Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-325(კს-22) 12 ივლისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კერძო საჩივრის ავტორი - „...ა (…ო)“

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სს „...ა“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 26 ნოემბერს „...ამ (...ო)“ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2007 წლის 23 აგვისტოს სს „...ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრაციის გაუქმება და აღნიშნული მიწის ნაკვეთის სს „...ის“ საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით „...ის (…ო)“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება, ასევე ამავე სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებები მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზრდისა და მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის მოხსნის თაობაზე, სააპელაციო წესით გაასაჩივრა „...ამ (…ო)“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული "...ის (…ო)“ სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებებზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეს (ადმინისტრატორს) ჩაბარდა 2022 წლის 11 თებერვალს. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 12 თებერვლიდან და ამოიწურა 2022 წლის 25 თებერვალს, პარასკევს, 24 საათზე. სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2022 წლის 28 თებერვალს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იყო კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, რის გამოც „...ის (...ო)“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა „...ამ (…ო)“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საფოსტო კონვერტზე, როგორც წესი, არ მიეთითება გაგზავნის თარიღი. კონვერტზე თარიღის არარსებობა კი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საჩივრის წარდგენისათვის გათვალისწინებული ვადის დარღვევად. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში გაგზავნილ იქნა კანონით დადგენილ ვადაში - 2022 წლის 25 თებერვალს, რასაც, საჩივრის ავტორის მითითებით, ასევე ადასტურებს შპს „...“-ის მიერ მოწოდებული ცნობა. აღნიშნულ ცნობაში, გზავნილის თარიღად მითითებულია „25 თებერვალი, 2022 წელი“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განჩინებით „...ის (…ო)“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ „...ის (...ო)“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამასთან, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება აპელანტ „...ის (…ო)“ ადმინისტრატორს (თ. გ-ას) ჩაბარდა 2022 წლის 11 თებერვალს, რაც დასტურდება უკუგზავნილზე მისივე ხელმოწერით. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 12 თებერვლიდან და ამოიწურა 2022 წლის 25 თებერვალს, პარასკევს, 24 საათზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათი, რომლითაც დასტურდება, რომ გზავნილი ნომრით №... შპს „...“-ში დარეგისტრირდა 2022 წლის 25 თებერვალს. ამავე ბარათით დასტურდება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სააპელაციო საჩივარი, საფოსტო კურიერმა ჩააბარა 2022 წლის 28 თებერვალს.

ამდენად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2022 წლის 25 თებერვალს შპს „...“-თვის ჩაბარებული №... გზავნილი შეიცავდა „...ის (...ო)“ სააპელაციო საჩივარს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „...ის (...ო)“ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2022 წლის 25 თებერვალს, კანონმდებლობით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის დაცვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „...ის (...ო)“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება და საქმე, „...ის (...ო)“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. „...ის (...ო)“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება და საქმე, „...ის (...ო)“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე