კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
Nბს-696 (კს-22) 20 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს "...ის" კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2022წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2022წ. განჩინებით შპს "...ის" წარმომადგენლის გ. ზ-ის შუამდგომლობა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2014წ. N006-488 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს "...ის" მიერ.
საკასაციო სასამართლოს 17.06.2022წ. განჩინებით კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 396.1 ნაწილის "თ" ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, კერძო საჩივარს ხელს აწერდა შპს "...ის" წარმომადგენელი გ. ზ-ე, თუმცა კერძო საჩივარზე ასახული ხელმოწერა იყო ასლი და არა დედანი. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2022წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის დედნისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2022წ. განჩინება გაეგზავნა შპს "...ის" წარმომადგენელს გ. ზ-ეს საქმეში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 27.06.2022წ.. ამდენად, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების 07 დღიანი ვადა 04.07.2022წ. 24 საათზე (ორშაბათი) ამოიწურა. დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სსკ-ის 61.2 მუხლის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო სსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3, 399-ე, 420-ე მუხლების თანახმად, შპს "...ის" კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს "...ის" კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2022წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი