Facebook Twitter
ბს-293(კ-22) 21 ივლისი, 2022წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2021წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. გ-მა 13.09.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით მკურნალობაზე გაწეული ხარჯების 50 000 ლარის და დანაშაულის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის სამკურნალოდ, სრულ განკურნებამდე ყოველთვიურად 700 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეზე დაკისრება. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა მკურნალობაზე უკვე გაწეული ხარჯების 62 000 ლარის და ჯანმრთელობის მდგომარეობის სამკურნალოდ, სრულ განკურნებამდე მომავალში ყოველთვიურად 550 ლარის, ასევე მორალური ზიანის 30 000 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.09.2019წ. განჩინებით, ასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.2021წ. გადაწყვეტილებით, თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელე თ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, მატერიალური ზიანის ანაზღაურება 12 133 ლარის ოდენობით, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. გ-ის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2021წ. გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.2021წ. გადაწყვეტილება თ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, კერძოდ, მატერიალური ზიანის სახით კბილების მკურნალობისათვის - 10 300 ლარის, გულის ოპერაციისათვის გაღებული ხარჯის – 11 400 ლარის, ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისათვის გაღებული ხარჯის - 7 000 ლარის, მედიკამენტებში გადახდილი თანხის - 21 167 ლარის, მომავალში ყოველთვიურად 550 ლარის გადახდის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს თ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 10 300 ლარის (კბილების მკურნალობისათვის გაღებული ხარჯი), 11 400 ლარის (გულის ოპერაციისათვის გაღებული ხარჯი), 7 000 ლარის (ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისათვის გაღებული ხარჯი), 10 285.55 ლარის (მედიკამენტებში გადახდილი თანხის) ოდენობით, ასევე მომავალში ყოველთვიურად 550 ლარის გადახდა დანაშაულის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის სამკურნალოდ სარჩელის აღძვრიდან, სრულ განკურნებამდე, დანარჩენ ნაწილში ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.2021წ. გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს თ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2 000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია აბლაცია, სტიმულაციისათვის თანხის კალკულაციის ამსახველი დოკუმენტაცია (ტომი 1, ს.ფ 184-185). მოსარჩელემ ხარჯის გაღების დამადასტურებელ დოკუმენტებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნული დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული დროის ხანგრძლივობის გამო, ასევე მოსარჩელის განმარტებით, რეაბილიტაციისთვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი ქვითრები არ შეუნახავს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სამედიცინო დასკვნით და გაწეული მკურნალობის ჩატარების კალკულაციით, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია აპელანტის (მოსარჩელე) თ. გ-ის მოთხოვნის - გულის ოპერაციისთვის გაღებული ხარჯის (აბლაცია, სტიმულაცია) 11 400 ლარის მოთხოვნის საფუძვლიანობა. რაც შეეხება ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისათვის გაღებული თანხის - 7 000 ლარის მოთხოვნას, პალატამ აღნიშნა, რომ სადავო საკითხის სპეციფიურობის გათვალისწინებით გულის ოპერაციის ჩატარების შემდგომ საჭირო გახდებოდა სარეაბილიტაციო პროცედურების ჩატარება, ასევე ცალსახაა, რომ სარეაბილიტაციო პროცედურების ჩატარება დაკავშირებულია თანხებთან. მოცემულ შემთხვევაში სარეაბილიტაციო პროცედურებისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა - 7 000 ლარი საგნიდან გამომდინარე არის გონივრული, ხოლო აბლაცია, სტიმულაციისათვის თანხის გადახდის ფაქტი (8 000+3400) საქმის მასალებით დასტურდება (ტომი 1, ს.ფ 184-185). მედიკამენტების შეძენაში გადახდილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილი თითოეული დოკუმენტის შესწავლისა და შეფასების შედეგად პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მედიკამენტების შეძენისათვის 10 285 ლარის და 55 თეთრის გადახდის ფაქტი, შესაბამისად მართებულად მიიჩნია მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, კერძოდ 10 285 ლარისა და 55 თეთრის ნაწილში. საქმეში დაცული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის და ჩატარებული მკურნალობის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოიპოვება მტკიცებულებები თ. გ-ის კბილების დაზიანებაზე მითითებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა კბილების მკურნალობის გაღებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია.
საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის დროს აპელანტის თ. გ-ის მიერ წარმოდგენილი იქნა სამედიცინო ცენტრი „...ს“ ექიმ-ნევროპათოლოგის მიერ 15.06.2021წ. გაცემული ცნობა, სადაც დიაგნოზი ფორმულირებულია შემდეგნაირად: ხერხემლის პოსტ-ტრავმული დისკოპათია, ქვედა პოლინეიროპათია, ცეფალგია, ინსომნილია და დანიშნულებით განისაზღვრა ამავე ცნობაში მითითებული პრეპარატები, ასევე წარმოდგენილია მითითებულ პრეპარატებზე 15.06.2021წ. შევსებული ფორმა №2 (ტომი 4, ს.ფ 35), შედგენილია გასავლის ფაქტურა №635 (მიმწოდებელი შპს „...ა“), რომლითაც დგინდება, რომ პრეპარატებში გადახდილია 513 ლარი (ტომი 4, ს.ფ 37), ასევე წარმოდგენილია სამედიცინო ცენტრი „...ში“ ნევროლოგის კონსულტაციის 15.06.2021წ. ინვოისი და გადახდილი თანხის ოდენობა ფიქსირდება 70 ლარი (ტომი 4, ს.ფ 38-39). სამედიცინო ცენტრის „...ს“ ექიმ ნევროპათოლოგის 20.07.2021წ. ცნობაში თ. გ-ის დიაგნოზი ფორმულირებულია შემდეგნაირად: ხერხემლის პოსტ-ტრავმული დისკოპათია, ქვედა პოლინეიროპათია, ცეფალგია, ინსომნილია, დანიშნულებით განისაზღვრა ამავე ცნობაში მითითებული პრეპარატები, წარმოდგენილია მითითებულ პრეპარატებზე 20.07.2021წ. ფორმა №2 (ტომი 4, ს.ფ 32, 33). 21.07.2021წ. გასავლის ფაქტურაზე №1006-1 (მიმწოდებელი შპს „...ა“) დგინდება, რომ პრეპარატებში გადახდილია 2 483.94 ლარი (ტომი 4, ს.ფ 34). ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია სააპელაციო (სასარჩელო) მოთხოვნა მოსარჩელე თ. გ-ის სასარგებლოდ დანაშაულის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის სამკურნალოდ სარჩელის აღძვრიდან სრულ განკურნებამდე მოპასუხისათვის მომავალში ყოველთვიურად 550 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელყოფილია მოსარჩელის კონსტიტუციით გარანტირებული ისეთი ძირითადი უფლებები, როგორიცაა პატივი, ღირსება და ჯანმრთელობა. აპელანტის მიმართ განხორციელებული ქმედებების (არაადამიანური მოპყრობა, წამება), ჯანმრთელობის მდგომარეობის, საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ასაკის და რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ სამართლიანად დაეკისრა 30 000 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სასამართლო სხდომებზე მოწმე ე. მ-ის ჩვენებაზე, მოწმის განმარტებით თ. გ-ს დაავადება - ხრტილების დაზიანება შესაძლოა ჰქონდეს როგორც ტრავმული, ასევე დეგენერაციული ფაქტორებით, კერძოდ, ნერვიულობის, არასწორი კვების, თამბაქოს მოხმარების, მძიმე წონისა და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. შპს „კ...ის“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მიზანშეწონილი გახდა ქირურგიული ჩარევა და ამავე ცენტრის მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის თანახმად, ოპერაციის ღირებულება შეადგენს - 12 133 ლარს. საქმეში წარმოდგენილი 04.12.2019წ. ქვითრით დადასტურდა ოპერაციის საფასურის (სპინალური სტენოზი) 12 133 ლარის გადახდის ფაქტი (ტ.1, ს.ფ.183, 193-194, 198-199). მითითებული მტკიცებულებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის სააპელაციო მოთხოვნის მორალური ზიანის ოდენობის (30 000 ლარის) შემცირების და მატერიალური ზიანის (12 133 ლარის) ლარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ თ. გ-ის მიმართ ძალადობის ფაქტი დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. დაუშვებელია ადამიანის ღირსების, როგორც ხელშეუვალი უფლების რაიმე სახით ხელყოფა, თუმცა მხოლოდ განაჩენი, სხვა გარემოებების შეუსწავლელად, ვერ გახდება მორალური ზიანის და მსგავსი ოდენობით სამსახურისათვის თანხის დაკისრების საფუძველი. კომპენსაციის გამოანგარიშებისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მსგავს საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკით, ასევე მსგავსი ტიპის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობით, რომლითაც მორალური ზიანის შესაბამის კომპენსაციად სასამართლო მიიჩნევს 6-8 ათას ევროს. მორალური ზიანის სახით დაკისრებული თანხის შემცირება უნდა მოხდეს გონივრულ ფარგლებში. კასატორმა მიუთითა სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, სადაც პენიტენციურ სამსახურს სხვადასხვა საქმეებზე დაეკისრა მორალური ზიანის სახით უფრო ნაკლები ოდენობის თანხის ანაზღაურება.
მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კასატორმა აღნიშნა, რომ არ დგინდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლო სხდომაზე მოწმის ე. მ-ის განმარტებით თ. გ-ს მისი დაავადება - ხრტილების დაზიანება შესაძლოა ჰქონდეს, როგორც ტრამვული, ასევე დეგენერაციული ფაქტორებით. მოწმეს ცალსახად არ დაუდასტურებია, რომ მოსარჩელის დაავადება გამოწვეული შეიძლება ყოფილიყო პენიტენციურ დაწესებულებაში მიყენებული ძალადობრივი ქმედებებისაგან. სააპელაციო სასამართლომ მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც მოკლებულია მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებას. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, რადგან თ. გ-ის გულზე ჩატარებული მკურნალობის ხარჯების - 11 400 ლარის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოპასუხეს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯების ანაზღაურება 7 000 ლარის ოდენობით დაეკისრა მხოლოდ მოსარჩელის სიტყვიერი განმარტების საფუძველზე, გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენის გარეშე, ასევე წარმოდგენილი არ არის მედიკამენტებისთვის გადახდილი თანხის დამადსტურებელი ქვითრები. რაც შეეხება „... ბარათის“ საფუძველზე გაცემულ ამონაწერს, მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ პირს, შესაბამისად, არ დგინდება გადამხდელი პირი, არ დასტურდება მედიკამენტების შეძენა თ. გ-ის საჭიროებისათვის, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების სამკურნალოდ.
კასატორმა აღნიშნა, რომ პენიტენციურ სამსახურს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაეკისრა კბილების მკურნალობისათვის გაწეული ხარჯი 10 300 ლარის ოდენობით, რადგან არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა პირდაპირი ზიანის არსებობაზე კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, გარდა ამისა, მოსარჩელეს არ წამოუდგენია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ასევე არ დგინდება დანაშაულის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის სამკურნალოდ სრულ განკურნებამდე ყოველთვიურად 550 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, გაუგებარია სამომავლოდ მოსარჩელის გამოჯანმრთლების თაობაზე ინფორმაციის დადგენის გზა, აღნიშნულის დადგენის მიზნით სასამართლომ არ განსაზღვრა არანაირი მექანიზმი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის ჯანმრთელობისა და ღირსების შელახვის შედეგად წარმოშობილი ზიანი შესაძლოა იყოს, როგორც მორალური, ასევე მატერიალური.
მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება პირდაპირ კავშირშია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება მიზეზ-შედეგობრივი კავშირის და ხარჯების გაღების დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობის, ოპერაციების და რეაბილიტაციის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ. საქმის მასალებში დაცული სამედიცინო ცენტრის ,,ი...ას“ მიერ 05.12.2014წ. გაცემული სამედიცინო ცნობით თ. გ-ი იმყოფება აღრიცხვაზე დიაგნოზით გლდ მოციმციმე არითმია, პოსტრამვული ენცეფალოპათია, იღებს მედიკამენტებს. გულის ელექტროფიზიოლოგიური კვლევის და რადიოსიხშირული აბლაციის პროტოკოლის მიხდვით, თ. გ-ს 20.02.2015წ. ჩაუტარდა ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა და რადიოსიხშირული აბლაცია. შპს ,,თ...ის’’ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, თ. გ-ი კლინიკაში მოთავსდა 29.08.2016წ. და კლინიკიდან გაეწერა 30.08.2016წ., მისი ძირითადი დაავადებაა სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი, გულის ტრანსვენური პეისმეიკერის იმპლანტაცია წინაგულის და პარკუჭის ელექტროდებით (29.08.2016), გულის აბერანტული გზის ან კერის რადიოსხშირული აბლაცია (2014), მოციმციმე არითმია პაროქსიზმული ფორმა, პაციენტს ჩაუტარდა გულის ტრანსვენერული პეისმეიკერის იმპლანტაცია წინაგულის და პარკუჭის ელექტროდებით, ამასთანავე საქმის მასალებში დაცული სხვადასხვა სამედიცინო ცნობების შინაარსიდან გამომდინარე თ. გ-ს პერიოდულად უტარდებოდა არითმოლოგის კონსულტაცია, მკურნალობდა სტაციონარში ენდოკარდიტის დიაგნოზით, ჩაუტარდა ხანგრძლივი ანტიბაქტერიული მკურნალობა, საჭიროებს მუდმივ მედიკამენტურ მკურნალობას, კარდიოლოგისა და არითმოლოგის მეთვალყურეობას, იღებს ოჯახის ექიმის და ნევროლოგის დანიშნულ მედიკამენტებს. საქმეში დაცული მკურნალობის ხარჯების კალკულაციის მიხედვით გამტარი გზის აბლაციისთვის თ. გ-ის მკურნალობის ხარჯებმა შეადგინა 8 000 ლარი და ორკამერიანი კარდიოსტიმულატორის ჩადგმის ხარჯებმა შეადგინა 3 400 ლარი (ტ. 1, ს.ფ. 184-185). ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე თ. შ-ი, რომლის განმარტებით ის იყო თ. გ-ის ექიმი მის დაკავებამდე. მოწმემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს დაკავებამდე არ ჰქონია გულის ისეთი სახის პრობლემები, რაც დაკავების შემდეგ დაუდგინდა, ფიზიკური და ემოციური ტრამვები შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიზეზი გამხდარიყო, ასევე თ. გ-ს ჩადგმული აქვს აპარატი, რომელიც საჭიროებს კონტროლს და მუდმივად მედიკამენტების მიღებას, მისი გულის დაავადებები მკვეთრად აქვეითებს შრომისუნარიანობას, ფიზიკური დატვირთვისას ვითარდება გულის ტახიკარდია. მოწმე ექიმმა ე. მ-მა განმარტა, რომ თ. გ-ს დაავადება - ხრტილების დაზიანება შესაძლებელია ჰქონდეს, როგორც ტრავმული - ფიზიკური ზემოქმედების შედეგად, ასევე დეგენერაციული ფაქტორით, დიდი ალბათობით მისი დაავადება არის გამოწვეული ტრავმით, შესაძლებელია მას დაკავებამდე ჰქონდა ხერხემლის პრობლემები, თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობა და გართულებები შესაძლოა გამოწვეული იყოს მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებით. საქმეში წარმოდგენილი 04.12.2019წ. ქვითრით დადასტურდა ოპერაციის საფასურის (სპინალური სტენოზი) 12 133 ლარის გადახდის ფაქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავისუფლების აღკვეთის დროს მიღებულ ფიზიკურ დაზიანებებზე მტკიცების ტვირთი ეკისრება სახელისუფლებო ორგანოებს, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ საკმარისი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რაც ეჭქვეშ დააყენებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს (ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Salman v. Turkey, 2000, §100). ასეთი გარემოებების დაუდასტურებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია დასკვნები გამოიტანოს სახელისუფლებო ორგანოების საწინააღმდეგოდ (Bouyid v. Belgium, 2015, §83). კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში ყველა შემთხვევაში არ არის შესაძლებელი „affirmanti incumbit probation“ (მტკიცების ტვირთი აწევს მას, ვინც ამტკიცებს) პრინციპის დაცვა (Blokhin v. Russia, 2016, §140). განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების გამაქარწყლებელი მტკიცებულებების წარმოდგენა ან/და მითითება ისეთ გარემოებებზე, რაც მოსარჩელის მიერ აღწერილ ფაქტებს, საქმეში დაცულ მასალებს, მათ შორის სამედიცინო ცნობებში ასახულ ინფორმაციას და მოწმეთა ჩვენებების საწინააღმდეგო გარემოებებს დაადასტურებდა, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს გულის და ხერხემლის ოპერაციისათვის გაღებული ხარჯის გადახდა, ასევე საფუძვლიანია მოთხოვნა რეაბილიტაციის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში. კასატორი არ უარყოფს გულის ოპერაციის ჩატარების შემდგომ სარებილიტაციო პროცედურების ჩატარების საჭიროებას, ამასთან, მოწმის ჩვენებით თ. გ-ის მიმართ ჩატარებული გულის სამედიცინო პროცედურები მეთვალყურეობას საჭიროებდა. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში კასატორის პრეტენზები არ უნდა იქნეს გაზიარებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.12.2010წ. განჩინებით, თ. გ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა. იმავე დღეს №8 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შეივსო თ. გ-ის სამედიცინო ბარათი, რომლის მიხედვით, მას სტომატოლოგიური პრობლემები და ჩივილები არ აღენიშნებოდა. 06.01.2011წ. თ. გ-მა განცხადებით მიმართა №8 საპყრობილის უფროსს კბილების პროტეზის საჭიროების მოთხოვნით, ვინაიდან პროტეზის გარეშე უჭირდა საკვების მიღება. მოსარჩელე კბილების მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას ითხოვს სწორედ იმ საფუძვლით, რომ მას აღნიშნული ხარჯის გაღება სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მიღებული დაზიანებების შედეგად მოუხდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს თითოეული პატიმრის ადამიანური ღირსების პირობებში ყოფნა, სასჯელის აღსრულებამ არ უნდა გამოიწვიოს განსაცდელი ან ტანჯვა, რომლის ინტენსივობაც გადააჭარბებს პატიმრობის თანმდევ, გარდაუვალ ტანჯვას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 13.01.2009წ. გადაწყვეტილება „ალიევი საქართველოს წინააღმდეგ“, §71). „ქ...ის“ მიერ 15.04.2019წ. გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მითითებულია, რომ თ. გ-ი უჩივის ტრამვით გამოწვეული კბილების მრავლობით მოტეხილობას და ადენტიას, ასევე 15.12.2016წ. ჩაუტარდა მკურნალობა - 10 იმპლანტის ღირებულებამ შეადგინა 6 000 ლარი, ხოლო 25.02.2017წ. ჩაუტარდა მოსახსნელი პროთეზი იმპლანტზე 4 300 ლარის ღირებულებით (ტ. 1, ს.ფ. 134-135). მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს კბილების დაზიანებაზე მითითებით სისხლის სამართლის საქმეში დაცულ არაერთ წერილობითი მტკიცებულებაზე, ასევე ციხის ვიდეო კადრებში სწორედ მისი ყბა-სახის დაზიანებაზეა საუბარი. ამდენად, კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის კბილების მკურნალობის საჭიროება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს არ გამოუწვევია არ არის დასაბუთებული, შესაბამისად, კასატორის მითითება მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დაუდგენლობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მედიკამენტებისათვის გადახდილი თანხის ქვითრები და არ დასტურდება მედიკამენტების შეძენის ფაქტი, ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ „... ბარათის“ საფუძველზე გაცემული ამონაწერი არ ადასტურებს თ. გ-ის მიერ მედიკამენტების შეძენას პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების სამკურნალოდ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის აღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მედიკიმანტების შეძენისათვის 10 285,55 ლარის ანაზღაურების შესახებ ემყარება საქმეში დაცულ დოკუმენტებს. რაც შეეხება „... ბარათს“, აღსანიშნავია, რომ ამ ბარათში ასახული შეძენილი მედიკამენტები შესაბამისობაშია თ. გ-ის სამკურნალოდ დანიშნულ მეტიკამენტთა დასახელებასთან, ამასთან, კასატორის პრეტენზიები მხოლოდ ზოგადია, კასატორი არ მიუთითებს შეძენილი მედიკამენტების შეუსაბამობაზე თ. გ-ისათვის დასმული დიაგნოზის სამკურნალოდ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ასაბუთებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას 10 285,55 ლარის ანაზღაურების ნაწილში. მითითებული მტკიცებულებების საწინააღმდეგო ან გამაქარწყლებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. ამასთანავე საქმეში დაცულია სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული ცნობები თ. გ-ის დიაგნოზის (ხერხემლის პოსტ-ტრამვული დისკოპათია, ქვედა პოლინეიროთერაპია, ცეფალგია, ინსომნია) და დანიშნული მედიკამენტების მითითებით, ასევე წარმოდგენილია მედიკამენტების შეძენისათვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამდენად, სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემულ ცნობებში მითითებული დიაგნოზის, ექიმის დანიშნულების შესაბამისად შეძენილი პრეპარატების დამადასტურებელი დოკუმენტების გათვალისწინებით კასატორის მითითება მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არარსებობაზე და ყოველთვიურად 550 ლარის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე არ არის დასაბუთებული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სკ-ის 992-ე, 1005-ე მუხლების შესაბამისად ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც არის ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების უშუალო შედეგი. ამასთან, ზიანის მიმყენებელი ქმედება უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, რაც გამოწვეულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების არამართლზომიერი ქმედებით. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობა არ არის გონივრული და უნდა შემცირდეს. პალატა აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას სასამართლო განსაზღვრავს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. მორალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი არაქონებრივი უფლებები ხელყოფილი იქნა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. საქმის მასალებში დაცული თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.02.2018წ. განაჩენით დასტურდება №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მიერ მოსარჩელის მიმართ უკანონო მოქმედებების განხორციელება - ცემის და ძალის გამოყენებით წვერის გაპარვის ფაქტი. დადგენილია, რომ აღნიშნული ქმედებით თ. გ-მა განიცადა მძიმე ფიზიკური ტკივილი, ფსიქოლოგიური და მორალური ტანჯვა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაში Yankov v Bulgaria (2003, §120-121) მიუთითებს, რომ პატიმრის დასჯის მიზნით თმის გაპარსვა აღწევს საკმარისი სისასტიკის ზღვარს ასეთი ქმედების, როგორც გაუმართლებელი მოპყრობისა და ღირსების შემლახავ ქმედებად მიჩნევისათვის, აღნიშნული კი კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ დაცვის ფარგლებში ექცევა. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი. აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. განსახილველ საქმეში სახელმწიფო მოხელეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა დადგენილია კანონიერ ძალაში მყოფი სისხლის სამართლის განაჩენით. საქმის მასალებით უტყუარად დგინდება თ. გ-ის კონსტიტუციით გარანტირებული ჯანმრთელობის უფლებისა და ღირსების ხელყოფა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით. უსაფუძვლოა კასატორის მითითება მსგავსი კატეგორიის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და ზოგიერთ საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე, სადაც მორალური ზიანის სახით 6-8 ათასი ევრო განისაზღვრა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებელი ოდენობა განისაზღვრება ინიდივიდუალურად, კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით. არაქონებრივი ზიანის ოდენობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოსარჩელის მიმართ განხორციელებულ ქმედებები და ის ფაქტები, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. სკ-ის 413-ე მუხლის მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები, ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვ.. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში (სუსგ 08.04.2009წ. Nბს-972-936(3კ-08)). საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სასჯელაღსრულების სისტემამ ვერ უზრუნველყო პატიმრისთვის სათანადო პირობების შექმნა, მისი ღირსებისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა. ამდენად, მართებულია სასამართლოების დასკვნა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გარემოებები მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს ქმნის. პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო პატიმრისთვის სათანადო პირობების შექმნა, რამაც ზიანი წარმოშვა. ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 30 000 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრება არის გონივრული და არ არსებობს მისი შემცირების საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2021წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: ქ. ცინცაძე



გ. გოგიაშვილი