Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1149(კ-21) 20 ივლისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო. ი-ი

მესამე პირი - დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ო. ი-მა 2018 წლის 29 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და დიპლომის აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ამავე ცენტრის 2018 წლის 9 აგვისტოს №MES 8 18 00995395 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის, ო. ი-ის სახელზე დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის მიერ 2006 წელს გაცემული №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 9 აგვისტოს №MES 8 18 00995395 გადაწყვეტილება და მოპასუხეს სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ო. ი-ის სახელზე გაცემული დოკუმენტი არ იძლეოდა ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე, რაც იქნებოდა დაწესებულების მიერ სწავლის შედეგების მიღწევისა და შეფასების დამადასტურებელი გარემოება. აღნიშნული კი გამორიცხავს მოსარჩელის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესაძლებლობას, ვინაიდან სერტიფიკატების და სასწავლო კურსების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ განეკუთვნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენციას. დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში ცენტრი ვალდებულია, იმსჯელოს დიპლომში მითითებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან გათანაბრების თაობაზე და ისე მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება. ო. ი-ს კი საერთოდ არ მინიჭებია ასეთი კვალიფიკაცია, რაც მომავალში გამორიცხავს ცენტრის შესაძლებლობას, გაათანაბროს ო. ი-ის მიერ მიღებული განათლება ბაკალავრის, მაგისტრის ან საგანმანათლებლო პროგრამის მესამე საფეხურთან. კასატორის მოსაზრებით, ფურცელზე მხოლოდ ტერმინის - „დიპლომის“ მითითება, არ შეიძლება მივიჩნიოთ საგანმანათლებლო დოკუმენტად.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები ადასტურებს არა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭებას, არამედ პირის სამუშაო გამოცდილებისა და პროფესიულ ცოდნის მიღების ფაქტს. კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა აგრეთვე სასამართლოს აპელირება კანონიერ ნდობასა და იმ გარემოებებზე, რომ მოსარჩელემ მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებები. ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის წინაპირობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის მიერ მოსარჩელის სახელზე 2006 წელს გაცემული №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორის 2002 წლის 2 სექტემბრის №260 ბრძანებით (დანართი 1), ო. ი-ი ჩაირიცხა თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსანტთა სასწავლო პოლკის ...ის პირველი კურსის კურსანტად. თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორის 2005 წლის 9 ნოემბრის №37 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 6 სექტემბრის №303 ბრძანების საფუძველზე (აკადემიაში ოფიცერთა პროფესიული მომზადების სამხედრო საგანმანათლებლო სისტემის რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შესახებ), ამოირიცხა კურსანტთა სასწავლო პოლკის შემადგენლობიდან და აკადემიის მე-4 კურსის კურსანტი - ო. ი-ი ჩაირიცხა აკადემიის ...ის მომზადების კურსებზე ნებაყოფლობით და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის პირველი აგვისტოს №... პ/შ ბრძანებით ჩაითვალა აკადემიის კურსდამთავრებულად ...ის სპეციალობით, მიენიჭა ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“. აღნიშნულ პერიოდში მან დაასრულა საგანმანათლებლო პროგრამის სამი კურსი. ასევე დადგენილია, რომ ო. ი-ის სახელზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის მიერ გაიცა №... დიპლომი, რომლის თანახმად, ო. ი-მა 2006 წელს დაამთავრა სახმელეთო ძალების ...ა მომზადების ძირითადი კურსი ...ის სპეციალობით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ო. ი-მა 2018 წლის 8 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა თავდაცვის ეროვნული აკადემიის მიერ გაცემული №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. ცენტრის 2018 წლის 9 აგვისტოს №MES 8 18 00995395 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი №... დიპლომი არ წარმოადგენდა კვალიფიკაციის დამადასტურებელ საგანმანათლებლო დოკუმენტს, ვინაიდან მასში არ იყო ასახული კურსდამთავრებულისათვის მინიჭებული კონკრეტული კვალიფიკაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, ო. ი-ი ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს კადრის სამხედრო სამსახურში და დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს მთავარ ინსპექტორად.

საკასაციო საჩივრის ძირითად საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში ვალდებულია იმსჯელოს დიპლომში მითითებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან გათანაბრების თაობაზე, ხოლო სერტიფიკატების და სასწავლო კურსების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ განეკუთვნება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენციას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაბუთების გაზიარების შესაძლებლობა, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ო. ი-ს უარი უთხრა განცხადების განხილვაზე ისე, რომ არსებითად არ უმსჯელია დიპლომის ნამდვილობის საკითხზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას. ამავე „წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამასთან, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტები სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტის კანონიერება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სათანადოდ არ შესწავლილა და შეფასებულა საკითხი. ამდენად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ №... დიპლომში სიტყვიერად არ არის მითითებული ო. ი-ისათვის გარკვეული კვალიფიკაციის“ მინიჭების შესახებ, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ პირს ასეთი კვალიფიკაცია არ მინიჭებია მაშინ, როცა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი „კვალიფიკაციის“ ლეგალურ დეფინიციას არ განსაზღვრავს. ამიტომ, აქვს თუ არა ამ დოკუმენტით ო. ი-ს „კვალიფიკაცია“ მინიჭებული, უნდა განისაზღვროს იმ სასწავლო პროგრამის შინაარსისა და ხანგრძლივობის შესწავლა-შეფასების შედეგად, რომელიც აკადემიაში განხორციელდა 2002-2006 წლებში და რომელშიც მონაწილეობდა მოსარჩელე, რომლის დასრულების შემდეგაც იგი ჩაითვალა აკადემიის კურსდამთავრებულად „...ის“ სპეციალობით და მიენიჭა ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება - „ლეიტენანტი“. ამასთან, აღნიშნული გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და დადასტურების შემთხვევაში, ასევე, უნდა შეფასდეს ო. ი-ის განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენს თუ არა მის მიერ დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში 2002-2006 წლებში მიღებული განათლების აღიარების საფუძველს, რამდენადაც, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ ო. ი-ი 2002 წლის 2 სექტემბრის №260 ბრძანებით, ჩაირიცხა თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსანტთა სასწავლო პოლკის ...ის პირველი კურსის კურსანტად. მან დაასრულა I, II და III კურსი. თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორის 2005 წლის 9 ნოემბრის №37 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 6 სექტემბრის №303 ბრძანების საფუძველზე, აკადემიის მე-4 კურსის კურსანტი ო. ი-ი ჩაირიცხა აკადემიის ...ის მომზადების კურსებზე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს №... პ/შ ბრძანებით ჩაითვალა აკადემიის კურსდამთავრებულად ...ის სპეციალობით, მიენიჭა ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება - „ლეიტენანტი“. ო. ი-ის სახელზე დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის მიერ გაიცა დიპლომი №..., რომლის თანახმად, ო. ი-მა 2006 წელს დაამთავრა სახმელეთო ძალების ...ა მომზადების ძირითადი კურსი „...ის“ სპეციალობით.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ო. ი-ის სახელზე გაცემული დიპლომის დადასტურებისათვის არსებითია შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფარგლებში მოსარჩელის მიერ აკადემიაში 2002-2006 სასაწავლო წლებში სასწავლო პროგრამის შინაარსის, ხანგრძლივობის, კრედიტების რაოდენობის შეფასება და მის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შესწავლისას არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ გარემოებას, რომ „დიპლომი მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება... მისი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი (დიპლომის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მათ გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინება საქმეზე №516-516(კ-18). საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნია თუ არა ო. ი-ს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ, ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას, ასევე, უმნიშვნელოვანესია დაცული იქნეს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის და ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლად არ დაირღვეს კერძო პირის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ მაშინ, როცა სადავო აქტის საფუძველზე მოსარჩელემ განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებები.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატის თვალსაზრისით, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/ნ 202330566) დაუბრუნდეს 2021 წლის 26 ნოემბერს №10392 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე