საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-815(კს-21) 28 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ო.თ-ი
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისისა და 2021 წლის 5 აგვისტოს განჩინებები
დავის საგანი - საქმის წარმოების შეწყვეტა; განცხადების განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2011 წლის 26 ივლისს ო.თ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის, რ.თ-სა და გ.მ-ის მიმართ. მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, რ.თ-ს სახელზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერისა და 2011 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, უძრავი ქონების 1/3 წილისა და მისი მიმდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაცია მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით ო.თ-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო.თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო.თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ო.თ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინებით ო.თ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო.თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რ.თ-ს სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 2 ნოემბერს განხორციელებული ჩანაწერი (№...) 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 90.40 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ო.თ-ს უარი ეთქვა სადავო საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის მის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ო.თ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ.თ-ს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ო.თ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ.თ-ს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, 2013 წლის 25 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის - ო.თ-ის სასარგებლოდ.
2017 წლის 15 მაისს ო.თ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ო.თ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმის მასალებიდან არ იკვეთებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში დუბლიკატის ან გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის გარემოებათა არსებობა, ო.თ-ის განცხადება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო.თ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით ო.თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინება.
ო.თ-მა 2019 წლის 4 სექტემბერს განცხადებით კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ო.თ-ის 2019 წლის 4 სექტემბრის განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება; მხარეს განემარტა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვებოდა. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო.თ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის განჩინებით ო.თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება.
2020 წლის 8 ივლისს ო.თ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და კვლავ ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინებით ო.თ-ის განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება. მხარეს განემარტა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვებოდა. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო.თ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინებით ო.თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინება.
სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით გორის რაიონულ სასამართლოს ო.თ-მა 2020 წლის 8 ივლისს, 2021 წლის 13 აპრილსა და 2021 წლის 1 ივნისს მიმართა. აღნიშნული განცხადებები განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით ო.თ-ის 2020 წლის 8 ივლისის, 2021 წლის 13 აპრილისა და 2021 წლის 1 ივნისის განცხადებებზე შეწყდა საქმის წარმოება. სააპელაციო პალატამ მხარეს განუმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით იმსჯელა სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მხარეს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით მიუთითა, რომ ო.თ-ის ინტერესს კვლავ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულება წარმოადგენდა და იგი ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის განსხვავებულ საფუძველზე არ მიუთითებდა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ განცხადებებზე უნდა შეწყვეტილიყო საქმის წარმოება.
სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით 2021 წლის 3 აგვისტოს ო.თ-მა კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ო.თ-ის 2021 წლის 3 აგვისტოს განცხადება დარჩა განუხილველი. მითითებულ განჩინებაში პალატამ განმარტა, რომ ო.თ-ის მიერ 2021 წლის 3 აგვისტოს წარდგენილი განცხადების იდენტური შინაარსის მოთხოვნაზე სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 28 ივნისის განჩინებაში უკვე იმსჯელა და შეწყვიტა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისისა და 5 აგვისტოს განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო.თ-მა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მისთვის გაურკვეველია სააღსრულებო ფურცლის განმეორებით გაცემაზე სასამართლოს უარის მოტივი. საჩივრის ავტორი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 2013 წლის 25 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელს გამოუსადეგარს უწოდებს და მიუთითებს, რომ ახალი სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით, მისი ოჯახი შეძლებს სადავო სახლის 1/3 ნაწილში შესახლებას. ო.თ-ის განმარტებით, მიუხედავად მამისეული სახლის 1/3 ნაწილზე მემკვიდრეობის აღდგენისა, ვერ ახერხებს მითითებული ქონებით სარგებლობას, რის გამოც ითხოვს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებასა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ო.თ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო.თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ო.თ-მა 2017 წლის 15 მაისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების მიზნით იმგვარი ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა, რომლის მეშვეობითაც ო.თ-ის ოჯახი შეძლებდა სადავო სახლის 1/3 ნაწილში შესახლებას. აღნიშნული განცხადება უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, რომელიც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმავე შინაარსის განცხადებით ო.თ-მა არაერთგზის მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით ო.თ-ის განცხადებებზე შეწყდა საქმის წარმოება, ხოლო ამავე სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ო.თ-ის 2021 წლის 3 აგვისტოს განცხადება დარჩა განუხილველი. წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სწორედ გასაჩივრებული განჩინებების - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისისა და 5 აგვისტოს განჩინებების კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ხოლო ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველის ნაწილის „ე“ პუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ იმავე ან სხვა სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით სასამართლომ იმსჯელა ო.თ-ის სასარგებლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების მიზნით ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 23-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში დუბლიკატის ან გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძვლები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2020 წლის 8 ივლისის, 2021 წლის 13 აპრილისა და 2021 წლის 1 ივნისის განცხადებებით ო.თ-მა კვლავ მიმართა სააპელაციო პალატას მისთვის სასურველი შინაარსის ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ განმცხადებელი არ უთითებდა ახალი საააღსრულებო ფურცლის გაცემის განსხვავებულ საფუძველზე. მის ინტერესს კვლავ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ისეთი ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა წარმოადგენდა, რომლის მეშვეობითაც ო.თ-ის ოჯახი შეძლებდა სადავო სახლის 1/3 ნაწილზე საკუთრების უფლების მოპოვებას.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ ო.თ-ის განცხადება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის სადავო განჩინებით მართებულად შეწყდა საქმეზე წარმოება. ხოლო ამავე სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის საფუძველზე, ასევე მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად ო.თ-ის 2021 წლის 3 აგვისტოს განცხადება.
საკასაციო პალატა მხარის ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ კერძო საჩივრის ავტორი არც ამჯერად უთითებს ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის რაიმე განსხვავებულ საფუძველზე. ამასთან, იგი საჩივარში ვერ ასაბუთებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისისა და 5 აგვისტოს განჩინებებით საქმის წარმოების შეწყვეტისა და ო.თ-ის 2021 წლის 3 აგვისტოს განცხადების განუხილველად დატოვების უმართებულობას.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რის გამოც ო.თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის, ისე 2021 წლის 5 აგვისტოს განჩინებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 275-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ო.თ-ის კკერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისისა და 2021 წლის 5 აგვისტოს განჩინებები.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე