Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1126(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.ძ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ.ძ-ემ 2020 წლის 23 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე ამავე სააგენტოს 2020 წლის 18 სექტემბრის №03-1855/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 სექტემბრის №03-1855/ო ბრძანება და ამავე სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, მოსარჩელემ შვილთან - ნ.ა-სა და შვილიშვილთან - ლ.ე-სთან ერთად 2020 წლის 14 თებერვალს შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. განაცხადის დამუშავების შედეგად ოჯახმა წინასწარი შეფასებით მოიპოვა 5.00 ქულა, კერძოდ, საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებეს - 2 ქულა; დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს - 3 ქულა.

კასატორის მითითებით, მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე (იმერეთი, ..., ...ი „...“, მე-5 სართ., ოთახი №..., 18 კვ.მ.) სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს ვიზიტი. მხარე მისამართზე არ იმყოფებოდა. ტელეფონზე დაკავშირება ვერ მოხერხდა. ნ.ძ-ე მონიტორინგის მისამართზე გამოცხადდა მხოლოდ მეზობლების სატელეფონო ზარის შემდეგ. იმავე დღეს, 2020 წლის 10 ივლისს შეივსო მონიტორინგის ფორმა. განმცხადებლის შვილი - ნ.ა-ა იმყოფებოდა სამსახურში. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ ფართში ცხოვრობს 2015 წლიდან ქირის გარეშე. 2010-2015 წლებში კი ცხოვრობდა ... „ ...ში“. ნ.ძ-ის სახელზე გაფორმებული იყო 4 ოთახიანი ბინა ქალაქ ...ში, ...ის ქ. №3, ბინა №4-ში, რომელიც 2014 წელს გაასხვისა ნ.ი-ზე. მხარის განმარტებით, ეს ბინა რეალურად ეკუთვნოდა ნატალიას დედას - ნ.პ-ას, რომელმაც მან აღნიშნული საცხოვრებელი ფართი იყიდა თავისი სახსრებით და გააფორმა შვილზე ნ.ძ-ეზე. განმცხადებლის განმარტებით, ბინა გაიყიდა 2004 წლამდე, მაგრამ ნ.ი-ს ბინა გადაუფორმა მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, 2014 წელს. ამჟამად, ამ ბინაში ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობს მისი ვაჟი - ი.ა-ა. დამატებითი მოკვლევის მიზნით, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა 2020 წლის 28 ივლისს განახორციელეს ვიზიტი ქალაქ ..., ...ის ქ. №3, ბინა №4-ში. სააგენტოს თანამშრომლებს ვიზიტისას მისამართზე დახვდათ განმცხადებლის შვილი - ი.ა-ა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად 3-4 წელია. ბინის მეპატრონეს უხდიან ქირას - 100 ლარს. მისი განმარტებით ბინის გაყიდვის ზუსტი მიზეზი უცნობია.

კასატორი მიიჩნევს, რომ მონიტორინგის მასალებით მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგენს იმ ტიპის მტკიცებულებას, რაც საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მივიჩნიოთ ნ.ძ-ის მიერ არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება საცხოვრებელთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მოსარჩელის დევნილ ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს ქმედება კანონიერია და არ არსებობს მის მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნ.ძ-ის დევნილი ოჯახისთვის, მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების საფუძვლით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ.ძ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრირებული ჰყავს შვილი - ნ.ა-ა და შვილიშვილი ლ.ე-ე. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეაფასა დევნილი ოჯახის მდგომარეობა და მიანიჭა მას 5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმ ალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს (აღნიშნული ინტერესი ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული მუნიციპალიტეტის (თუ ისინი არიან მესაკუთრეები) ან სხვა საჯარო უწყების მიერ, რომელიც ფლობს აღნიშნულ შენობას) - 3 ქულა. ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელე ნ.ძ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი. სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ.ძ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია საცხოვრებელთან დაკავშირებით იყო არსებითად მცდარი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ოროთახიანი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1 და მეტი ქულა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) შესაბამისი ნორმების დარღვევაზე. ამასთან, აღნიშნავს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რიგითობას განსაზღვრავს დევნილი ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.

საკასაციო პალატა სადავო აქტის გამოცემის საფუძველზე ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ, აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საცხოვრებელზე იყო არსებითად მცდარი, რადგან, მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელის მიერ განცხადების შევსების დროისთვის მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი არ დადასტურდა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ ფაქტს გამორიცხავს ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ უარყოფს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის არაერთხელ შეცვლას, რადგან უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესი, დევნილი ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს სწორედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა დროს, რა მისამართზე იმყოფება იძულებით გადაადგილებული პირი, შესაბამისად, სხვადასხვა მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების გამოვლენა, არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, რადგან იგი დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მოცემული ნორმატიული აქტის მიხედვით, სხვის საცხოვრებელ ბინაში ქირით ან ქირის გარეშე ცხოვრება 1.5 ქულით ფასდება, თუმცა მოსარჩელეს აღნიშნულ კრიტერიუმში ქულა საერთოდ არა აქვს მინიჭებული. ამდენად, მოსარჩელე ნ.ძ-ე განცხადების წარდგენის შემდეგ რომელ მისამართზე ცხოვრობდა ქირით, თუ ქირის გარეშე, არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ ჩატარებულ სხდომებზე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს დღემდე არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, საკუთარი უძრავი ქონების არქონის გამო. მისივე განმარტებით, ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1 და მეტი ქულა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასახელებული გარემოებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, განმცხადებლის მიერ მცდარი ინფორმაციის წარდგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, როდესაც იგი არსებითი ხასიათისაა, ხოლო არსებითი ხასიათი გულისხმობს მის გავლენას მინიჭებული ქულების ოდენობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამრიგად, ნ.ძ-ეს უკანონოდ ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს ქმნის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე