Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1154(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.პ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ი.პ-ამ 2018 წლის 23 ივლისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და „ი.პ-ასთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე კომისიის 2018 წლის 25 ივნისის №215 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის ქალაქ წყალტუბოში, ...ის ქუჩის №7-ში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ი.პ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ი.პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ წყალტუბოში, ...ის ქუჩის №7-ში ი.პ-ას მიერ თვითნებურად დაკავებულ 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიღებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 25 ივნისის №215 განკარგულება; მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი.პ-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი.პ-ას დაზუსტებული მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ წყალტუბოში, ...ის ქუჩის №7-ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1000.00 მ2 მიწის ფართობზე ი.პ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 22 ივნისის №17 სხდომის ოქმი; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ძირითად საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე - ი.პ-ამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და „კომისიის“ 2018 წლის 25 ივნისის №215 განკარგულებასთან ერთად 2018 წლის 22 ივნისის №17 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობაც მოითხოვა, ხოლო კომისიისათვის შესაბამისი გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების ნაწილში, მოთხოვნა დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებში განიხილა, პალატა უფლებამოსილი იყო მიეღო მოსარჩელის დაზუსტებული სარჩელი და კომისიის განკარგულებასთან ერთად, საოქმო გადაწყვეტილების კანონიერებაც შეემოწმებინა, რამდენადაც განკარგულებაში კომისიის წევრთა კენჭისყრის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება იყო ასახული, რაც ერთობლიობაში წარმოადგენდა კომისიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამასთან, აღნიშნა, რომ ცალკე საოქმო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლო დავის დაწყება, სწრაფი და ეკონომიური მართლმსაჯულების პრინციპს ეწინააღმდეგებოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად, შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა. კომისიამ მიიჩნია, რომ იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია, დაადასტუროს, რომ, მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ მფლობელობას. ი.პ-ას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად კი, დადგინდა, რომ ი.პ-ას მიერ თვითნებურად დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებიდან ორი შენობა არ წარმოადგენს სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილ კონსტრუქციულ სისტემას, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული. რაც შეეხება ერთ შენობას, რომელიც გრუნტთან მყარადაა დამაგრებული, წარმოადგენს 1.4 კვ.მ. ფართობის დამხმარე ნაგებობას, რომლის დანიშნულება გაურკვეველია. ამასთან, ი.პ-ას მხრიდან არ დასტურდება მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი მთლიანად არ არის ათვისებული, რამაც კომისიას შეუქმნა საკმარისი საფუძველი, უარი ეთქვა ფიზიკური პირისთვის მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე ყურადღების მიღმა დატოვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 ნოემბრის №313906 ბრძანება, რომლის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაწყებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება. შესაბამისად, წყალტუბოს ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებამდე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ამა თუ იმ ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარების პირობები, სხვადასხვა არეალებში ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები და განვითარების პირობები, ინდივიდუალური ნაკვეთების განაშენიანებაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ უკვე ჩამოყალიბებულ, განაშენიანებულ არეალებში, ამ უკანასკნელის მასშტაბის შენარჩუნებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოცემული საქმის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით გადაწყვეტას, რადგან არ არსებობს ისეთი მტკიცებულება და გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის ხელახლა განხილვისას დამატებითი გამოკვლევის საგანი გახდება. შესაბამისად, კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ი.პ-ასთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი მთლიანად არ იყო ათვისებული. სადავო აქტებში ასევე აღინიშნა, რომ ი.პ-ას მიერ თვითნებურად დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებიდან ორი შენობა არ წარმოადგენდა სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობისგან შექმნილ კონსტრუქციულ სისტემას, რომელიც გრუნტთან უძრავად იყო დაკავშირებული, ერთი შენობა კი, რომელიც გრუნტთან მყარად იყო დამაგრებული, წარმოადგენდა გაურკვეველი დანიშნულების 1,4 კვ.მ. ფართობის მქონე დამხმარე ნაგებობას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოხდა თუ არა ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობების დანიშნულების სათანადოდ გამოკვლევა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა, ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამრიგად, მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია კანონის ძალაში შესვლამდე (2007წ.) ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადგენაზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნა ემყარება შენობის არსებობის ფაქტს, ასევე აუცილებელია დადგინდეს ამ შენობა - ნაგებობის მდგომარეობა და მისი დანიშნულება, რამდენადაც, საკუთრების უფლების აღიარებისთვის მითითებულ მახასიათებლებს არსებითი დატვირთვა გააჩნია. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი ტიპის შენობა, ზემოაღნიშნული ნორმა შესაძლებლად მიიჩნევს საკუთრების უფლების აღიარებას, მიუხედავად იმისა, შენობა დანგრეულია თუ აშენებული, ხოლო არასაცხოვრებელი ტიპის შენობის არსებობისას - კანონმდებელი იმპერატიულად ადგენს, რომ არასაცხოვრებელი შენობა აღიარების მომენტისათვის უნდა იყოს აშენებულ მდგომარეობაში.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, შენობა ეს არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა; კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

ზემოაღნიშნული მატერიალური საფუძვლის რეალიზების პროცესუალური მოწესრიგება გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი კომისიას ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოებისას უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, ევალება, გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს და შესაბამის გადაწყვეტილებაში მიუთითოს რა გარემოებებზე დაყრდნობით მივიდა კონკრეტულ დასკვნამდე.

განსახილველ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე კომისიის 2018 წლის 25 ივნისის №215 განკარგულებით ი.პ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებიდან ორი შენობა არ წარმოადგენდა სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობისგან შექმნილ კონსტრუქციულ სისტემას, რომელიც გრუნტთან უძრავად იყო დაკავშირებული, ერთი შენობა კი, რომელიც გრუნტთან მყარად იყო დამაგრებული, წარმოადგენდა გაურკვეველი დანიშნულების 1,4 კვ.მ. ფართობის მქონე დამხმარე ნაგებობას, ასევე არ დასტურდებოდა განმცხადებლის მიერ აღნიშნული ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე, ვინაიდან ათვისებული არ იყო მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი.

საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი (წყალტუბოში, ...ის ქუჩის №7-ში მდებარე 1000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) სახელმწიფოს საკუთრებაში ირიცხება, მასზე არ გადის შპს „...ის“, „...ის“ ...ის, სს „...ას“ და სს „ს...ის“ კომუნიკაციები. საქმეზე წარმოდგენილია ლ.გ-ის და ე.ო-ას ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებები, რომლებიდანაც ირკვევა, რომ ი.პ-ა 2007 წლამდე ფლობდა და დღემდე თვითნებურად ფლობს წყალტუბოში, ...ის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელზეც აშენებული აქვს შენობა-ნაგებობები, დამხმარე სათავსო 6.3 კვ.მ., დამხმარე სათავსო 1.4 კვ.მ. და დამხმარე სათასო 3.1 კვ.მ. აღნიშნული უძრავი ქონებით მოსარჩელე სარგებლობს დღემდე. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან, მითითებული ნორმის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სასამართლოს შეუძლია იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული წარმოება ტარდება სათანადო წესით, თუმცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოუკვლევლად, არასრულფასოვნად.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული სხდომის ოქმი და განკარგულება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, მათ შორის, მსჯელობას შენობების სტატუსის შესახებ, რომლის დადგენაც სპეციალურ (ექსპერტის) ცოდნას საჭიროებს. აღნიშნული გარემოების დადასტურების აუცილებლობა კი გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მოსარჩელე სწორედ არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობების არსებობაზე ამყარებს თავის მოთხოვნას. პალატის მოსაზრებით, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ სადავო აქტები შემოიფარგლება მხოლოდ უარის თქმის ფორმალურ საფუძველზე მითითებით, ისე, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. სადავო აქტებში არ არის გამოკვეთილი, რა ფაქტობრივ საფუძვლებს ეყრდნობა კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში და არ დგინდება, მომხდარია თუ არა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის, მოწმეთა ახსნა-განმარტებების შესწავლა-გამოკვლევა. შესაბამისად, რადგან საკითხი დამატებით, დეტალურ შესწავლასა და შეფასებას საჭიროებს, სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სასამართლოს შეუძლია, თუ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, არასრულფასოვნად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე