Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-95(კ-22) 9 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ.ლ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირები ტ.ბ-ე, ჯ.ყ-ი, დ.ლ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემით უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ.ლ-ემ 2019 წლის 4 მარტს სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე მესამე პირების ტ.ბ-ისა და ჯ.ყ-ის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 დეკემბრის №... გადაწყვეტილებისა და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის №00083 ოქმის ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, ხელვაჩაურში, სოფელ ...ში მდებარე გ.ლ-ის კომლის მფლობელობაში არსებულ 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება დ.ლ-ე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით გ.ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ლ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით გ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით კვლავ გაასაჩივრა გ.ლ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, მის კომლს სარგებლობაში გააჩნდა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი. აქედან რეგისტრირებული აქვს მხოლოდ 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო მის მიერ მოთხოვნილია დარჩენილი 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, რაზედაც უკანონოდ ეთქვა უარი. კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოიყენეს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი ერთადერთი დოკუმენტი არის საკომლო წიგნიდან ამონაწერი, საკომლო წიგნის ამონაწერით კი უდავოდ დასტურდება, რომ გ.ლ-ის საკარმიდამო ნაკვეთი შეადგენს 0,25 ჰას.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლოებმა დაადგინეს, რომ საარქივო ცნობა შპს „...ს“ მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის არაიდენტური იყო, რაც არასწორია, რადგან საარქივო ცნობაში არ არის მითითებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა, მოსაზღვრე ნაკვეთები, ამასთან, მას არ ერთვის მიწის ნაკვეთის ნახაზი. ამდენად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა არასწორად დააფიქსირეს უფლების დამდგენი დოკუმენტისა და აზომვითი ნახაზის არაიდენტურობა მაშინ, როცა მათ არ გააჩნდათ შესაბამისი დოკუმენტი ტერიტორიის შედარება-დადგენა-განსაზღვრისთვის. დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გ.ლ-ისთვის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმისა და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის კანონიერება, უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული და აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დაუდასტურებლობის საფუძვლით. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, სადავო აქტებით იზღუდება თუ არა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლზე, რომლის შესაბამისად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ.ლ-ემ მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა საარქივო ცნობაზე, რომელშიც მითითებულია, რომ ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის შ.ე-ის თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ...ს 2001-2006 წლების საკომლო წიგნის შესაბამისად, გ.ლ-ე ირიცხებოდა კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი შეადგენდა 0.25ჰა. კომლს ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი აგებული 1936 წელს. ვინაიდან მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდებოდა მასში გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულმა ოფისმა კანონიერად მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან №508113 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების მიზნით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის №05/9203 წერილით გადაგზავნილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00083 ოქმის თანახმად, წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა არ შეესაბამებოდა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს, ასევე, არ დგინდებოდა იდენტურობა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (№01-20/1470 წერილით) გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთთან. შესაბამისად, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება გ.ლ-ემ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით საჩივრის ავტორს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ მოახდინა წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვა-გამოკვლევა და სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლზე, რომელიც ადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს. მითითებული ნორმის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას.

რაც შეეხება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არარსებობას, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს ადგებოდეს პირდაპირი და უშუალო ზიანი. ამდენად, სარჩელის არსი არის ის, რომ გასაჩივრებული აქტები ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან უკანონოდ უნდა ზღუდავდეს მის უფლებას. შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეულ იქნა ამ მოტივით. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ აქტები, სამართლებრივი თვალსაზრისით, პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს გ.ლ-ეს, რადგან მიწის ნაკვეთი რომლის დარეგისტრირებასაც იგი ითხოვს საარქივო ცნობის საფუძველზე, უფლებრივად არ არის დაკავშირებული მასთან. კერძოდ, საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტით გ.ლ-ის კომლზე რიცხული 1000 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და შპს „... ის“ მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი 1000 კვ.მ. მიწის ფართზე, არ არის იდენტური. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობაზე უარი, მხარის მიერ ცალკე გასაჩივრებული არ არის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოსარჩელის, მოპასუხეთა და ასევე მესამე პირთა ახსნა-განმარტებების, მიწის ნაკვეთის საკადასტრო და სიტუაციური ნახაზების, მარეგისტრირებელ ორგანოში სადავო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების მხედველობაში მიღებით მართებულად მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებდა მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ასევე, არ დასტურდებოდა აღნიშნული აქტებით მისი უფლების შეზღუდვის ფაქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დაადგინა:

1. გ.ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინება;

3. ლ.ვ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ.ლ-ის საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 8 თებერვალს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე