საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-376(2კ-20) 28 ივნისი, 2022 წელი ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „ა...ი“
მესამე პირი - შპს "..."
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2017 წლის 22 თებერვალს შპს „ა..მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1 აპრილის №165 ბრძანება, მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 18 იანვრის №1-124 ბრძანება; სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დავალებოდა შპს ,,ა...ის” მიმართ ქალაქ თბილისში, ...ის ...ის დასაწყისში, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ცენტრის წარდგენილი პროექტის შეთანხმების თაობაზე ახალი აქტის გამოცემა და ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 18 ივლისის №1/112 ქალაქმშენებლობითი პირობების ძალაში ყოფნის აღიარება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 26 დეკემბრის №1041679 ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ა...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩნებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს "...".
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ა...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,ა...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1 აპრილის №165 ბრძანება, ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 18 იანვრის №1-124 ბრძანება და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საქმის გარემოებების სრულყოფილი შესწავლის და გამოკვლევის საფუძველზე შპს ,,ა...ის“ მოთხოვნაზე - მიწის ნაკვეთზე ს.კ. №... სავაჭრო ცენტრის მშენებლობის მიზნით წარდგენილი პროექტის შეთანხმების თაობაზე, ახალი აქტის გამოცემა დაევალა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორებმა მიუთითეს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №o1-1/1254 ბრძანებით დამტკიცებულ ,,დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ მე-13 მუხლზე, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 34-ე, 36-ე მუხლებზე, 2013 წლის 4 სექტემბრის დროისათვის მოქმედი ქ. თბილისის მერის 2009 წლის 15 იანვრის №10 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის და ქალაქ თბილისის მერიის სსიპ-ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო მეთოდური საბჭოს დებულების“ პირველ და მე-3 მუხლებზე და აღნიშნეს, რომ სასამართლომ ყურადღების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობა წარმოადგენდა უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობას, რომელიც საპროექტო ტერიტორიიდან დაშორებული იყო დაახლოებით 46 მეტრით. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მისაღებად (პროექტის შესათანხმებლად) საჭირო იყო ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება მიეღო ქ. თბილისის მერიისა და სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე. კასატორების მითითებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს - გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს 2013 წლის 13 აგვისტოს №32 სხდომის ოქმის თანახმად, სადავო მისამართზე სავაჭრო ცენტრის ესკიზური პროექტის შეთანხმებაზე ითქვა უარი, შესაბამისად, სამსახურის 2013 წლის 4 სექტემბრის №876468 ბრძანებით, ზემოხსენებული დასკვნის გათვალიწინებით, განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემოდა მეთოდური საბჭოს დასკვნის საფუძველზე, რომელსაც გააჩნდა სავალდებულო ხასიათი, რადგან წარმოადგენდა მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველს. გამომდინარე აღნიშნულიდან, საბჭოს უარყოფითი გადაწყვეტილება გამორიცხავდა სამსახურის შესაძლებლობას შეეთანხმებინა პროექტი და გაეცა მშენებლობის ნებართვა.
კასატორების მითითებით, როგორც 2014 წლის 8 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაში (რომელიც კანონიერ ძალაშია შესული), ასევე საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში სასამართლო აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ სამეცნიერო-მეთოდური საბჭო მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნვლყოფდა შენობა-ნაგებობის საპროექტო წინადადებებისა და პროექტების განხილვას. ამდენად, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემოდა მეთოდური საბჭოს დასკვნის საფუძველზე. აღნიშნული საკითხი წარმოების არც ერთ ეტაპზე სადავოდ არ ყოფილა გამხდარი მოსარჩელე მხარის მიერ. შპს „ა...ის“ წარმომადგენელმა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე განაცხადა, რომ სადავო საკითხი არ უნდა ყოფილიყო გატანილი მეთოდურ საბჭოზე, იმ საფუძვლით, რომ საპროექტო ტერიტორია არ წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონას, რაც უპირობოდ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ ისე, რომ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები და დაეყრდნო მხოლოდ აპელატის ზეპირსიტყვიერ განმარტებას. კასატორებმა აღნიშნეს, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2006 წლის 19 ივლისს გაიცა №1/112 ქალაქთმშენებლობითი პირობები, რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრული იყო ორი წლით. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 16 ივნისის №434 ბრძანებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის შპს „ა...ის“ დირექტორის მოთხოვნა და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 19 ივლისის №1/112 ქალაქთმშენებლობითი პირობების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 20 ივნისამდე. დანარჩენ ნაწილში №1/112 ქალაქთმშენებლობითი პირობები დარჩა უცვლელი. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 16 ივნისს დადგენილი №434 ქალათმშენებლობითი პირობები, რომლის საფუძველზეც განმცხადებელი ითხოვდა პროექტის შეთანხმებას, ძალადაკარგული იყო მოქმედების ვადის გასვლის გამო. 2013 წლის 19 ივნისს №AR1153337 განცხადებით მიმართა სამსახურს შპს „ა...ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. სამსახურის 2013 წლის 15 ივლისის №790130 ბრძანებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული ბრძანება განმცხადებლის მიერ სადავოდ არ გამხდარა. სამსახურის 2013 წლის 26 დეკემბრის №1041679 გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ქალაქთმშენებლობითი პირობები, რომლის ძალაში შესვლა დაკავშირებული იყო ფუნქციური ზონის, კერძოდ ტH1-ის სსზ2-ით ცვლილების შესახებ საკრებულოს დადებითი გადაწყვეტილების მიღებასთან. საკრებულოს გადაწყვეტილების თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონა განისაზღვრა სსზ2-ით. ამდენად, სამსახურის 2013 წლის 26 დეკემბრის №1041679 გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის კოეფიციენტები განისაზღვრა ხსენებული ზონის შესაბამისად, კერძოდ: კ1-0.7; 52-4.6; კ3-0.1. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტის გამოცემის შემდგომ შეიცვალა საპროექტო მიწის ნაკვეთის ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლები, რის გამოც სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას საკითხთან დაკავშირებით ემსჯელა. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №57 დადგენილების 45-ე მუხლის მე-13 პუნქტი, ვინაიდან აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო არა ის, თუ რამდენჯერ შეიტანდა განმცხადებელი განცხადებას პროექტის შესათანხმებლად, არამედ ხუთი წლის ვადაში მას მინიმუმ შეთანხმებული უნდა ჰქონოდა სამშენებლო პოექტი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საერთოდ მსჯელობის გარეშე დატოვა სასამართლომ ის გარემოება, რომ 2013 წლის 30 ოქტომბერს №AR1173835 განცხადებით მიმართა სამსახურს მ. მ-მა და მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისთვის ახალი სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, რაც სამსახურის 2013 წლის 26 დეკემბრის №1041679 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. უკვე 2016 წლის 09 ნოემბრის №AR1454946 განცხადებით მიმართა სამსახურს შპს „ე...ს“-მა (მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრე) და სწორედ 2013 წლის 26 დეკემბრის №1041679 გადაწყვეტილებით დადგენილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესაბამისად მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე პროექტის შეთანხმება. ანუ თუ სასამართლოს, ისევე როგორც აპელანტს მიაჩნდა, რომ 2008 წლის 16 ივნისის №434 ბრძანებით შეთანხმებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ძალაში იყო, მაშინ რატომ მიმართა სამსახურს ახალი პირობების დადგენაზე და შემდეგ ამ პირობის საფუძველზე პროექტის შეთანხმების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ა...ის’’ განცხადების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2006 წელის 18 ივლისს ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, ...ის ...ის დასაწყისში მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტის დასამუშავებლად №1/112 ქალაქმშენებლობითი პირობები დადგინდა. ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 16 ივნისის №434 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2006 წელის 18 ივლისის №1/112 ქალაქმშენებლობითი პირობების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 20 ივნისამდე. მითითებული ქალაქმშენებლობითი პირობების მიხედვით, ტერიტორია განაშენიანების მაღალი ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიან ზონას (სსზ) წარმოადგენდა და მიწის ნაკვეთის კოეფიციენტები შემდეგი სახით იყო განსაზღვრული: კ1=0.8, კ2=4.0, კ3=0.10. 2013 წლის 19 ივნისს შპს ,,ა...მა” განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და ქალაქ თბილისში, ...ის ...ის დასაწყისში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი №...) არქიტექტურული პროექტის შეთანხმება მოითხოვა. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ განცხადებას უარყოფითი რეკომენდაცია მისცა იმაზე მითითებით, რომ გამწვანებული სახურავი იყო მიუღებელი. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 15 ივლისის №790130 ბრძანებით შპს ,,ა...ის” განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის შემდგომ - 2013 წლის 9 აგვისტოს მოსარჩელემ კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქალაქ თბილისში, ...ის ...ის დასაწყისში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი №...) არქიტექტურული პროექტის შეთანხმების მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად მ. მ-მა არქიტექტურული პროექტი წარადგინა, რომელიც დამუშავებული იყო სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით (გამწვანებული სახურავის გარეშე). სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ განცხადებას კვლავ უარყოფითი რეკომენდაცია მისცა. საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 4 სექტემბრის №876468 ბრძანებით, მ. მ-ს ქალაქ თბილისში, ...ის ...ის დასაწყისში (ნაკვეთი ...) სავაჭრო ცენტრის წარდგენილი პროექტის შეთანხმებაზე უარი ეთქვა, აღნიშნულ ბრძანებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2014 წლის 5 ივნისის №1313 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა, რაც შპს ,,ა...ის“ წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, შპს ,,ა...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერის მოადგილის 2014 წლის 5 ივნისის №1313 განკარგულება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 4 სექტემბრის №876468 ბრძანება და დასახელებულ სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა დაევალა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2016 წლის 1 აპრილის №165 ბრძანებით შპს ,,ა...ს” ქალაქ თბილისში, ...ის ...ის დასაწყისში (საკადასტრო კოდი №...) სავაჭრო ცენტრის წარდგენილი პროექტის შეთანხმებაზე კვლავ უარი ეთქვა, რაც წინამედებარე სარჩელის ფარგლებში დავის საგანს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ სადავო აქტებში შპს „ა...ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოებები, რომ საპროექტო ტერიტორია, უფლებრივი ზონირების დოკუმენტის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონას წარმოადგენდა და მერიაში შექმნილმა სათათბირო ორგანომ - გაერთიანებულმა სამეცნიერო მეთოდურმა საბჭომ 2013 წლის 13 აგვისტოს მიღებული დასკვნით უარყოფითი შეფასება მისცა წარდგენილ პროექტს. ამასთან, ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 16 ივნისს დადგენილი №434 ქალაქმშენებლობითი პირობები, რომლის საფუძველზეც მოთხოვნილი იყო არქიტექტურული პროექტის შეთანხმება, ძალადაკარგული იყო ვადის გასვლის გამო. ადმინისტრაციულმა ორგანომ აგრეთვე აღნიშნა, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთის ქალაქმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლები, რაც განცხადების წარდგენის დროს იყო დადგენილი, შეიცვალა და არქიტექტურის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ემსჯელა იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც აღარ არსებობდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 45-ე მუხლის მე-13 პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში არ გააგრძელა მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების (განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა დასაშვები სახეობის, მათი სიმაღლეების და მისთ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილებას, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ცხადდება ძალადაკარგულად და მის მფლობელს ეძლევა შეთავაზება სათანადო ცვლილებების განსახორციელებლად. გასაზიარებელია სააპელაციო პალატის მითითება, რომ მითითებული ნორმის გამოსაყენებლად სახეზე უნდა იყოს ორი პირობის კუმულატიურად არსებობა: ნებართვის მაძიებელმა, მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში არ უნდა გააგრძელოს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და ამ ხნის განმავლობაში უნდა მოხდეს სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების ისეთი ცვლილება, რომელიც იწვევს მიწის გამოყენების პირობების ცვლილებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილად არის მიჩნეული ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების ცვლილების ფაქტი, თუმცა ნებართვის მაძიებელს (მოსარჩელეს) არ შეუწყვეტია შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება. კერძოდ, ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2006 წელის 18 ივლისის №1/112 ქალაქმშენებლობითი პირობების ვადა განსაზღვრული იყო 2013 წლის 20 ივნისამდე. შპს ,,ა...ის” წარმომადგენელმა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს №AR1140357 განცხადებით მიმართა ვადი გასვლამდე - 2013 წლის 19 ივნისს და არქიტექტურული პროექტის შეთანხმება მოითხოვა. ამდენად, არ არსებობდა ქალაქმშენებლობითი პირობების ვადის გასვლის მოტივით მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის ფაქტობრივი წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება საპროექტო ტერიტორიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარეობა, რა გარემოებაც ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე სადავო აქტების გამოცემის შესახებ, შესაბამისად სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარზე 02.03.2020წ. №00324 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.03.2020წ. №00324 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა