№ბს-58(კ-22) 11 მაისი, 2022 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2019 წლის 7 აგვისტოს სს ,,ე...მა’’ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა) - ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 22 ოქტომბრის №04/56274 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 23 ოქტომბრის №04/56538 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 23 ოქტომბრის №04/56539 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის №04/37947 გადაწყვეტილება სს ,, ს...’’ მ...ოს 2018 წლის 13 ნოემბრის №1494/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ (გარდა შესრულებულად აღიარებული მომსახურების დაფინანსების ნაწილისა); ე) დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პაციენტ ე.ლ-სთვის, მ.ხ-სთვის, მა.ხ-სთვის, ა.გ-სთვის, ან.გ-სთვის, ა.ნ-სთვის, ვ.ვ-სთვის, თ.კ-სთვის, თ.ს-სთვის, ნ.ხ-სთვის, გ.მ-სთვის და პ.თ-სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ე...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 23 ოქტომბრის №04/56539 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის №04/37947 გადაწყვეტილებები თ.ს-ს სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა თ.ს-სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურება;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) მიერ პაციენტ თ.ს-ს ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება ასევე სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „ე...მა“ პაციენტების - ე.ლ-ს, მ.ხ-ს, მა.ხ-ს, ა.გ-ს, ან.გ-ს, ა.ნ-ს, ვ.ვ-ის, თ.კ-ს, ნ.ხ-სა და პ.თ-ს ნაწილში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
ამავე გადაწყვეტილებით სს ,,ე...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - 1. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 22 ოქტომბრის №04/56274 გადაწყვეტილების, პაციენტ მა.ხ-ს ნაწილში 2018 წლის 23 ოქტომბრის №04/56538 გადაწყვეტილებისა და პაციენტების ა.გ-ს, ან.გ-ს, ა.ნ-ს, ვ.ვ-ს, თ.კ-ს, ნ.ხ-სა და პ.თ-ს ნაწილში 2018 წლის 23 ოქტომბრის №04/56539 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და ამ ნაწილში საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; 2. სს ,,ე...ის'' სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ა) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 22 ოქტომბრის №04/56274 გადაწყვეტილება, 2018 წლის 23 ოქტომბრის №04/56538 გადაწყვეტილება პაციენტ მა.ხ-ს და 2018 წლის 23 ოქტომბრის №04/56539 გადაწყვეტილება პაციენტების ა.გ-ს, ან.გ-ს, ა.ნ-ს, ვ.ვ-ს, თ.კ-ს, ნ.ხ-სა და პ.თ-ს ნაწილში და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; ბ) ბათილად იქნა ცნობილი სს ,,ს...’’ მ...ოს 2018 წლის 13 ნოემბრის №1494/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის №04/37947 გადაწყვეტილება პაციენტების ე.ლ-ს, მ.ხ-ს, მა.ხ-ს, ა.გ-ს, ან.გ-ს, ა.ნ-ს, ვ.ვ-ს, თ.კ-ს, ნ.ხ-სა და პ.თ-ს ნაწილში; გ) სს „ე...ის“ სარჩელი პაციენტებისათვის - ე.ლ-სთვის, მ.ხ-სთვის, მა.ხ-სთვის, ა.გ-სთვის, ან.გ-სთვის, ა.ნ-სთვის, ვ.ვ-სთვის, თ.კ-სთვის, ნ.ხ-სთვისა და პ.თ-სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ პაციენტები - ე.ლ-ა, მ.ხ-ე, მა.ხ-ი, ა.გ-ე, ან.გ-ე, ა.ნ-ა, ვ.ვ-ე, თ.კ-ი, თ.ს-ი, ნ.ხ-ი და პ.თ-ი წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მოსარგებლე პირებს. ამასთან, დადგენილია, რომ პაციენტების - ე.ლ-ს, მ.ხ-ს, მა.ხ-ს, თ.კ-ს, თ.ს-სა და ნ.ხ-ს სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე მოპასუხემ უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს (დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი), ხოლო პაციენტ პ.თ-ს შემთხვევის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ დაეთანხმა დაბალი თანხით განფასებული ტარიფით ანაზღაურებას. რაც შეეხება პაციენტების - ა.გ-ს, ან.გ-ს, ა.ნ-სა და ვ.ვ-ს სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებას, მოპასუხემ უარი განაცხადა ნაწილობრივ, ვინაიდან განმახორციელებლის განმარტებით, ადგილი ჰქონდა დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) პაციენტი - ე.ლ-ა მოსარჩელე კლინიკაში მოთავსდა გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში და გადიოდა ანტიპირეტულ მკურნალობას, ასევე უტარდებოდა ინფუზური თერაპია დიაგნოზისთვის - R50.0 - ცხელება; B34.9 - ვირუსული ინფექცია, დაუზუსტებელი; D64.9 - ანემია, დაუზუსტებელი; პაციენტ - მ.ხ-ეს ასევე გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში გაეწია ანტიპირეტული მკურნალობა ორალურ რეჰიდრატაციასთან ერთად დიაგნოზისთვის - J06.9 - ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, დაუზუსტებელი; ორივე სამედიცინო შემთხვევა გადაცემული იქნა ცხელების პროგრამული კოდით, რომელიც ითვალისწინებდა გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების გაწევას, თუმცა არ საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას; ბ) პაციენტი - მა.ხ-ი მოსარჩელე კლინიკაში მოათავსეს S36.9 - მუცლის ღრუს დაუზუსტებელი ორგანოს ტრავმის გამო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით; პაციენტების - ა.გ-სა და ან.გ-ს დიაგნოზი იყო - J21.9 მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი და D50.8 - სხვა რკინადეფიციტური ანემიები; პაციენტ ა.ნ-ს სამედიცინო მომსახურება გაეწია დიაგნოზით - J20.9 მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი (ბრონქოსპაზმი); D50.8 - სხვა რკინადეფიციტური ანემიები; R62.0 - განვითარების ეტაპების დაყოვნება; G80.9 - ბავშვთა ცერებრული დამბლა, დაუზუსტებელი; პაციენტ ვ.ვ-ეს დაესვა დიაგნოზი - R50.0 - ცხელება; D64.9 - სხვა ანემია, დაუზუსტებელი; H10.2 - სხვა მწვავე კონიუნქტივიტები; აღნიშნულ ოთხივე შემთხვევაში, მიმწოდებლის განმარტებით, პაციენტები გადიოდნენ I დონის ინტენსიურ მკურნალობას/მოვლას; გ) პაციენტი - თ.კ-ი კლინიკაში მოათავსეს დიაგნოზით - G93.9 - თავის ტვინის დაზიანება, დაუზუსტებელი; პაციენტ თ.ს-ს დიაგნოზი იყო E64.9 - დაუზუსტებელი საკვები ნივთიერებების უკმარისობის შედეგები, ხოლო პაციენტ ნ.ხ-ს დაესვა დიაგნოზი R56.0 - კონვულსიები ცხელების დროს; რაც შეეხება პაციენტ პ.თ-ს მისი სრული დიაგნოზი იყო - R17 - დაუზუსტებელი გენეზის სიყვითლე; K42.9 - ჭიპის თიაქარი ობსტრუქციის ან განგრენის გარეშე. აღნიშნული ოთხივე სამედიცინო შემთხვევა მიმწოდებლის მიერ გადაცემული იქნა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ანაზღაურებაზე უარის თქმა განპირობებული იყო სხვადასხვა გარემოებებით, კერძოდ, განმახორციელებლის მოსაზრებით, ორ შემთხვევაში სახეზე იყო ერთი უწყვეტი გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ვინაიდან სხვა კლინიკებისადმი მიმართვა ადასტურებდა იმას, რომ მ...ში ჩატარებულმა მკურნალობამ არ გამოიღო შედეგი და საჭირო გახდა რეჰოსპიტალიზაცია, ცალკეულ შემთხვევებში ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ძირითადი ნოზოლოგიური და არა თანმხლები დიაგნოზის კოდი, რიგ შემთხვევებში სახეზე არ იყო I დონის ინტენსიური მოვლა/მკურნალობისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის საჭიროება, ასევე ადგილი ჰქონდა მხოლოდ დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებას და ერთ-ერთი სამედიცინო შემთხვევა გადაცემული არ იყო შესაბამისი კოდით, რაც იწვევდა თანაგადახდის ვალდებულების წარმოშობას პაციენტის მხრიდან. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობის იყო იმ გარემოებების დადგენა ცალკეულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით პაციენტთა სამედიცინო ისტორიების გათვალისწინებით რამდენად იყო სახეზე - გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება ან/და არასათანადო მკურნალობის გამო რეჰოსპიტალიზაცია, გადაუდებელი სტაციონარული დახმარების გაწევის საჭიროება და I დონის ინტენსიური მოვლა/მკურნალობის აუცილებლობა, ასევე სამედიცინო დოკუმენტაციაში მოცემული მონაცემების სამედიცინო შემთხვევებისთვის მინიჭებულ დიაგნოზებთან (პროგრამულ კოდებთან) შესაბამისობა.
აღნიშნული საკითხების შეფასების კუთხით პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სპეციალისტთა დასკვნებზე და განმარტა, რომ: ა) ... ასოციაციის 2019 წლის 29 ნოემბრის №1899/11 დასკვნის თანახმად, სამედიცინო ისტორია ადასტურებდა პაციენტის თ.კ-ს დიაგნოზს, მისი ჩივილები იყო - ძლიერი ჭირვეულობა, მოტორული მოუსვენრობა, ძლიერი დისტონიური შეტევები, ჰიპერკინეზები, აღნიშნული სიმპტომატიკა იყო პროგრესირებადი. ამასთან, აღენიშნებოდა განვითარების შეფერხება. თავის ტვინის მრტ კვლევით სახეზე იყო ქერქქვეშა კვანძების დაზიანება. ეჭვი იყო ფენილკეტონურიის არსებობაზე, კერძოდ, ტეტრაბიოპტერინის ცვლის მოშლაზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით, პაციენტი საჭიროებდა სტაციონარულ მეთვალყურეობას და კვლევას. ბ) ამავე ასოციაციის 2019 წლის 29 ნოემბრის №1900/11 დასკვნის მიხედვით, პაციენტი ნ.ხ-ი დიაგნოზით - კონვულსიები ცხელების დროს, კლინიკაში მოთავსდა ცხელების ფონზე განვითარებული კრუნჩხვითი გულყრის გამო. ამდენად, ბავშვი საჭიროებდა გადაუდებელ სტაციონირებას, ვინაიდან ცხელება გრძელდებოდა, არსებობდა გულყრის განმეორების რისკი და ბავშვი საჭიროებდა, როგორც ნევროლოგის, ისე პედიატრის მეთვალყურეობას; გ) საქმეში წარმოდგენილი ...ა კავშირ ,,...ას’’ 2019 წლის 28 ნოემბრის №1888/11 დასკვნის მიხედვით, პაციენტ თ.ს-ს ჰოსპიტალიზაცია პაციენტის ასაკისა და მისი მალნუტრიციის დადგენილი ხარისხიდან გამომდინარე (შეფასდა, როგორც ჰიპოტროფია მესამე ხარისხის) აუცილებელი იყო გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით.
პალატამ მიუთითა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 თებერვლის 36-ე დადგენილების 1.2 დანართის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ არ არსებობდა პაციენტ თ.ს-ს სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში პაციენტის გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას განაპირობებდა მძიმე მალნუტრიცია (საკვების არასაკმარისი რაოდენობით მიღება). მისი მდგომარეობა, სპეციალისტის დასკვნის თანახმად შეფასებული იქნა, როგორც მესამე ხარისხის ჰიპოტროფია. სამედიცინო ბარათიდან ირკვევა, რომ პაციენტი, რომელიც დაბადებულია წონით 3100 გრამი კლინიკაში მიმართვის დროისთვის 6 თვის ასაკში იწონიდა 4569 გრამს. არასაკმარისი წონა ბავშვებში, რაც მალნუტრიციის ერთ-ერთი ტრადიციული ინდიკატორია, ზოგჯერ, არასაკმარისი ძუძუთი კვების შემთხვევაში, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში მართალია, პაციენტი გარდა ბუნებრივი კვებისა, ასევე დღეში სამჯერ იღებდა ხელოვნურ ნარევს, თუმცა სხეულის მასის ამგვარი დეფიციტის განვითარება აუცილებლად ქმნიდა გადაუდებელი დახმარების გაწევის საჭიროებას. შესაბამისად, მისი დიაგნოზი - E64.9 - დაუზუსტებელი საკვები ნივთიერებების უკმარისობის შედეგები, სრულ შესაბამისობაში იყო მის ანამნეზთან, ხოლო მისთვის ჩატარებულმა მკურნალობამ (სათანადო პერორალური და პარენტერალური რეჰიდრატაცია - იონოგრამის კორექციით, პრობიოტიკოთერაპია, სიმპტომოთერაპია) უდავოდ განაპირობა მისი მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესება (დაიწყო წონაში მატება დღეში 70 გრამის ოდენობით). აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პაციენტ თ.ს-თან მიმართებით არ არსებობდა მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობა, რომ მოცემული სამედიცინო შემთხვევა არ საჭიროებდა გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურეობას. შესაბამისად, არსებობდა აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისთვის თ.ს-სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 თებერვლის 36-ე დადგენილების მე-15 მუხლის მე-7 პუნქტზე, ამავე დადგენილების მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პაციენტები ე.ლ-ა და მ.ხ-ე მოსარჩელე კლინიკაში გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით იმყოფებოდნენ 24 საათზე ნაკლებით დროით, რაც ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე გამორიცხავდა ამ მკურნალობის სტაციონარულად მიჩნევის შესაძლებლობას. ამასთან, ის გარემოება, რომ სახეზე იყო გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევა და მათი მდგომარეობის სიმძიმე კლინიკის მიერ ადეკვატურად იყო შეფასებული დასტურდებოდა იმ ფაქტით, რომ კლინიკიდან გაწერის შემდგომ მათ კვლავ მიმართეს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებს. ამასთან პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ სამედიცინო დაწესებულების მხრიდან პაციენტების ე.ლ-სა და მ.ხ-ს მიმართ სახეზე იყო არაჯეროვანი მომსახურების გაწევა, რამაც გამოიწვია პაციენტთა რეჰოსპიტალიზაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში მტკიცებულების არ არსებობის შესახებ და განმარტა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პაციენტებს არ სჭირდებოდათ ის სამედიცინო მომსახურებები, რომელიც ჩაუტარდათ ან საჭიროებდნენ სტაციონარიზაციას. პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სპეციალური ცოდნის მქონე პირის განმარტებისა და ექსპერტის დასკვნის არარსებობის პირობებში, არ ქმნიდა მოპასუხის მიერ არაჯეროვანი მომსახურების თაობაზე გაკეთებული დასკვნების გაზიარების შესაძლებლობას.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-10 მუხლის 21 პუნქტზე მითითებით, იმ სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით, როდესაც ადგილი ჰქონდა თანაგადახდას პაციენტის მა.ხ-ს მხრიდან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შემთხვევა გადაცემული იქნა, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, პროგრამული კოდით: ..., დიაგნოზი: S36.9 - მუცლის ღრუს დაუზუსტებელი ორგანოს ტრავმა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამედიცინო შემთხვევა არ იქნა ანაზღაურებული იმ საფუძვლით, რომ პაციენტის დიაგნოზი და მის მიმართ განხორციელებული ჩარევა გათვალისწინებული იყო საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების №1.2 დანართით და არ ითვალისწინებდა თანაგადახდას პაციენტთა მხრიდან. თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება თუ როგორ შეძლო მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაედგინა ის გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა ექიმის მიერ გამოტანილი დიაგნოზისგან განსხვავებული დიაგნოზის არსებობას და მუცლის ღრუს დაუზუსტებელი ორგანოს ტრავმის ნაცვლად პაციენტის დიაგნოზი იყო R10 - მუცლისა და მენჯის ტკივილი, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, მით უფრო, რომ პაციენტის სამედიცინო ისტორიის მიხედვით, პაციენტი კლინიკაში მოთავსებამდე 1 საათით ადრე გადმოვარდა ველოსიპედიდან, რაც მიუთითებდა სწორედ შესაძლო ტრავმის არსებობაზე. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით, სადავო აქტების მიხედვით, არ ირკვეოდა შესაბამისი გამოკვლევების გარეშე სამედიცინო დაწესებულებას როგორ უნდა დაედგინა ტრავმისა და მუცლის ტკივილის კავშირის არარსებობა და კონკრეტულად რომელი მტკიცებულება, ან/და გარემოება გახდა მოსარჩელისთვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
ა.გ-ესთან, ან.გ-ესთან, ა.ნ-სა და ვ.ვ-ესთან მიმართებაში პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და ადგილი ჰქონდა მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდის არასწორად დაფიქსირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ სამედიცინო შემთხვევა არის პროგრამით გათვალისწინებული მკურნალობის ეპიზოდი სამედიცინო მომსახურების დაწყების მომენტიდან მის დასრულებამდე, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე პროგრამულ შემთხვევას. ძირითადი მდგომარეობის გარდა, შეძლებისდაგვარად, სამედიცინო დოკუმენტებში ცალკე უნდა ჩამოითვალოს სხვა მდგომარეობები ან პრობლემები, რომლებიც გამოვლინდა სამედიცინო დახმარების მოცემული ეპიზოდის განმავლობაში. სხვა მდგომარეობები განისაზღვრება, როგორც მდგომარეობები, რომლებიც თანაარსებობს ან აღმოცენდება სამედიცინო დახმარების მოცემული ეპიზოდის განმავლობაში და გავლენას ახდენს პაციენტის მდგომარეობაზე. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 თებერვლის 36-ე დადგენილების 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ორი და მეტი ნოზოლოგიური კოდის არსებობის შემთხვევაში ანაზღაურდება ძირითადი ნოზოლოგიური კოდის ლიმიტის მთლიანი ღირებულების და თითოეული დამატებითი კოდის ლიმიტის 50%-ის ჯამი, გარდა კრიტიკული მდგომარეობებისა. მოცემულ შემთხვევაში პაციენტების - ა.გ-ს, ან.გ-ს, ა.ნ-სა და ვ.ვ-ს სამედიცინო ბარათებში მითითებულია, რომ ოთხივე პაციენტს ჰემატოლოგის ჩანაწერების მიხედვით, ჰქონდათ ღრმა ანემია და მათთან განხორციელდა ერითრომასის ტრანსფუზიები. შესაბამისად, ვინაიდან ეს პაციენტები იმყოფებოდნენ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ ესაჭიროებოდათ მკაცრი სტაციონარული მეთვალყურეობის გაგრძელება და დამატებითი სადიაგნოსტიკო ტესტები ან/და უკვე ჩატარებული კვლევების დინამიკაში გამეორება, რის გამოც ზემოაღნიშნული შემთხვევების მსგავსად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სპეციალური ცოდნის მქონე პირის განმარტებისა და ექსპერტის დასკვნის არარსებობის პირობებში, არ ქმნიდა მოპასუხის მიერ მითითებული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდული არ იყო სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მტკიცებულებებით, მას თავად შეეძლო, ამგვარი საკითხის გადასაწყვეტად, რაც სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა სხვა ნებისმიერი კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას.
პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ პაციენტების თ.კ-სა და ნ.ხ-ს დიაგნოზი და ჩატარებული ჩარევები არ ქმნიდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების გაწევის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი სპეციალისტების დასკვნებით დასტურდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტებს, კერძოდ, ნ.ხ-სა და თ.კ-ს არ ჩაუტარდებოდათ სამედიცინო დახმარება, სამკურნალო ღონისძიებების განუხორციელებლობა გამოიწვევდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზულ გაუარესებას. გადაუდებელ დეპარტამენტში ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფია, ასევე სხვა სადიაგნოსტიკო კვლევები მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენდა გადაუდებელ სადიაგნოსტიკო კვლევებს, ხოლო ის გარემოება, რომ თ.კ-ი იღებდა მხოლოდ დიაზეპამის სუსპენზიასა და ატარაქსს, ნ.ხ-ს კი დანიშნული ჰქონდა სტაციონარული მეთვალყურეობა, არ შეიძლება გამხდარიყო მოცემული სამედიცინო შემთხვევის გეგმიურად მიჩნევის საფუძველი. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ პაციენტებს ჩატარებული ჰქონდათ მხოლოდ სადიაგნოსტიკო კვლევები, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ისინი განეკუთვნებოდნენ მაღალი რისკის პაციენტებს (თ.კ-თან მიმართებით ეჭვი იყო ფენილკეტონურიის არსებობაზე, კერძოდ, ტეტრაბიოპტერინის ცვლის მოშლაზე, ხოლო ნ.ხ-თან, ვინაიდან ცხელება გრძელდებოდა, არსებობდა გულყრის განმეორების რისკი), რომელთაც ესაჭიროებოდათ მკაცრი სტაციონარული მეთვალყურეობა, მათ მიმართ გაწეული მომსახურება ვერ იქნებოდა განხილული გეგმიურ თერაპიად, რამეთუ გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის სწორედ სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია პაციენტის მდგომარეობის შეფასება/დიაგნოზის გამოტანა და შესაფერისი მკურნალობა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებებში ზოგადად არის აღნიშნული, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, თუმცა კონკრეტულად რა გახდა აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების საფუძველი უცნობია, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია იმგვარი გარემოებები, რომლის შესწავლა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან ვერ დგინდება თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია ის გარემოება, რომ პაციენტებს - თ.კ-სა და ნ.ხ-ს არ ესაჭიროებოდათ გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო დახმარების გაწევა, მით უფრო, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილია სპეციალისტთა წერილების სახით.
პალატამ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის მოსაზრება პაციენტის პ.თ-ს სამედიცინო შემთხვევის ნაწილობრივ, ხოლო შემდგომ სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 თებერვლის 36-ე დადგენილების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, განაცხადის თანახმად (წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის შესახებ), განმახორციელებელთან წარადგინოს დანართი №1.1-ით, დანართი №1.2-ით, დანართი №1.3-ით და დანართი №1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების შესაბამისი ღირებულებები ელექტრონული ფორმატით, სამედიცინო დაწესებულებების საინფორმაციო პორტალზე, ხოლო შემდგომ - დოკუმენტური ფორმით. ამასთან, ეს ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებითა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გაწეული შესაბამისი სამედიცინო მომსახურების და/ან შესაბამის ხელშეკრულებებში ბოლო 1 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ისტორიულ მინიმალურ ღირებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაქსიმუმ 10 - პროცენტიანი გადახრით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სს ,,ე...ის“ წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილია დოკუმენტი (ტ. II, ს.ფ. 93), რომელშიც მოცემული ICD კოდებიდან (R17 - დაუზუსტებელი გენეზის სიყვითლე) 2015 წელს რამოდენიმე შემთხვევა განფასებულია 1350.36 ლარით (სტატუსი - აქტიური), თუმცა ამავე დოკუმენტის მიხედვით ერთეულ შემთხვევაში იგივე ICD კოდისთვის ასევე აქტიური სტატუსით გამოტანილია სხვა ტარიფები, მათ შორის, 805.86 ლარის ოდენობით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტის პ.თ-ს სამედიცინო შემთხვევა მოსარჩელე კლინიკის მიერ განფასებული იქნა 1350.36 ლარით, თუმცა ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეული იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა სხვა ტარიფი 805.86 ლარის ოდენობით, რასაც მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას", საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად.
მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, თუ რა განაპირობებს ტარიფის ცვლილებას ცალკეულ შემთხვევებში და სადავო საკითხის გადაწყვეტისას რის საფუძველზე იქნა განფასებული პაციენტ პ.თ-ს სამედიცინო შემთხვევა 805.86 ლარის ოდენობით, იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ 2015 წელს უფრო მაღალი ტარიფით დაფინანსებული შემთხვევების დამადასტურებელი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოცემული სამედიცინო შემთხვევა, საბოლოოდ, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შემდგომ, ანაზღაურებული არ იქნა არც მოპასუხის მიერ მითითებული შედარებით დაბალი ტარიფით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა პაციენტ თ.ს-სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები უცვლელია, კერძოდ: სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას და სააპელაციო სასამართლოს მიერ მის უცვლელად დატოვებას პაციენტ თ.ს-სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე და აღნიშნავს, რომ პაციენტი თ.ს-ი მკურნალობდა შპს ,,მ...ში“ 17.05.2018 წლიდან 28.05.2018 წლამდე. მიმწოდებლის მიერ შემთხვევა წარდგენილი იქნა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, E64.9 დაუზუსტებელი საკვები ნივთიერებების უკმარისობის შედეგები. მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ჩატარების საჭიროება. შესაბამისად, შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ასევე სადაოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სს „ე...ის“ სააპელაციო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საკითხს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მსჯელობა არის დაუსაბუთებელი და სცილდება სამართლებრივ მსჯელობას, კერძოდ: მა.ხ-ს, ა.გ-ს, ან.გ-ს, ა.ნ-ს, ვ.ვ-ს, თ.კ-სა, ნ.ხ-ს და პ.თ-ს მიმართ სასამართლოს მსჯელობა ეყრდნობა საკითხს თითქოს სამსახურს არ ჰქონდა საკითხის შეფასების კომპეტენცია, თუმცა საყურადღებოა, რომ საქმეს სწავლობს და ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი და მისი ცოდნა და კვალიფიკაცია იძლევა საშუალებას საქმეზე მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება, რაც არ შეიძლება გახდეს ბათილობის საფუძველი, მითუმეტეს, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დროს სადავოდ არ გამხდარა კომპეტენციის საკითხი.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, იმის მიუხედავად, რომ სს ,,ე...ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი სრულად დააკისრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა) შპს ,,მ...ოს’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №... სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ე.ლ-ა 2018 წლის 14 მაისს მოათავსეს შპს ,,მ...ში’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: R50.0 - ცხელება; B34.9 - ვირუსული ინფექცია, დაუზუსტებელი; D64.9 - ანემია, დაუზუსტებელი.
ჩატარებული მკურნალობა: ანტიპირეტული მკურნალობა, ინფუზური თერაპია. ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: ... - ცხელება, რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. დაწყება - 14.05.18
22:13, დასრულება - 15.05.18 03:00.
15.05.2018 13:32-ზე პაციენტმა განმეორებით მიმართა შპს ,, უ...’’- ...ას და ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება.
ბ) შპს ,,მ...ოს’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №... სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - მ.ხ-ე 2018 წლის 25 მაისს მოათავსეს შპს ,,მ...ში’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: J06.9 - ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, დაუზუსტებელი.
ჩატარებული მკურნალობა: ანტიპირეტული მკურნალობა, ორალური რეჰიდრატაცია. ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი:
... - ცხელება, რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. დაწყება - 25.05.18
08:15, დასრულება - 25.05.18 12:30. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ 25.05.2018 17:30-ზე პაციენტმა განმეორებით მიმართა შპს ,,მ...’’ს და ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება.
გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 22 ოქტომბრის №04/56274 გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტები მ.ხ-ე და ე.ლ-ა, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი 1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები, მკურნალობდნენ შპს ,,მ...ში’’ 2018 წლის მაისის თვეში. სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში მიმწოდებლის მიერ შემთხვევები გადაცემულია პროგრამული კოდით: ... - ცხელება, რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, პაციენტები გაწერილი იქნენ გაუმჯობესებულ მდგომარეობაში, თუმცა მომდევნო 24 საათის განმავლობაში მათ კვლავ მიმართეს სხვა კლინიკებს და მიიღეს გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევებს: №... და №... ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას", საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად (,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს’’).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
განსახილველ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ანაზღაურებაზე უარის თქმა განპირობებული იყო იმ გარემოებებით, რომ სახეზე იყო ერთი უწყვეტი გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ვინაიდან სხვა კლინიკებისადმი მიმართვა ადასტურებდა იმას, რომ მ...ში ჩატარებულმა მკურნალობამ არ გამოიღო შედეგი და საჭირო გახდა რეჰოსპიტალიზაცია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება პაციენტების ე.ლ-სა და მ.ხ-ს მიმართ არაჯეროვანი მომსახურების გაწევა, რამაც გამოიწვია პაციენტთა რეჰოსპიტალიზაცია. ამასთან, არ დგინდება პაციენტთა შემდგომი რეჰოსპიტალიზაციის მიზეზები, რაც შესაძლებლობას მისცემდა მოპასუხეს დაედგინა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. შესაბამისად მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სპეციალური ცოდნის მქონე პირის განმარტებისა და ექსპერტის დასკვნის არარსებობის პირობებში, არ ქმნიდა მოპასუხის მიერ არაჯეროვანი მომსახურების თაობაზე გაკეთებული დასკვნების გაზიარების შესაძლებლობას.
დ) შპს ,,მ...ოს’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №... სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - მა.ხ-ს 2018 წლის 4 აპრილს მოათავსეს შპს ,,მ...ში’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: S36.9 - მუცლის ღრუს დაუზუსტებელი ორგანოს ტრავმა.
ჩატარებული მკურნალობა: (ER) დიაგ. საშ., სითხეები, ელექტროლიტები; (ER) ერთჯერადი მოხმარების საგნები.
ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: ..., დიაგნოზი: S36.9 - მუცლის ღრუს დაუზუსტებელი ორგანოს ტრავმა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 23 ოქტომბრის №04/56538 გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტი მა.ხ-ს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი 1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, მკურნალობდა შპს ,,მ...ში’’ 2018 წლის აპრილის თვეში. მიმწოდებლის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევა გადაცემულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით.
ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, პაციენტი მა.ხ-ი, პროგრამული კოდით: ... (დიაგნოზი: S36.9 - მუცლის ღრუს დაუზუსტებელი ორგანოს ტრავმა, ჩატარდა კონსერვატული მკურნალობა), რომელიც ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან. სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული დიაგნოზი და ჩარევა შეესაბამება საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი №1.2-ით დამტკიცებული კოდიფიკაციის კოდს T900013 (R10 - მუცლისა და მენჯის ტკივილი (ძლიერი ტკივილი, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას)), რომელიც არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან. შესაბამისად, ინსპექტირების ეტაპზე, სამედიცინო შემთხვევას №2075151004 განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას", საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად (,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს’’) (ტ.1. ს.ფ. 34-35).
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით.
ამავე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-10 მუხლის 21 პუნქტის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა NIV-100/ა), მოქმედი კანონმდებლობის (,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანება) მოთხოვნათა გათვალისწინებით, დიაგნოზი ფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის (ICD -10) შესაბამისად. ასევე, სავალდებულოა პროცედურების (ჩარევების) კოდების მითითება ,,სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის №92/ნ ბრძანების მიხედვით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მა.ხ-ს შემთხვევა გადაცემული იქნა, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, პროგრამული კოდით: ..., დიაგნოზი: S36.9 - მუცლის ღრუს დაუზუსტებელი ორგანოს ტრავმა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამედიცინო შემთხვევა არ იქნა ანაზღაურებული იმ საფუძვლით, რომ პაციენტის დიაგნოზი და მის მიმართ განხორციელებული ჩარევა გათვალისწინებული იყო საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების №1.2 დანართით და არ ითვალისწინებდა თანაგადახდას პაციენტთა მხრიდან, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება თუ როგორ შეძლო მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაედგინა ის გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა ექიმის მიერ გამოტანილი დიაგნოზისგან განსხვავებული დიაგნოზის არსებობას და მუცლის ღრუს დაუზუსტებელი ორგანოს ტრავმის ნაცვლად პაციენტის დიაგნოზი იყო R10 - მუცლისა და მენჯის ტკივილი, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, მით უფრო, რომ პაციენტის სამედიცინო ისტორიის მიხედვით, პაციენტი კლინიკაში მოთავსებამდე 1 საათით ადრე გადმოვარდა ველოსიპედიდან, რაც მიუთითებდა სწორედ შესაძლო ტრავმის არსებობაზე (ტ.1. ს.ფ. 102-121).
შესაბამისად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით, სადავო აქტების მიხედვით, არ ირკვევა შესაბამისი გამოკვლევების გარეშე სამედიცინო დაწესებულებას როგორ უნდა დაედგინა ტრავმისა და მუცლის ტკივილის კავშირის არარსებობა და კონკრეტულად რომელი მტკიცებულება, ან/და გარემოება გახდა მოსარჩელისთვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
ე) შპს ,,მ...ოს’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №6655 სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ა.გ-ე 2018 წლის 29 აპრილს მოათავსეს შპს ,,მ...ში’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: J21.9 მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი; D50.8 - სხვა რკინადეფიციტური ანემიები.
ჩატარებული მკურნალობა: ოქსიგენოთერაპია, დეზინტოქსიკაციური, ინჰალაციური თერაპია, ტრანსფუზია ერით. მასით.
ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდებით: INT0041/1 - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზი: D50.8 - სხვა რკინადეფიციტური ანემიები; 8000000011 - სისხლი და სისხლის კომპონენტები; T900015 - J21.9 მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი;
ვ) შპს ,,მ...ოს’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №... სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ან.გ-ე 2018 წლის 29 აპრილს მოათავსეს შპს ,,მ...ში’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: J21.9 მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი; D50.8 - სხვა რკინადეფიციტური ანემიები.
ჩატარებული მკურნალობა: ოქსიგენოთერაპია, ინჰალაციური, დეზინტოქსიკაციური თერაპია, ტრანსფუზია ერით. მასით.
ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდებით: INT0041/1 - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზი: D50.8 - სხვა რკინადეფიციტური ანემიები; 8000000011 - სისხლი და სისხლის კომპონენტები; T900015 - J21.9 მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი;
ზ) შპს ,,მ...ოს’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №... სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ა.ნ-ა 2018 წლის 26 მაისს მოათავსეს შპს ,,მ...ოში’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: J20.9 მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი (ბრონქოსპაზმი); D50.8 - სხვა რკინადეფიციტური ანემიები; R62.0 - განვითარების ეტაპების დაყოვნება; G80.9 - ბავშვთა ცერებრული დამბლა, დაუზუსტებელი.
ჩატარებული მკურნალობა: (ER) დიაგ. საშ., სითხეები, ელექტროლიტები; (ER) ერთჯერადი მოხმარების საგნები, (რესპირაციული) დიაგ. საშ., სითხეები, ელექტროლიტები (რესპირაციული), ერთჯერადი მოხმარების საგნები, ატარაქსი 25 მგ ტაბლეტი, დექსამეტაზონი, ერითრომასა (პატარა).
ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდებით: INT0041/1 - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზი: D50.8 - სხვა რკინადეფიციტური ანემიები; 8000000011 - სისხლი და სისხლის კომპონენტები; T900008 - J20.9 მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი.
თ) შპს ,,მ...ოს’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №... სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ვ.ვ-ე 2018 წლის 30 აპრილს მოათავსეს შპს ,,მ...ში’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: R50.0 - ცხელება; D64.9 - სხვა ანემია, დაუზუსტებელი; H10.2 - სხვა მწვავე კონიუნქტივიტები.
ჩატარებული მკურნალობა: ანტიპირეტიკი ს/დროს, ერით მასის ტრანსფუზია, ენტეროჯერმინა, სიმპტომური დახმარება.
ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდებით: INT0041/1 - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზი: D64.9 - სხვა ანემია, დაუზუსტებელი; 8000000011 - სისხლი და სისხლის კომპონენტები; T9100011NF/1 - R50.0 - ცხელება.
ზემოაღნიშნულ ოთხ შემთხვევასთან დაკავშირებით მოპასუხის განმარტებით, ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და ადგილი ჰქონდა მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდის არასწორად დაფიქსირებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამედიცინო შემთხვევა არის პროგრამით გათვალისწინებული მკურნალობის ეპიზოდი სამედიცინო მომსახურების დაწყების მომენტიდან მის დასრულებამდე, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე პროგრამულ შემთხვევას. ძირითადი მდგომარეობის გარდა, შეძლებისდაგვარად, სამედიცინო დოკუმენტებში ცალკე უნდა ჩამოითვალოს სხვა მდგომარეობები ან პრობლემები, რომლებიც გამოვლინდა სამედიცინო დახმარების მოცემული ეპიზოდის განმავლობაში. სხვა მდგომარეობები განისაზღვრება, როგორც მდგომარეობები, რომლებიც თანაარსებობს ან აღმოცენდება სამედიცინო დახმარების მოცემული ეპიზოდის განმავლობაში და გავლენას ახდენს პაციენტის მდგომარეობაზე.
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 თებერვლის 36-ე დადგენილების 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ორი და მეტი ნოზოლოგიური კოდის არსებობის შემთხვევაში ანაზღაურდება ძირითადი ნოზოლოგიური კოდის ლიმიტის მთლიანი ღირებულების და თითოეული დამატებითი კოდის ლიმიტის 50%-ის ჯამი, გარდა კრიტიკული მდგომარეობებისა.
პაციენტების - ა.გ-ს, ან.გ-ს, ა.ნ-სა და ვ.ვ-ს სამედიცინო ბარათებში მითითებულია, რომ ოთხივე პაციენტს ჰემატოლოგის ჩანაწერების მიხედვით, ჰქონდათ ღრმა ანემია და მათთან განხორციელდა ერითრომასის ტრანსფუზიები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ვინაიდან ეს პაციენტები იმყოფებოდნენ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ ესაჭიროებოდათ მკაცრი სტაციონარული მეთვალყურეობის გაგრძელება და დამატებითი სადიაგნოსტიკო ტესტები ან/და უკვე ჩატარებული კვლევების დინამიკაში გამეორება, რის გამოც ზემოაღნიშნული შემთხვევების მსგავსად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სპეციალური ცოდნის მქონე პირის განმარტებისა და ექსპერტის დასკვნის არარსებობის პირობებში, არ ქმნიდა მოპასუხის მიერ მითითებული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდული არ იყო სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მტკიცებულებებით, მას თავად შეეძლო, ამგვარი საკითხის გადასაწყვეტად, რაც სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა სხვა ნებისმიერი კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას.
ი) შპს ,,მ...ოს’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №... სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - თ.კ-ი 2018 წლის 21 მაისს მოათავსეს შპს ,,მ...ში’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: G93.9 - თავის ტვინის დაზიანება, დაუზუსტებელი.
ჩატარებული მკურნალობა: დიაზეპამის სუსპენზია 0.2მლ 2-ჯერ დღეში, ატარაქსი 1/4 ტაბ. 2 -ჯერ დღეში.
ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით: SUR35..., G93.9 - თავის ტვინის დაზიანება, დაუზუსტებელი.
საქმეში წარმოდგენილია ... ასოციაციის 2019 წლის 29 ნოემბრის №1899/11 დასკვნა (ტ.2. ს.ფ. 82), სადაც აღნიშნულია შემდეგი: მ...ოს ნეირომეცნიერების დეპარტამენტში 21.05.18-28.05.18 მკურნალობდა პაციენტი (თ.კ-ი) დიაგნოზით: თავის ტვინის დაზიანება, დაუზუსტებელი, ისტ. №7893. თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე სჭირდებოდა თუ არა პაციენტს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობა გპასუხობთ: როგორც ისტორიიდან ირკვევა, პაციენტმა კლინიკას მიმართა შემდეგი ჩივილებით: ძლიერი ჭირვეულობა, მოტორული მოუსვენრობა, ასევე, ბავშვს აღენიშნებოდა ძლიერი დისტონიური შეტევები, ჰიპერკინეზები, აღნიშნული სიმპტომატიკა იყო პროგრესირებადი. აღენიშნებოდა განვითარების შეფერხება. თტ მრტ კვლევით სახეზე იყო ქერქქვეშა კვანძების დაზიანება. ეჭვი იყო ფენილკეტონურიის არსებობაზე, კერძოდ, ტეტრაბიოპტერინის ცვლის მოშლაზე. იმყოფებოდა ნევროლოგის, გენეტიკოსის მეთვალყურეობის ქვეშ. ბინაზე გაწერის შემდეგ მიეცა რეკომენდაცია მეტაბოლურ პათოლოგიასთან დაკავშირებულ კვლევებთან დაკავშირებით. ნეიროვიზუალიზაციის მონაცემები ადასტურებს დიაგნოზს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, პაციენტი საჭიროებდა სტაციონარულ მეთვალყურეობას და კვლევას.
კ) შპს ,,მ...ოს’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №... სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ნ.ხ-ი 2018 წლის 10 მაისს მოათავსეს შპს ,,მ...ში’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: R56.0 - კონვულსიები ცხელების დროს.
ჩატარებული მკურნალობა: სადიაგნოსტიკო კვლევები, სტაციონარული მეთვალყურეობა.
ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით: T900017 - გულყრის შემდგომი სტაციონარული დაკვირვება, დიაგნოზი: R56.0 - კონვულსიები ცხელების დროს.
საქმეში წარმოდგენილია ... ასოციაციის 2019 წლის 29 ნოემბრის №1900/11 დასკვნა (ტ.2. ს.ფ. 83), სადაც აღნიშნულია შემდეგი: მ...ოს ნეირომეცნიერების დეპარტამენტში 10.05.18-11.05.18 მკურნალობდა პაციენტი (ნ.ხ-ი) დიაგნოზით: კონვულსიები ცხელების დროს, ისტ. №.... ბავშვი კლინიკაში შემოვიდა ცხელების ფონზე განვითარებული კრუნჩხვითი გულყრის გამო. ბავშვი საჭიროებდა გადაუდებელ სტაციონირებას, ვინაიდან ცხელება გრძელდებოდა, არსებობდა რისკი გულყრის განმეორების, ბავშვი საჭიროებდა, როგორც ნევროლოგის, ისე პედიატრის მეთვალყურეობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სპეციალისტების დასკვნების თანახმად იმ შემთხვევაში, თუ ნ.ხ-სა და თ.კ-ს არ ჩაუტარდებოდათ სამედიცინო დახმარება, სამკურნალო ღონისძიებების განუხორციელებლობა გამოიწვევდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზულ გაუარესებას. გადაუდებელ დეპარტამენტში ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფია, ასევე სხვა სადიაგნოსტიკო კვლევები მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენდა გადაუდებელ სადიაგნოსტიკო კვლევებს, ხოლო ის გარემოება, რომ თ.კ-ი იღებდა მხოლოდ დიაზეპამის სუსპენზიასა და ატარაქსს, ნ.ხ-ს კი დანიშნული ჰქონდა სტაციონარული მეთვალყურეობა, არ შეიძლება გამხდარიყო მოცემული სამედიცინო შემთხვევის გეგმიურად მიჩნევის საფუძველი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ პაციენტებს ჩატარებული ჰქონდათ მხოლოდ სადიაგნოსტიკო კვლევები, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ისინი განეკუთვნებოდნენ მაღალი რისკის პაციენტებს (თ.კ-თან მიმართებით ეჭვი იყო ფენილკეტონურიის არსებობაზე, კერძოდ, ტეტრაბიოპტერინის ცვლის მოშლაზე, ხოლო ნ.ხ-თან, ვინაიდან ცხელება გრძელდებოდა, არსებობდა გულყრის განმეორების რისკი), რომელთაც ესაჭიროებოდათ მკაცრი სტაციონარული მეთვალყურეობა, მათ მიმართ გაწეული მომსახურება ვერ იქნებოდა განხილული გეგმიურ თერაპიად, რამეთუ გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის სწორედ სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია პაციენტის მდგომარეობის შეფასება/დიაგნოზის გამოტანა და შესაფერისი მკურნალობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ’’ სადავო გადაწყვეტილებებში ზოგადად არის აღნიშნული, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, თუმცა კონკრეტულად რა გახდა აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების საფუძველი გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან ვერ დგინდება, რადგან გაურკვეველია თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია იმგვარი გარემოებები, რომლის შესწავლა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია ის გარემოება, რომ პაციენტებს - თ.კ-სა და ნ.ხ-ს არ ესაჭიროებოდათ გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო დახმარების გაწევა, მით უფრო, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილია სპეციალისტთა წერილების სახით.
ლ) შპს ,,მ...ოს’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №... სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - პ.თ- 2018 წლის 15 მაისს მოათავსეს შპს ,,მ...ში’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: R17 - დაუზუსტებელი გენეზის სიყვითლე; K42.9 - ჭიპის თიაქარი ობსტრუქციის ან განგრენის გარეშე.
ჩატარებული მკურნალობა: ლუმინალი, კოლინი, ენტეროჯერმინა, ინფუზური თერაპია, მიკროოყნა.
ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით: ... დაუზუსტებელი გენეზის სიყვითლე.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 თებერვლის 36-ე დადგენილების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, განაცხადის თანახმად (წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის შესახებ), განმახორციელებელთან წარადგინოს დანართი №1.1-ით, დანართი №1.2-ით, დანართი №1.3-ით და დანართი №1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების შესაბამისი ღირებულებები ელექტრონული ფორმატით, სამედიცინო დაწესებულებების საინფორმაციო პორტალზე, ხოლო შემდგომ - დოკუმენტური ფორმით. ამასთან, ეს ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებითა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გაწეული შესაბამისი სამედიცინო მომსახურების და/ან შესაბამის ხელშეკრულებებში ბოლო 1 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ისტორიულ მინიმალურ ღირებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაქსიმუმ 10 - პროცენტიანი გადახრით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად (ტ. II, ს.ფ. 93), ICD კოდებიდან (R17 - დაუზუსტებელი გენეზის სიყვითლე) 2015 წელს რამოდენიმე შემთხვევა განფასებულია 1350.36 ლარით (სტატუსი - აქტიური), თუმცა ამავე დოკუმენტის მიხედვით ერთეულ შემთხვევაში იგივე ICD კოდისთვის ასევე აქტიური სტატუსით გამოტანილია სხვა ტარიფები, მათ შორის, 805.86 ლარის ოდენობით.
პ.თ-ს სამედიცინო შემთხვევა მოსარჩელე კლინიკის მიერ განფასებული იქნა 1350.36 ლარით, თუმცა ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეული იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა სხვა ტარიფი 805.86 ლარის ოდენობით, რასაც მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას", საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ არ დგინდება, თუ რა განაპირობებს ტარიფის ცვლილებას ცალკეულ შემთხვევებში და სადავო საკითხის გადაწყვეტისას რის საფუძველზე იქნა განფასებული პაციენტ პ.თ-ს სამედიცინო შემთხვევა 805.86 ლარის ოდენობით, იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ 2015 წელს უფრო მაღალი ტარიფით დაფინანსებული შემთხვევების დამადასტურებელი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ.
მ) შპს ,,მ...ოს’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №... სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - თ.ს-ს 2018 წლის 17 მაისს მოათავსეს შპს ,,მ...ში’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: E64.9 - დაუზუსტებელი საკვები ნივთიერებების უკმარისობის შედეგები.
ჩატარებული მკურნალობა: ჩვენების მიხედვით უტარდებოდა სათანადო პერორალური და პარენტერალური რეჰიდრატაცია - იონოგრამის კორექციით, პრობიოტიკოთერაპია, სიმპტომოთერაპია.
ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით: ... - დაუზუსტებელი საკვები ნივთიერებების უკმარისობის შედეგები.
საქმეში წარმოდგენილია ...ა კავშირ ,,...ას’’ 2019 წლის 28 ნოემბრის №1888/11 დასკვნა (ტ.2. ს.ფ. 84), რომლის თანახმად, შპს ,,მ...ოს’’ დირექტორს პაციენტ თ.ს-თან დაკავშირებით, კითხვაზე: №... სამედიცინო ბარათთან მიმართებით - პაციენტის მდგომარეობა საჭიროებდა თუ არა და ჩაუტარდა თუ არა მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ეცნობა, რომ პაციენტის ასაკისა და მისი მალნუტრიციის დადგენილი ხარისხიდან გამომდინარე (შეფასდა, როგორც ჰიპოტროფია მესამე ხარისხის), აუცილებელი იყო მისი ჰოსპიტალიზაცია გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით. პაციენტთან ჩატარდა რეჰიდრატაცია, რეჰიდრატაციის შესაბამისად - ფიზიოლოგიური ხსნარი 300 მლ ოდენობით. აგრეთვე 5%-იანი გლუკოზის ხსნარი. ლაბორატორიულმა კვლევებმა გამოავლინა ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მატება, რამაც აუცილებელი გახადა დამატებითი კვლევების ჩატარება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პაციენტს ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩვენების მიხედვით: დეჰიდრატაცია, მალნუტრიციით განპირობებული. მას გაეწია გადაუდებელი დახმარება რეჰიდრატაციის სახით და იმართა შესაბამისად მისი ძირითადი და ასევე გამოვლენილი სიმპტომების მიხედვით.
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 თებერვლის 36-ე დადგენილების 1.2 დანართის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებიც ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას ან/და თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას. ეს პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ შორის, არიან პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია.
მოცემულ შემთხვევაში პაციენტის თ.ს-ს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას განაპირობებდა მძიმე მალნუტრიცია (საკვების არასაკმარისი რაოდენობით მიღება). მისი მდგომარეობა, სპეციალისტის დასკვნის თანახმად შეფასებული იქნა, როგორც მესამე ხარისხის ჰიპოტროფია. გარდა ამისა, სამედიცინო ბარათიდან ირკვევა, რომ პაციენტი, რომელიც დაბადებულია წონით 3100 გრამი კლინიკაში მიმართვის დროისთვის 6 თვის ასაკში იწონიდა 4569 გრამს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ არასაკმარისი წონა ბავშვებში, რაც მალნუტრიციის ერთ-ერთი ტრადიციული ინდიკატორია, ზოგჯერ, არასაკმარისი ძუძუთი კვების შემთხვევაში, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში მართალია, პაციენტი გარდა ბუნებრივი კვებისა, ასევე დღეში სამჯერ იღებდა ხელოვნურ ნარევს, თუმცა სხეულის მასის ამგვარი დეფიციტის განვითარება აუცილებლად ქმნიდა გადაუდებელი დახმარების გაწევის საჭიროებას. შესაბამისად, მისი დიაგნოზი - E64.9 - დაუზუსტებელი საკვები ნივთიერებების უკმარისობის შედეგები, სრულ შესაბამისობაში იყო მის ანამნეზთან, ხოლო მისთვის ჩატარებულმა მკურნალობამ (სათანადო პერორალური და პარენტერალური რეჰიდრატაცია - იონოგრამის კორექციით, პრობიოტიკოთერაპია, სიმპტომოთერაპია) უდავოდ განაპირობა მისი მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესება (დაიწყო წონაში მატება დღეში 70 გრამის ოდენობით).
აღნიშნულიდან გამომდინარე, პაციენტ თ.ს-თან მიმართებით არ არსებობდა მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობა, რომ მოცემული სამედიცინო შემთხვევა არ საჭიროებდა გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურეობას. შესაბამისად, არსებობდა აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისთვის თ.ს-სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სადავო აქტები დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი გარემოება ან მტკიცებულება გახდა სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, რაც ქმნის დავის გადასაწყვეტად სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს სს ,,ე...ის'' სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით მოსარჩელის მიერ გადახდილი 100 (ასი) ლარისა და სააპელაციო ინსტანციაში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება; სს „ე...ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დანარჩენ ნაწილში (გარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის სს „ე...ის“ სასარგებლოდ დაკისრებული 19,90 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟისა) ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა;
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟი 376,11 ლარის ოდენობით, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი იყო 348,47 ლარი. გათვალისწინებით იმ გარემოებისა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.02.2022წ. №03131 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 626,84 ლარის 70% - 438,79 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ქ. ცინცაძე