საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1215(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქ.დ-ი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ქ.დ-მა 2019 წლის 20 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 თებერვლის №..., სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 28 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე ზუგდიდის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილების მიერ ქ.დ-ის სახელზე 1962 წლის 31 ოქტომბერს რეგისტრირებული №... დაბადების სააქტო ჩანაწერის ძალაში დატოვება, ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის ქ.დ-ის სახელზე პირადობის ელექტრონული მოწმობისა და პასპორტის (დაბადების თარიღით - ... წლის ... ...ი) გაცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ქ.დ-ის (პ/ნ ...) მონაცემებით რეგისტრირებულია დაბადების ორი სააქტო ჩანაწერი. პირველი ჩანაწერის მიხედვით, ქ.დ-ის (დაბადებული: ...წ.) სახელზე დაბადების მოწმობა გაცემულია ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს მიერ 1960 წლის 23 თებერვალს. აქტის რეგისტრაციის საფუძველი გახდა ექიმის ცნობა ბავშვის დაბადებაზე. მეორე ჩანაწერის მიხედვით კი, დაბადების მოწმობა გაცემულია 1962 წლის 31 ოქტომბერს. დოკუმენტი დამოწმებულია უფლებამოსილი პირის მიერ და დაბადების აქტის რეგისტრაციის საფუძველი გახდა წლოვანების დამდგენი კომისიის 1962 წლის №... დაბადების მოწმობა, აღნიშნული დაბადების მოწმობა გაიცა იმის გამო, რომ პირველად გაცემული დაბადების მოწმობა არ იძებნებოდა.
მოსარჩელის მითითებით, მის ინტერესს წარმოადგენს, ფლობდეს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს იმ მონაცემებით, რაც მას მიაჩნია სწორად და კანონიერად. სწორედ ზემოანიშნული მონაცემებით მონაწილებდა სამართლებრივ ურთიერთობებში და კანონიერი ნდობა ჰქონდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის მიმართ. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა და პასპორტი გაუქმდა, რომლის საფუძველზეც ასევე გაცემული იყო რუსეთის ფედერაციის პასპორტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 თებერვლის განჩინებით ქ.დ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ქ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 თებერვლის №... და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 28 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებები; ამავე გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა ზუგდიდის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილების მიერ ქ.დ-ის სახელზე 1962 წლის 31 ოქტომბერს რეგისტრირებული დაბადების №... სააქტო ჩანაწერი და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქ.დ-ის სახელზე პირადობის ელექტრონული მოწმობისა და პასპორტის ( დაბადების თარიღით ... წლის ... ...ი) გაცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო სასამართლოში და მიიჩნევენ, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, რამაც გამორიცხა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. კასატორების მოსაზრებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ქ.დ-ის მიმართ რეგისტრირებული ორი დაბადების აქტის ჩანაწერის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მათგან დროში პირველი უნდა დარეგისტრირებულიყო საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსით დადგენილი საერთო წესის შესაბამისად, მეორე კი - დაკარგული ჩანაწერის აღდგენის წესით. განსახილველ შემთხვევაში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს მიერ 1960 წლის 23 თებერვალს რეგისტრირებული №... დაბადების აქტის ჩანაწერი შევსებულია საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის მეოთხე კარის 120-ე და 130-ე მუხლებითა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1957 წლის 29 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციით დადგენილი წესების დაცვით. რაც შეეხება 1962 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდის რაიონული ...ის განყოფილების მიერ რეგისტრირებული №... დაბადების აქტის ჩანაწერს, რომლის რეგისტრაციაც სამწლიანი დაგვიანებით მოხდა, მასთან მიმართებით უნდა განვიხილოთ ზემოაღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული წესების დაცვის საკითხი, კერძოდ, ის გარემოება, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტაციას შორის ხვდებოდა ადგილობრივი (სარაიონო, სამხარეო) ...ის არქივის მიერ გაცემული ცნობა, დაბადების აქტის ჩანაწერის არ არსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიმართ უკვე იყო რეგისტრირებული დაბადების აქტის პირველადი კანონიერი ჩანაწერი. ამდენად, არ არსებობდა მისი აღდგენის წესით, განმეორებით რეგისტრაციის წინაპირობა.
კასატორების მითითებით, ადმინისტრაციული წარმოებისას განხილული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო რეგულაციების ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ 1962 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდის რაიონული ...ის განყოფილების მიერ რეგისტრირებული №... დაბადების აქტის ჩანაწერი დარეგისტრირდა უკანონოდ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, §61, Garcia Ruiz v. Spain [GC] §26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], §81). მოცემული დათქმის გათვალისწინებით, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული დაბადების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა მიხედვითაც, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ხოლო სამოქალაქო აქტის ჩანაწერი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს. იმავე კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი მხოლოდ ადასტურებს, აფიქსირებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგომას/არსებობას, შესაბამისად, ჩანაწერში უნდა აისახოს სწორედ კონკრეტული ფაქტის შესახებ რეალური მონაცემები. სააქტო ჩანაწერის სისწორე გულისხმობს იმის დადგენასა და შეფასებას, რამდენად აისახა მასში რეალური, ფაქტობრივი მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, თუკი ერთი და იმავე პირის მიმართ არაერთხელ იქნება რეგისტრირებული დაბადების სააქტო ჩანაწერი, მათგან ძალაში უნდა დარჩეს ჩანაწერი, რომელიც პიროვნების დაბადების შესახებ სწორ მონაცემებს შეიცავს. სწორი მონაცემები კი უნდა დადგინდეს საქმის ყოველმხრივი, პირის მიმართ გაცემული დოკუმენტაციისა და არსებული ინფორმაციის სრულად გამოკვლევის, შესწავლისა და შეფასების შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ არსებობს დაბადების ორი სააქტო ჩანაწერი: 1. 1960 წლის 23 თებერვალს ზუგდიდის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებულია დაბადების სააქტო ჩანაწერი №..., შემდეგი მონაცემებით: ქ.დ-ი დაიბადა ... წლის ... ...ს, დედა - შ.დ-ი, მამა ც.დ-ი; დაბადების ადგილი არ არის მითითებული. აქტი რეგისტრირებულია დედის განცხადების საფუძველზე; 2. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული იურიდიული კომისიის მოქალაქეობრივი მდგომარეობის განყოფილების მიერ 1962 წლის 31 ოქტომბერს რეგისტრირებულია დაბადების აქტის ჩანაწერი №..., შემდეგი მონაცემებით: ქ.დ-ი დაიბადა ... წლის ... ...ს. აქტი რეგისტრირებულია დედის - შ.დ-ის განცხადების საფუძველზე. ჩანაწერის საფუძვლად მითითებულია წლოვანების დამდგენი კომისიის 1962 წლის 30 ოქტომბრის №41 სხდომის ოქმი. დაბადების ადგილად მითითებულია ქალაქი ზუგდიდი. აღნიშნული ორი ჩანაწერის არსებობის გამო კი, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო ქალაქ ზუგდიდის რაი. ...ის განყოფილების მიერ ქ.დ-ის სახელზე რეგისტრირებული 1962 წლის 31 ოქტომბრის №... დაბადების სააქტო ჩანაწერი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ჩანაწერების კანონიერების შესწავლისას და ერთ-ერთი მათგანისთვის უპირატესობის მინიჭებისას, სააგენტოს უნდა შეესწავლა, რომელ ჩანაწერშია უფრო მეტად სარწმუნო, დამაჯერებელი ინფორმაცია, რომელიც რეალურად ასახავს მოსარჩელის დაბადების ფაქტს, რადგან გადამწყვეტი მნიშვნელობა მსგავს შემთხვევაში სწორედ ფაქტის სწორად დადგენას ენიჭება. მოპასუხეებს კი ეს საკითხი არ გამოუკვლევიათ და ძირითად არგუმენტად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ 1960 წლის სააქტო ჩანაწერი გაცემულია სადავო პერიოდში მოქმედი საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის მეოთხე კარის 120-ე და 130-ე მუხლებითა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1957 წლის 29 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციით დადგენილი წესების დაცვით. რაც შეეხება დაბადების აქტის მეორე ჩანაწერს, რომლის რეგისტრაციაც სამწლიანი დაგვიანებით მოხდა, დაინტერესებული პირის მიმართ უკვე იყო რეგისტრირებული დაბადების აქტის კანონიერი ჩანაწერი. ამდენად, არ არსებობდა მისი აღდგენის წესით, განმეორებით რეგისტრაციის წინაპირობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1930 წლის 31 მარტის დადგენილებით დამტკიცებული საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის 130-ე და 134-ე მუხლები ადგენდა როგორც ბავშვის დაბადების ჩანაწერის რეგისტრაციის ვადას (ბავშვის დაბადებიდან ორი თვის ვადაში უნდა შეტანილიყო განცხადება), ისე უფლებამოსილ ჩამწერ ორგანოს (იმ ადგილის მიხედვით, სადაც ბავშვი დაიბადა, ან სადაც ცხოვრობს ერთ-ერთი მშობელი). მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ 1960 წლის სააქტო ჩანაწერი საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის 130-ე მუხლით დადგენილ ვადაში (ბავშვის დაბადებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში) არ ყოფილა გამოცემული, ხოლო რაც შეეხება 1962 წლის სააქტო ჩანაწერს, აღნიშნულის გამოცემის საფუძველი წლოვანების დამდგენი კომისიის 1962 წლის 30 ოქტომბრის №41 ოქმი გახდა. მართალია, დასახელებული ოქმის არქივში მოძიება შეუძლებელი გახდა, თუმცა აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს ამ ოქმის საფუძველზე ქ.დ-ის დაბადების №... სააქტო ჩანაწერში მითითებულ მონაცემთა (დაბადების თვისა და რიცხვის შესწორება) სისწორეს. მით უფრო, რომ 1962 წლის 31 ოქტომბრის №... სააქტო ჩანაწერი გამოცემულია კომისიის ოქმის გამოცემიდან მეორე დღეს, შევსებულია ყველა გრაფა და დამოწმებულია უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემული ყველა დოკუმენტი შეიცავს დაბადების თარიღზე მითითებას 1962 წლის სააქტო ჩანაწერის გათვალისწინებით. კერძოდ, მოსარჩელის დაბადების მოწმობაში, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოქალაქის პასპორტში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტში, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 მაისის №270 განკარგულებაში, რომლითაც ქ.დ-ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მოსარჩელის დაბადების თარიღად ფიქსირდება ... წლის ... ...ი. მოსარჩელის მიმართ გაცემულ დოკუმენტებში არსად არის მითითება, რომ იგი ... წლის ... ...ს დაიბადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოთა მიერ მართებულად მიენიჭა უპირატესობა 1962 წლის სააქტო ჩანაწერს და სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა. მოცემული გარემოებიდან გამომდინარე კი, 1960 წლის სააქტო ჩანაწერი ვერ იქნება ინფორმაციის სათანადოდ ამსახველ დოკუმენტად შეფასებული და სააგენტომ უნდა გამოასწოროს მოსარჩელის სახელზე ერთდროულად ორი აქტის რეგისტრაციის ფაქტი იმგვარად, რომ სასამართლოს მიერ მიღებული, შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი არ შეეშალოს. შესაბამისად, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს 2022 წლის 10 იანვარს №00043 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე