Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-190(კ-22) 9 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ა.ჯ-ი, ლ.კ-ე, ბ.კ-ე, ნ.კ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ა.ჯ-მა, ლ..., ბ... და ნ.კ-ეებმა 2020 წლის 9 დეკემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2673/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, მინიჭებული ქულების მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ა.ჯ-ისა და ლ., ბ. და ნ.კ-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა.ჯ-ისა და ლ. ბ. და ნ.კ-ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ჯ-ისა და ლ., ბ. და ნ.კ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2673/ო ბრძანება და მოპასუხეს, მინიჭებული ქულების მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ წარდგენილი მასალები, რომელთა თანახმად, ა.ჯ-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქალაქ თბილისში და არა ქალაქ ქუთაისში, „...ს“ შენობაში. მონიტორინგის მასალებით ასევე არ დასტურდება მოსარჩელის ცხოვრების ფაქტი ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში, რაზეც თავად მოსარჩელე მიუთითებდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. პირიქით, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა ქალაქ თბილისში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისთვის სხვა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის არსებობას, ხოლო სამინისტრო კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფდა მხოლოდ იმ ოჯახებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ნგრევადი შენობა უქმნიდა საფრთხეს.

კასატორის განმარტებით, ა.ჯ-ს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2673/ო ბრძანებით უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, რადგან ნგრევად ობიექტში მისი ფაქტობრივად ცხოვრება განხორციელებული მონიტორინგების შედეგად არ დასტურდებოდა, ხოლო საკითხი მინიჭებული ქულების შესაბამისად, განიხილებოდა შემდეგ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, კასატორი არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულების ფაქტს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბენეფიციარებსაც აქვთ თმენის ვალდებულება, დაელოდონ თავიან რიგს და რიგითობით მიიღონ საცხოვრებელი ფართი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე მოცემულ ეტაპზე უარის თქმის კანონიერება, დევნილთა ორგანიზებული განსახლების ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების დაუდასტურებლობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. გამონაკლისის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 ოქმით უდავოდ დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე ობიექტი - შპს „ ი...“ (...) მიჩნეულ იქნა ნგრევად ობიექტიდ და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი განიხილა კრიტერიუმების გარეშე. აღნიშნულ შენობაში მცხოვრები პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოხდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო ა.ჯ-ს, მის მეუღლესა და შვილებს, მიუხედავად რეგისტრაციისა, უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე ამავე შენობაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. ასევე დადგენილია, რომ იმ დროისათვის ა.ჯ-ის ოჯახი ცხოვრობდა სხვის საკუთრებაში არსებულ ფართში.

საკასაციო სასამართლო მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის საკითხის შესწავლისას, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტით დგინდება, რომ როგორც ა.ჯ-ის, ასევე მისი ოჯახის წევრების: მეუღლის - ლ.კ-ის, შვილების - ბ. და ნ.კ-ეების დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს - ქალაქი ქუთაისი, ...ის ქუჩა №1 („ი...“). ამასთან, იგი სახელმწიფოს მიერ არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. ამდენად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, უზრუნველყოს მოსარჩელე ა.ჯ-ის ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით ქულათა მიუხედავად, დაუყოვნებლივ, რამდენადაც, ოჯახი დამისამართებულია ნგრევად, სიცოცხლისთვის საშიშ შენობაში და ოჯახს საკუთრებაში სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. ის გარემოება, რომ მოსარჩელე დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ნათესავის სახლში ცხოვრობს თბილისში, მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ვერ გახდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რამდენადაც დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის №ბს-156(კ-20) განჩინება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა.ჯ-ის ფაქტობრივ და ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე შენობა („ი...“). მითითებული შენობა კი არის ნგრევადი ობიექტი. ამასთან, მოსარჩელეს სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია. ამრიგად, იგი შესაბამისი კრიტერიუმების შეფასების გარეშე უნდა დაექვემდებაროს განსახლებას.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომელთა ნორმატიული შინაარსი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობისას, აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უპირველესი ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას, არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვნების - ბ. და ნ.კ-ეების ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული არც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას.

ამდენად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე