საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-648(უს-22) 20 ივლისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ს. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები: სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
მესამე პირები: სს „... ბანკი“, შპს „...ი“
დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
აღწერილობითი ნაწილი:
ს. გ-მა 2017 წლის 27 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებულ შემდეგ ავტომანქანებზე: „...“, სახელმწიფო ნომრით ..., „...“, სახელმწიფო ნომრით ..., „...“, სახელმწიფო ნომრით ... და „...“, სახელმწიფო ნომრით ..., სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 სექტემბრის №..., №..., №... და №... გირავნობის მოწმობების ბათილად ცნობა, მათი რეგისტრაცია მოსარჩელის სახელზე უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში და სახელმწიფოსთვის სადავო მანქანების გადაცემის დროს გირავნობის უფლების არარსებობის აღიარება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, მოცემული ადმინისტრაციული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სს „... ბანკი“ და შპს „...ი“.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მა. აპელანტმა 2019 წლის 22 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, ასევე იშუამდგომლა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 სექტემბრის №..., №..., №..., №... გირავნობის მოწმობების მოქმედების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საკუთრების უფლება არის აღიარებული და დაცული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინებით, ს. გ-ის შუამდგომლობა, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 სექტემბრის №..., №..., №..., №... გირავნობის მოწმობების მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლითაც საჩივრის ავტორს მოთხოვნის დაზუსტება დაევალა. მასვე მიეთითა, დაეზუსტებინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინებას კერძო საჩივრით ასაჩივრებდა თუ საჩივრით. 2022 წლის 13 მაისს ს. გ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა დაზუსტებული საჩივარი.
საჩივრის თანახმად, ეჭვქვეშ დგება გირავნობის რეგისტრაციის ფაქტის კანონიერება, რის გამოც, წინასწარ, სანამ სასამართლოს სამივე ინსტანციაში არ დასრულდება საქმის წარმოება, არ შეიძლება სასამართლომ უტყუარად მიიჩნიოს გირავნობის უფლების არსებობა და სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შემოწმებამდე სადავო ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შედეგად მოსალოდნელი ზიანის მიყენების ფაქტის თავიდან არიდება, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული საბოლოო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით, მოსარჩელისთვის შემდგომში შეუძლებელი იქნება დარღვეულ უფლებებში აღდგენა და მისი ხელყოფილი ქონების დაბრუნება.
საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით დადგენილ პირობებს, ვინაიდან შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გირავნობის მოწმობების შეჩერების შემთხვევაში, დაცული იქნება ორივე მხარის ინტერესი - სს „... ბანკის“ მოთხოვნის აღსრულება გადავადდება მხოლოდ გარკვეული ვადით, ხოლო მოსარჩელეს მიეცემა მისი უფლებების დაცვისა და პოზიციის დასაბუთების შესაძლებლობა. საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, აღსრულება კვლავ გაგრძელდება და კრედიტორის - სს „... ბანკის" ინტერესები ამით არ შეილახება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისას სს „... ბანკის“ მოთხოვნის აღსრულება გარანტირებული იქნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებლად მიიჩნია, რის გამოც მისი გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით ს. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადმოეგზავნა ზემდგომ - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღება ემსახურება დავის საგნის დაცვას იმ მიზნით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუბრკოლებლად. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფა დროებითი ხასიათის ღონისძიებაა, რომელიც სასამართლოს მიერ სასარჩელო სამართალწარმოების წესით დადგენილი უფლების რეალიზებას უწყობს ხელს, იგი სასარჩელო მოთხოვნის დაცვასა და ეფექტურად განხორციელებას ისახავს მიზნად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას სასამართლო გამოიყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი შეძლებს დაამტკიცოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რატომ გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ასევე უნდა დაასაბუთოს ამ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე სასამართლოს უნდა გააჩნდეს ვარაუდი, რომ სარჩელი, შესაძლოა, დაკმაყოფილდეს. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ითხოვს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 სექტემბრის №..., №..., №..., №... გირავნობის მოწმობების მოქმედების შეჩერებას. ოთხივე შემთხვევაში გირავნობის საგანია ავტომობილი, მოგირავნე - სს „... ბანკი“, დამგირავებელი - შპს „...ი“. გირავნობის საფუძვლებია გირავნობის ხელშეკრულებები.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გირავნობის მოწმობა არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც დასტურდება სააგენტოში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის ფაქტი. საგენტოში მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია თვითონ მოგირავნე და არა გირავნობის მოწმობის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. ამასთან, გირავნობის მოწმობა ანუ გირავნობის უფლების რეგისტრაციის ფაქტი, მოგირავნეს უფლებას აძლევს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას, დაიწყოს სააღსრულებო წარმოება და მოითხოვოს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამასთან, გირავნობის მოწმობის გასაჩივრება არ იწვევს მისი აღსრულების შეჩერებას, ხოლო გირავნობის მოწმობის მოქმედების შეჩერება, იმავდროულად გამოიწვევს აღსრულების ქვემდებარე აქტით (გირავნობის მოწმობის) გათვალისწინებული აღსრულების შეჩერებას. სასამართლოს მიერ აღსრულების შეჩერება, შეჩერების ვადები იმპერატიულადაა დადგენილი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ის გარემოებაზეც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინება, რომლითაც მოსარჩელე ს. გ-ის შუამდგომლობა, საქმის დასრულებამდე აღსრულების შეჩერების თაობაზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. სააპელაციო პალატა, დასახელებული გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად მიაჩნევს, რომ ს. გ-ის შუამდგომლობა სსიპ გირავნობის მოწმობების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის, სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების არარსებობის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია აგრეთვე წარმოდგენილი საჩივარი, შესაბამისად, არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინების გაუქმებისა და მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. გ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი საჩივრით სადავოდ არის გამხდარი უზრუნველყოფის ღონისძიების - გირავნობის მოწმობების მოქმედების შეჩერების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინების კანონიერება. აღსანიშნავია, რომ სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავი (სარჩელის უზრუნველყოფა). ამდენად, აღსრულების უზრუნველყოფა ხორციელდება სარჩელის უზრუნველყოფისთვის დადგენილი წესით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სარჩელის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა მოპასუხისათვის რაიმე მოქმედების განხორციელების შეზღუდვის გზით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, შესაბამისად, მისი გამოყენება მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან მისი შეუძლებლობის თავიდან აცილებისაკენ მხოლოდ დავის საგანთან დაკავშირებით და არსებული მდგომარეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულოობას.
განსახილველ შემთხვევაში ს. გ-ის მიერ სარჩელი აღძრულია მოპასუხეების - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ, საჩივრის ავტორის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებზე („...“, სახელმწიფო ნომრით ..., „...“, სახელმწიფო ნომრით ..., „...“, სახელმწიფო ნომრით ... და „...“, სახელმწიფო ნომრით ...) სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 სექტემბრის №..., №..., №... და №... გირავნობის მოწმობების ბათილად ცნობის, მოსარჩელის სახელზე უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში მათი რეგისტრაციისა და სახელმწიფოსთვის სადავო მანქანების გადაცემის დროს გირავნობის უფლების არარსებობის აღიარების მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ს. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ №..., №..., №... და №... გირავნობის მოწმობების გაცემის საფუძველს წარმოადგენდა მოგირავნე - სს „... ბანკსა“ და დამგირავებელ - შპს „...ს“ შორის გაფორმებული 2013 წლის 10 იანვრის №..., 2015 წლის 26 ივნისის №..., 2013 წლის 30 ოქტომბრის №... და 2014 წლის 29 იანვრის №... გირავნობის ხელშეკრულებები. საგულისხმოა, რომ მითითებული გირავნობის ხელშეკრულებები ნამდვილია და იგი სადავოდ არაა გამხდარი მხარეების მიერ. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, ავტომანქანებზე: „...-ის“, „...-ის“, „...-ისა“ და „...-ის“ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის პირობებში, მათ აღწერილობებში მითითებულია, რომ ავტომანქანებს აქვთ გირავნობა სს „... ბანკის“ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე - ს. გ-ისთვის ცნობილი იყო ავტომანქანის მიმართ ვალდებულების არსებობის ფაქტი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 15 აგვისტოს (“...”, “...” და „...” ავტომანქანების მიმართ) და 2017 წლის 4 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტებითაც დასტურდება ავტომანქანებზე არსებული გირავნობა. მიღება-ჩაბარების აქტები კი ხელმოწერილია მხარეების მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის საფუძველზე, განცხადებით ითხოვს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სადავო გირავნობის მოწმობების მოქმედების შეჩერებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ განმცხადებლის მოთხოვნაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი კი გახდა ის გარემოება, რომ სააგენტოში მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია თვითონ მოგირავნე და არა გირავნობის მოწმობის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. ამასთან, გირავნობის მოწმობა ანუ გირავნობის უფლების რეგისტრაციის ფაქტი, მოგირავნეს უფლებას აძლევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას დაიწყოს სააღსრულებო წარმოება და მოითხოვოს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას განმცხადებლის მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ გირავნობის მოწმობა არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც დასტურდება სააგენტოში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258.4. მუხლით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის ფაქტი. სააგენტოში მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია თვითონ მოგირავნე და არა გირავნობის მოწმობის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. ამასთან, გირავნობის მოწმობა ანუ გირავნობის უფლების რეგისტრაციის ფაქტი, მოგირავნეს უფლებას აძლევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას დაიწყოს სააღსრულებო წარმოება და მოითხოვოს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამასთან, გირავნობის მოწმობის გასაჩივრება არ იწვევს მისი აღსრულების შეჩერებას, გირავნობის მოწმობის მოქმედების შეჩერება კი, იმავდროულად გამოიწვევს აღსრულების ქვემდებარე აქტით (გირავნობის მოწმობის) გათვალისწინებული აღსრულების შეჩერებას, ხოლო სასამართლოს მიერ აღსრულების შეჩერება და შეჩერების ვადები იმპერატიულადაა დადგენილი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორი - ს. გ-ი არ უთითებს არც ერთ კონკრეტულ გარემოებაზე, რაც საფუძვლად დაედება მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და დაადასტურებს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის არამართლზომიერებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარი დასაბუთებულია. დასტურდება, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობა, ასევე არ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელე ს. გ-ის შუამდგომლობა (საქმის დასრულებამდე აღსრულების შეჩერების თაობაზე) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არ არის გამხდარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას და მიიჩნევს, რომ ს. გ-ის საჩივარი მართებულად არ დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 1971, 198-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ს. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისისა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე