Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-331(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ ს...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ ს...მა“ 2019 წლის 4 თებერვალს, 4 მარტს და 12 აპრილს სარჩელებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს 2018 წლის 16 ივლისის №04/40840 ( ნ.შ-ის ნაწილში), 2018 წლის 7 ივლისის №04/39330, 2018 წლის 4 აგვისტოს №04/43856, 2018 წლის 10 აგვისტოს №04/44618 გადაწყვეტილებების, ასევე „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 დეკემბრის №04/70161 გადაწყვეტილების, „ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“ (უარის თქმის ნაწილში) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 თებერვლის №04/4610, 2019 წლის 12 მარტის №04/12635 და 2019 წლის 12 მარტის №04/12641 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის საოქმო განჩინებით № 3/796-19, №3/1607-19, №3/2700-19 და №3/2716-19 ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად. გაერთიანებულ ადმინისტრაციულ საქმეს მიენიჭა ნომერი №3/796-19.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ს...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „შპს „ ს...ის“ 2018 წლის 15 აგვისტოს №01/01-266 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 დეკემბრის №04/70161 გადაწყვეტილება, „შპს „ს...ის“ 2018 წლის 7 სექტემბრის №01/04-291 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“ (ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის №04/12641 გადაწყვეტილება, „შპს „ს...ის“ 2018 წლის 17 ივლისის №01/01-233 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“ (ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 01 თებერვლის №04/4610 გადაწყვეტილება და „შპს „ს...ის“ 2018 წლის 07 სექტემბრის №01/04-292 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“ (ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის №04/12635 გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ ( ნ.შ-ის ნაწილში) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 ივლისის №04/40840 გადაწყვეტილება; „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 10 აგვისტოს №04/44618 გადაწყვეტილება; „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 7 ივლისის №04/39330 გადაწყვეტილება და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 4 აგვისტოს №04/43856 გადაწყვეტილება; მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, არ არსებობს დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გადაწყვეტის საფუძველი, ვინაიდან გასაჩივრებული აქტები კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობები.

კასატორის მოსაზრებით, პაციენტებთან - ვ.ნ-თან, ჟ.ა-სთან, გ.გ-სთან და ი.ნ-თან დაკავშირებით, რომლებიც წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეებს, საანგარიშგებო დოკუმენტაციით პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარმოდგენილი დიაგნოზით და ხანგრძლივობით არ დადასტურდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემთხვევები უნდა ანაზღაურებულიყო საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რასაც არ დაეთანხმა მიმწოდებელი და შესაბამისად, სადავო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

რაც შეეხება პაციენტ ნ.შ-ის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილს,მასთან დაკავშირებითაც სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას 1 დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ დადასტურდა. შესაბამისად, ინსპექტირების ეტაპზე, დასახელებული დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ზემოაღნიშნულ სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

პაციენტებთან - გ.გ-სა და მ.თ-სთან დაკავშირებით, ასევე არ დადასტურდა საანგარიშგებო დოკუმენტაციით პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარმოდგენილი დიაგნოზით და ხანგრძლივობით. შესაბამისად, ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ შემთხვევის/მკურნალობის სრული ეპიზოდი ექვემდებარება ანაზღაურებას პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რასაც მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით, მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევებს ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

კასატორის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ თითოეულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნული №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, სრულად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეფასა ისინი. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე), საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარჩელის მიერ პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების, ნაკლოვანებების გამოვლენის გამო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) მიერ კლინიკისთვის ასანაზღაურებელ თანხაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთან, სადავო საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, სარჩელთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამავე ნორმით განსაზღვრულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).

განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნ.შ-ის, გ.გ-ის, მ.თ-ის, ვ.ნ-ის, ჟ.ა-ს, გ.გ-ს და ი.ნ-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარის თქმის კანონიერება. დადგენილია, რომ აღნიშნული პაციენტები წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი 1.1 და 1.3 პუნქტებით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობით მოსარგებლეებს.

აღსანიშნავია, რომ გ.გ-ისთვის, მ.თ-ისთვის, ჟ.ა-სთვის, გ.გ-სა და ი.ნ-ისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. ნ.შ-ისა და ვ.ნ-ისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად კი ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა ამავე დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე დანართის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ს...ს“ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე ეთქვა უარი, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ერთჯერადად. ადმინისტრაციული საჩივარი პაციენტ ნ.შ-ის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო სხვა პაციენტების შემთხვევაში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავოდ ქცეული შემთხვევების დაფინანსება მხოლოდ ინსპექტირების ეტაპზე შესრულებულად აღიარებული მომსახურების ნაწილში მოხდა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პაციენტები: გ.გ-ი, მ.თ-ე, ვ.ნ-ი, ჟ.ა-ი, გ.გ-ა და ი.ნ-ი შპს „ს...ში“ 2018 წლის თებერვლის თვეში მკურნალობდნენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტის ფარგლებში. სამედიცინო შემთხვევები მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია I დონის ინტენსიური მკურნალობის/ მოვლის დიაგნოზებით - I50.0 - გულის შეგუბებითი უკმარისობა, ხოლო ნ.შ-ე იმავე კლინიკაში მკურნალობას გადიოდა 2017 წლის დეკემბერში. მიმწოდებლის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევა წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით პროგრამული კოდით - 50.9 - რკინადეფიციტური ანემია, დაუზუსტებელი, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და დამატებითი მოკვლევის შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ შემთხვევების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების კომპონენტის პირობებს და არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე. ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციით პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარმოდგენილი დიაგნოზით და ხანგრძლივობით არ დასტურდებოდა. ამრიგად, შპს „ს...ს“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარი ეთქვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 ივლისის №04/40840 (ნ.შ-ის ნაწილში), 2018 წლის 7 ივლისის №04/39330, 2018 წლის 4 აგვისტოს №04/43856 და 2018 წლის 10 აგვისტოს №04/44618 გადაწყვეტილებებით, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრებით ერთჯერადად. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, თავის მხრივ, 2018 წლის 27 დეკემბრის №04/70161, 2019 წლის 1 თებერვლის №04/4610, 2019 წლის 12 მარტის №04/12635 და 2019 წლის 12 მარტის №04/12641 გადაწყვეტილებებით ადმინისტრაციული საჩივრები ერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა, დანარჩენ შემთხვევებში კი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. ადმინისტრაციულმა ორგანომ სამედიცინო დაწესებულების ანაზღაურება უზრუნველყო მხოლოდ ინსპექტირების ეტაპზე შესრულებულად აღიარებული მომსახურების ნაწილში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტები არ არის საკმარისად დასაბუთებული და მათში არ არის ნათლად განმარტებული უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. სადავო გადაწყვეტილებებში ზოგადად არის აღნიშნული, რომ შემთხვევების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების კომპონენტის პირობებს, თუმცა გაურკვეველია, რომელ მტკიცებულებას დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია ზემოაღნიშნული გარემოება. ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე, კერძოდ, სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №IV–100/ა და პაციენტის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაცია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, პაციენტები საჭიროებდნენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას, ფარმაკოლოგიურ და მინიმალურ აპარატულ მხარდაჭერას სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობის მოხსნიდან მდგომარეობის სტაბილიზაციამდე. ჩაუტარდათ რა მკურნალობა მითითებულ პერიოდში, გაწერისას მიეცათ რეკომენდაცია ექიმის მეთვალყურეობის თაობაზე, თუმცა იმ გარემოების დამადასტურებელი მოსაზრება/ახსნა-განმარტება ან მტკიცებულება, რომ სადავო შემთხვევებში არ დასტურდებოდა I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარმოდგენილი დიაგნოზით და შესაბამისი ხანგრძლივობით, სადავო აქტებში გადმოცემული არ არის. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ამ მიმართებით საქმის გარემოებების დადგენა და მათი შეფასება არ მომხდარა, შესაბამისად, მოცემულ სამედიცინო შემთხვევებზე ისე იმსჯელა განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ არ შეუფასებია და არ დაუსაბუთებია, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებს დაეფუძნა გადაწყვეტილების მიღებისას, რაც ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების დასტურად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააგენტომ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ ჯეროვანი სამართლებრივი შეფასება. სადავო აქტების გამოცემისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლით მიმდინარეობის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტების გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული კი წარმოადგენს გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც ადმინისტრაციული წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოს მიერ განხორციელება, ადმინისტრაციული წარმოების სრული ჩანაცვლება. ამდენად, სადავო აქტების კანონიერების შეფასებისას, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 2021 წლის 18 მაისს №12118 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარისა და 2021 წლის 7 ივნისს №14225 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 134.20 ლარის, სულ - 434.20 ლარის 70% - 303.94 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე