Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № ბს-664(კ-21) 28 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - თ.ძ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გორის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირები - ლ.ძ-ი, ჯ,ძ-ი, ი.ხ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 28 ივნისს თ.ძ-მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 ივნისის №04/11322 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - 1957 წლის 20 დეკემბრის №329 ბრძანების №37 გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის ოქმის ბათილად ცნობა, სსიპ თვითმმართველობის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში არსებული 350 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თ.ძ-ის, ( გ.ძ-ის პირველი რიგის მემკვიდრე) საკუთრებაში დაბრუნება, სსიპ თვითმმართველობის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში არსებული 350 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ამონაწერის (ს/კ ...) კორექტირება და აზომვითი (სიტუაციური) ნახაზის შედგენა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ.ძ-მა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით თ.ძ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ძ-მა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის მიერ წარდგენილი გადაწყვეტილებები ანალოგიურ საქმეებზე და მიუთითა, რომ სასამართლოს პრაქტიკა ეხებოდა 1930 წლის რეპრესირებულ პირთა ქონებას, რომლისთვისაც კომპენსაცია არ იყო გაცემული. კომპენსაცია არც გ.ძ-ს ჰქონდა მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ აღმასკომის გადაწყვეტილებაში მითითებული იყო ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, თუმცა მიწის ნაკვეთის გამოყოფის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობდა.

კასატორის მითითებით, 1994 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა მემკვიდრეობა მამის - გ.ძ-ის სამკვიდროზე. სამკვიდრო მოწმობით დადგინდა, რომ თ.ძ-ი არის მამკვიდრებლის - გ.ძ-ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი, რაზეც 2003 წლის 1 აგვისტოს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, სამკვიდრო გაიხსნა საცხოვრებელ სახლზე, მდებარე: ქ. გორი, ...ის ქ. N25. კასატორმა 2018 წლის 22 თებერვალს კვლავ მიმართა სანოტარო ბიუროს და როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მოითხოვა მამკვიდრებლის გ.ძ-ის კუთვნილი, როგორც ქონებრივი უფლების (სამკვიდრო აქტივი) ისევე მოვალეობის (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობის, რომელიც ჰქონდა სიკვდილის მომენტისთვის მისთვის გადაცემა. აღნიშნულ საკითხზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა 2018 წლის 22 თებერვალს. კასატორის განმარტებით, სამკვიდრო ქონების ნაწილის მიღება ნიშნავს მთელი სამკვიდროს მიღებას, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. ამდენად, მოსარჩელე თ.ძ-მა მისი მამკვიდრებლის ქონება მიიღო სრულად, მიუხედავად მისი მდებარეობისა.

კასატორი მოთხოვნას ამყარებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, მემკვიდრეობის უფლების გარანტია ავსებს საკუთრების გარანტიას და მასთან ერთად ქმნის კონსტიტუციით გათვალისწინებული კერძო საკუთრებითი წესრიგის საფუძველს. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება ერთად ქმნიან იმ საზოგადოებრივი წყობილების არსებით, ძირითად ელემენტებს, რომლებიც, თავის მხრივ, ადამიანის კერძო ავტონომიის პრინციპს ემყარება. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად კი, მემკვიდრეობის უფლება საკუთრების უფლების ტრადიციულ და ფუძემდებლურ ასპექტს შეადგენს და არა დამოუკიდებელ უფლებას. ამდენად, საკუთრების უფლების არსის ცნებაში მოიაზრება მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობებიც, რადგან მემკვიდრეობით სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს საკუთრების გადაცემა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ ანდერძით ან კანონით მემკვიდრეებისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული თ.ძ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ძ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 ივნისის №04/11322 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - 1957 წლის 20 დეკემბრის №329 ბრძანებისა და №37 გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის ოქმის ბათილად ცნობა; სსიპ თვითმმართველობის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში არსებული 350 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თ.ძ-ის, როგორც პირველი რიგის მემკვიდრის - საკუთრებაში დაბრუნება; სსიპ თვითმმართველობის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში არსებული 350 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ამონაწერის (ს/კ ...) კორექტირება და აზომვითი (სიტუაციური) ნახაზის შედგენა, რის საფუძველზეც განხორციელდება შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრის ამონაწერში.

მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ ინტერესს ასაბუთებდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი იყო მამის - გ.ძ-ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე და მას მემკვიდრეობით უნდა გადასცემოდა მამკვიდრებლის მთლიანი ქონება თავისი აქტივებით და პასივებით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შინაარსზე, რომელიც „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“. (Maurice v. France, No. 11810/03, 6.10.03; Plechanow v. Poland, No. 22279/04, 7.7.09).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 აპრილს თ.ძ-მა განცხადებით მიმართა გორის არქივს, რომლითაც მოითხოვა ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობის მომზადება და გაცემა. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გორის არქივის 2018 წლის 18 აპრილის №AA2018009187-04 ცნობის თანახმად, გორის არქივში დაცული გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1957 წლის გადაწყვეტილების საარქივო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ 1957 წელს გ.ძ-ის საცხოვრებელი სახლი, იმის გამო, რომ მოყოლილ იქნა რეკონსტრუქციის ზოლში, ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებით გ.ძ-ს გამოეყო 1957 წლის 20 დეკემბერს 350 კვ.მ. სასახლკარე მიწის ნაკვეთი ქ.გორში, ...ის ჩიხში, კვარტალი №.../ ბრძანება №329; ოქმი №37. 1957-1959 წლების საარქივო დოკუმენტებში სხვა ინფორმაცია გ.ძ-თან დაკავშირებით არ აღმოჩნდა.

საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 31 ოქტომბრის N27/141911 წერილით ირკვევა, რომ გორის არქივში დაცული გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1957 წლის სხდომის ოქმის საარქივო დოკუმენტით, 1957 წლის 20 დეკემბრის, ოქმი N37-ის, გადაწყვეტილება N329-ის საფუძველზე მოქ. გ.ძ-ს, იმის გამო, რომ მისი საცხოვრებელი სახლი მოყოლილია რეკონსტრუქციაში, საკვლევი ინსტიტუტ ,,...“ ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებით, გამოეყო 350 კვ.მ. სასახლკარე მიწის ნაკვეთი, მისამართით: ...ის ჩიხში კვ. N....

საკასაციო სასამართლოს მითითებით, 1923 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე და 70-ე მუხლების მიხედვით, მესაკუთრის ქონების რეკვიზიცია შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ წესით, რაც დადგენილია კერძო პირთა და საზოგადოებათა ქონების რეკვიზიციისა და კონფისკაციის დებულებით დადგენილი წესით, მათ შორის, კონფისკაცია შესაძლებელი იყო განხორციელებულიყო მხოლოდ სასჯელის სახით. ამასთან, რეკვიზიციის შემთხვევაში მესაკუთრეს უნდა ანაზღაურებოდა რეკვიზიცია ქმნილი ქონება ბაზრის იმ საშუალო ფასების მიხედვით, რაც იყო ქონების ჩამორთმევის დროს. უსასყიდლო ჩამორთმევის შესაძლებლობა არსებობდა იმ შემთხვევაში, თუ მოუვლელობის მიზეზით მოხდებოდა ქონების მუნიციპალიზაცია. აღნიშნული მუხლების დანართის თანახმად, რომლითაც განსაზღვრულია კერძო პირთა და საზოგადოებათა ქონების რეკვიზიციისა და კონფისკაციის წესი, განმარტებულია, რომ რეკვიზიციად მიიჩნევა სახელმწიფოს მიერ სახელმწიფოებრივი საჭიროებისთვის, იძულებით და საზღაურით ისეთი ქონების ჩამორთმევა, რაც კერძო პირის ხელშია. ამასთან, ქონების რეკვიზიცია ნება დართული იყო მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და მარტოოდენ საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით, რასაც ასრულებდა ის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტი, რომელის ტერიტორიაზეც სარეკვიზიციო ქონება მდებარეობდა.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ გ.ძ-ისთვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას ადგილი ჰქონდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, რის გამოც, სანაცვლოდ, გამოეყო 350 კვ.მ სასახლკარე მიწის ნაკვეთი, მდებარე: ...ის ჩიხში კვ. N..., შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დავის საგანს არ წარმოადგენს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, რადგან ქონებაზე საკუთრების უფლება მოსარჩელის მამკვიდრებლისთვის რეპრესიის შედეგად ან მოუვლელობის საფუძველზე

უსასყიდლოდ არ ჩამოურთმევიათ, თუმცა ის გარემოება თუ რამდენად მიიღო მოსარჩელემ რაიმე სახის კომპენსაცია ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ ან რამდენად აღსრულდა სადავო აქტი იმ ნაწილში, რომლითაც მამკვიდრებელს გადაეცა 350 კვ.მ. სასახლკარე მიწის ნაკვეთი, აღნიშნულზე სასამართლო ამ დავის ფარგლებში ვერ იმსჯელებს.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, მემკვიდრეზე უფლებები გადადის ისეთივე ფორმით და მოცულობით, როგორც ეს ჰქონდა მამკვიდრებელს, სიკვდილის მომენტისთვის. სამკვიდროს ქონებაში შედის ის ქონება, რომელიც მამკვიდრებელს ჰქონდა სიკვდილის მომენტისთვის. შესაბამისად, იმ ქონებასა და იმ უფლებებზე, რომელიც მამკვიდრებელს არ ჰქონია, მემკვიდრეს მოთხოვნის უფლება ვერ ექნება.

საკასაციო სასამართლო დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მამას - გ.ძ-ს 1957 წლის შემდგომ, როდესაც მოხდა მისთვის ქონების ჩამორთმევა, საკუთრების დაბრუნება არ მოუთხოვია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო აქტის ადრესატს, გ.ძ-ს სადავოდ არ გაუხდია მისთვის საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ერთი ქონების ჩამორთმევის სანაცვლოდ სხვა ქონების გადაცემა, პირველი რიგის მემკვიდრე - თ.ძ-ი მოკლებული იყო აღნიშნულ საკითხზე დავის შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, თ.ძ-ს საკასაციო საჩივარზე 30.06.2021 წ. N... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 317 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ.ძ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი -210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ძ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინება.

3. თ.ძ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.06.2021წ. N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა დაარ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე