Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-973(2კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

კასატორები (მესამე პირები) - გ.გ-ე, ნ.ხ-ი, გუ.გ-ე, ა.გ-ე (საკასაციო საჩივარი 24.11.2021წ. განჩინებით დარჩა განუხილველად)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ამ.გ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ამ.გ-ემ 2018 წლის 1 მარტს სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ზ.გ-სთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში ამავე კომისიის 2012 წლის 24 აგვისტოს №13 ოქმის, მის საფუძველზე 2012 წლის 10 სექტემბერს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 9 იანვრის №14 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ამ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 24 აგვისტოს №13 საოქმო გადაწყვეტილება და მის საფუძველზე 2012 წლის 10 სექტემბერს ზ.გ-სთვის გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობა სახლებთან ასასვლელი გზის, ამ.გ-ის ავტოფარეხთან შესასვლელისა და ეზოს საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ამ.გ-ემ და მესამე პირებმა - გ.გ-ემ, ნ.ხ-მა, გუ.გ-ემ და ა.გ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ამ.გ-ისა და მესამე პირების - გ.გ-ის, ნ.ხ-ის, გუ.გ-ისა და ა.გ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ამ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 24 აგვისტოს №13 საოქმო გადაწყვეტილება ზ.გ-სთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში, მის საფუძველზე 2012 წლის 10 სექტემბერს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობა და ამავე კომისიის 2018 წლის 9 იანვრის №14 განკარგულება; მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, ზ.გ-ს განცხადებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, ასევე მესამე პირებმა - გ.გ-ემ, ნ.ხ-მა, გუ.გ-ემ და ა.გ-ემ.

კასატორის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მითითებით, სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. კასატორის მოსაზრებით, 2600 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან, ამ.გ-ის განმარტებით, ზ.გ-ს სახელზე საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა 1990 კვ.მ. მიწის ფართზე. ამდენად, დარჩენილი მიწის ნაკვეთი აღემატებოდა კიდეც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ 1/3-ს, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება ამ.გ-ის სახელზე.

გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს საკუთრების უფლების აღიარების გამო ადმინისტრაციული წარმოების იმ ფარგლებში ჩატარებას, რომ გამოერკვია ერთი კომლის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თუ არა სხვა კომლის მიერ მემკვიდრეობით მისაღებ ქონებას. ამრიგად, დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არავითარი წინაპირობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მესამე პირების - გ.გ-ის, ნ.ხ-ის, გუ.გ-ისა და ა.გ-ის საკასაციო საჩივარი, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სააპელაციო პალატის მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, შესაფასებელია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1990 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და 332.12 კვ.მ. საცხოვრებელ სახლზე ზ.გ-ს, როგორც ამ ნაკვეთის თვითნებურად დამკავებელი პირის, საკუთრების უფლების აღიარების კანონშესაბამისობა, ასევე შესაფასებელია ზ.გ-ს საკუთრების უფლების აღიარებით, რამდენად შეილახა მოსარჩელე ამ.გ-ის კანონიერი უფლება და ინტერესი, ვინაიდან ამ.გ-ე, როგორც ზ.კ-ს პირველი რიგის მემკვიდრე, წარმოადგენს 1/3 წილის მესაკუთრეს და მას გასაჩივრებული აქტებით წაერთვა საკუთრების უფლება. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა. ამასთან, გარდა იმისა, რომ დასახელებული კანონი განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარებისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს, კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ამომწურავადაა ჩამოთვლილი ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებიც მათი დანიშნულების, მდებარეობისა თუ სტატუსის გათვალისწინებით, არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. იმავე ნორმის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება პრივატიზებას. ამდენად, კომისია, რომელიც წყვეტს საკითხს საკუთრების უფლების აღიარების წესით ფიზიკური პირისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ განცხადება შეეხება სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, მოპასუხე კომისია ვალდებული იყო ზ.გ-ს განცხადების დადებითად გადაწყვეტამდე გამოერკვია განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მის მომიჯნავედ მდებარე სხვა რომელიმე კერძო პირის საკუთრებას (მართლზომიერ მფლობელობას) ხომ არ წარმოადგენდა ან და მასზე, როგორც ფაქტობრივად სარგებლობაში არსებულზე, ხომ არ შეიძლებოდა სხვა კერძო პირს, როგორც თვითნებურ დამკავებელს ჰქონოდა კანონიერი ინტერესი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ.გ-ეს 2012 წლის 10 სექტემბერს №... საკუთრების უფლების მოწმობით საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1990 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 332,12 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, როგორც მის მიერ თვითნებურად დაკავებული. 2012 წლის 10 სექტემბერს კი, იმავე საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ზ.გ-ს სახელზე (ს/კ ...). აღნიშნული ქონება 2014 წლის 12 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დაირეგისტრირა ნ.ხ-მა, ხოლო შემდგომ, 2017 წლის 29 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქონება თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ასევე მისი შვილების - გ., გი. და ა.გ-ეების სახელზე.

ასევე დადგენილია, რომ ამ.გ-ემ 2017 წლის 15 მაისს განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ამავე კომისიის მიერ 2012 წლის 10 სექტემბერს გაცემულ №... საკუთრების მოწმობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება მოითხოვა, რადგან ამ.გ-ის მოსაზრებით, აღნიშნული მოწმობით აღიარებულია მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომლითაც სარგებლობს ნ.ხ-ი. 2017 წლის 17 ნოემბრის განცხადებით კი, მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად, კომისიამ მოიწვია მხარეები, მოისმინა მათი განმარტებები და 2018 წლის 9 იანვარს მიიღო №14 განკარგულება, რომლითაც უარი ეთქვა ამ.გ.გ-ეს 2017 წლის 17 ნოემბრის განცხადებით მოთხოვნილი №... საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმებაზე.

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 25 აპრილის №05/3456 წერილით დადგენილია, რომ ნ.ხ-ი, გ., ა. და გ.გ-ეები ნამდვილად ცხოვრობენ სოფელ ...ში აწ. გარდაცვლილი ზ.გ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და ფლობენ 1990 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2011 წლის 2 მარტის №25-გ საარქივო ცნობის განმარტებითი ბარათის თანახმად, ზ.კ-ა წარმოადგენს კომლის უფროსს, რომელშიც ირიცხება 2 (ორი) წევრი. კომლს 1986-2006 წლებში პირად სარგებლობაში ერიცხება 0.26 ჰა მიწა და საცხოვრებელი სახლი აგებული 1970 წელს. საქმეში არსებული საკომლო წიგნის ასლებით ირკვევა, რომ ზ.კ-ს კომლში 1986 წლის მდგომარეობით ჩაწერილი იყო როგორც კ.ა-ზ (უფროსი, დოკუმენტშია ასეა), ისე გ.გ-ე - ქმარი, რომელიც გადახაზულია და მიწერილია გარდაიცვალა 04.10.2000 წ., ზ.გ-ე - შვილი (გაიყო 34-22; 1986 XI), რომელიც ასევე გადახაზულია, ასევე გადახაზულები არიანი შვილიშვილები - გ.გ-ე, გუ.გ-ე და ა.გ-ე. ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ 2004 წლის 7 სექტემბრიდან ზ.კ-ს კომლში ჩაიწერა მ.გ-ე - შვილიშვილი; კომლს აწერია 1970 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი (ქვის), 1975 წელს აგებული ბოსელი. კომლს 1986-1990 წლებში აწერია 0.26 ჰა მიწის ნაკვეთი და 02 შენობა. დადგენილია, რომ ზ.გ-ე გარდაიცვალა 2009 წლის 20 აპრილს.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად ვალდებულებას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელვაჩაურის...ში მდებარე 1მუნიციპალიტეტის სოფელ 990 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და 332.117 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ზ.გ-ს საკუთრებად გამოცხადებამდე არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არაერთი გარემოება, კერძოდ, არ დაადგინა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა და საზღვრები, არ გამოკითხა მოსაზღვრე ან/და სადავო ტერიტორიის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, ასევე აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენელი. უფრო მეტიც, არ გამოიკვლია ის გარემოება, ზ.გ-ს საკუთრებად აღიარებული მიწის ნაკვეთი ხომ არ წარმოადგენდა ზ.კ-ს და მ.გ-ის კომლის ქონებას, რაც, შესაძლოა, მართლზომიერი მფლობელობის საფუძველს ქმნიდა. კომისია ასევე ვალდებული იყო, ზ.გ-ს განცხადების დადებითად გადაწყვეტამდე, გამოერკვია განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მის მომიჯნავედ მდებარე სხვა რომელიმე კერძო პირის საკუთრებას (მართლზომიერ მფლობელობას) ხომ არ წარმოადგენდა, ან/და მასზე, როგორც ფაქტობრივად სარგებლობაში არსებულზე, ხომ არ შეიძლებოდა სხვა კერძო პირს, როგორც თვითნებურ დამკავებელს, ჰქონოდა კანონიერი ინტერესი. კომისიას მხედველობაში უნდა მიეღო კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვითაც დაინტერესებულ პირად განიხილება ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება. ამრიგად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მოხსენიებული სამართლებრივი ნორმების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ.გ-ის განცხადება კომისიას არ განუხილავს კანონით დადგენილი წესით - არ გამოუკვლევია ყველა ის გარემოება, რაც საქმისათვის მნიშვნელოვანი იყო და არ მისცა მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება, რისი ვალდებულებაც ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების საფუძველზე აკისრია.

შესაბამისად, სახეზეა სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების - ზ.გ-ს ნაწილში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები. პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მის მიერ გამოცემული აქტების კანონიერების მტკიცება შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებითა და დასაბუთებული არგუმენტაციით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეზე გ.გ-ის, ნ.ხ-ის, გუ.გ-ისა და ა.გ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოდ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით დარჩა განუხილველი, ხოლო ნ.ხ-ს საკასაციო საჩივარზე №... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 23 ივლისს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 447-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დაადგინა:

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება;

3. ნ.ხ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 23 ივლისს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე