Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-797(2კ-21) 12 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ. რ-ი
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ლ. რ-მა 2020 წლის 09 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ და „ლ. რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 09 ოქტომბრის №15952 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ლ. რ-ის სასარგებლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტში მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემა და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით, ლ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ,,ლ. რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ” საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 09 ოქტომბრის №15952 ბრძანება და მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ლ. რ-თან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ლ. რ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ლ. რ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ლ. რ-ის მიერ.
კასატორი - ლ. რ-ი მიიჩნევს, რომ ვინაიდან სასამართლომ ლ. რ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანება ცნო უკანონოდ, არ არსებობდა ლ. რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით აღნიშნავს, რომ კანონი შეიცავს სპეციალურ ნორმებს და აწესრიგებს საჯარო მოხელისა და საჯარო სამსახურის შესახებ საკითხებს. კანონი შეიცავს როგორც მოხელის უფლების დაცვის გზებს, ასევე საპროცესო ნორმებსაც, რომელთა მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე მითითებით იგი აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო სადავო ბრძანება, არსებობდა ლ. რ-ის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის სამართლებირივი საფუძველი. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის განმარტება ლ. რ-ის სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება შრომითი ურთიერთობის სტანდარტებსა და პირდაპირ ლახავს დასაქმებულის უფლებებს.
კასატორის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსაზრებით, უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ლ. რ-ის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ...ის დეპარტამენტში გამოცხადებული რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევდა შტატების შემცირება. ამასთანავე, დეპარტამენტში სამსახურის გასაგრძელებლად გადასანიშნი მოსამსახურეების იდენტიფიცირების კრიტერიუმებად განსაზღვრული იყო დაკავებული/დასაკავებელ პოზიციასთან მათი კომპეტენციის შესაბამისობის შემოწმების საშუალებები: პროფესიული ტესტირება და გასაუბრება. პროფესიულ ტესტირებაში მოსარჩელე ლ. რ-მა მიიღო 30-დან 26 ქულა, ხოლო გასაუბრებით მიიღო 8 ქულა, ჯამურად პროფესიული ტესტირებისა და გასაუბრების ქულამ 34 შეადგინა. კასატორის მითითებით, გასაუბრების დროს მოსარჩელე შეფასებულ იქნა კომისიის წევრების მიერ დასმული კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად, ასევე არა ერთია დაბალი ქულებით შეფასებული, რადგან გასაუბრებაზე ყველა მონაწილის მიმართ მოქმედებდა ერთი პრინციპი, კერძოდ, კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხის შესაბამისად უნდა მოეხდინა კომისიის წევრს ინდივიდუალურად, ქულებით შეფასება 1-დან 5-ის ჩათვლით. ასევე, 2020 წლის 08 ოქტომბრის გასაუბრების/გადაწყვეტილების ოქმში პირდაპირ არის აღნიშნული, თუ რა სახის კითხვები იქნა დასმული კომისიის წევრების მიერ კანდიდატთა გასაუბრების დროს და ასევე აღნიშნულ ოქმზე დართულია დანართი №1, სადაც აღნიშნულია თითოეულ კანდიდატთა გასაუბრების დროს კომისიის წევრების ინდივიდუალურად შეფასებული ქულები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, უდავოა, რომ საშტატო ერთეულის შემცირებიდან გამომდინარე გათავისუფლდა მოსარჩელე ლ. რ-ი სამსახურიდან, შესაბამისად არ არსებობდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ, 2020 წლის 09 ოქტომბერს გამოცემული, №15952 ბრძნების ბათილად ცნობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენტციური სამსახურისა და ლ. რ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით (საქართველოს კონსტიტუციის 25.1 მუხლი). საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული ნორმით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას, გააჩნდეს წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფოს ვალდებულებას არ დაუშვას პირის საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მნიშვნელოვანია, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ სადავო პერიოდში მოქმედი კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, რასაც შედეგად მოჰყვა შტატების შემცირება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში დაცული სადავო ბრძანების თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევდა შტატების შემცირება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეფასების საგანს წარმოადგენს ლ. რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულის შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობის იდენტურობის დადგენი მიზნით უნდა შეფასდეს ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში, ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად დ) ზოგიერთ შემთხვევაში შრომის ანაზღაურება (სუსგ 8.12.2015წ. №ბს-449-442 (კ-15)).
საქმეში დაცული მტკიცებულებებითა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ლ. რ-ი 2012 წლიდან მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე, ამასთან, გათავისუფლებამდე მას ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღებისა და სატელეფონო მომსახურების სამმართველოს მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა. მის მიერ დაკავებულ პოზიციაზე, თანამდებობრივი სარგო შეადგენდა თვეში ... ლარს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 26 აგვისტოს №13604 ბრძანებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომლის საფუძველზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტში 61 საშტატო ერთეულის ნაცვლად განისაზღვრა 42 საშტატო ერთეული, მათ შორის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 27 საშტატო ერთეული, ნაცვლად 50-ისა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უდავოა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტში ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას, რომელსაც თან სდევდა შტატების შემცირება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა შეფასდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში საზოგადოებრივი მისაღებისა და სატელეფონო მომსახურების სამმართველოს მოსამსახურეებთან გასაუბრების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის 2020 წლის 08 ოქტომბრის გასაუბრების/გადაწყვეტილების ოქმი საუკეთესო მოხელის გამოვლენის თვალსაზრისით.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, „ლ. რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 09 ოქტომბრის №15952 ბრძანების სამართლებრივი საფუძველი უნდა შეფასდეს 2020 წლის 08 ოქტომბრის გასაუბრება/გადაწყვეტილების ოქმის დასაბუთების კუთხით, ვინაიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს სწორედ ზემოხსენებული ოქმი წარმოადგენს. საქმეში დაცული მტკიცებულებით, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 26 აგვისტოს №13604 ბრძანებით, დეპარტამენტში სამსახურის გასაგრძელებლად გადასანიშნი მოსამსახურეების იდენტიფიცირების კრიტერიუმებად განისაზღვრა დაკავებულ/დასაკავებელ პოზიციასთან მათი კომპტეტენციის შესაბამისობის შესამოწმებლად პროფესიული ტესტირება და გასაუბრება. საქმეში დაცული მტკიცებულებებით დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის 25 ერთეულით შემცირების გამო, დარჩენილ საშტატო ერთეულებზე საუკეთესო საჯარო მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით პროფესიული ტესტირება და გასაუბრება ჩაუტარდათ იმავე პუნქტში დანიშნულ მოხელეებს, მათ შორის მოსარჩელე ლ. რ-ს. ამასთან პროფესიულ ტესტირებაში, მოსარჩელე ლ. რ-მა მიიღო 30-დან 26 ქულა, რაც უმეტესწილად აღემატებოდა სხვა თანამშრომელთა უმრავლესობის შედეგებს, რომლებიც დარჩნენ სამსახურში. ამასთან, გასაუბრების შედეგად, შესაბამისი კომისიის წევრებმა მოსარჩელე ლ. რ-ი შეაფასეს ყველაზე დაბალი ქულებით, თუმცა გასაუბრების შინაარსი და ყველაზე დაბალი ქულებით მოსარჩელის შეფასების არცერთი საფუძველი ოქმში მითითებული არ არის. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 09 ოქტომბრის №15952 ბრძანებით კი ლ. რ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე, რომლის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება მუშაკის სამსახურებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასება, თითოეული მუშაკის პროფესიონალიზმის, შრომითი უნარ-ჩვევების, კომპეტენტურობის, მიღებული განათლების, კარიერული ზრდის პერსპექტივის, კრეატიულობის, პირადი თვისებების, თანამშრომლობის უნარის, კოლეგიალობის, რეპუტაციის, სხვა გარემოებების გათვალისწინება და კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილების მიღება (სუსგ 23.07.2020წ. №ბს-1037(კ-18)).
საკასაციო პალატის მოსაზრებით, დასაბუთებული არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას რამოდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების მიღება. მართალია რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა დასაქმების საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს მიკუთვნება, რაც არ გამორიცხავს მასზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ 13.02.2013წ. Nბს-448-443(კ-12)). სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის დაცულობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შედეგად შერჩეულმა ღონისძიებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული უფლებამოსილებით მიღებული გადაწყვეტილება საკმარისად დასაბუთებული უნდა იყოს მისი შინაარსის, საგნის, მიზნისა და მოცულობის მიხედვით. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირს გარკვეულ დონეზე უნდა შეეძლოს მისი განჭვრეტა და გათვლა. მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება უნდა ემყარებოდეს ობიექტურ, ცხად და გამჭვირვალე პროცესსა და კრიტერიუმებს, რაც გათავისუფლებულ პირს შესაძლებლობას მისცემს ობიექტურად და სრულად აღიქვას მისი გათავისუფლებისა და სხვა კონკრეტულ პირთათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და გასაუბრების/გადაწყვეტილების ოქმში არ არის ასახული გარემოებები, რომლითაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა იხელმძღვანელა ლ. რ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს; კერძოდ კასატორი ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც მოხდა შეფასება, დაუდგენელია როგორ განსაზღვრა კომისიამ ლ. რ-ის პროფესიული ჩვევების, უნარების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პიროვნული თვისებების შესაბამისობის საკითხი დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან, როგორ შეაფასა მოხელის მიერ შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობა და მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივა. არ არის მითითებული და დასაბუთებული, თუ რა შინაარსის იყო გასაუბრება, რა კრიტერიუმების (კვალიფიკაცია და ა.შ) საფუძველზე მიენიჭათ გასაუბრების დროს ლ. რ-თან შედარებით უპირატესობა სხვა, მასზე უფრო დაბალი შეფასების მქონე კანდიდატებს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმის შესაფასებლად, ჩატარებული გასაუბრებისას, თუ რამდენად დაიცვა ადმინისტრაციულმა ორგანომ თანასწორობის პრინციპი, კერძოდ, უპირატესი დარჩენის უფლების მქონე მოხელეთა გამოსავლენად მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული ჩვევების, შრომის დისციპლინის და ა.შ. ადეკვატური, ობიექტური შეფასება და შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილების მიღება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები უნდა იყოს დასაბუთებული და სათანადოდ არგუმენტირებული. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმეში დაცული გასაუბრების/გადაწყვეტილების ოქმი მშრალი და არაინფორმაციული ხასიათისაა, რაც არ იძლევა გასაუბრების პროცესის მართებულად შეფასების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხი დაკავშირებულია მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობასთან. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ სადავო საკითხი არ გადაწყვეტილა, საქმეში დაცული მტკიცებულებებით სასამართლოები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას შეეფასებინათ ლ. რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი, ამასთანავე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ „ლ. რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის №15952 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც არ იძლევა სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ლ. რ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ლ. რ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე



მ. ვაჩაძე



ბ. სტურუა