენ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პოზიტიური მტკიცების ვალდებულება ეკისრებოდათ, ასევე, მოსარჩელეებსაც, რომლებსაც უნდა დაემტკიცებინათ მათი სხვა ადგილას ცხოვრების ფაქტი, რაც ცხადია ვერ ჩაითვლებოდა დადასტურებულად მარტოოდენ იმ მიზეზით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს თ. ფ-ასა და მისი არასრულწლოვანი შვილების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა თ. ფ-ას მამის - რ. ფ-ასათვის კომპენსაციის მიცემის მომენტისათვის (2009 წელს). საგულისხმოა, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მხრიდან სათანადოდ არ გამოკვლეულა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაეფუძნა მხოლოდ მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებას, რომ თ. ფ-ამ დაოჯახების შემდგომ, 2004 წლიდან დატოვა სასტუმრო „...ი“, რის გამოც ამ პერიოდიდან იგი წარმოადგენდა ცალკე ოჯახს და მის მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად ეწეოდა დამოუკიდებელ სამეურნეო საქმიანობას. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას. იგი ეფუძნება მხოლოდ მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებას და არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ხსენებული ფაქტი ვერ იქნება დადასტურებული მარტოოდენ საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქორწინების მოწმობა ადასტურებს მხოლოდ ქორწინების ფაქტს, რაც არ გამორიცხავს დაქორწინებულ პირთა ოჯახის სხვა ნათესავებთან ერთად ერთ ოჯახად თანაცხოვრების შესაძლებლობას. შესაბამისად, მითითებული მტკიცებულება არ არის იმის უპირობო გარანტი, რომ დაქორწინებული პირები ცხოვრობენ ცალკე და ეწევიან ცალკე საერთო საოჯახო მეურნეობას.
მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ თავის მხრივ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, 96-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ყოველმხრივ და სრულყოფილად გამოკვლევის ვალდებულება. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული 2020 წლის 19 თებერვლის #03/3052 გადაწყვეტილება დაეფუძნა მხოლოდ დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს, სადაც მოსარჩელე თ. ფ-ა ფულადი კომპენსაციით სახელმწიფოსაგან უზრუნველყოფილად (კომპენსირებულად) არის დაფიქსირებული. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დამატებით არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელეთა საცხოვრებელი ადგილი, კერძოდ, 2004 წლიდან ნამდვილად ცალკე ცხოვრობდა თუ არა თ. ფ-ა მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად. საქმის მასალებში მოიპოვება გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინმსწრები 2020 წლის 6 თებერვლის განცხადება (ს.ფ. 77), რომლითაც თ. ფ-ა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გარკვევით განუმარტავს, რომ მისი მამის - რ. ფ-ას კომპენსირების მომენტისათვის იგი წარმოადგენდა ცალკე ოჯახს. მიუხედავად ადმინისტრაციული ორგანოს ინფორმირებისა, სააგენტოს არ მიუმართავს საჭირო ზომებისათვის თ. ფ-ას მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისა და სათანადო გამოკვლევის გარეშე, რაც წარმოშობს საკითხის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დამატებით კვლევის საჭიროებას. განმეორებით გასამართი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს თ. ფ-ას მამის - რ. ფ-ას კომპენსირების მომენტისათვის თ. ფ-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, კერძოდ, ამ დროისათვის ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა იგი მამის - რ. ფ-ას ოჯახში. ამ მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს შესაძლებლობა დაკითხოს მოწმეები, მოსარჩელეთაგან მიიღოს ინფორმაცია მათი ფაქტობრივი საცხოვრებლ(ებ)ის შესახებ, ასევე, მოითხოვოს და მიიღოს მოსარჩელეთა მიერ დასახელებული, იმ დროისათვის მათი საცხოვრებელი ადგილით ფაქტობრივად სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მაგ. კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები), ასევე, მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ყველა სხვა გზას მითითებული გარემოების დასადგენად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ თ. ფ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილები 2009 წლის მდგომარეობით წარმოადგენდნენ რ. ფ-ას ოჯახის წევრებს, ისინი უნდა ჩაითვალონ კომპენსირებულად. ამ კუთხით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის #ბს-1305(3კ-18) განჩინებაზე, რამდენადაც მოხმობილ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა და გაკეთებული განმარტებები ეფუძნება სრულიად განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობას. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ იმ შემთხვევაში, თუკი 2009 წლის მდგომარეობით (რ. ფ-ას კომპენსირების მომენტისათვის) თ. ფ-ა წარმოადგენდა დაკმაყოფილებული ოჯახის წევრს, საჭირო იყო მისი, როგორც სრულწლოვანი პირის, წერილობითი თანხმობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან კმაყოფილდებიან დევნილი ოჯახები და არა ერთეულად ინდივიდები, შესაბამისად, დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა, ავტომატურად, გულისხმობს დევნილ ოჯახში მცხოვრები ყველა წევრის დაკმაყოფილებას, რაც დამატებით არ საჭიროებს ხელშეკრულების გაფორმებაზე თითოეული სრულწლოვანი ოჯახის წევრის მხრიდან წერილობითი თანხმობის გაცხადებას.
საკასაციო პალატა, ასევე, განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ხელახლა გასამართი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდება, რომ თ. ფ-ა მის მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად ნამდვილად ცხოვრობდა სხვა მისამართზე (და არა სასტუმრო „...ში“), მოსარჩელეები არ უნდა ჩაითვალონ კომპენსირებულად, შესაბამისად, მათ უნდა მიენიჭოთ დამოუკიდებელი განცხადების წარდგენის გზით, სახელმწიფოს მხრიდან მათი უზრუნველყოფის ფაქტობრივ-სამართლებრივი პერსპექტივების შეფასების მოთხოვნის უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ფ-ას, ს. მ-ას, დ. მ-ას და ს. მ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი დევნილთა მონაცემთა ბაზაში კომპენსირებულ პირად მონიშვნის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 19 თებერვლის #03/3052 გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32 მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. ფ-ას, ს. მ-ას, დ. მ-ას და ს. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 19 თებერვლის #03/3052 გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა